სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: დავით ციმაკურიძე

თარიღი: 2014 აგვისტო 11


ქართველმა სპორტსმენებმა 34-ჯერ მოახერხეს უმაღლესი სპორტული ჯილდოს, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მოგება.
34-ე ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილია, რომელმაც ორი წლის წინ, ლონდონში გაიმარჯვა და ოლიმპიური ოქროთი დაიმშვენა მკერდი.
და ვინ არის პირველი?
პირველი დიდებული მოჭიდავე, „ამურად" წოდებული დავით ციმაკურიძეა: 1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის სტატუსით, მან ზედიზედ სძლია მეტოქეებს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც შედგა.
ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვებიდან 23 ივლისს 62 წელი გავიდა.

* * *
...მეტსახელი „ამური" ბავშვობაში შემარქვეს. პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი შევაწუხე, როგორ გავჩნდი-მეთქი. ერთხელ დედამ მითხრა, სიყვარულის ღმერთებმა, ამურებმა გადმოიფრინეს და ერთ-ერთი დავიჭირე, ის ერთი სწორედ შენ ხარო. ასე გავხდი „ამური".

...მამაჩემი, მიშიკო ციმაკურიძე ფოთში დაბადებული და გაზრდილი ვაჟკაცი, ძალიან ძლიერი მოჭიდავე იყო, თუმცა ყველგან მიშიკო მაჩაბელად იცნობდნენ. საქმე ის იყო, რომ როცა ბაბუაჩემმა ფოთიდან ქუთაისში გააგზავნა სასწავლებლად, იქაც განაგრძო ჭიდაობა და ისეთ წარმატებებს მიაღწია, მალე ფოთშიც ჩავიდა მისი ამბავი. ბაბუაჩემი ძალიან გაბრაზდა, ჩავიდა ქუთაისში და მამა დატუქსა, აქ სასწავლებლად გამოგიშვი, საჭიდაოდ კი არაო და მოსთხოვა სპორტისთვის თავი დაენებებინა. იმხანად ქუთაისის გუბერნატორი მაჩაბელი იყო, მამას დიდი ქომაგი. ეს ამბავი რომ გაიგო, უთხრა, შენ ჭიდაობა განაგრძე და თუ გინდა ჩემი გვარით იასპარეზეო. მამაც ასე იქცეოდა და ყველგან მიშიკო მაჩაბელის სახელით გადიოდა.

...ზესტაფონში, ჩვენს ეზოში რამდენიმე თანატოლი ცხოვრობდა. ჭიდაობა ყველას გვიყვარდა და საჭიდაო მოედანიც მოვაწყვეთ, მამამ ნახერხიც მოგვიტანა და იყო ერთი ჟივილ-ხივილი! ჩემს მეგობრებს ცნობილი ფალავნების სახელი „ერქვათ": ერთი ნესტორ ესებუა იყო, მეორე სანდრო კანდელაკი, მესამე - კოსტა მაისურაძე... რადგან მამაჩემი ცნობილი მოჭიდავე იყო, მისი სახელით „გამოვდიოდი" - მიშიკო მაჩაბელი „ვიყავი".

...სანამ ჭიდაობაზე შევიდოდი, ლამის ყველა სპორტში ვცადე ბედი: ველოსპორტი, ცურვა, სირბილი, ტანვარჯიში... სხვათა შორის, ფოთში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვითვლებოდი. კრივშიც ვვარჯიშობდი - ცნობილი სანია გოლდშტეინი იყო ჩემი მწვრთნელი და ცოტა ხნით სახელგანთქმული ანდრო ნავასარდოვის სპარინგ-პარტნიორიც ვიყავი. ძალოსნობაში კი სპორტსაზოგადოება „ბოლშევიკის" საკავშირო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მე-III ადგილიც დავიკავე!

...ჭიდაობაში ვარჯიში რომ დავიწყე, უკვე თბილისში ვცხოვრობდით, ობოლაძის ქუჩაზე. მაშინდელ ორჯონიკიძის ქუჩაზე, მოჭიდავეთა სამჭედლოდ წოდებულ პეტრე იორდანიშვილის დარბაზში რომ მივედი, პირველი 3 შეხვედრა სუფთად წავაგე. მახსოვს, მსაჯი ირაკლი ყიფიანი იყო. მითხრა, მამაშენის შვილს არ გრცხვენია, ასე რატომ იქცევიო. ისე მომეშალა ნერვები, თითქმის 2 თვე ხალიჩას აღარ გავეკარე. რამდენიმე დღეში თავად პეტრე იორდანიშვილი მოვიდა ჩვენთან სახლში და მითხრა, ჭიდაობისთვის თავის დანებება გამოსავალი არაა, სჯობს დარბაზში დაბრუნდე და მათ, ვინც გაჯობა, სამაგიერო გადაუხადოო. მისი სიტყვები ჭკუაში დამიჯდა და მეც ვარჯიშს დავუბრუნდი.

...1942 წელს, 17 წლისამ პირველი დიდი გამარჯვება მოვიპოვე: ბათუმში საქართველოს ჩემპიონი გავხდი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში! ისე, საქართველოს პირველობა ერქვა, თორემ ძლიერი რუსი და უკრაინელი სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ. მახსოვს, ისინი ბათუნში ორი გემით ჩამოვიდნენ - ერთს „კრასნი კრიმი" ერქვა, მეორედ „კრასნი კავკაზი". ისე, ბათუმური ჩემპიონობის შემდეგ კლასიკურში საქართველოს პირველობა კიდევ 8-ჯერ მოვიგე!

...თავისუფალი ჭიდაობა ჩვენში შედარებით გვიან, 40-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. 1945 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად ვიასპარეზე საკავშირო ჩემპიონატში, რომელიც ლენინგრადში გაიმართა. ჩვენი გუნდი ძალიან კარგად გამოვიდა: ჩემთან ერთად ჩემპიონები გახდნენ ილურიძე, მაჩკალიანი და მეკოკიშვილი.

...ჩემ დროს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები არ ტარდებოდა და მეც მხოლოდ საკავშირო ჩემპიონატზე და საერთაშორისო ტურნირებზე გამოვდიოდი. ყველაზე დიდი შეჯიბრება, რა თქმა უნდა ოლიმპიადა იყო. 7-ჯერ გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სხვადასხვა ტიტულები კი, სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია.

...ჭიდაობა ისე მიყვარდა, რომ ცოტა ხნით თავისუფალშიც ვჭიდაობდი და ბერძნულ-რომაულშიც. 1947 წელს თავისუფალში საკავშირო ჩემპიონი გავხდი, ბერძნულ-რომაულში კი მეორე ადგილზე გავედი. ერთი წლის შემდეგ თავისუფალში ბრინჯაო მოვიგე, კლასიკურში კი ისევ ვერცხლი. სხვათა შორის, 1948 წელს, როსტოვში ბერძნულ-რომაულში ყველას ვაჯობე, მაგრამ ფინალის შედეგი გააუქმეს და მეც ვერცხლის მედალი „მისახსოვრეს". ეს იმიტომ გააკეთეს, რომ თურმე ფინალის წაგების გამო მოსკოვის ნაკრები გუნდურ პირველ ადგილს კარგავდა.

...საბჭოელ სპორტსმენებს ჯერ კიდევ 1948 წელს უნდა გვეასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ ლონდონში არ გაგვიშვეს. და იცით რატომ?  მაშინ სახელმწიფო პოლიტიკა ითხოვდა, რომ ოლიმპიადიდან გუნდური პირველი ადგილით დავბრუნებულიყავით, ამის გარანტიას კი ვერავინ იძლეოდა, რადგან მაგალითად, მძლეოსნების და მოცურავეთა შედეგები კონკურენტებისას ძალიან ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც, სტალინის ბრძანებით არ გაგვიშვეს და 4 წელი გვალოდინეს.

...ჰელსინკში, ოლიმპიურ თამაშებზე ჩასული ძალიან ვნერვიულობდი. ვერც მაშინ დავწყნარდი, როცა ოლიმპიურ სოფელში - ბოტანიემში დავბინავდი. ჩვენ სპორტკომპლეს მესუჰალიში გვიწევდა ასპარეზობა და იქაურობა საერთოდ მანადგურებდა. ვერ გეტყვით რატომ ვნერვიულობდი ასე, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ დიდ შეჯიბრებაზე მანამდე არასდროს გავსულვარ და ოლიმპიადაზე მოხვედრაზე მხოლოდ ვოცნებობდი.

...ოლიმპიადაზე ჩემი პირველი მეტოქე შვედი ბენგტ ლინტბლადი იყო. კარგად დავიწყე, 2 ქულაც მოვიპოვე, მაგრამ მერე ნორვეგიელმა და ფრანგმა მსაჯებმა შეცდომით მეტოქეს ჩაუთვალეს ქულები და წამაგებინეს. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობამ არბიტრების გადაწყვეტილება იქვე გააპროტესტა და თანხაც გადაიხადა აპელაციისთვის, თუ არ ვცდები 5 ათასი. სანამ საკითხს განიხილავდნენ, ეგვიპტის ჩემპიონს მოჰამედ აბდულ რამადა ჰუსეინს და ამერიკელ დენ ჰოჯს ვძლიე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვე, ის ლინტბლადი კი საერთოდ გავარდა.

...ფინალში ორი მეტოქე მყავდა: უნგრელი დიორდ გირიჩი და ირანელი გულამ რეზა ტახტი. პირველად გირიჩს დავეჭიდე. საწყის წუთებში ორჯერ დავატრიალე და ქულები ავიღე, მერე კი აღარ გავრისკე - ძალებს ვზოგავდი. საბოლოოდ ქულებით 7:0 მოვიგე და იმ დროს, როცა დასასვენებლად ვემზადებოდი - მეორე შეხვედრაში გირიჩს რეზა ტახტთან უნდა ეჭიდავა - ისევ ხალიჩაზე მიხმეს. უნგრელმა, ფეხი მტკივა, ცოტა უნდა დავისვენოო და... ახლაც არ ვიცი, მართლა ტკიოდა გირიჩს ფეხი, თუ იცრუა.

...გულამ რეზა ტახტი ირანის შაჰის საყვარელი ფალავანი იყო, მაგრამ ისე მინდოდა გამარჯვება, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ მედგა წინ. არადა, ის ძალიან გამოცდილი მოჭიდავე იყო, ძლიერი მკლავები ჰქონდა და უამრავ ილეთს იდეალურად ფლობდა. თან, ჩემზე მაღალიც იყო... საწყის წუთებში ჩემი საყვარელი ილეთი გავუკეთე - ფეხით ავწიე და „ხიდზე" დავაყენე, მერე ორჯერ ჩოქმბჯენიდან დავატრიალე და ქულებიც მოვიპოვე... დაწინაურების შემდეგ ინიციატივა აღარ დავუთმე. საბოლოოდ 9:2 გავიმარჯვე და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი საქართველოდან!

...შეხვედრის წინ ტახტი მუხლებზე დაემხო და ლოცვა-კურთხევა შესთხოვა ალაჰს. ვიფიქრე, ამას ჩემი შინებია-მეთქი და უფრო თამამად გავედი საჭიდაოდ. ხელის ჩავლებისთანავე მივხვდი, როგორ ძლიერ მეტოქესთან მქონდა საქმე. შევუტიე. მოპოვებულ ქულებს მერე ვერაფერი წავუმატე, მაგრამ თავიდან არც არაფერი დამითმია და... კვარცხლბეკზე რომ ვიდექი, მთელი საქართველო თვალწინ დამიდგა და ცრემლიც მომადგა.

...წლების შემდეგ შევიტყვე, რომ რეზა ტახტი ირანის შაჰის ბრძანებით მოუკლავთ. ცხადია, დანამდვილებით არავინ იცის, ასე იყო თუ არა, მაგრამ ირანში რამდენჯერმე მოვკარი ყური ამ ვერსიას. სამშობლოში ეს მოჭიდავე ძალიან უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ - აღმერთებდნენ! მისი არაერთი ძეგლი და ბიუსტი მინახავს, სხვადასხვა ქალაქებში კი რეზა ტახტის სახელობის უამრავი ქუჩაა... ისე, მან 1956 წელს მელბურნშიც იასპარეზა და მაშინ ჩემპიონიც გახდა, თუმცა უკვე სხვა წონაში.

...ჰელსინკში ჩასვლამდე სპორტსმენებს გამოგვიცხადეს, რომ ვინც ოქროს მედალს მოიგებდა, 25 ათასი მანეთით დააჯილდოვებდნენ. მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო! იქ, მესუჰალიში მხოლოდ მედალი და სიგელი გადმომცეს და იმედიანად ვიყავი, ვფიქრობდი, მოსკოვში მაინც მივიღებ პრემიას-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! საბოლოოდ 5 ათასი მანეთით დამასაჩუქრეს: ათას-ათასი ჩემმა სპორტულმა საზოგადოებამ და საქართველოს სპორტკომიტეტმა მომცა, 3 ათასი კი რესპუბლიკის ხელისუფლებამ. იმ ზაფხულს მე, რაფაელ ჩიმიშკიანი და გივი კარტოზია ოჯახებით წავედით სოხუმში დასასვენებლად... კაი დრო იყო!

...ჰელსინკიდან მოსკოვში რომ დავბრუნდით, სტალინის ბრანებით მოჭიდავეებისთვის საგანგებო მიღება გამართეს კრემლში, გეორგიევსკის დარბაზში. თამადა მოლოტოვი იყო, სტალინის მარჯვენა ხელი, თუმცა მან, სტალინმა და ცენტრალური კომიტეტის სხვა მაღალჩინოსნებმა 6-6 ჭიქა დალიეს და დაგვტოვეს. სხვათა შორის, პირველად სტალინი ადღეგრძელეს - წესი იყო ასეთი... მერე, მხოლოდ მოჭიდავეები რომ დავრჩით, გულით მოვილხინეთ - ღამის 2 საათზე წამოვედით, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც საქართველოში შემოსვლისას ვიგრძენი - უზომოდ გახარებული ხალხი ლამის ყველა გაჩერებაზე გვეხუტებოდა და გვლოცავდა!

...უმაღლესი რანგის ტურნირებზე სულ რამდენჯერმე დავმარცხდი, მაგრამ დიდად არც მიდარდია - ვიცოდი, საბოლოოდ ჩემპიონი მაინც მე გავხდებოდი. მაშინ სხვა სისტემა იყო - ერთი წაგების მიუხედავად, ოქროს მედლის მოპოვების შანსი მაინც გქონდა.

...1954 წელს კარიერა დავასრულე. თბილისის ცირკში იაპონიის ნაკრებს ვუმასპინძლეთ. ჩვენ 6:2 მოვიგეთ, მე კი მათ საუკეთესო ფალავანს კაცურამოტოს ვაჯობე. ეს ჩემი უკანასკნელი ჭიდაობა და მოგება იყო.

...ოლიმპიურ თამაშებზე 4 წლის შემდეგაც გავემგზავრე, მაგრამ მელბურნში მთავარი მწვრთნელი არ ვიყავი. საბედნიეროდ, ჩვენმა გუნდმა მაშინაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და მეც ამ წარმატების გამო მომანიჭეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ტიტული.

...იცით, სწორედ მელბურნში „მოვინათლე" ჟურნალისტად. სანამ ავსტრალიაში გავემგზავრებოდი, „ლელოს" მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა ირაკლი უგულავამ მითხრა, თამაშებს ხომ ესწრები და რა მოხდება რეპორტაჟები რომ გამოგვიგზავნოო? ცხადია, თავიდან უარზე ვიყავი, წერა რა ჩემი საქმეა-მეთქი, მაგრამ დამიყოლიეს. დაიწყეს ჩემი „წვრთნა": ნოდარ გუგუშვილი წერის ტექნიკას მასწავლიდა, „პროფესორა" მიშა ზარგარიანი კი ფოტოს გადაღების ტექნიკას. მოკლედ, მელბურნში დამწყებ ჟურნალისტად ჩავედი და მალე ჩემი წერილებიც დაიბეჭდა „ლელოში".

...მელბურნის ოლიმპიადისთვის ტაშკენტში ვემზადებოდით თითქმის 4 თვე. ნაკრების მწვრთნელები, ძირითადი შემადგენლობა და კანდიდატები ერთად ვიყავით. ეს ის დროა, როცა სტალინის კულტს ებრძვიან - ყველა თავყრილობაზე ლანძღავენ და ათახსირებენ მკვდარ კაცს. ერთ მშვენიერ დღეს დიდ დარბაზში გვიხმეს და ნაკრების პარტკომმაც, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვორობიოვმა მოხსენება წაიკითხა - ქვა ქვაზე არ დატოვა სტალინისგან. მოკლედ, რაც დაუწერეს ის წაიკითხა. ტრიბუნიდან რომ ჩამოდიოდა, არსენ მეკოკიშვილი დახვდა, ნამდვილი გოლიათი. გაუქანა და სახეში არ თხლიშა მუშტი?! მაგრამ ეს ამბავი ამით არ მორჩა: ბაზაზე ლენინის ბიუსტი იდგა, დილით კი დალეწილი ნახეს. ფაქტზე ვერავინ დაიჭირეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ არსენას გაკეთებული იქნებოდა და დასაჯეს: მელბურნში მის ნაცვლად ივან ვიხროსტოევი წაიყვანეს. მაშინ როცა მეკოკიშვილს ოქრო უნდა მოეგო, მისმა შემცვლელმა ათეულში მოხვედრა ძლივს შეძლო.

...90-იანი წლების დასაწყისში ძალიან გამიჭირდა. ხომ გახსოვთ, რა დრო იყო? სამსახური არ მქონდა, ოჯახში პურის ფულიც ვერ მიმქონდა... ოლიმპიური ოქროს გაყიდვა სწორედ მაშინ ვიფიქრე, ერთ-ერთ სახელოვან სპორტსმენთან ერთად რამდენიმე გაზეთის რედაქციაშიც მივედით, განცხადება დავტოვეთ... მედალს არც მაშინ გავყიდდი, უარეს დღეში რომ ჩავვარდნილიყავი, უბრალოდ, მსურდა იქ, „ზევით", ხელისუფლებაში ვინმეს მაინც ეფიქრა, რომ ჩვენი ასეთ დღეში ჩაგდება არ შეიძლება - იმ წლებში ჩემი, როგორც ოლიმპიადის გამარჯვებულის პენსია 12 ლარი იყო და იმასაც თვეობით ვერ ვიღებდი! რამდენიმე წლის შემდეგ შევარდნაძემ 65 წელს გადაცილებულ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს 70-ლარიანი დახმარება დაგვინიშნა. მახსოვს, სია გივი კარტოზიამ შეადგინა. ორჯერ მივიღეთ ფული, მერე კი ისევ დაგვივიწყეს.

...უცნაურია, მაგრამ ჯერ ხასავიურტის საპატიო მოქალაქე გავხდი და შემდეგ თბილისისა. ხასავიურტში რომ ჩავედი საზეიმო ცერემონიალზე, მასპინძლებმა, ჩემმა მეგობრებმა 14-გრამიანი ოქროს მედალი მისახსოვრეს. საერთოდ, მათ მხარდაჭერას და პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი.

...უიმედობის პერიოდი ჩემთვის მას შემდეგ დასრულდა, რაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ბადრი პატარკაციშვილი აირჩიეს. მან ძველი გამარჯვებები დაგვიფასა.

...ვარ თუ არა ბედნიერი? აი, მისმინეთ: სპორტში რაც მსურდა, მივაღწიე. ოჯახშიც ბედნიერი ვარ: საყვარელი მეუღლე მყავდა... მყავს ვაჟები, 5 შვილიშვილი და შვილთაშვილი, აი, ისეთი, გულით რომ მიხარია. ხალხის და გულშემატკივრების სიყვარულს ხომ ყოველთვის ვგრძნობდი და განა ბედნიერება სხვა რამეა?

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

დავით ციმაკურიძე

დაიბადა 1925 წლის 29 მარტს ფოთში
გარდაიცვალა 2006 წლის 8 მაისს თბილისში
თავისუფალი სტილით მოჭიდავე (79კგ)
ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1952 (ჰელსინკი); საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - 1945, 1946, 1947, 1949, 1950, 1951, 1952; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი - 1954; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი - 1948; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - 1947, 1948; არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1951; საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი - 1956; საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი; ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის - ფილა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ღირსების, და ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის (1999) ორდენების კავალერი
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი