სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ვლადიმერ გუცაევი

თარიღი: 2014 თებერვალი 14


გახსოვთ?
1981 წლის მაისის 13 მაისის საღამოს, როცა ჩვენი „დინამო" ცხრა მთას იქეთ ევროთასისთვის იბრძოდა, ტელევიზორის ეკრანს მივჩერებოდით და გული გამალებით გვიცემდა.
ჩვენებმა გოლი გაუშვეს და ყველას ხასიათი წაგვიხდა. ზუსტად 4 წუთში „დინამომ" ანგარიში გაათანაბრა, ფინალის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი გამარჯვებისა გაიტანა და ორ დღეში თბილისში უეფას თასების მფლობელთა თასი ჩამოიტანა!
ის, ვინც დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" იენის „კარლ ცაისს" პირველი საპასუხო ბურთი გაუტანა, ვლადიმერ გუცაევი იყო.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი განვლილ გზას იხსენებს.

* * *
...როგორც ჩემმა არაერთმა თანატოლმა, ფეხბურთის თამაში მეც ქუჩაში დავიწყე - ნაძალადევში ვაგორებდი ბურთს. 11 წლის რომ გავხდი, „ნორჩ დინამოელში" ჩავირიცხე გრიგოლ გაგუასთან, მერე კი ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა იყო. იქ უკვე ვლადიმერ ელოშვილი გვავარჯიშებდა.

...ჩემი კერპები მიშა მესხი და სლავა მეტრეველი იყვნენ. იმ დროს სხვას როგორ მივბაძავდი?! გაგუამ თავიდანვე მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გამამწესა, ამიტომ, ნელ-ნელა უპირატესობა სლავას მივანიჭე.

...1970 წლის სექტემბერში თბილისის „დინამოში" ჩავირიცხე და ამის გამო დღემდე მადლიერებით ვიხსენებ გავრილ კაჩალინს. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, ის კი ადგა და დუბლებიდან პირველ გუნდში გადამიყვანა. ეს უდიდესი ნდობა იყო! სხვათა შორის, კაჩალინის დამსახურებაა, რომ „დინამოში" ზედიზედ დავწინაურდით მე, დათო ყიფიანი, თემურ სტეფანია, მანუჩარ მაჩაიძე, ფირუზ რეხვიაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, ბესო მჭედლიშვილი... სწორედ კაჩალინის ამ გადაწყვეტილებით ამიხდა ოცნება - რამდენიმე მატჩში მოედანზე მეტრეველთან ერთად გავედი.

...1971 წელს სლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, გამოსათხოვარ მატჩში კი თავის 9-ნომრიანი მაისური მე გადმომცა. ვერ წარმოიდგენთ ამას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, თავი ზღაპარში მეგონა!

...საერთოდ, კაჩალინი არამარტო კარგი მწვრთნელი, ჩინებული ადამიანიც იყო. სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემზე ამ პიროვნებამ უდიდესი გავლენა მოახდინა! თუ რამე ითქმის კაჩალინზე, პირველ რიგში ის, რომ ნაღდი ინტელიგენტი იყო - წლების განმავლობაში ვთამაშობდი მის გუნდში და უხამსი სიტყვა არ მსმენია. როცა შევიტყვე, რომ „დინამოდან" გაუშვეს, გული დამწყდა. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებმა ყურადღება რომ მომაქციეს, გარკვეულწილად, ესეც კაჩალინის დამსახურება იყო... მოგვიანებით გავიგე, რომ ცენტრალური კომიტეტის რომელიღაც მდივანს მის საქმიანობაში რაღაც არ მოეწონა და არ აპატია. ხომ გახსოვთ მაშინ როგორ იყო? ყველა მაღალჩინოსანი უხეშად ერეოდა „დინამოს" ცხოვრებაში.

...კაჩალინის შემდეგ გუნდში ალიოშა კოტრიკაძე მოვიდა. აუგს ვერც მასზე ვიტყვი - ფანატიკურად უყვარდა ფეხბურთი, თავის საქმეში ბოლომდე იხარჯებოდა. სამწუხაროდ, უეფას თასზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან" 1:5 წაგება არ აპატიეს და მალევე გაუშვეს.

...„დინამომ" პირველი საერთაშორისო ტურნირი - „კოლუმბის კარაველა" - სწორედ კოტრიკაძის ხელში მოიგო. 1973 წელს ესპანეთის ქალაქ უელვაში ტრადიციულად გათამაშდა ეს თასი. ჩვენს გარდა ამ ძალიან ლამაზი პრიზისთვის ჩემპიონთა თასის გათამაშების მომავალი ფინალისტი მადრიდის „ატლეტიკო", პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდი ლისაბონის „ბენფიკა" და ინგლისის ჩემპიონი „დერბი ქაუნთი" იბრძოდნენ. ჩვენ ჯერ მადრიდის „ატლეტიკო" დავამარცხეთ პენალტების სერიაში, ფინალში კი „ბენფიკას" 3:1 მოვუგეთ - 2 გოლი მე გავიტანე, ერთიც დათომ. „დინამოს" ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტიტულის მოგებისთვის თითოეულს დაახლოებით 50 დოლარი დაგვირიგეს. სასაცილოა არა?

...ალიოშა კოტრიკაძის მერე „დინამოში" ზედიზედ შეიცვალა ორი მწვრთნელი: გივი ჩოხელი მიხაილ იაკუშინმა ჩაანაცვლა, რომელიც მალევე გაუშვეს. ჩოხელი იცით როგორი კაცი იყო? სპეტაკი! რა თქმა უნდა, ფეხბურთიც შესანიშნავად იცოდა, მაგრამ ძალიან პირდაპირი იყო, ეს კი ბევრს არ მოსწონდა. რაც შეეხება იაკუშინს, არავინ უარყოფს, რომ დიდებული სპეციალისტი იყო, მაგრამ იმ დროს უკვე ასაკოვანი გახლდათ და თან, ძალიან ბევრს სვავდა. დასამალი რაა: ხანდახან 3-4 დღე ისე გავიდოდა, ბაზაზე არ ჩნდებოდა.

...თბილისის „დინამოს" აღორძინება მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნოდარ ახალკაცის დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ის ახალი კაცი არ იყო კლუბში: 2 წელი სხვადასხვა პოსტზე იმუშავა და იმდროინდელი „დინამოს" ყველა წევრის შესაძლებლობები შესანიშნავად უწყოდა. დანარჩენი ხუთიანზე გააკეთა: ვეტერანები ნელ-ნელა ჩაანაცვლა ნიჭიერი ახალგაზრდებით და გუნდი ერთ მუშტად შეკრა.

...ნოდარ ახალკაცი თითოეულ ფეხბურთელს საერთო კრების შემდეგ ცალ-ცალკე გაგვესაუბრა. მითხრა, შენი ადგილი მეტოქის მოედანზეა, მცველების დასახმარებლად უკან ნუღარ ჩამოხვალ, საჭირო არ არისო. დაახლოებით იგივე დაავალა რამაზ შენგელიას, დათო ყიფიანს და მანუჩარ მაჩაიძეს.

...თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ რაც უფრო ძლიერი მეტოქე გვყავდა, მით უკეთ ვთამაშობდი. ისე, ბევრი იყო ასე: დამეთანხმებით, ძალიან ძნელია ერთნაირი განწყობით გახვიდე მინდორზე ვთქვათ, „ფახთაქორთან" და კიევის „დინამოსთან".

...1976 წელი ერთ-ერთი ყველაზე ტკბილადმოსაგონარია ჩემს კარიერაში. ჯერ იყო და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გავხდი - ნახევარფინალში ჰოლანდიელებს ვაჯობეთ, ფინალში კი უნგრელებს. იმ ნაკრებში დათო ყიფიანიც თამაშობდა... ამავდროულად, „დინამოსთან" ერთად ორჯერ მოვიგე პირველობის ბრინჯაოს მედალი, ამ წარმატების გვირგვინი კი საბჭოთა კავშირის თასი იყო!

...განახლებული „დინამოს" სტადიონი 1976 წლის ზაფხულში გაიხსნა, პირველ საშინაო მატჩში კი უელსის „კარდიფ სიტის" ვუმასპინძლეთ. ეს იყო უეფას თასების თასის პირველი ეტაპის საპასუხო თამაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ მატჩში პირველ გოლს გავიტანდი და როცა გასახდელში თბილისის კონსერვატორიის რექტორი მოვიდა და სპეციალური პრიზი მოიტანა პირველი გოლის ავტორისთვის, ხმამაღლა ვთქვი, ჩემთან დადგით, პირველ გოლს მე შევაგდებ-მეთქი! წინათგრძნობა 23-ე წუთზე ამიხდა - ანგარიში გავხსენი! ის თამაში 3:0 მოვიგეთ.

...საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრი თამაში არ დამიგროვდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვები მჯობნიდნენ. იცით როგორ იყო? მაგალითად, დაინიშნებოდა მთავარ მწვრთნელად კონსტანტინ ბესკოვი და ნაკრებში თავის 15-16 კაცი მიჰყავდა. თუ ვალერი ლობანოვსკი მივიდოდა, უკვე კიევის „დინამო" ხდებოდა საბაზო გუნდი... ესაა ყველაფრის მიზეზი. ესპანეთი-1982 ხომ გახსოვთ? ბესკოვმა და ლობანოვსკიმ მე და დათო ყიფიანი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაგვიყვანეს, სამაგიეროდ, თან იახლეს ფეხმოტეხილი ლეონიდ ბურიაკი. ასეთ მიდგომას რა შედეგი უნდა მოეტანა?

...ნაკრებში ყველაზე კარგი სიტუაცია, ვფიქრობ, ნიკიტა სიმონიანის დროს იყო: მართლა საუკეთესოებს იწვევდა. სწორედ იმ წლებში იყო ყველაზე მეტი თბილისელი ნაკრებში: ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, მე... მგონი, სიმონიანის დროს ითამაშეს მანუჩარ მაჩაიძემ, ვახტანგ ქორიძემ და ნოდარ ხიზანიშვილმაც.

...ძალიან მწყდება გული, რომ ქართველ გულშემატკივარს „დინამოს" თამაში მადრიდის ოთხთა ტურნირზე არ უნახავს, არადა, ჩვენ ორივე მატჩში შესანიშნავად ვიასპარეზეთ. მახსოვს, დელეგაციაში ოპერატორებიც იყვნენ, მაგრამ „რეალთან" და „ბაიერნთან" თამაშის კადრები რატომ არ ჩანს აქამდე, ვერ ვხვდები... მე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, არადა, იქ კარლ-ჰაინც რუმენიგე, პაულ ბრაიტნერი, კარლოს სანტილიანა, ხუანიტო, ხოსე ანტონიო კამაჩო და სხვებიც თამაშოდნენ. თუ არ ვცდები, იმ „რეალის" ნახევარდაცვაში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეც ირიცხებოდა.

...ტურნირის მეორე დღეს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებს ერთ-ერთი ესპანური კლუბის მესვეურები ესტუმრნენ და ჩემი დათმობა სთხოვეს. ნუ, გარიგება რომ არ შედგებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ პასუხმა გამაოგნა: „საბჭოთა სპორტსმენს ვლადიმერ გუცაევს თქვენი კონტრაქტი არ სჭირდება. მას ყველაფერი აქვს: ბინაც და თვით „ვოლგაც"!" როგორია? ესპანელებს უკითხავთ, გვესმის, რომ ის კარგ პირობებშია, ბინაც გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა" რა მანქანაა ასეთიო... ამ სიტყვებს ომარ სიამაშვილიც დაგიდასტურებთ, მაშინ ის პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო და მადრიდში გვახლდა.

...ბევრს ჰგონია, რომ „ის" „ვოლგები" თასების თასის მოგების შემდეგ დაგვირიგეს, მაგრამ ასე არ მომხდარა. უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძის საგანგებო ბრძანებით, დინამოელებს მანქანების ურიგოდ გამოყვანის უფლება მოგვცეს. 16200 მანეთი ღირდა მაშინ საბჭოეთის ნომერ პირველი ავტო.

...თასების თასის მოგების შემდეგ სამჯერ ავიღეთ პრემია: გერმანიაში 150-150 მარკა დაგვირიგეს, თბილისში დაბრუნებულები კი სპორტსაზოგადოება „დინამოს" რესპუბლიკურმა სამმართველომ 300, ხოლო საკავშირომ 700 მანეთით გაგვახარა.

...ყველაზე ძალიან მოსკოვის დინამოელებთან თამაში არ მიყვარდა. იმ გუნდში ერთადერთი, მგონი, მახოვიკოვი იყო, ვინც უხეშობას არ კადრულობდა - სხვები ლამის ნაჯახით გადიოდნენ მინდორზე. ძალიან არ მიყვარდა სპარტაკელი სერგეი ნიკულინი - უკადრებელს კადრულობდა. წლების შემდეგ კვიპროსზე მოსკოვის დინამოელი ნოვიკოვი შემხვდა, ჩამოვჯექით, ვისაუბრეთ და მაშინ ვკითხე, საშა, რას მერჩოდი, ასე ცუდად რატომ მეთამაშებოდი-მეთქი. იცით, რა მითხრა? მწვრთნელი მავალებდა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, გუცაევის არსებობა ყველამ უნდა დაივიწყოსო და მეც დავალებას „ვასრულებდიო".

...ხშირად მსმენია, რომ 1979 წელს „ლივერპული" უფრო ძლიერი იყო, ვიდრე „ჰამბურგი" და რომ „დინამომ" გერმანელებთან შემთხვევით წააგო. ამ აზრს არ ვიზიარებ: ის „ჰამბურგი" იმ „ლივერპულზე" გაცილებით ძლიერი იყო და ეს ჩვენ მატჩებში ნათალდ გამოჩნდა. თანაც, გერმანელებს კევინ კიგანი ჰყავდათ, ასეთი დონის მოთამაშე კი „ლივერპულში" ნაღდად არ იყო!

...„კარლ ცაისთან" თამაშის წინ კი ვნერვიულობდი, მაგრამ თურმე მთავარი პრობლემა მატჩი კი არა, ფინალისშემდგომი ამბები ყოფილა: მე და ნუკრი კაკილაშვილი დოპინგ-კონტროლზე გაგვიყვანეს და სანამ სინჯებს აიღებდნენ, ლამის ორი საათი გვაწვალეს. მხოლოდ ამის შემდეგ შევუერთდით ბიჭებს და გვიანობამდე მოვილხინეთ!

...რატომ დაიწყო „დინამოს" კრიზისი? როგორ გითხრათ, ერთ ცუდ ამბავს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე... რაღაცნაირად მიეწყო ყველაფერი. ეხლა რომ დავფიქრდე, ცხადია, შეიძლებოდა უსიამოვნებების თავიდან აცილება, მაგრამ ეს ახლაა ამაზე ლაპარაკი იოლი, მაშინ კი ხალხი სხვანაირად ფიქრობდა.

...„დინამოში" თითქმის ყველას თანაბარი ხელფასი გვქონდა და თუ რამე სხვაობა იყო, ეს წოდებით იყო განპირობებული. მაგალითად, სპორტის ოსტატს ჯამაგირზე 10 მანეთი ემატებოდა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს - 15, ხოლო სპორტის დამსახურებული ოსტატი 20 მანეთით მეტს იღებდა. იცით, ერთხელ „ვერდერის" მენეჯერმა ვილი ლემკემ ამ თემაზე მკითხა და ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ ვერაფერი გაიგო - ძალიან ჩაგიხლართიათო, მითხრა.

...ჩემი საუკეთესო გოლი? როგორ გითხრათ, რამდენიმეა ასეთი, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ყველაზე ლამაზი მაინც მოსკოვის „ტორპედოსთან" 1978 წელს გატანილი გოლია: მარცხენა ფლანგზე მივიღე ბურთი, ორ მეტოქეს გავცდი და ჩაწოდება ვცადე, მაგრამ რაღაცნაირად მომეჭრა და კარში შევარდა. ალალად ვიტყვი: შემთხვევითი გოლი იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი კი გამოვიდა!

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ვლადიმერ გუცაევი

დაიბადა 1952 წლის 21 დეკემბერს
1970-1986 წლებში თბილისის „დინამოს" თავდამსხმელი
ტიტულები:
სსრკ-ს ჩემპიონი - 1978; სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი - 1977; სსრკ-ს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1971, 1973, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ-ს თასის მფლობელი - 1976, 1979; უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი - 1981; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული - 1976; სსრკ-ს ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 6-ჯერ მოხვდა: #1 - 1972, 1978, 1979; #2 - 1976, 1977, 1981; სპორტის ოსტატი - 1972; საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1976; სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1981
სსრკ-ს ნაკრებში:
11 მატჩი, 1 გოლი (1972-1982)