სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები:  01.02.2014 - 30.12.2014

პრობლემა: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები მოკლებულნი არიან სათანადო შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ აქტივობებსა თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებში, რომელიც დაეხმარება მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საზოგადოებაში ინტეგრაციის და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაში, ჯანსაღი ცხოვრების  წესის  გათავისებაში.

მიზანი: სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას თანაბარი პირობები რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული განვითარებისათვის, წაახალისოს, მოახდინოს მათი  სტიმულირება  და ხელშეწყობა, რათა მათ მიეცეთ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და იყვნენ მეტად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად  და  გამოიჩინონ ინიციატივა  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი  საკითხების  განხილვის პროცესში. რადგან  ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და უზრუნველყოფს  მის განვითარებას. 

განხორციელების გზები:  - რეგიონული განვითარებისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების დახმარებით და ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელს საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს განახორციელოს მთელი რიგი აქტივობები და ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით:

1.    ახალგაზრდული ფესტივალების  განხორციელება რეგიონებში.

პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების  მონაწილეობით, გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალები, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა რეგიონისათვის დამახასიათებელი კულტურული მემკვიდრეობა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს კულტურათაშორის დიალოგს, ინტეგრაციას და კავშირების ხელშეწყობას, გამოავლენს ახალგაზრდების შემოქმედებით უნარებს და  ხელს შეუწყობს მათ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.  პროგრამა წარმოადგენს კულტურულ-მასობრივ სანახაობას, პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება ქართული და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მიერ წარმოდგენილი ნაციონალური სამზარეულოების ჩვენება და კონკურსი. ასევე, გაიმართება კონცერტები ადგილობრივი ფოლკლორული ცეკვებისა და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით.

2.    ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა გამოვლენისა და წახალისების ხელშემწყობი კონკურსებისა და ოლიმპიადების განხორციელება.

რეგიონებში ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა გამოვლენისა და წახალისების მიზნით განხორციელდება შემეცნებით-გასართობი კონკურსები, ლიტერატურული საღამოები და ოლიმპიადები. მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები რეგიონისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე თარიღების ან დღესასწაულების აღსანიშნავად.

3.    ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება/პოპულარიზაცია.

 საქართველოს რეგიონებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და დამკვიდრების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო წლის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა სპორტულ ტურნირებს/შეჯიბრებებს. ასევე, ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოში სკაუტური მოძრაობის გააქტიურებისა და ხელშეწყობის მიზნით, რეგიონებში ჩატარებული სხვადასხვა კონკურსებისა და ღონისძიებებში გამოვლენილ ნიჭიერ ახალგაზრდებს, საშუალება მიეცემათ  მონაწილეობა მიიღონ და დაისვენონ სკაუტურ ბანაკებში. ქვეპროგრამის ფარგლებში, რაიონების საჭიროებიდან გამომდინარე, განხორციელდება მათი  სპორტული ინვენტარითა და წიგნებით უზრუნველყოფა.

4.    ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.

 აღნიშნული მიმართულებით განხორციელდება  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტების (რუქების) შედგენა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მოსანახულებლად ლაშქრობებისა და ექსკურსიების ორგანიზება დაინტერესებულ უწყებებთან ერთად (ტურიზმის დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო). ზემოაღნიშნული ღონისძიებები დატვირთული იქნება ასევე, არაფორმალური განათლების ელემენტებით, კერძოდ, ჩატარდება თემატური ტრენინგ-სემინარები ტურიზმის განვითარების წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების შესახებ, რის საფუძველზეც ადგილობრივ ახალგაზრდებს მიეცემათ მეტი განათლება/ინფორმაცია საკუთარ რეგიონებში ტურისტულად სტრატეგიული ადგილების მარშრუტების შედგენისა და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემატიკის  მოგვარების მიმართულებით. ასევე, მოეწყობა ერთჯერადი აქციები(გამწვანება, დასუფთავება და სხვა).

5.    მცირემეწარმეობის, სოფ. მეურნეობის, ბიზნესის  ხელშემწყობი ტრენინგ-სემინარები/სახელობო სწავლებები/სტაჟირებები.

პროექტი  მიზნად ისახავს ახალგაზრდობის   დაინტერესებას და ჩართვას მცირე სამეწარმეო და სოფლის  მეურნეობის სექტორში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების  განხორციელება:

  • თემატური ტრენინგ-სემინარები სახელობო სწავლებები სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის;
  • გაცნობითი ხასიათის საჩვენებელ-სადემონსტრაციო ვიზიტები სხვადასხვა რეგიონის წარმატებულ ფერმერულ მეურნეობებში, საწარმოებში, მომსახურების მიმწოდებლებთან და პროდუქტების გადამამუშავებელ და სხვა ტიპის საწარმოებში;
  • დიალოგები წარმატებულ ფერმერებთან, გამოცდილ ბიზნესმენებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და სასოფლო-სამეურნეო მეწარმეებთან, მათი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით;
  • შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათი საქმიანობის გაცნობა სასოფლო-სამეურნეო და სხვა კუთხით;
  • ახალგაზრდებისთვის ბიზნეს-სექტორზე და აგრარული მეურნეობის განვითარებაზე სწორი შეხედულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და პერსპექტივაში, მათ მიერ პირველადი სამუშაო პრაქტიკის მიღება სხვადასხვა კომპანიებსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში.
  • ზემოაღნიშნულ კომპანიებში, ფერმერულ მეურნეობებსა და პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებში მოხდება ახალგაზრდების მიყვანა სამუშაო პროცესში ჩართვა/სტაჟირების მიზნით.

6.    საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი პირების გასვლითი                                   სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.

როგრამის მიზანია: რეგიონული განვითარებისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფარგლებში არსებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფის შექმნა. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის სემინარებისა და გასვლითი სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა/განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულ შეხვედრებზე დასახული იქნება მომავალი სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე კოორდინირებას გაუწევს  რეგიონების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ინიციატივებს. პროგრამის ფარგლებში შემუშავდება სამომავლოდ ერთობლივად  განსახორციელებელი ღონისძიებები და აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრირებას, მათი ჩართულობის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებებით.

შედეგი  -  ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება აიმაღლონ ცნობიერება, განათლება, წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობები, იყვნენ მეტად ინტეგრირებულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად  და  გამოიჩინონ ინიციატივა  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი  საკითხების  განხილვის პროცესში. რეგიონულ დონეზე შედგება მათი კომუნიკაცია, ურთიერთგაცნობა და დაახლოება, მოხდება მათ შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კულტურათა დიალოგი, ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრების  გაანალიზება, თავისუფალი დროის რაციონალურად ორგანიზება, მოეწყობა დისკუსიები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ და დაისახება მათი გადაჭრის კონკრეტული გზები.   სახელობო სწავლებები უზრუნველყოფს ახალგაზრდების პროფესიულ განათლებას, კონკრეტული ხელობების დაუფლებას, რაც თავისთავად მათ მისცემს მეტ საშუალებას დასაქმების კუთხით.