სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: კობა წაქაძე

თარიღი: 2014 აგვისტო 19


სპორტის ზამთრის სახეობები ჩვენში ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ კაცმა, რომელსაც „მფრინავი ტორპედო" შეარქვეს, ტრამპლინიდან ხტომაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და გასული საუკუნის 50-60-იან წლებში საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
კარიერის მანძილზე მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა, ათობით ქვეყანა მოიარა, უცხოეთში ერთ-ერთ ასეთ ასპარეზობაზე კი მისი ნახტომი სახელგანთქმულმა ამერიკელმა მწერალმა და პოეტმა ჯონ აპდაიკმა იხილა და შთაგონებულმა ლექსიც მიუძღვნა: Tsokadze O Altitudo - „წაქაძე ან სიმაღლე", რომელიც ასე მთავრდება: Ah, c'est beau, when Tsokadze skies! - ოჰ, რა ლამაზია, როდესაც წაქაძე ჰაერშია!
1960 წელს, სკვო-ველის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, ჟურნალ „ნიუ იორკ თაიმზის" ჟურნალისტი თორლიფ შელდრაპი წერდა: „წაქაძემ თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის ახალი სტილი მოიგონა, ალბათ თავისდაუნებურად. ჰაერში ის საერთოდ არ იხრება წელში. მისი სხეული გამართული და მოშვებულია. ის ისე იხრება წინ, რომ მისი სახე თითქმის თხილამურების წვერებს ეხება, ხელები სხეულის გასწვრივ უწყვია, თავი მაღლა აქვს აწეული. თხილამურის სამაგრები ისე აქვს მოჭერილი, რომ მხოლოდ ფეხის წვერებით ეხება თხილამურების ზედაპირს. ის ძალიან შორს ხტება და მისი ფრენა საოცრად ლამაზია"!
ის ტრამპლინიდან ხტომის მშვენებაა და მშობლიურ ბაკურიანში კობა წაქაძის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს.
დღეს, 2014 წლის 19 აგვისტოს ლეგენდა, რომელმაც 4 ოლიმპიადაზე „იფრინა" 80 წლის გახდა.
ვულოცავთ!

* * *
...„გაკულაკებული" ოჯახის შვილი ვარ. მამაჩემი ვარდენი განათლებით ქიმიკოსი იყო და მეორე მსოფლიო ომში არ გაუშვეს, ეშინოდათ, გაიპარებაო. ამიტომ გადაასახლეს. 1942 წელს დაბრუნდა, მაგრამ უკვე ძალიან მძიმედ იყო ავად ტუბერკულოზით. პირველი თხილამური სწორედ მამამ მიყიდა - დედაჩემის მოქსოვილი სვიტერი ბაზარში გაყიდა და... ორ დღეში გარდაიცვალა კიდეც.

...ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა ძალიან კარგად იდგა თხილამურზე. პირველად მან მასწავლა სრიალი, თუმცა იმის გამო, რომ იმ დროს თავშესაფარზე ფიქრი გვიწევდა და ნათესავიდან ნათესავთან გადავდიოდით, თხილამურზე ნაკლებად ვფიქრობდი.

...მეორე მსოფლიო ომის წლებში ჩვენთას ბაკურიანში, ასევე ახალქალაქში, ახალციხეში, ნინოწმინდაში და სხვაგანაც კარგა მოზრდილი სამხედრო ნაწილები იდგა - საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას თურქეთიდან გერმანელების შემოჭრის ეშინოდა და საზღვარს იცავდა. ჰოდა, ჩვენი, ბავშვების მთავარი გასართობი სწორედ სამხედროები იყვნენ - სადაც წავიდოდნენ, ყველგან დავყვებოდით. ხანდახან თავლების დალაგებაში ვეხმარებოდით, ცხენებს ვუბანდით, სამაგიეროდ კი ისინი საჭმელს გვაძლევდნენ - შვრიას! დედა ამ შვრიას რძეში დაალბობდა და... ეს ჩვენთვის ნამდვილი დელიკატესი იყო! თავის მხრივ, ბებიაჩემი და დედაჩემი სამხედროებს პატივისცემას არ აკლებდნენ - ხან ხილს უგზავნიდნენ, ხან არაყს.

...ჩვენთან, ბაკურიანში პირველი ტრამპლინი 1934 წელს ააგეს. მაშინ საქართველოს სპორტკომიტეტში ზამთრის სახეობათა კურატორი ცნობილი ალპინისტი სანდრო გვალია იყო და ტრამპლინი სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო. ჯარისკაცებთან ერთად ხშირად დავდიოდი იმ ტრამპლინზე... სხვათა შორის, ერთხელ სამხედროს თხილამური არაყში გავუცვალე - ეს იყო ჩემი პირველი „ნამდვილი" თხილამური!

...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიქნებოდი ასე 7-8 წლის. მაშინ ბაკურიანში ხშირად ისვენებდნენ ბერიას, კაგანოვიჩის, მოლოტოვის და სხვა მაღალჩინოსნების მეუღლეები, ტყესთან პატარა სახლი იდგა და იქ ცხოვრობდნენ. სადილს რომ მორჩებოდნენ, სპეციალურად არ ყრიდნენ, იცოდნენ, რომ მე და ჩემი მეგობრები, პატარა ბაკურიანელი ბიჭები სადღაც იქვე, ახლო-მახლო ვიყავით ჩაცუცქულები და ველოდებოდით, როდის წავიდოდნენ. მერე კი, როცა დაცვა გვანიშნებდა, გიჟებივით გავრბოდით საჭმლის ნარჩენების ხელში ჩასაგდებად. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და ტოკიოში იმპერატორ ხიროხიტოს აპარტამენტებში მომიწევდა ცხოვრება.

...ერთხელ სკოლიდან იმის გამო მრიცხავდნენ, რომ ზამთარში შენობის სახურავიდან გადმოვხტი. ქართულის მასწავლებელმა დამიცვა, რატომ რიცხავთ, ცოცხალი ბავშვია, სხვებივით კი არ ძინავს გაკვეთილზეო!

...წლების მერე, როცა გავიზარდე და უკვე სერიოზულად დავიწყე ტრამპლინიდან ხტომაში ვარჯიში, რამდენიმე საათს ვატარებდი აქ. დღეში 20-25 ნახტომს ვასრულებდი, მაგრამ ყველაზე მეტად ტრამპლინის კიბეებზე ასვლა მეჯავრებოდა - ძალიან ვიღლებოდი!

...თბილისში პირველად ჩამოსული დიდ „შარში" გავეხვიე: 5 ცალი ნაყინი ვიყიდე, 4 კი ჯიბეში ჩავიდე. სანამ ერთს ვჭამდი, დანარჩენი დადნა და შარვალი დამისველა. ვიფიქრე, გამყიდველმა მომატყუა-მეთქი და მასთან საჩხუბრად მივბრუნდი... ამ ისტორიაზე შვილებს და შვილიშვილებს დღემდე გულიანად ეცინებათ.

...ბავშვობაში, როცა ბაკურიანის გარშემო მწყემსად დავეხეტებოდი, არწივების მელიებზე და კურდღლებზე ნადირობას ვაკვირდებოდი. გამოჩნდებოდა ცაში წერტილი, ჯერ ტრიალებდა, მერე კი, როცა მინდორში მსხვერპლს დაინახავდა, ფრთებს სხეულზე მიიკრავდა, კისერს გაჭიმავდა და ტყვიასავით დაეშვებოდა. ერთხელ, ვარჯიშის დროს სწორედ ეს სურათი გამახსენდა და სხეულის გასწვრივ დავიდე ხელები. აშკარად უკეთესი ნახტომი გამომივიდა და მას მერე ეს ჩემი სტილი გახდა. პირველივე საერთაშორისო შეჯიბრებაზე ასე გადმოვხტი და აღმოჩნდა, რომ პირველი ვყოფილვარ, ვინც ეს გააკეთა. მერე ასეთ სტილს „წაქაძის ნახტომი" უწოდეს. არ ვაჭარბებ, მართლა ასე იყო - ავსტრიელი, გერმანელი, ამერიკელი და შვეიცარიელი ჟურნალისტებიც ზუსტად ასე წერდნენ - „წაქაძის ნახტომიო"...

...შიში? არა, ნახტომის არასდროს მეშინოდა, პირიქით, ფრენა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ყოველი სტარტის წინ, როცა გავიგონებდი „კობა წაქაძეო" და ხალხის ტაში მესმოდა, თავს შევუძახებდი, კობა, თავითაც რომ დაერჭო, მაინც შორს და ლამაზად უნდა გადახტე-მეთქი! აი, სულ ეს იყო და ეს. ეხლა რომ ვიხსენებ, ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ წავქცეულიყავი, გულშემატკივრებს მაინც ხელში აყვანილი გავყავდი არენიდან.

...ჩემი პირველი დიდი შეჯიბრება სოფლის ახალგაზრდობის საკავშირო პირველობა იყო, რომელიც დაბა იახრამაში ჩატარდა. პირველი ადგილი დავიკავე და იცით ვის ვაჯობე? არამ ადამიანცს, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო! დასრულდა თუ არა ის შეჯიბრება, ადგა არამი და თავისი თხილამური მაჩუქა - „მოსწავლე რომ გაჯობებს მასწავლებელს, კი უნდა დაანებო თავი სპორტსო", - ასე მითხრა.

...იახრამის მერე მოსკოვში გავემგზავრე, ახლა არც მახსოვს რა შეჯიბრება იყო. თავიდან არ მიშვებდნენ, სოფლიდან ჩამოსულს აქ არაფერი ესაქმებაო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვიასპარეზე და ადამიანცის თხილამურით მეოთხე ადგილი რომ დავიკავე, სხვა თვალით შემომხედეს - არმიის სპორტული კლუბის ბაზაზე დამტოვეს ქალაქის ნაკრების შეკრებაზე.

...იახრამაში გამარჯვების შემდეგ, 1953 წლიდან დაწყებული, საქართველოში ფული აღარ დამიხარჯავს - ჩვენთან საბჭოთა კავშირის სპორტის კომიტეტის ხარჯით ვცხოვრობდი და ვმოგზაურობდი. მერე, როდესაც „დიდი კობა წაქაძე" გავხდი, ჩემთვის სპეციალურ ბიუჯეტს ადგენდნენ-ხოლმე.

...1954 წელს პირველად მოვხვდი იტალიაში. ტურნირის მერე მასპინძლებმა სადილად დაგვპატიჟეს და სპაგეტი მოგვართვეს. აბა ბაკურიანში დაბადებულ-გაზრდილ ცხვირმოუხოცავ ბიჭს საიდან უნდა მცოდნოდა რა იყო ეს შენი სპაგეტი?! მაშინ ჩვენთან ისეთი შავი და მაგარი მაკარონები იყო, ვინმესთვის თავში რომ ჩაგერტყა, გაუტეხავდი! მოკლედ, მოგვიტანეს სპაგეტი ხის ჯამებით და... ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ეს სპაგეტი სახეში სულ ტკაცა-ტკუცით მომხვდა! თურმე იქვე ფოტოგრაფებიც სადილობდნენ და მეორე დღეს რამდენიმე გაზეთში ჩემი ფოტო გამოქვეყნდა სპაგეტით პირში და არცთუ სასიამოვნო სათაურით... რამდენიმე დღეში სენტ-მორიცში უნდა წავსულიყავით შეჯიბრებაზე, მაგრამ ნაკრების მწვრთნელებმა მითხრეს, შეფუთე ბარგი, მოსკოვში ბრუნდებიო. ვეხვეწე ნუ იზამთ ამას გენაცვალე, ნუ დამჩაგრავთ-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა! მოსკოვში ჩასული აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმრო „მეტროპოლში" მიმიყვანეს. იქ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორი თანამშრომელი დამხვდა, სასტუმროს პერსონალი კი ელდანაკრავივით გაჯგიმული იდგა - მათ ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებდა. ერთ-ერთ მაგიდასთან დამსვეს, ახლაც მახსოვს მისი ნომერი - 9. მაგიდაზე ყველაფერი გაკრიალებული ეწყო: თეფშები, ჩანგლები, დანები, კერძები... მოვიდა ვიღაც კაცი, გამიღიმა და მითხრა: „აბა გლეხუჭავ, საქმეს შევუდგეთო" და დაიწყო: ეს კოვზი ამისთვისაა, ეს - თევზისთვის, ეს - დესერტისთვის... მოკლედ, ორი დღე მასწავლიდნენ რა როგორ მეჭამა. მერეც, როცა ახალ ქვეყანაში მივდიოდი, მიმიყვანდნენ „მეტროპოლში" და იგივე კაცი მასწავლიდა როგორ მეჭამა ბაყაყი, ლოკოკინა და რა ვიცი რა აღარ!

...1955 წლის 31 იანვარს, საბჭოთა სპორტსმენთაგან პირველმა, ობერსტდორფში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოვიგე და მას შემდეგ თითქმის 21 წელი საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი ლიდერი ვიყავი!

...მას შემდეგ, რაც სისტემატურად დავიწყე უცხოეთში სიარული, გერმანული ენის შესწავლა დავიწყე. დამიბარეს შესაბამის ორგანოებში და წინ დამიდეს ჩემს შესახებ მოგროვილი მასალები, ზოგად დახასიათებაში კი რუსულად ეწერა - „უცხო ენებს სწავლობსო". თითქოს ეს ნაკლი იყო! რომ გავეცანი იმ მასალებს, ვიკითხე, რა გინდათ-მეთქი? დამიდეს სუფთა ფურცელი, კალამი და დამაწერინეს: „მე, კობა ვარდენის ძე წაქაძე, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქე, ტრამპლინიდან მხტომელთა ნაკრები გუნდის წევრი, რომელიც ხშირად ვმოგზაურობ უცხოეთში, პირობას ვდებ, რომ უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს თარჯიმნის გარეშე არასდროს ვუპასუხებ". ამ „ფიცს" ხელიც მოვაწერე!

...უცნაურია, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფის მიცემა აკრძალული მქონდა! ამის სანაცვლოდ, ჩემს ფოტოებს ვარიგებდი, რომელზეც ჩემივე ავტოგრაფი იყო დატანილი - უცხოეთში ყველა გასვლის წინ მაძლევდნენ რამდენიმე ასეულ ბარათს და მეც ამით „ვაკმაყოფილებდი" ხალხის თხოვნას.

...საპრიზო თანხა? ავსტრიაში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში და ამერიკაში ხშირად მაჯილდოვებდნენ ფულით, მაგრამ მისი მიღების უფლება არ მქონდა. თანხა საკავშირო სპორტკომიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა და მის გარკვეულ ნაწილს მანეთებში მაძლევდნენ. შეიძლება არ იცით, მაგრამ სხვადასხვა ტურნირზე 3-ჯერ მოვიგე ავტომობილი, თუმცა ერთიც არ ჩამომიყვანია - საბჭოთა მოქალაქეს კაპიტალისტური ქვეყნის ნაწარმი არ სჭირდებოდა! აი, ასეთი მიდგომა იყო მაშინ...

...50-იანი წლების მიწურულს პირველად წავედი ამერიკაში. იმის გათვალისწინებით, რომ მარტოს მიწევდა გამგზავრება, უშიშროებაში დამიბარეს და „აღმზრდელობითი ლექცია" წამიკითხეს. მახსოვს, რომელიღაც მაღალჩინოსანმა მთელი ჩემი საგვარეულოს სია გამაცნო და დასძინა: „უკან რომ დაბრუნდები, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო". მხოლოდ ის ვითხოვე, ეგ ფურცელი მეც მომეცით, ხომ უნდა ვიცოდე ამდენი ნათესავი რომ მყავს-მეთქი.

...ერთხელ, მორიგი გამარჯვების შემდეგ, დამიძახეს იქ, „ზევით" და მითხრეს: ავტომობილი უნდა გადმოგცეთ და აირჩიე, რომელი გინდაო - ზიმი, გაზ-21 თუ „პაბედაო". ვუთხარი, არცერთი არ მინდა გენაცვალე, „კოლხოზნიკი" მომეცით-მეთქი. „ეგ მანქანა სამხედრო დანიშნულებისაა, არ იყიდება, მაგრამ მოვიფიქრებთო", - მითხრეს და ცოტა ხანში მართლაც მომიყვანეს ახალთახალი „კოლხოზნიკი".

...ნაკრების ხელმძღვანელობა ითხოვდა, რომ რაც შეიძლება ხშირად ჩავსულიყავი მოსკოვში შეკრებებზე, მე კი, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „მეტროპოლში" ნომერი დაჯავშნილი მქონდა, გული მაინც ბაკურიანისკენ მომიწევდა: ხან შეშა იყო დასაჩეხი, ხან თივა მოსამარაგებელი, ეგეც არ იყოს, ჩემები მენატრებოდნენ... ბაკურიანში მხოლოდ 1-დან 25 მაისამდე მიშვებდნენ, დანარჩენ დროს გუნდთან ერთად ვატარებდი. რაც შეეხება ოჯახის საქმეს, რაიონის კოლმეურნეობა აგვარებდა ყველა საკითხს. ეგ კი არა, დედაჩემს სპეციალურად ურიგოდ დაუდგეს ტელეფონი, რომ ხშირად გვესაუბრა. ვიცოდი, რომ ჩვენი ტელეფონი ისმინებოდა და ამიტომ, ძირითადად იმაზე ვლაპარაკობდით, თუ რას ვჭამდი და ვსვამდი.

...ერთხელ მოსკოვში ვარ და საქართველოში გამომგზავრებას ველი. აეროპორტში საშინელება ხდება: რიგი, ჩოჩქოლი, ზღვა ხალხი დგას მოსაცდელში! ამ დროს ჩამოიარა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ, თავის დაკვრით მომესალმა და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ჩემთან მისი თანმხლები პირები მოვიდნენ, თხილამურები და ბარგი ჩამომართვეს და თვითმფრინავისკენ გამიძღვნენ. თბილისში მჟავანაძესთან ერთად ვიფრინე, აეროპორტში კი ვასილ პავლოვიჩის „ჩაიკა" დამახვედრეს და ბაკურიანში გამომაცილეს. დღემდე არ ვიცი როგორ მივიდა სახლში ის კაი კაცი...

...1961 წელს გერმანიაში, გარმიშ-პარტენკირხენში მსოფლიო თასის ეტაპი მოვიგე. ტურნირის შემდეგ მაცნობეს, ადენაუერმა პირადად მიგიპატიჟაო! ხომ გახსოვთ, კონრად ადენაუერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიის კანცლერი გახლდათ. მან მარტო მიმიღო, სპეციალურად გამომიგზავნა მერსედესი, მე კი, სანამ მიღებაზე წავიდოდი, ახალთახალ კოსტუმში გამომაწყვეს. მერე, მოსკოვში რომ დავბრუნდი, ერთი კვირა დაკითხვაზე დამატარებდნენ, გვითხარი რაზე ისაუბრეთო. ისე, ის კოსტუმი კი მაჩუქეს.

...საუკეთესო წელი? როგორ გითხრათ, 1962 წელი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო - მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გავედი, ბაკურიანში კი დიდი შეჯიბრება მოვიგე! ქართველი გულშემატკივრების წინაშე იშვიათად გამოვდიოდი და მაშინ ჩვენ ტურნირს 20 ათასი გულშემატკივარი დაესწრო!

...ზედიზედ სამი ოლიმპიადის შემდეგ ძალიან მინდოდა გრენობლში გამგზავრება, კარგ ფორმაშიც ვიყავი, მაგრამ გუნდს მიღმა დამტოვეს - ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გრიგასმა არ მაპატია, რომ ანკეტაში პირად მწვრთნელად მის ნაცვლად პაველ დემენტიევი ჩავწერე. დაბრუნდა თუ არა გუნდი გრენობლიდან, გრიგასი გაუშვეს...

...ერთხელ პოლონეთში ვარ და ვიღაც კაცი მომიახლოვდა, მომესალმა, ხელი ჩამომართვა და აღტაცებულმა მითხრა: „პან წაქაძე, კრაკოვის უნივერსიტეტში ლექციებს ვაცდენდი ხოლმე იმისთვის, რომ თქვენი ნახტომები მენახაო"! ვიფიქრე, გულშემატკივარია-მეთქი და მადლობა გადავუხადე, მაგრამ რომ გამშორდა, დელეგაციის ხელმძღვანელმა მითხრა, ეგ კაცი პოლონეთის პრეზიდენტი ალეკსანდერ კვაშნევსკიაო.

...საერთოდ, უამრავ პოლიტიკოსს შევხვედრივარ და ამ მხრივ ნამდვილად ბევრი მაქვს მოსაგონარი. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ნიკიტა ხრუშჩოვზე, ლეონიდ ბრეჟნევზე და საქართველოს პირველ მდივნებზე რომ არაფერი ვთქვა, ნორვეგიის მეფესთან, ფინეთის პრეზიდენტთან, კანადის პრემიერ-მინისტრთან, იუგოსლავიის, უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და ჩეხოსლოვაკიის პირველ პირებთან, აშშ-ს პრეზიდენტთან მიღებაზე ვყოფილვარ... მათგან მიღებულ სუვენირებს შინ, ჩემსავე მუზეუმში ვინახავ.

...კარიერა 1972 წელს, 38 წლისამ დავასრულე. ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებულმა თხილამური კედელს მივაყუდე და მივხვდი, რომ საკმარისი იყო. ასე დასრულდა ყველაფერი.

...ჩვენ დროს სპორტის ეს სახეობა ძალიან სახიფათო იყო, არც სპორტსმენთა დაღუპვა იყო იშვიათი, თუმცა ასეთ ფაქტებს საბჭოთა კავშირში ასაიდუმლოებდნენ. ახლა მონაწილეთა უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. შედარებისთვის გეტყვით: როცა კარიერა ვიწყებდი, ჩაფხუტს და კომბინიზონს ვინ ჩივის, უქუდოდ, უსათვალოდ, შალის ჯემპრით და სპორტული შარვლით ვხტებოდით-ხოლმე! ჩემ დროს თხილამურის წონა 12 კილოგრამს აჭარბებდა, ახლა 6-7-ია...

...სპორტიდან წასვლის შემდეგ უსაქმოდ არ ვყოფილვარ: სანამ ასაკი ხელს მიწყობდა, საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით ხშირად დავდიოდი ტურნირებზე მსაჯად - ორ ოლიმპიადაზე და მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე ვიმუშავე, მერე და მერე კი საპატიო სტუმრად მიწვევდნენ.

...რატომ არ დავრჩი უცხოეთში? როგორ გითხრათ, არასდროს მქონია ამის სურვილი - ჩემი ბაკურიანი ყოველთვის ყველაფერს მერჩივნა! ეგეც არ იყოს, აქ იმდენი მაქვს დათესილი, სადმე ქუჩაში რომ წავიქცე, ყველამ იცის სადაა ჩემი სახლი და მიმიყვანენ. როცა ასეთი სიყვარულია, რა ჯანდაბა მინდა უცხოეთში?

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

კობა წაქაძე

დაიბადა 1934 წლის 19 აგვისტოს
ტიტულები:
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - 1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972; საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი - 1968, 1970, 1972; საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი - 1961; ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე - კორტინა დ'ამპეცო (იტალია; 1956) - XXX ადგილი (70-მეტრიან ტრამპლინზე); სკვო-ველი (აშშ; 1960) - IX (70მ); ინსბრუკი (ავსტრია; 1964) - XXVII (90მ); საპორო (იაპონია; 1972) - IX (70მ), XXXV (90მ)
სპორტის დამსახურებული ოსტატი
ღირსების ორდენის კავალერი
ერთადერთი ქართველი, რომელმაც ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე იასპარეზა