სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: დავით მუჯირი

თარიღი: 2014 ნოემბერი 12


დავით მუჯირი, ზაურ სვანაძე და ვიტალი დარასელია

...1979 წლის შემოდგომით თბილისის „დინამო" პირველად ჩაერთო ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. პირველ წრეში, 1/16-ფინალში დინამოელებმა ტურნირის მთავარი სენსაცია მოახდინეს: 1977 და 1978 წლების ჩემპიონთა თასის მფლობელ „ლივერპულს" ორი მატჩის ჯამში 4:2 სძლიეს.
1/8-ფინალში განგებამ „დინამოს" კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო: მეტოქედ „ჰამბურგი" არგუნა, გუნდი, სადაც კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელი კევინ კიგანი ბრწყინავდა.
გერმანელებთან „დინამო" ორჯერ დამარცხდა.
ჰამბურგში 1:3 წაგებული შეხვედრა დავით მუჯირს დაბრალდა - შემთხვევით გატანილი ავტოგოლი არ აპატიეს და...
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დავით მუჯირის შვილმა, უმცროსმა დათომ წლების შემდეგ მამაზე არანაკლები ფეხბურთი ითამაშა, 1997 წელს, თბილისში, პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 5:1 მოგებულ მატჩში კი ის ზღაპრული იყო.
სწორედ ამ თამაშის შემდეგ დაწერა ერთ ჟურნალისტმა წერილი, რომელიც უფროსი დავით მუჯირისადმი ეთგვარ დაგვიანებულ ბოდიშადაც შეიძლება მივიჩნიოთ.
ის საგაზეთო სვეტი ამ სიტყვებით მთავრდებოდა:
„მადლობთ, რომ შვილი ფეხბურთზე შეიყვანე".

* * *
...10 წლის ვიყავი თბილისის „ნორჩ დინამოელში" რომ ჩავირიცხე. ჩემი პირველი მწვრთნელები ჯემალ გაბისონია, გრიგოლ გაგუა და ომარ უშვერიძე იყვნენ. დიდ „დინამოში" მისვლამდე სულ იქ ვთამაშობდი.

...ჭაბუკებს უკვე ვლადიმერ ელოშვილი გვავარჯიშებდა. მე თუ მკითხავთ, ის ახალგაზრდების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. მისი ხელმძღვანელობით ჯერ „სიჭაბუკის თასი" მოვიგეთ, შემდეგ „იმედის თასი"... ასეთი წარმატებების შემდეგ საოცნებო დღე გამითენდა - „დინამოში" მიხმეს!

...17 წლის ვიყავი, როცა პირველად ვითამაშე „დინამოს" ძირითად შემადგენლობაში - თავი სიზმარში მეგონა! იცით ვინ იყვნენ იმ დროს მცველები? რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი! გივი ჩოხელი წვრთნიდა იმ დროს „დინამოს"... მისი დღემდე მადლიერი ვარ, რომ ეს შანსი მიბოძა.

...ლვოვის „კარპატს" ვხვდებოდით. ერთ მომენტში მეკარე კარგად მოვატყუე, გოლიც უნდა გამეტანა, მაგრამ ამ დროს უხეშად მომცელა... საშინელი ტკივილი ვიგრძენი, დიდხანს ვმკურნალობდი... ამ დროს მწვრთნელიც შეიცვალა - ჩოხელი იაკუშინმა შეცვალა. ის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იყო, მეც მენდობოდა - როგორც კი გამოვჯანმრთელდი, მუდმივად მათამაშებდა, მაგრამ ძალიან უყვარდა სასმელი და ამან მის კარიერაზე დამღუპველად იმოქმედა.

...მასზე ათას ამბავს ყვებიან, მე კი იმას გეტყვით, რაც საკუთარი თვალით მინახავს: ერთხელ ტაშკენტში თამაშამდე იმდენი დალია, რომ მატჩი მის გარეშე დავიწყეთ. მეორე ტაიმის შუაში, ვხედავთ მინდვრის კიდეზე დგას და ყვირის. თურმე გაბრაზებულა, თამაში უჩემოდ რატომ დაიწყეთო! გასახდელში გამოფხიზლებულა... ძნელია, როცა ასეთი მწვრთნელი ჰყავს გუნდს - ხანდახან 4-5 დღე არ მოდიოდა ბაზაზე, გადააბამდა სმას და...

...ფეხბურთელებმა ვიცოდით, რომ იაკუშინს ნოდარ ახალკაცი შეცვლიდა. ის კლუბში სხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ სამწვრთნელო პროცესშიც მონაწილეობდა. ვიცოდით, რომ ახალკაცი მკაცრი ადამიანი იყო, დისციპლინირებული და ფეხბურთელებისგანაც ამავეს ითხოვდა. მოვიდა თუ არა, ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა ყველაფერი, გუნდში სიტუაცია თავისებურად დაალაგა. ავტორიტეტი? მის სიტყვას ყველა ანგარიშს უწევდა. საერთოდ, მომთხოვნი ადამიანი იყო: თამაშამდე ყველას კონკრეტულ დავალებას გვაძლევდა და კაი ბიჭი იყავი, არ შეგესრულებინა! იმ არანორმალური კონკურენციის პირობებში კარგა ხნით მოგიწევდა სათადარიგოთა სკამის ხეხვა...

...ახალკაცი არ დაგავალებდა ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებდი. მაგალითად, ნახევარი გუნდის მოტყუება მე არ მევალებოდა, ისევე როგორც, ვთქვათ, დავით ყიფიანს არ სთხოვდა ცენტრალური მცველის ფუნქციის შესრულებას. ცხადია, მწვრთნელი მოთამაშეებს არც იმპროვიზაციას გვიშლიდა, ოღონდ კონცენტრაცია წამით არ უნდა დაკარგულიყო, ფეხბურთელს მოდუნებას არ აპატიებდა.

...ტრავმებმა ძალიან გამტანჯა: 1976 წელს, როცა პირველად მოვიგეთ საბჭოთა კავშირის თასი, ფინალი გამოვტოვე; 1978 წელს, მეორედ რომ გავხდით ჩემპიონები, თითქმის ნახევარი პირველობა გამიცდა; 1981 წლის 13 მაისზე აღარაფერს ვამბობ - საოცნებო თამაში გამოვტოვე...

...1977 წლის შემოდგომით, უეფას თასზე მილანის „ინტერს" შევხვდით. პირველი მატჩი იტალიაში დავით ყიფიანის გოლით მოვიგეთ, საპასუხოში კი ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ, თუმცა მაინც გავძელით და მიუხედავად იმისა, რომ ფრედ 0:0 ვითამაშეთ, შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით. „ინტერთან" თბილისურ მატჩში ახალკაცმა მურაროს მეურვეობა დამავალა. მგონი, კარგად ვეთამაშე. მატჩის შემდეგ ავიწონე და აღმოჩნდა, რომ ლამის 6 კილო დავიკელი! ისე, იმ შეხვედრაში საუკეთესო ჩვენი მეკარე დავით გოგია იყო.

...1978 წელს ორი ოქროს მედალი გადმომცეს. მაშინ ასეთი წესი იყო: თუ მატჩების საკმარის რაოდენობას ჩაატარებდი, ჩემპიონის ტიტულს განიჭებდნენ. მე კი მონაცვლეობით ვთამაშობდი ძირითად და სათადარიგო შემადგენლობაში. და რადგან ორივე გუნდი, პირველიც და დუბლებიც ჩემპიონი გახდა, ორი მედალი მომცეს.

...ჩემპიონობაზე პრემია არ აგვიღია, არ იყო მაშინ ასეთი წესები. ერთადერთი, რითაც „გაგვახარეს", ეს თავის ფასში „ჟიგულის" შეძენა იყო.

...თბილისის „დინამოში" თამაშისას ხშირად დავდიოდით უცხოეთში, მაგრამ დღიურს, ეგრეთ წოდებულ „სუტოჩნის" იმდენს გვაძლევდნენ, მხოლოდ სუვენირების შესაძენად გვყოფნიდა. რაც შეეხება პრემიებს, საკავშიროს და ევროთასების შედარება არ შეიძლება. მაგალითად, იყო რამდენიმე მატჩი ევროპის საკლუბო ტურნირებში, რომელშიც გავიმარჯვეთ და 300 თუ 400 მანეთი პრემიაც მოგვცეს.

...ჩემ დროს არაერთი კარგი თავდამსხმელი თამაშობდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში: ონიშჩენკო, ჯავადოვი, ახმედოვი, როგოვსკი... ყველაზე რთული მეტოქე, ალბათ, მაინც ნაზარ პეტროსიანი იყო, ძალიან ტექნიკური მოთამაშე. ვიცოდი, თუ ბურთს მიიღებდა, კარგი დღე არ დამადგებოდა, ამიტომ, ვცდილობდი დასწრებაზე მეთამაშა.

...ბლოხინი? თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ მგონი ერთადერთი ვიყავი, ვისაც ის ვერ ასწრებდა. ხომ იცით, ის ფეხბურთში მძლეოსნობიდან მოვიდა, ამიტომ, მეურვეებს საშინელ დღეში აგდებდა, მაგრამ არ მახსოვს მასთან ორთაბრძოლა წამეგოს. სხვა მხრივ, ბლოხინი, რა თქმა უნდა მსოფლიო დონის მოთამაშე იყო.

...1979 წლის მეორე ნახევარში კისრის ტკივილები დამეწყო. ისე მტკიოდა, ხშირად თამაშს ბოლომდე ვერ ვასრულებდი. გახსოვთ ალბათ, საკავშირო თასის ფინალში სწორედ ტკივილების გამო შემცვალეს. მერე და მერე ყველაფერი აუტანელი გახდა და სანამ განვიკურნებოდი, „ლივერპულთან" მატჩებმა უჩემოდ ჩაიარა. გული კი მწყდება, მაგრამ აბა რას იზამ?

...„ჰამბურგი", ვისაც „ლივერპულის" შემდეგ დავუპირისპირდით, ჩემი აზრით ინგლისელებზე ძლიერი კლუბი იყო. მარტო ის რად ღირს, რომ გერმანელთა შორის კევინ კიგანი თამაშობდა, ევროპის იმ წლის საუკეთესო ფეხბურთელი! ან მანფრედ კალცი აიღეთ - ასეთი დონის მცველის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, დიდებული ფეხბურთელი იყო! კიდევ ბულიანი, ხრუბეში...

...საკუთარ კარში გატანილ გოლზე აბა რა გითხრათ? არც მაშინ და არც ახლა, ამდენი წლის შემდეგ, თავის მართლება არ მიცდია: მოხდა და მორჩა, აღარც მივბრუნებივარ იმ ეპიზოდს. საწყენად მხოლოდ ის დამირჩა, რომ ხშირად მახსენებდნენ. ვის მოუბრუნდება ენა და იტყვის, რომ დავით მუჯირმა ძალით გაიტანა გოლი საკუთარ კარში? ის ავტოგოლი ჩემთვის ტრაგედია იყო. საბედნიეროდ, იმ რთულ მომენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდში დამიდგნენ და მძიმე პერიოდი გადამატანინეს.

...„ჰამბურგთან" ავტოგოლის მერე ლამის ყველა ჩემზე საუბრობდა, არიქა, მუჯირმა დაგვღუპაო. ძალიან დათრგუნული ვიყავი. ცხადია ახალკაცი ხვდებოდა ჩემს მდგომარეობას და ამიტომ, ძირითადად გასვლით შეხვედრებში მაყენებდა. ჩემი თანაგუნდელი და მეგობარი „ტუხა", ვახტანგ ქორიძე სულ მაშაყირებდა - რა გინდა, ძალიან პოპულარული გახდი, ყველა შენზე საუბრობსო...

...მახსოვს, 1979 წლის 31 დეკემბერს, როცა ოჯახში ახალი წლის შესახვედრად ვემზადებოდით და ვფუსფუსებდით, უცბად ტელევიზიით გამოაცხადეს, გასული წლის ყველაზე ტკბილადმოსაგონარ და ცუდ მომენტებს გავიხსენებთო. მეუღლეს გავძახე, ნახე თუ ჩემი ავტოგოლი არ ახსენონ-მეთქი და მალე დიქტორმაც კიდევ ერთხელ გამომაცხადა. ყველაფერი ჩამშხამდა...

...1981 წლის გაზაფხულზე, როცა „დინამომ" თასების თასისკენ სვლა დაიწყო, კარგ ფორმაში ვიყავი - მოსამზადებელი პერიოდი ჩინებულად გავიარე და მოუთმენლად ველოდი სეზონის დაწყებას. ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედთან" პირველი თამაშის წინ მინსკის „დინამოს" შევხვდით. ერთ მომენტში მეტოქემ იდაყვი ჩამარტყა სახეში და... იმის მაგივრად ლონდონში წავსულიყავი, საავადმყოფოში აღმოვჩნდი - გატეხილ ცხვირზე ოპერაცია „წოპემ" გამიკეთა.

...26 წლის ვიყავი, „დინამოდან" რომ წავედი. პრინციპში, ფეხბურთელის კარიერაც მაშინ დავასრულე. 1982 წელი იყო, ერთ-ერთი გასვლითი შეხვედრის წინ საშინელი ამბავი შევიტყვე - ვახტანგ ქორიძეს მეუღლე გარდაეცვალა. ვახოსთან გამორჩეულად ვმეგობრობდი, ჩემი მეჯვარე და დათუნას ნათლია იყო... ვერ დავიძინე, სულ ტელეფონზე ვსაუბრობდი - ვახო მაშინ ბათუმში ცხოვრობდა... ნოდარ ახალკაცს ვთხოვე, სამძიმარზე გამიშვი-მეთქი. ფარსადანოვიჩმა, აქედან მიუსამძიმრეო. გამოვედი თუ არა მისი კაბინეტიდან, კადრების განყოფილებაში შევედი და განცხადება დავწერე.

...თბილისიდან წასულს ბათუმის „დინამო" მეპატიჟებოდა. იქაურები ყველა პირობას მიქმნიდნენ, მაგრამ ვიფიქრე, ვიფიქრე და საბოლოოდ უარი ვთქვი. ამის შემდეგ დიდხანს ვიმუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროში - დინამოელთა უმეტესობა კლუბიდან იქ მიდიოდა...

...ჩემი კარიერით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, ან კი, როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 10 წელი ვითამაშე თბილისის „დინამოში", თან რა ბჭების მხარდამხარ?!

...ყოველთვის მინდოდა დათუნა ფეხბურთელი ყოფილიყო. ბავშვობიდანვე ნიჭიერი იყო, ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი... მე თუ მკითხავთ, 1997 წელი მის კარიერაში გარდამტეხი გამოდგა - ჯერ ვოვა გუცაევის გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი, მერე „დინამოსაც" გაუშინაურდა. ალბათ ჩემი სახელიც ეხმარებოდა - სხვა თუ არაფერი, ჩემს ძველ თანაგუნდელებთან უწევდა მუშაობა.

...მის გამო ხშირად მიამაყია, ოღონდ ჩემთვის, გულში. განსაკუთრებით ტკბილად მისი ავსტრიული კარიერა მაგონდება - კარგად მოერგო „შტურმს" და ძირითად შემადგენლობაშიც თამაშობდა. თუ არ ვცდები, გულშემატკივრებმა რამდენჯერმე კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს...

...ოცნება? მინდა დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ფეხბურთი ზეიმი იქნება.

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

დავით მუჯირი

დაიბადა 1956 წლის 7 აპრილს
1974-1983 წლებში წლებში თბილისის „დინამოს" მცველი
ტიტულები:
სსრკ ჩემპიონი - 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასის მფლობელი - 1976, 1979; უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი - 1981; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #2 - 1977; სპორტის ოსტატი - 1974; საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1981