სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ვლადიმერ ბარქაია

თარიღი: 2014 აგვისტო 22


„ბარქაიას პლიაჟი“ (ფოტო ვლადიმერ ბარქაიას პირადი არქივიდან)

1964 წლის 18 ნოემბერს ქართულმა ფეხბურთმა პირველ დიდ გამარჯვებას მიაღწია - თბილისის „დინამომ" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო!
სამ თვეში ტრიუმფის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს ვიზეიმებთ.
იმ ბიჭებიდან, რომლებმაც საქართველოს საუკეთესო კლუბს პირველი ტიტული მოუტანეს, დღეს მხოლოდ სამიღაა ცოცხალი: ტაშკენტის მატჩის გმირი, მოსკოვის ტორპედოელთა კარში ორი გოლის გამტანი ილია დათუნაშვილი, მაშინდელი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა და თავდამსხმელი ვლადიმერ ბარქაია.
პროექტში - „კარიერა ფრაზებში" - უკვე შემოგთავაზეთ წერილები ილია დათუნაშვილზე და გიორგი სიჭინავაზე. ახლა კიდევ ერთი „ოქროს ბიჭის" - ვლადიმერ ბარქაიას ჯერია.
29 ივლისს „სიომა" 77 წლის გახდა. ვულოცავთ!

* * *
...გაგრაში, ზღვის პირას დავიბადე და ფეხბურთის თამაშიც იქ დავიწყე. ახლაც მშვენივარდ მახსოვს 1945 წელი, როცა ინგლისმოვლილი მოსკოვის „დინამო" მოსამზადებლად ჩვენთან ჩამოვიდა. მაშინ პირველად ვნახე ლეგენდარული ფეხბურთელები კონსტანტი ბესკოვი, ალექსეი ხომიჩი, ტროფიმოვი, კარცევი... მათმა ვაჯიშმა და თამაშმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ დროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა ფეხბურთელობა, მათი ნახვის შემდეგ კი სხვა რამეზე აღარც ვფიქრობდი.

...როცა გაგრაში ვცხოვრობდი და ვთამაშობდი, თბილისის „დინამო" ლესელიძეში ემზადებოდა. პატარა ბიჭები ჩვენი კერპების თითოეულ მოძრაობას აღტაცებით ვადევნებდით თვალს: ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, გრიგოლ გაგუა, გაიოზ ჯეჯელავა... რომელი ერთი ჩამოვთვალო? 14 წლისა, როცა უკვე გაგრის „დინამოს" მოზარდთა გუნდში ვთამაშობდი, მათ მხარდამხარ ასპარეზობაზე ვოცნებობდი.

...პირველად სკოლის საფეხბურთო სექციაში დავიწყე ვარჯიში. ჩვენი მწვრთნელი ცხონებული რევაზ შარტავა იყო. მერე სპორტსკოლაში გადავედი ალიოშა ბობოხიძესთან. სწორედ იქ გავიცანი გიორგი სიჭინავა და მას შემდეგ ვმეგობრობთ.

...„დინამომდე" უამრავი მატჩი და არაერთი გუნდი იყო: გაგრის „დინამო", მერე აფხაზეთის ნაკრები, შემდეგ გაგრის „ბურევესნიკი"... ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გავხდი და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ვითამაშე. იქ წარმატებით ვიასპარეზეთ, პირველ ჯგუფში მოსახვედრად კი ლანჩხუთის „გურიასთან" გველოდა გადამწყვეტი თამაში. ვიცოდით, რომ მატჩი ლანჩხუთში კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი დღით ადრე გვიხმეს, კარგი შემადგენლობა ვერ შევკრიბეთ და 1:3 წავაგეთ.

...საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის კლუბები ხშირად სტუმრობდნენ აფხაზეთს სეზონისთვის მოსამზადებლად. მათთან ამხანაგურად ვთამაშობდით. მე-10 კლასში ვიყავი, როცა კიევის „დინამოს" და ერევნის „სპარტაკის" მწვრთნელებს მოვეწონე, სახლშიც გვესტუმრნენ, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს, ჯერ პატარააო.

...1956 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით. ჩვენი მთავარი მწვრთნელი ანდრო ჟორდანია იყო, გუნდის კაპიტანს კი ვერ გამოიცნობთ - ზურაბ სოტკილავა! ფინალში უკრაინის ნაკრებს 2:0 მოვუგეთ.

...ზურა თბილისის „დინამოშიც" მოხვდა, მაგრამ მოსკოვის „დინამოსთან" ერთი მატჩის შემდეგ გუნდიდან გაუშვეს. იმ შეხვედრაში მოსკოველთა ფორვარდმა ურინმა ჯერ ჩვენი მარცხენა მცველი უსტაბაშიდი დატანჯა, მერე კი სოტკილავა. თამაშის შემდეგ გაიოზ ჯეჯელავამ ორივე დაითხოვა. წლების მერე ზურას, რომელიც უკვე სახელოვანი საოპერო მომღერალი იყო, გაჭირვებაში მყოფი ურინი ხშირად აკითხავდა, დახმარებას სთხოვდა. ზურაც, რაც შეეძლო, ხელს უმართავდა.

...ჩვენ დროს სირცხვილად ითვლებოდა ნოტებით ან ოპერაში სიარული, ამიტომ ზურა კონსერვატორიაში ყველასგან მალულად სწავლობდა. ერთხელ, როცა სოტკილავა მეოთხე კურსზე იყო, მეგობართან დამპატიჟა. შუა ლხინის დროს მაგნიტოფონი ჩართეს და უცნობი საოპერო მომღერალი მომასმენინეს. ძალიან მომეწონა. მკითხეს, ხომ არ იცი, ვინ არისო? მხრები ავიჩეჩე, წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. თურმე ზურას ჩანაწერი დაუკრავთ!

...საიდან გაჩნდა ჩემი მეტსახელი? „სიომა" ჩემი ცხვირის ფორმის გამო გაგრაში შემარქვა მეზობელმა, ვოვა ლებედევმა. როცა თბილისში ჩამოვედი, უკვე ყველა ამ მეტსახელით მიცნობდა. „სიომას" ფეხბურთთან არავითარი კავშირის არ აქვს, სამაგიეროდ, მეორე მეტსახელი - „სტალიჩნი", რომელსაც მხოლოდ მეგობრები და ძალიან ახლობლები მეძახდნენ, ფეხბურთთან პირდაპირ კავშირშია. მოსკოვში ყოველთვის კარგად ვთამაშობდი, გოლებიც ხშირად გამქონდა და... 1959 წლის 25 ივლისს მოსკოვში „სპარტაკს" 5:4 მოვუგეთ. მე ჰეთ-თრიქი შევასრულე. ჰოდა, სწორედ იმ თამაშის შემდეგ შემარქვეს თანაგუნდელებმა „სტალიჩნი".

...თბილისში ანდრო ჟორდანიამ ჩამომიყვანა. მაშინ აფხაზეთში ბევრი რუსული სკოლა იყო და არაერთმა მეგობარმა რუსეთს მიაშურა, თუმცა მე თბილისში წამოვედი. ჟორდანია ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დირექტორი იყო და სტიპენდიის სახით 800 მანეთიც დამინიშნა. მალე, როცა სკოლის გუნდში კარგად ავთამაშდი, მან გაიოზ ჯეჯელავასთან მიშუამდგომლა და 1956 წლის შემოდგომით „დინამოში" მოვხვდი. პირველად ძირითად შემადგენლობაში მოსკოვის „ტორპედოს" წინააღმდეგ ვითამაშე და გოლიც გავიტანე!

...1957 წელს „დინამოში" ჩავირიცხე და ხელფასიც დამინიშნეს - 1300 მანეთი! ახალწვეულებს მეკარე ვლადიმერ მარღანია გვპატრონობდა - პატარა ბიჭებს თან გვყვებოდა, საერთო საცხოვრებელში დღეში რამდენჯერმე გვაკითხავდა და ყველანაირად ცდილობდა გუნდში მყარად მოგვეკიდა ფეხი. ისიც აფხაზეთიდან იყო და ძალიან კარგად იცოდა რამდენი წინაღობის გადალახვა უწევთ პატარა ბიჭებს, სანამ „დინამოში" თავის ადგილს დაიმკვიდრებენ.

...ჩემი კერპი ბასა ღოღობერიძე იყო. თავისი საქმის ასეთი ერთგული ადამიანი ცოტა თუ მინახავს. 1958 წელს, როდესაც „დინამოს" ძალიან უჭირდა, ღოღობერიძემ, ფაქტიურად, მარტომ გადაარჩინა გუნდი ლიგიდან გავარდნას! მის ოსტატობაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ამის შესახებ არაერთხელ დაწერილა. იცით, ბასას საოცარი მეხსიერება ჰქონდა, დაწვრილებით ახსოვდა ყველა თანაგუნდელის დებიუტი. ერთხელ ჩემი ის გოლი გაიხსენა, რომელიც არც მახსოვდა - დაწვრილებით ამიღწერა, როგორ შევაგდე ბურთი. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა...

...დიღომში, გუნდის ბაზაზე არცთუ კარგ პირობებში ვცხოვრობდით. მეტწილად წვნიანს და ბორშჩს გვაჭმევდნენ, ხორცი იშვიათობა იყო, რძის ნაწარმსაც კი უხარისხოს გვაწვდიდნენ. ერთი პერიოდი ჩვენი მთავარი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი თავზე ადგა მზარეულებს, რომ წესიერი საჭმელი მოემზადებინათ. ვინც თბილისელი იყო, სახლში მიდიოდა ნორმალურად რომ ეჭამა, ჩამოსულებს კი მეგობრები გვაკითხავდნენ და სასადილოდ მივყავდით.

...ის ცნობილი ფოტო, ჩემი „სახელობის" პლიაჟი რომ უწოდეს, ბელგიის „ლა განტუაზთან" თბილისში ამხანაგური შეხვედრის დროსაა გადაღებული. მახსოვს, რომ 2:1 მოვიგეთ, მაგრამ რა ფინტი გავაკეთე ან როგორ დავაწვინე იმდენი მცველი, ახლა ნაღდად არ მაგონდება. ფეხბურთელები ხშირად ინტუიციით ვგრძნობთ რა გავაკეთოთ, არამგონია ვინმე წინასწარ გეგმავდეს ამა თუ იმ ფინტს...

...ახლა არავის სჯერა, მაგრამ 60-იანი წლების ბოლომდე ჩემპიონატის და თასის გათამაშების გამარჯვებულებს ლამის წინასწარ ადგენდნენ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელები, მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნით, მხოლოდ დედაქალაქის კლუბები უნდა ყოფილიყვნენ - ყველა სხვა გუნდს თასამდე მისასვლელი გზა „მოჭრილი" ჰქონდა. 1960 წლამდე მხოლოდ ორმა არამოსკოვურმა კლუბმა მოიგო ეს ჯილდო და თუ გარკვეულ დეტალებს გავითვალისწინებთ, მიხვდებით რატომაც: 1944 წელს გათამაშებაში ლენინგრადის „ზენიტმა" გაიმარჯვა - საბჭოთა ფეხბურთის მესვეურებმა ასე მიულოცეს გერმანელების ბლოკადის მოხსნა ლენინგრადელებს; 1954 წელს კი, უკრაინის რუსეთთან შეერთების 300 წლის იუბილე აღინიშნა და ტურნირშიც კიევის „დინამომ" „გაიმარჯვა".

...1960 წელს ჩვენმა „დინამომ" ფინალში მოსკოვის „ტორპედოს" წინააღმდეგ ითამაშა. მაშინდელი „ტორპედო" ძალიან ძლიერი გუნდი იყო: ვალერი ვორონინი, გენადი შუსტიკოვი, ნიკოლოზ მანოშინი და რა თქმა უნდა სლავა მეტრეველი - ის კლუბის ლიდერი იყო! ფინალის წინ მსაჯი შეცვალეს, ცაპოვეცკი დაგვინიშნეს, რომელმაც 25-ე წუთზე ჩვენს კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, სამაგიეროდ, შოთა იამანიძე რომ წააქციეს საჯარიმოში, ვითომც არაფერიო, თამაში გააგრძელა. რა თქმა უნდა, დამატებულ დროში დასანანი გოლი გავუშვით, მაგრამ მსაჯის არაობიექტურობამ უფრო ცუდად იმოქმედა. მას შემდეგ ცაპოვეცკის გვარს თბილისში მხოლოდ ცუდ კონტექსტში იხსენიებდნენ.

...1963 წელს, როცა სლავა მეტრეველი მოსკოვის „ტორპედოდან" ჩვენთან გადმოვიდა, გუნდმა ტაქტიკური განლაგება შეცვალა - 4-2-4-ით ავთამაშდით. მეტრეველი „დინამოში" ძმების ოთარ და ირაკლი ლაზიშვილების ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ლაზიშვილებს ძალიან უყვარდათ „დინამო", შეძლებულებიც იყვნენ და ფეხბურთელებს დიდად გვეხმარებოდნენ. მათი „მოლაპარაკება" სლავასთან თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა!

...ჩვენ დროს იცით როგორი ბუცები გვეცვა? „შიპები" ლურსმნებით იყო ჩამაგრებული, რომელიც ხშირად ტერფებში გვერჭობოდა! ახლანდელ ბუცებს ვერც შევადარებ იმას, რაც ჩვენ გვეცვა - როგორც ცა და დედამიწა, ასეთი სხვაობაა. ჩვენ დროს ბუცი რომ დასველდებოდა, ლამის ორ კილოგრამს იწონიდა! წვივსაფრებს არ იკითხავთ? ბამბუკისგან იყო დამზადებული, ბურთები კი, მტრისას, თუ წვიმაში თამაში გიწევდა - თავით რომ გეთამაშა, ტვინის შერყევა გამოწერილი გქონდა...

...მაყურებელთა რეაქცია ყოველთვის მოქმედებდა ჩემზე და ალბათ, მთლიანად გუნდზეც. იყო შემთხვევა, წაგების შემდეგ ტაშითაც გავუცილებივართ ქომაგებს, მაგრამ გვქონია მატჩები, როცა მოგებულები ვტოვებდით მინდორს, მაგრამ ხალხი სტვენით გვაცილებდა. ერთ ისტორიას მოგიყვებით: მორიგი თბილისური მატჩის შემდეგ, რომელშიც გივი ჩოხელმა არცთუ კარგად ითამაშა, მთხოვა მამაჩემი სახლში წაიყვანეო. ჩავისვი ბატონი დიმიტრი მანქანაში და ეს მოქეიფე, ორმეტრიანი კახელი კაცი გზაში მეუბნება: შენ ძმაკაცს უთხარი, ფეხბურთს თავი დაანებოსო. რატომ-მეთქი, ვკითხე. კაცო, ერთი ცოლი მყავს და დღეს მთელმა სტადიონმა გინებით ზედ გადაუარაო...

...ვოინოვთან დაკავშირებული ამბავი? კი, იყო ასეთი რამ. საერთოდ, ის წესიერი, ინტელიგენტი კაცი იყო და ჩინებულადაც თამაშობდა, არ იყო „ბინძური" ფეხბურთელი, მაგრამ შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან მცირე ხანში, როცა მინდორზე შევხვდით, ზედიზედ „მომცელა". კორექტული მოთამაშე იყო, მისგან ასეთ რამეს არ ველოდი და ხუმრობით ვკითხე, რა გვარი ხარ, ადრე რომელ გუნდში თამაშობდი-მეთქი? იუმორს ვერ მიმიხვდა, ხასიათი წაუხდა და თანაგუნდელს, ყოფილ თბილისის დინამოელს იურა გრამატიკოპულს გასძახა: „იურა, ბარქაია რა, არ მიცნობს ვინ ვარ?!" ამასობაში მსაჯიც მოვიდა და იმასაც ხუმრობით ვკითხე, თუ შეიძლება მითხარით, ეს ნომერი ხუთი ვინაა, შარშან სად გამოდიოდა-მეთქი? გაოცებული არბიტრი ისე დაიბნა, ჯარიმა ჩვენს საწინააღმდეგოდ დანიშნა. ამ მომენტის მერე ვოინოვი გონს ვერ მოეგო.

...საბჭოთა კავშირის ნაკრებში პირველად 1965 წელს, დანიასთან მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მიხმეს - ნიკოლაი მოროზოვმა თავდასხმაში მე, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი და მოსკოვის ტორპედოელი ვალენტინ ივანოვი დაგვაყენა. 6:0 მოვიგეთ, მე კი 2 გოლი გავიტანე! ამას გარდა, ვალერი ვორონინმა ჩემი პასით შეაგდო. კარგად ვითამაშე და მოროზოვმა გუნდში დამტოვა - ზუსტად ერთ კვირაში მოსკოვში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ბრაზილიის ნაკრებს ვხვდებოდით...

...1965 წელს ბრაზილიელებმა პრაქტიკულად საუკეთესო შემადგენლობა ჩამოიყვანეს: ჯალმა სანტოსი, ჟერსონი, ჟაირი, გარინჩა და რა თქმა უნდა პელე! ამ გუნდის დამარცხება, ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო - ჩვენ, ფეხბურთელები იმითაც ბედნიერები ვიყავით, რომ მათ წინააღმდეგ გავდიოდით მოედანზე, მაგრამ ყველაზე მეტად, რამაც გამაკვირვა, მოროზოვის „აზრი" იყო: თამაშის წინ გვითხრა, ეს მატჩი არ უნდა მოვიგოთ, თორემ კრემლი საგაისოდ მსოფლიო თასის მოგებას-მომთხოვსო! როგორია?!

...პელე? მისი გამჩერებელი არავინ იყო: იმ შეხვედრაში თავად ხომ შეაგდო, ერთიც ფლავიოს გაატანინა. ბრაზილიელებმა ის თამაში 3:0 მოიგეს. ჟორა სიჭინავა პელეს მეურვეობდა, პირველ ტაიმში კუდში დასდევდა და ამიტომ, არ ჩანდა. ვუყურე, ვუყურე და გავძახე: „ჟორა, შეეშვი მაგ კაცს, მაინც ვერ დაიჭერ, შენ თამაშს მიხედე-მეთქი"! დამიჯერა და მართლაც, ამის მერე უკეთ ათამაშდა, ორჯერ ძალიან სახიფათოდაც დაარტყა - ერთხელ მანგამ აუღო, მეორედ ხარიხას მოარტყა ბურთი.

...მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გავედი მინდვრიდან. იმ ცნობილ ფოტოზე, სადაც ყველა ქართველია პელესთან ერთად, სწორედ ამიტომ არ ვარ აღბეჭდილი.

...ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? პელე, ის შეუდარებელი იყო! სანამ მის თამაშს ცოცხლად, საკუთარი თვალით ვნახავდი, მეგონა რომ ფეხბურთის რამე გამეგებოდა, მაგრამ რაც მაშინ მოსკოვში, ლუჟნიკებზე ვიხილე, ამის აღწერა შეუძლებელია - პელე ზღაპრული იყო!

...ერთხელ ზაარბრიუკენში ვეტერანთა მატჩი გაიმართა. ერთ-ერთ გუნდს ალფრედო დი სტეფანო „წვრთნიდა". მატჩის შემდეგ ბანკეტზე მეც მიმიწვიეს და რამდენიმე წუთით დი სტეფანოს გავესაუბრე. მისეული მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთი იყო: გარინჩა, დიეგო მარადონა და პელე.

...ფეხბურთს თავი 1967 წელს დავანებე. იმ დროს მენისკიც მაწუხებდა და სანამ ტრიბუნები სტვენას დამიწყებდნენ, წასვლა გადავწყვიტე - 29 წლის ვიყავი. მაშინ „დინამოს" ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა, რომელმაც ერთ-ერთ მწვრთნელად დამტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთიდან წასული ვიყავი, 1968 წელს, როცა გუნდი აზიურ ტურნეში წავიდა, ორ მატჩში მეც ვითამაშე და გოლებიც გავიტანე.

...კურიოზი? ბევრი იყო, მაგრამ ერთს გავიხსენებ - ბირმაში ვართ საერთაშორისო ტურნეში. ერთ-ერთ მატჩს ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო და ისე მოეწონა ფეხბურთი, რომ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გუნდებს თამაშის გაგრძელება მოგვთხოვა. ძლივს გააგებინეს, რომ ასეთი რამ არ შეიძლებოდა.

...გუნდში მიშა მესხთან და სლავა მეტრეველთან გამორჩეულად ვმეგობრობდი. ჩვენი ურთიერთობა „დინამოს" შემდეგაც გაგრძელდა - ხშირად, როცა თბილისში ჩამოვდიოდი, მიშას სახლში ვჩერდებოდი, მერე სლავაც მოდიოდა და იყო ერთი ქეიფი და დროსტარება. ცხადია, ფეხბურთზეც ვსაუბრობდით. „დინამოდან" ნაადრევად წასვლა ყველას გულს გვტკენდა, მაგრამ ყველაზე ძალიან ამაზე მაინც მიშა დარდობდა - ის ხომ აიძულეს „დინამოდან" წასულიყო.

...მიშა გულიანი კაცი იყო, პირდაპირი. თავისებური იუმორი ახასიათებდა და ვიწრო წრეში უყვარდა მოლხენა. უცნაური ნიჭი ჰქონდა - ეგრევე ხვდებოდა, რა კაცთან ჰქონდა საქმე. თუ იტყოდა, ცუდი ადამიანიაო, მალე ყველა რწმუნდებოდა ამაში... სლავა უყვარდა გამორჩეულად! ხუმრობდა ხოლმე, სლავას სახინკლე აქვს, მაგრამ მაინც ჩემთან მოდის სასადილოდო...

...სლავა ძალიან თავმდაბალი კაცი იყო, ალკოჰოლური სასმელი არ უყვარდა და თუ შესვამდა, მხოლოდ ორ ჭიქას. უყვარდა თეატრი, ხშირად ესწრებოდა სპექტაკლებს. ერთი ხანობა მწვრთნელობა გადაწყვიტა, მაგრამ ვერ გაძლო და შეეშვა - ზედმეტად პატიოსანი და ალალი იყო ამ საქმისთვის. ერთი პერიოდი სასტუმრო „აფხაზეთის" დირექტორი იყო, მაგრამ მოხსნეს. წლების შემდეგ, როცა მატერიალურად გაუჭირდა, კახი ასათიანმა გაუწოდა დახმარების ხელი. სხვებიც ეხმარებოდნენ: კოტე სალია, ბენო ლაბარტყავა, ოთარ ცინცაძე. სლავას ცნობილი სახინკლე 90-იანების დასაწყისში, თბილისის ომის დროს დაწვეს...

...მესხის გარდაცვალება სლავამ ვერ გადაიტანა და მალე ექიმებმა მასაც მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - ტვინის დაავადება. სიცოცხლის ბოლო წლებში მეტრეველი გულგატეხილი იყო, საჭმლის ფული უჭირდა. მისმა ვაჟმა სერგეიმ თბილისში სამსახური ვერ იშოვა და სოჭში გადავიდა. გეცოდინებათ, სოჭის მთავარი სტადიონი დღეს სლავა მეტრეველის სახელობისაა.

...თბილისის „დინამოდან" წასვლის შემდეგ გაგრაში მალევე გადავედი - იქ დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის მინდოდა შინ დაბრუნება, წლების მანძილზე ალახაძეში „დინამოს" საწვრთნელი ბაზის დირექტორი ვიყავი.

...გაგრაში ზაფხულობით ხშირად ჩამოდიოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები. ლევ იაშინთან და ედუარდ სტრელცოვთან ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას ვმეგობრობდი და ეს ურთიერთობა არც შემდეგ წლებში შეგვიწყვეტია. ფეხის ამპუტაციის შემდეგ პირველად რომ ჩამოვიდა გაგრაში იაშინი, თავი ვერ შევიკავე, ცრემლი მომადგა: დავინახე ტრაპზე მეუღლის დახმარებით ჩამოდიოდა და ზურგი ვაქციე, მან კი იფიქრა, რომ ვერ ვიცანი და თავად გამომძახა, სიომა, რა იყო კაცო, ძველ მეგობარს ვერ ცნობო. არაფერი შევიმჩნიე, მაგრამ ძალიან დამწყდა გული. იაშინს თევზაობა განსაკუთრებით უყვარდა - ჟორა სიჭინავას და მე ხშირად დაგვყავდა მდინარე ბზიფის ხეობაში და რიწის ტბაზე სათევზაოდ...

...1992 წლის 14 აგვისტოს თბილისში საქმეზე გადმოვფრინდი. ეგ იყო და ეგ - მას შემდეგ გაგრაში ფეხი აღარ დამიდგამს. ცოტა ხანში გავიგე, რომ ჩემს სახლში ვიღაც სილაგაძე შესულა. არ ვიცი ახლა რა დღეშია ჩემი სახლი, ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის. როგორია, ერთ დღეში რომ დაკარგავ ორ სახლს სოხუმსა და გაგრაში?!

...როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საკავშიროს გამოეყო, ჩემო აზრით, სწორი იყო. ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა. სამწუხარო ის კი არაა, 1990 წლის დასაწყისში რომ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად სვლა, გულსატკენი ისაა, მას შემდეგ მეოთხედი საუკუნე რომ გავიდა და დღემდე კეთილმოწყობილი მოედნები რომ არ გვაქვს!

...წლების წინ გერმანიაში ვცხოვრობდი. იქ ვნახე, თუ როგორ აფასებდნენ ვეტერანებს: მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონებს ხშირად იწვევდნენ ტელეგადაცემებსა თუ რეკლამებში, სიცოცხლეშივე აფასებდნენ, სახელმწიფო მათ ყველანაირად მხარში ედგა... ამიტომაც ცხოვრობდა ეს ხალხი ხანგრძლივად, ჩვენთან კი? მიშას და სლავას ამბები არ კმარა ყველაფრის მისახვედრად? მერე გვიკვირს, რომ 1964 წლის ოქროს ბიჭებიდან დღეს სამნიღა ვართ ცოცხალი...

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ვლადიმერ ბარქაია

დაიბადა 1937 წლის 29 ივლისს
1957-1967 წლებში თბილისის „დინამოს" თავდამსხმელი
ტიტულები:
სსრკ ჩემპიონი - 1964; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1959, 1962, 1967; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #2 - 1964; სპორტის ოსტატი - 1964; სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1969
სსრკ-ს ნაკრებში:
2 მატჩი, 2 გოლი (1965)