სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები: 01.03.2014 - 30.12.2014

პრობლემა:  არსებობს არაერთი პრობლემა განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში,  რომელთაგან უპირველესია სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სრულფასოვანი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ცხოვრებაში.

მიზანი:  საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია დამყარებული თანასწორობის პრინციპებზე, სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ეროვნული უმცირესობების როლი საზოგადოების ცხოვრებაში და მათ მოქალაქეობას მეტი სოციალური ფუნქცია მივანიჭოთ, განსაკუთრებით გაიზარდოს ეროვნული უმცირესობების კონკურენტუნარიანობის დონე დასაქმების საკითხებში.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    რადიო სპექტაკლების დადგმა  - პროგრამის ფარგლებში ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის და მათი კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის მიზნით სამინისტრო გეგმავს რადიო სპექტაკლების დადგმას სხვადასხვა ენაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობას. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა  პრეზენტაციები,  დამზადდება DVD-დისკები, რომელიც გავრცელდება საქართველოს რეგიონებში.

პროგრამის ფარგლებში ასევე მოხდება სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკონის თარგმნა და გამოცემა.

2.    მულტიეთნიკური ფესტივალი 2014 - აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების  მონაწილეობით გაიმართება ფესტივალები რაც კიდევ უფრო გააღრმავებს კულტურათაშორისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობას, განავითარებს შემოქმედებით უნარებს და  ხელს შეუწყობს მათ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.  პროგრამა წარმოადგენს კულტურულ მასობრივ სანახაობას, სადაც წარმოდგენილი იქნება რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობა, მოეწყობა მათ მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება ნაციონალური სამზარეულოების ჩვენება კონკურსი. ასევე გაიმართება კონცერტი  ადგილობრივი ფოლკლორული ცეკვებისა და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალში მონაწილეებს გადაეცემათ  სხვადასხვა სახის სიმბოლური საჩუქრები და თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

3.    ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი  - პროგრამის მიზანია ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრების გამრავალფეროვნება.  ფესტივალის  პირველი ტური განხორციელდება რეგიონებში, სადაც მოხდება საუკეთესო დასების შერჩევა, ხოლო ფინალური ეტაპი გაიმართება თბილისში გრიბოედოვის სახელობის დრამის თეატრში, სადაც ფესტივალში მონაწილე  დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს ჟიური შეაფასებს და  სხვადასხვა  ნომინაციაში გამარჯვებულს გადასცემს სპეციალურ საჩუქრებს და სერტიფიკატებს.

4.    სპორტული ტურნირები/აქტივობები და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა  - პროგრამის ფარგლებში განხორციელდება  სპორტული ტურნირები და შეჯიბრებები ფეხბურთსა და ჭიდაობაში საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა  ფიზიკური აღზრდის  გამაჯანსაღებელი პირობების გაუმჯობესების მეთოდებით. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები  ეროვნული უმცირესობები. სპორტულ ტურნირში მონაწილეები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა  სახის პრიზებით და სერტიფიკატებით.

5.    ექსკურსიების მოწყობა- აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრო გეგმავს განახორციელოს ეროვნულ უმცირესობათა ექსკურსიების ორგანიზება სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ტურნირებზე თბილისში, სადაც მონაწილეები დაათვალიერებენ ღირსშესანიშნავ ადგილებს,  კულტურულ ძეგლებს, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს უმცირესობათა ინფორმირების ზრდას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ასევე, მათი მოტივაციის გაზრდასა და ჩართულობას სამოქალაქო პროცესებში. პროგრამა კიდევ ერთი საშუალებაა იმ აზრის გამოხატვისა და ხაზგასმისა, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე პირები საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ.

პროგრამის განხორციელება მიმართულია ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში  ჩართვის გააქტიურებისაკენ, რაც ხელს შეუწყობს მათ სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციას  და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის  სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

6.    ქართული ენის ელექტრონული სწავლება - პროგრამა  ითვალისწინებს ქართულენოვან ბეჭდვის ვებ-პროგრამისა და ვებ-გვერდის დამზადებას, რაც შესაძლებლობას მისცემს მსურველს ინტერნეტის საშუალებით მონაწილეობა მიიღოს სწრაფი ბეჭდვის მარათონში, რომელიც წარმოდგენილი იქნება შეჯიბრის სახით. საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობებში და სოციალურ ქსელებში ქართული დამწერლობისა და ენის პოპულარიზაცია.

პროგრამის ფარგლებში კვარტალურად მოხდება რეგიონის საუკეთესო კონკურსანტების გამოვლენა და პრიზებით წახალისება, მხოლოდ 2014 წლის ბოლოს გამოვლინდებიან საქართველოს პრიზიორები. ასევე  აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა რაოდენობა იქნება  შეუზღუდავი, საიტის მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც აინტერესებს საკუთარი თავის გამოცდა ,,სწრაფ ბეჭდვაში", მაგრამ  კონკურს გარეთ.

ამავე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია განხორციელდეს ქართული ენის თანამედროვე დისტანციური/ონლაინ/ელექტრონული სწავლება ეროვნული უმცირესობებისადმი. ელექტრონული სწავლების გამოყენება სრულიად ახალ შესაძლებლობას აძლევს სპეციალისტებს და მომხმარებლებს, როგორც უწყვეტი განათლების ასევე სპეციალისტების გადამზადებისა და მეორადი განათლების მიღების კუთხით. ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა საინტერესო გახადოს სწავლის პროცესი მომხმარებელსა და სისტემას შორის რაც ხელს შეუწყობს განათლების დონის გაუმჯობესებას და სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობას.

7.    ახალგაზრდა მეწარმე - პროექტი  მიზნად ისახავს ახალგაზრდობის   დაინტერესებას და ჩართვას სოფლის  მეურნეობის საქმიანობაში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების  განხორციელება:

1) გაცნობითი ხასიათის საჩვენებელ-სადემონსტრაციო ვიზიტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარმატებულ ფერმერულ მეურნეობებში, მომსახურების მიმწოდებლებთან და რძის გადამამუშავებელ საწარმოებში.

 2) დიალოგები  წარმატებულ ფერმერებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და სასოფლო-სამეურნეო მეწარმეებთან, მათი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

3) შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათი საქმიანობის გაცნობა სასოფლო-სამეურნეო კუთხით.

 4) ახალგაზრდებისთვის აგრარული მეურნეობის განვითარებაზე  სწორი შეხედულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და შემდგომ პერსპექტივაში, მათ მიერ პირველადი სამუშაო პრაქტიკის მიღება სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში.

ზემოთ აღნიშნულ  ფერმერულ მეურნეობებსა და  რძისა და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში მოხდება ახალგაზრდების მიყვანა მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების გაცნობის, აგრარული პროფესიებით დაინტერესების პერსპექტივაში, სასწავლო მიზნით მათი  სამუშაო პროცესში ჩართვა.    

მათ შეეძლებათ არა მარტო გაეცნონ ფერმერულ და გადამამუშავებელ საწარმოებს,  მომსახურების მიმწოდებლებს, არამედ დააკვირდნენ და ზოგიერთ შემთხვევაში,  მონაწილეობა მიიღონ ფერმერულ საქმიანობებში. ეს იქნება ყველის წარმოება, საქონლის  მოვლა,  უშუალოდ მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა, მოახდენენ შედარება ძველსა და ახალ ტექნოლოგიებს შორის, გაეცნონ ბაზარზე არსებულ სიტუაციასა და პროდუქციის სარეალიზაციო სტანდარტებს მაგ: ცხიამანობის დონეს,  რძის ხარისხის შემოწმებას, სხვადასხვა სახის ტექნიკას, საკვების დოზირების ნორმებს, ბიზნესის ძირითად პრობლემებს, ბაზრის მოთხოვნილებას, ნარჩენების რაციონალურად გამოყენებას,  წარმოების სტატისტიკურ მონაცემებს  და ა.შ.  

შეიქმნება სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც განთავსდება ყოველი პროექტის მონაწილის სურათი ვიზიტისა და საქმიანობის დროს,  რათა მოხდეს მათი თანატოლების დაინტერესება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით და მსგავს გასვლით ვიზიტებში მონაწილეობით. პროგრამის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდებათ პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

8.    ტრენინგ-სემინარების მოწყობა - პროგრამის მიზანს წარმოადგენს, უმაღლესი სასწავლებლების უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისათვის ლექცია-სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას, რომელიც მოიცავს ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების, სამოქალაქო და დემოკრატიული ღირებულებების, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, მოქალაქის ვალდებულებების დაცვის, კანონის პატივისცემის და სხვა ღირებულებების წარმოჩენას. ასევე ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა: რეზიუმეს წერა/ინტერვიუების, საჯარო გამოსვლების, დებატების, პროექტის მენეჯმენტის, კონფლიქტის მენეჯმენტი  და სხვა.

ასევე, განხორციელდება მიზნობრივი პროფესიული ტრენინგები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მათ მიერ ყველაზე მაღალ მოთხოვნად თემებზე. ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და კარიერის უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობას.  რომლებიც კურსის ბოლოს მიიღებენ სერთიფიკატებს. გადამზადებული ახალგაზრდა თავად გახდება ფასილიტატორი თავის რეგიონში  და გამოცდილებას გაუზიარებს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვას რეგიონში არსებულ სასწავლებლებში.

9.    სტაჟირება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში  - აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზანს წარმოადგენს ეროვნული უმცირესობების პროფესიული დონის ამაღლების მიზნით  დასაქმების ხელშეწყობა.

ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი გეგმავს წლის განმავლობაში სტაჟირების პროგრამა განახორციელოს სხვადასხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდისათვის, სადაც იგი გაეცნობა სახელმწიფო უწყებაში მიმდინარე საჯარო მოხელის სპეციფიკასა და  საქმიანობას.

ჩაერთვება სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების შესახებ). 2 თვიანი სტაჟირების გავლის  ბოლოს ახალგაზრდები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს, დაგროვილი გამოცდილება ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობას და მათი დასაქმების ხელშეწყობას. ასევე  ხელს შეუწყობს  საჭირო კონტაქტების დამყარებაში და სხვა ახალგაზრდებს  შორის კონკურენტული განათლების გარემოს შექმნას.

 

10.  ექსპედიცია- პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია  ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდების 10 დღიანი შეხვედრები ფონდსაცავის შენობაში დაბინავებითა და კვებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდების დაახლოებასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

შეხვედრების მიზანია პროფესიული გამოცდილების (არქეოლოგია და მონათესავე დისციპლინები), ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე მიღწევების გაცნობა ლექცია-სემინარები, ძეგლებზე გაყვანის და საველე-არქეოლოგიურ სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობის მიღებით, რაც პერსპექტივაში გათვლილია ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების მოწყობაზე გამყოფი ხაზების ორივე მხარეს. ახალგაზრდებს შორის კონტაქტები და საველე სამუშაოებში ერთობლივი მონაწილეობა ხელს შეუწყობს მათ დაახლოება-დამეგობრებას, ერთმანეთთან ხანგრძლივი კომუნიკაციის დამყარებას; დაეხმარება ახალგაზრდებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში.

პროექტში ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები ეროვნულ  უმცირესობათა წარმომადგენლები რათა გაადვილდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. ისინი თავისთავად შეუწყობენ ხელს საკუთარ საცხოვრისებთან მდებარე ქართული სიძველეებისა და კულტურით თანატოლებისა და ნათესავ-მეგობრების დაინტერესებას. პრიორიტეტულია სამომავლოდ ეთნიკურ უმცირესობათა და უცხოეთიდან მოწვეული ახალგაზრდების დაინტერესება ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა შენახვის საკითხებითა და მათი მონაწილეობით საველე-არქეოლოგიურ სამუშაოებში.

    ექსპედიცია განხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით „ნასტაკისის" ფონდსაცავის ბაზაზე მცხეთის რ-ში, სოფ. ქსანთან. ფონდსაცავს გააჩნია კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, რომლის მიმდებარედ განთავსებულია მრავალი არქეოლოგიური ობიექტი (ადრებრინჯაოს ხანიდან განვ. შუასაუკუნეების ჩათვლით), არა ერთი უნიკალური მიწისზედა საკულტო და საერო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ტურისტული მარშრუტები. პროგრამის ბოლოს ახალგაზრდებს გადაეცემათ  მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

შედეგი: ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა მათ შორის პროფესიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ეთნიკური უმცირესობების  ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირების ხელშეწყობა აქტიური მოქალაქეობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოქალაქის უფლებებისა და ვალდებულების შესახებ;