სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადა: 01.04.2014 - 30.12.2014

პრობლემა: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო დონეზე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სახელმწიფოების დონეზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა და მათი ინტეგრაცია ევროპულ ახალგაზრდულ სტრუქტურებში. მხარდაჭერილი იქნება ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული პროექტების პოპულარიზაცია. საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის მიხედვით სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთ პრინციპს ახალგაზრდობის მიმართულებით წარმოადგენს - საერთაშორისო თანამშრომლობა. ამავე დოკუმენტის მიხედვით ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. "საქართველო მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცნობიერებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების, ნატო-ს, აშშ-ს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს როლს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში. ასევე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  რეგიონულ თანამშრომლობას ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას და კეთილდღეობას". (საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა)

მიზანი: საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის პრესტიჟის ამაღლება, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო დონეზე ხელის შეწყობა, აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული თანამშრომლობის ახალგაზრდულ  პროექტებში; ახალგაზრდული ორგანიზაციების  საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების წახალისება, რომლებიც საერთაშორისო დონეზე საქმიანობენ;

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული ფორუმი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას საქართველოში. საქართველოსთვის ამ კონფერენციის ჩატარება მნიშვნელოვანია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჭრილში. 2007-2013 წლის პროგრამაში "Youth in action"(ახალგაზრდები მოქმედებაში) საქართველოს მოწინავე პოზიცია ეჭირა ევროკავშირის გრანტების ათვისებაში, 2014 წლიდან ევროკავშირი იწყებს ახალ პროგრამას სახელწოდებით "Erasmus+"(ერასმუს პლიუს), აქედან გამომდინარე კონფერენციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შევინარჩუნოთ მოწინავე პოზიცია და ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ მონაწილეობის მიღება როგორც წინამორბედში. ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის და დასავლურ სამყაროსთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით  მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების და მხარდაჭერის დაფიქსირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული პროექტების მიმართ.

კონფერენციაზე დასასწრებად მოწვეულნი იქნებიან ევროკომისიის ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელი სამინისტროების და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. SALTO - აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის რესურს ცენტრის, EPYRU - აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული რეგიონალური სამსახური, ERYICA - ევროპის ახალგაზრდული საინფორმაციო და საკონსულტაციო სააგენტოს წარმომადგენლები.

ასევე, მოწვეული იქნება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციები.

კონფერენცია მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული პროგრესის, სამომავლო გეგმებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარებას. ასევე,  ურთიერთობების გაღრმავებას და კოორდინაციის გაზრდას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებებს შორის. ასევე, აღნიშნული ღონისძიების მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების, მათი გამოყენების და შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან აღნიშნული პროგრამები მნიშვნელოვანი სამოქმედო არეალია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. 

ფორუმის შედეგად გაიზრდება კოორდინაცია როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ასევე ევროკომისიასთან. განისაზღვრება წევრი ქვეყნების სამინისტროების როლი ერასმუს პლიუსის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცემათ უნიკალური საშუალება პარტნიორების გასაჩენად და საერთო პროექტების დასაგეგმად. ვინაიდან Erasmus+ ძალაში შედის 2014 წელს საქართველო იქნება პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სადაც მოხდება აღნიშნული პროგრამის გაცნობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ლიდერის პოზიციის გამყარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით.

2.    საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამას „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში".

აღნიშნული პროგრამის საფუძველს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუცია (A/RES/39/22), რომელიც წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, გაეროს ასამბლეის ყოველწლიურ სხდომებზე თითოეულ ქვეყანას ეროვნულ დელეგაციაში ჰყავდეს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. რეკომენდაციას ყოველწლიურად მრავალი ევროპული ქვეყანა ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი, რომელიც ჩატარდება სპეციალური კომისიის მიერ, კომისიის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ისევე როგორც მოქმედი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე კანდიდატები შეფასდებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
  • შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას კომისიასთან. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
  • გასაუბრების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები სიტყვით გამოვლენ (ინგლისურ ენაზე) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საჯარო ღონისძიებაზე. სიტყვით გამოსვლას შეაფასებს კომისია.

გამარჯვებული კანდიდატი გამოცხადდება 2013 წლის ივნისის შუა რიცხვებისთვის.

ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატი ერთი წელი გრძელდება, შერჩეული კანდიდატი პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს ეროვნულ ტურს ახალგაზრდობის სხვადასხვა პრობლემების უშუალოდ გამოკვლევის მიზნით და ოქტომბერში წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. არჩეული კანდიდატი მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს სხვადასხვა კომიტეტების მუშაობაში და თავის წვლილს შეიტანს ახალგაზრდობისთვის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი რეზოლუციების მიღებაში. ღონისძიების განხორციელებისათვის საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გრანტის სახით გამოყოფს თანხებს კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატისათვის ეროვნული ტურის ჩატარებისა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებისათვის.

3.    აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად დაგეგმილი ღონისძიებები - აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობას შორის შემუშავებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები მეზობელ ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიზნით ახალგაზრდულ სფეროში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია, 4 თანამდებობის პირის შემადგენლობით, ეწვევა თბილისს 2014 წლის აპრილში. საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, 4 თანამდებობის პირის შემადგენლობით, ეწვევა აზერბაიჯანს 2014 წლის სექტემბერში.

ასევე, მოეწყობა ახალგაზრდული ბანაკები ორივე ქვეყანაში, და იქნება ხელშეწყობილი სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული დელეგაციების გაცვლის პროგრამა. დაგეგმილია აზერბაიჯანის ახალგაზრდული ჯგუფის (18 ადამიანი) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2 თანმხლები თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში, 2014 წლის ზაფხულის სეზონზე.

ასევე, ჩატარდება ერთობლივი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიების მოწყობა (საქართველო 2014 წლის გაზაფხული).

საქართველოს ახალგაზრდული ჯგუფის (18 ადამიანი) და საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2 თანმხლები თანამდებობის პირის ვიზიტი აზერბაიჯანში, 2014 წლის გაზაფხულის სეზონზე.

საქართველოს ახალგაზრდული ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს მუსიკის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალში - "Univision".

საქართველოს ახალგაზრდული ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ეკოლოგიის საერთაშორისო ფორუმში - „ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან". 

ხელშეწყობილი იქნება პირდაპირი თანამშრომლობა შესაბამის სფეროებში არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ცენტრებს შორის: ორივე მხარე განახორციელებს საჭირო ღონისძიებებს, შესაბამის სფეროებში, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სულ მცირე ორი ჯგუფის განსასაზღვრად, გააცნობს მათ მეორე მხარეს და ხელს შეუწყობს მათ შორის თანამშრომლობის განვითარებას. 

ასევე ხელშეწყობილი იქნება, ახალგაზრდებისთვის გასართობი პროგრამებისა და ღონისძიებების მოწყობის კუთხით თანამშრომლობა: ვინაიდან, წინამდებარე ნაწილი მოიცავს თანამშრომლობის მრავალ სფეროს, პირველ ეტაპზე, ორივე მხარემ ხელი უნდა შეუწყოს თავიანთი ახალგაზრდული ჯგუფების ვიზიტებს მეორე ქვეყანაში. მხარეები გაცვლიან ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა მოეწყოს თავიანთ ქვეყნებში.

ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხების შესახებ: მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და გამოქვეყნებულ მასალებს შემდეგ სფეროებში:

  • იმ კანონებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც უკავშირდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებს;
  • იმ მეთოდოლოგიური წყაროების შესახებ, რომელიც უკავშირდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებს.

ხელშეწყობილი იქნება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა:

ორივე მხარე გაცვლის მოწვევებს, მეორე მხარის დელეგაციის იმ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, რომელიც ტარდება თავიანთ ქვეყნებში სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით.

4.    სომხეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, კერძოდ სომხეთის რესპუბლიკასთან, ურთიერთობის გაღრმავება და განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. მეზობელ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და ევროპული სტანდარტების დანერგვა რეგიონის გავითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამინისტროს პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, იგეგმება სომხეთის ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მეზობელ ქვეყანასთან სამოქმედო გეგმის შემუშავება და ჩამოყალიბება.

სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების შემდეგ სამინისტრო, სომხეთის რესპუბლიკასთან ერთად, გეგმავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებს, კონფერენციებს, ტრენინგ-სემინარებსა და სხვა ერთობლივ ღონისძიებებს.

ამ პროექტის მიზანია მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავება და ახალგაზრდებსა და ახალგაზრდული სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარება.

5.    საერთაშორისო კონფერენცია/ფორუმი საქართველოში მოხალისეობის განსავითარებლად

საქართველოში მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება და ხელშეწყობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოხალისეობა არაფორმალური განათლების ფარგლებში მოქმედი ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების საკეთილდღეოდ უანგარო შრომის უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება. ამ კონფერენციის ჩატარების აუცილებლობა განაპირობა მთავრობის ახალმა პოლიტიკამ ამ სფეროში, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება კი ხელს შეუწყობს როგორც, ამ ეტაპზე მდგარი გამოწვევების დაძლევას ასევე საერთაშორისო მოხალისეობის განვითარებას.

კონფერენციის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში მოხალისეობის მოტივაციის გაზრდა, საერთაშორისო მოხალისეობის გავრცელება. კანონმდებლობის დასახვეწად ინიციატივების წამოყენება, მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საერთაშორისო მოხალისეობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წინადადების შეთავაზება საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდების მათ პროგრამაში ჩართვის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში მოვიწვევთ სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს და მსოფლიოში წარმატებულ და უკვე დამკვიდრებულ არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე.

6.    ქართველი და ჩინელი ახალგაზრდების საერთაშორისო ტრენინგი - ახალგაზრდა მეწარმეობის წასახალისებლად - მეწარმეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მიშვნელოვანი დარგია. ჩინეთი მეწარმეობის თვალსაზრისით წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში, სწორედ ამიტომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ დარგებში ახალგაზრდების მეტი გათვიცნობიერებისა და მათი წახალისების მიზნით გეგმავს საერთაშორისო ტრენინგის მოწყობას, სადაც მონაწილეობას მიიღებს, როგორც ქართველი, ასევე ჩინელი ახალგაზრდები. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეწარმეებს კონტაქტების დამყარებაში, ჩინური გამოცდილების გაზიარებაში  და საერთო სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

პირველ ეტაპზე სამინისტრო გეგმავს გააფორმოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჩინეთის მხარესთან.

7.    საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტი საქართველოში - საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება. სწორედ ამიტომ სამინისტრო გეგმავს საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტს საქართველოში. პირველ ეტაპზე სამინისტრო გააფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ამ ქვეყნების ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელ სამინისტრო სტრუქტურებთან. ვიზიტის დროს განიხილება მომავალი საერთო თანამშრომლობის შესაძლებლობები და შემუშავდება სამოქმედო გეგმა, ასევე განხილული იქნება მათი განსაკუთრებით წარმატებული გამოცდილება ახალგაზრდა მუშაკებთან დაკავშირებით. ეს თემა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. კერძოდ კანონმდებლობის დახვეწა და სამუშაო გეგმის შემუშავება. საქართველოს მთავრობის ამოცანებია: ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საქმიანობის გაძლიერებას, ახალგაზრდული მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ განვითარებას და მათ მიერ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას; იზრუნოს, რომ მოხდეს ახალგაზრდული საქმიანობის შედე­გად მიღებული გამოცდილების და შედეგების აღიარება და ცნობა;  ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართვას საერთაშორისო ახალგაზრდულ  პროგრამებში; ვიზიტის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულებას.

შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად ამაღლდება ქვეყნის პრესტიჟი, ახალგაზრდებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა საერთაშორისო დონეზე გააქტიურებისთვის, ახალგაზრდული ორგანიზაციები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო პროექტებში და ითანამშრომლებენ საერთაშორისო დონეზე, განვითარდება ახალგაზრდული პოლიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და გაღრმავდება ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან.