სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: კობი ბრაიანტი

თარიღი: 2014 აპრილი 01


ის ორჯერ დაასახელეს NBA-ს ფინალის საუკეთესო მოთამაშედ!
ოთხჯერ აღიარეს ყველა ვარსკვლავის მატჩის რჩეულად!
ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი!
თექვსმეტჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში.!
მას „შავ მამბას" უწოდებენ და ის NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია.
ის კობი ბრაიანტია. ის კალათბურთის ცოცხალი ლეგენდაა.

* * *
...უშიშარი ბავშვი ვიყავი: ბნელი ოთახები, ავი ძაღლები, თანატოლებთან ჩხუბი - არაფერს ვერიდებოდი. ცელქი ვიყავი და ვერავინ მაჩერებდა! ერთადერთი, ვისიც მეშინოდა, ბებიაჩემი იყო - თუ გავაბრაზებდი, თავის ხელჯოხით მცემდა. მხოლოდ ამის მეშინოდა.

...ბებია ერთადერთხელ მოვიდა ჩემ თამაშზე, „ტორონტო რეპტორსთან" და მეც 81 ქულა ჩავაგდე! მერე ბევრჯერ ვთხოვე კიდევ მოსულიყო, მაგრამ დარბაზში ვეღარ შემოვიტყუე.

...13-14 წლის რომ ვიყავი, ჩვენ თამაშებს 200, მაქსიმუმ 300 კაცი ესწრებოდა. ვთვლიდი, რომ ეს საკმარისი არ იყო - მინდოდა დარბაზი სავსე ყოფილიყო! ხშირად მთელ უბანს მოვივლიდი და ყველა ნაცნობს ჩვენ თამაშზე ვეპატიჟებოდი.

...„ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" კონტრაქტს დედამ და მამამ მოაწერეს ხელი. მე მხოლოდ პრეზენტაციაზე მივედი და სულელივით ვიკრიჭებოდი.

...მხოლოდ ორი ადამიანი მედგა ყოველთვის გვერდში და მამხნევებდა: დედა და მამა. ისინი ჩემით ამაყობდნენ, როცა თამაშში 40 და მეტ ქულას ვაგროვებდი და მაშინაც, როცა ყველაფერს ვაფლავებდი.

...18 წლის რომ ვიყავი, მაიკლ ჯექსონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. მითხრა, ძალიან კარგად თამაშობ და იცოდე, როცა პოპულარული გახდები, პირველი, რაც უნდა გააკეთო, პირადი ცხოვრების ყველასგან დაფარვააო. პრინციპში, ის მართალი იყო.

...გამიმართლა: იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და თან, ამაში დიდ ფულს მიხდიან. სეზონში 82 მატჩი ჩემთვის არაფერია. თუ გსურთ 182 იყოს! კარიერის დასაწყისში ვცდილობდი მცირე ხნით დამეძინა და დიდხანს მევარჯიშა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, სისულელეა, კარგ ვარჯიშს კარგი დასვენება უნდა შეუთავსოო და მეც მათ დავემორჩილე. თუმცა მომქანცველი ვარჯიში დღესაც ჰაერივით მჭირდება.

...მამა მთხოვდა ყოველი თამაშის წინ კარგად გავხურებულიყავი, სხეული დატვირთვებისთვის მომემზადებინა. ეს ძალიან სწორი მიდგომაა - თუ არ გახურდი და პირდაპირ თამაში დაიწყე, დიდი შანსია მძიმე ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ, ჯერ ასეთი რამ არ მომსვლია.

...ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ იტალიაში ვცხოვრობდით, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. ერთ დღეს ვან ბასტენობა მინდოდა, მერე რობერტო ბაჯოს ვბაძავდი... სერია ა-ს თამაშებს ხშირად ვესწრებოდით, მაგრამ ახლა ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები უფრო მომწონს.

...პირველი შვებულება იტალიაში, სარდინიაზე გავატარე - ძალიან მაგარი იყო! იტალიას ყველას გირჩევთ: ისიამოვნებთ და ბრწყინვალედ დაისვენებთ! პრინციპში, მილანშიც კარგად გავერთე. მერე იქ ბევრჯერ ვიყავი და ყველა შემთხვევაში ძალიან კარგი დრო გავატარე!

...დღეს გრძელი შორტებია მოდაში, მაგრამ მე არ მსიამოვნებს. მოკლე შორტებში უფრო თავისუფალი ვარ.

...რეკორდების დამყარება კარგია, მაგრამ ამაზე არასდროს ვფიქრობ. ჩემი ერთადერთი მიზანი კონკურენტის დაჯაბვნაა. თუ სეზონის ბოლოს ვინმეს მიღწევას გავაუმჯობესებ, ეს, რა თქმა უნდა მიხარია.

... ჩემთვის კალათბურთი თავშესაფარივითაა. როცა ვთამაშობ, ძალიან ბედნიერი ვარ!

...თამაშისას ხშირად მიფიქრია, რომ ფლეისთეიშენს ვთამაშობ, მეტოქეებს კი ჯოისტიკებზე მხოლოდ ორი ღილაკი უმუშავებთ.

...ლეგენდებთან პაექრობის სურვილი არასდროს გამჩენია. ვის ავირჩევდი მოწინააღმდეგედ? ალბათ მეჯიქ ჯონსონს. პრინციპში, ბილ რასელის წინააღმდეგ თამაშიც საინტერესო იქნებოდა - ზოგი ვეტერანი მეუბნება, რომ ბილს ორ ქულასაც ვერ ჩავუგდებდი.

...მილიონობით ადამიანი მხოლოდ ფიცარნაგზე მხედავს და ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი ვარ - კაცი, რომელიც წაგებას ვერ იტანს. ასე არაა, ეს კობი ბრაიანტის მხოლოდ ერთი მხარეა, არადა, მას მეორე, დაფარული მხარეც აქვს. მეორე კობის ერთეულები იცნობენ და მე ეს მხოლოდ მახარებს!

... ყველაზე ძალიან ფილადელფიელებს არ ვუყვარვარ. არადა, იქ დავიბადე!

...„მედისონ სკვერ გარდენში" თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ის კოლიზეუმს მაგონებს, მე კი თავი გლადიატორი მგონია... ნუ, სპაიკ ლისთან საუბარიც საინტერესოა - ის ნიუ იორკში „ლეიკერსის" თამაშებს თითქმის არ აცდენს.

...ჩემი საყვარელი მოთამაშე? პო გასოლი! ის თეთრ გედს მაგონებს: უყურებ, ტკბები და ხვდები, რომ მისი ცქერისას ისვენებ. ძალიან კარგი ბიჭია - ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდით, როცა პო მემფისში თამაშობდა.

...ერთხელ პრეზიდენტმა თეთრ სახლში გვიმასპინძლა. ის „ჩიკაგო ბულზის" ფანია და ჩვენი მწვრთნელი ფილ ჯეკსონიც მთელი საღამო ათას ისტორიას უყვებოდა. გაუთავებლად იცინოდნენ! იმ წელს ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და ობამას წუთითაც ვერ დაველაპარაკე. ფილისთვის ეს დღემდე ვერ მიპატიებია!

...ერთხელ რეკლამაში მიღებდნენ, როცა ვიღაც მოვიდა და მითხრა, ბრიუსს შენთან შეხვედრა უნდაო. ვინ ბრიუსს-მეთქი? უილისსო. რა ჯანდაბა უნდა-მეთქი, ვიყვირე. არადა, იქვე იდგა მეგობართან და შვილთან ერთად და მხოლოდ ფოტოს გადაღება სურდა.

...უდიდესი შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა პრესაში შაკილ ო'ნილის ყველა სისულელის უარყოფა დავიწყე. უნდა გავჩუმებულიყავი და შაკისთვის სრული თავისუფლება მიმეცა - ის მარტო გაართობდა ჟურნალისტებს. რატომღაც, პრესა თვლიდა, რომ შაკი ჩემი „დიდი ძმა" იყო, მაგრამ ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ.

...რამდენიმე წლის წინ „ლეიკერსიდან" წასვლა მინდოდა. როცა ამის შესახებ განვაცხადე, იფიქრეს, რომ ვხუმრობდი, მაგრამ როგორ გითხრათ, თუ ვხედავ, რომ გუნდს ჩემპიონობის შანსი არ აქვს, იქ გაჩერება აღარ მსურს. იმ დროს „ლეიკერსი" მართლა ძალიან ცუდ დღეში იყო.

...ოლიმპიური ოქრო უფრო ფასეულია, ვიდრე NBA-ს ჩემპიონობა. როცა პეკინში ოლიმპიადა მოვიგეთ, მედალი ჩიკაგომდე მკერდზე მეკიდა, არადა, 13 საათი ვიფრინეთ!

...ლებრონ ჯეიმსი მრავალმხრივი კალათბურთელია, მეჯიქ ჯონსონივით თამაშობს, მაგრამ ჩემთან პირისპირ ის უშანსოდაა!

...ერთხელ მაიკლ ჯორდანმა თქვა, რომ მე საუკეთესო ათეულში ვარ. ის აბსოლუტურად მართალია! არ აქვს მნიშვნელობა, ათეულში პირველი ვარ თუ მეოთხე. თუ ჯორდანი ჩემზე ფიქრობს, ესეიგი მართლა კარგად ვთამაშობ.

...ყოველთვის იმისთვის ვთამაშობდი, რომ იდეალური კალათბურთელი გავმხდარიყავი.

...Google-ში თუ მიძებნია საკუთარი თავი? ჰმ, როგორ გითხრათ, სიბრიყვე არაა საკუთარ თავს ინტერნეტში დავუწყო ძებნა?

...იცით, ჩემთვის მთავარი გამარჯვებაა და მზად ვარ საამისოდ ყველაფერი გავაკეთო. თამაშია საჭირო? გავალ და ვითამაშებ! სკამზე ჯდომით მოვიგებთ? ავდგები და დავჯდები! ეგ კი არა, ოღონდ მოვიგოთ და თუ გინდა თანაგუნდელებისთვის ყავის მოდუღების მეტს არაფერს გავაკეთებ!

...თუ ჩემმა თამაშმა ვინმეს, თუნდაც ერთ ადამიანს საკუთარი თავის რწმენა შემატა, ძალიან გამიხარდება. ეს ფანტასტიურია!

...არასდროს მიფიქრია მარცხზე. ვთვლი, რომ თუ ადამიანი დიდხანს ფიქრობს წაგებაზე, ის აუცილებლად ხელმოცარული ტიპი იქნება.

...ჩემთან მეგობრობა გსურთ? მაშინ ერთი რამ გაითვალისწინეთ: პირდაპირი ვარ და ყოველთვის იმას გეტყვით, რასაც ვფიქრობ! ბევრს ურთიერთობის ასეთი ფორმა არ მოეწონა და ჩემთან მეგობრობა გადაიფიქრა.

...კალათბურთი ძალიან მიყვარს! იცით, შობის დილას შვილებთან ერთად ვხსნი ნაძვის ხის ქვეშ დამალულ საჩუქრებს, მერე მათთან ერთად ვგუნდაობ ან ჩემს ოთხ ძაღლს ვასეირნებ, რამდენიმე საათში კი დარბაზში მივდივარ და ვარჯიშით ვიქანცები.

...ამ ცხოვრებაში მხოლოდ ფუტკრის მეშინია. მეტიც: დასანახად ვერ ვიტან ფუტკრებს!

...ვთვლი, რომ კარგი მწვრთნელი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონი მწვრთნელია. სისულელეა, როცა ვიღაცაზე ამბობენ ძლიერი სპეციალისტიაო და ამ დროს ღირებული ტიტული არ აქვს.

...მწვრთნელობა? გამორიცხულია!

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

კობი ბრაიანტი

დაიბადა 1978 წლის 23 აგვისტოს ფილადელფიაში
1996 წლიდან „ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წევრია
ტიტულები:
NBA-ს ჩემპიონი - 2000, 2001, 2002, 2009, 2010; NBA-ს ფინალების ყველაზე სასარგებლო მოთამაშე - 2009, 2010; NBA-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშე - 2008; NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე - 1998, 2000-2014; NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე - 2002, 2007, 2009, 2011; NBA-ს საუკეთესო ბომბარდირი - 2006, 2007; ოლიმპიური ჩემპიონი - 2008 (პეკინი), 2012 (ლონდონი); ამერიკის ქვეყნების ჩემპიონატის გამარჯვებული - 2007 (ლას ვეგასი)
NBA
-ს რეგულარულ სეზონი: 31700 ქულა (ყველა დროის მეოთხე შედეგი)
NBA-
ს ფლეი-ოფი: 5640 (ყველა დროის მესამე შედეგი)

ოთხჯერ გახდა NBA-ს ყველა ვარსკვლავის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე - MVP. რეკორდსმენია ბობ პეტიტთან ერთად
NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩებში 271 ქულა დააგროვა - რეკორდსმენია
ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც NBA-ში 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30 და 31 ათასი ქულა მოაგროვა
ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც სასტარტო ხუთეულში ითამაშა - 18 წლის და 158 დღის ასაკში

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რეკორდსმენია კლუბში გატარებული სეზონების (18), რეგულარული სეზონის მატჩების (1161) და ქულების (31056), ფლეი-ოფის მატჩების (220) და ქულების (5640) და ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების (81) მიხედვით