სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე მეტრეველი

თარიღი: 2014 ნოემბერი 26

ალექსანდრე მეტრეველი ქართული სპორტის ლეგენდაა!
ის გასული  საუკუნის 60-70-იანი წლების ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი გახლდათ, საბჭოთა კავშირში კი კონკურენტი, როგორც ასეთი, არ ჰყოლია.
მეტრეველი დღემდე ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ფინალში იასპარეზა!
ის ასევე ერთადერთი ქართველია, რომელმაც საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში შეაბიჯა!
ცნობილმა რეჟისორმა და ჩოგბურთის დიდმა მოყვარულმა, რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, მეტრეველი თაობის ლიდერი იყოო.
უამრავ უაზრო ჩარჩოში მოქცეულ საბჭოთა საქართველოში მეტრეველი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც თბილისში უცხოური სპორტული ავტომობილით დაქროდა და თანატოლთაგან განსხვავებით, დაუბრკოლებლად გადიოდა კაპიტალისტურ ქვეყნებში.
ალექსანდრე მეტრეველი მართლაც გამორჩეული იყო!
ლეგენდარულ ქართველ ჩოგბურთელს წელს, 2 ნოემბერს 70 წელი შეუსრულდა.
3 ნოემბერს მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უმაღლესი ჯილდო, „ქართული სპორტის რაინდის" ტიტული გადაეცა!
ვულოცავთ!

* * *
...ჩოგბურთზე უფროსმა ძმამ, კოტემ მიმიყვანა „დინამოს" მაშინდელ კორტებზე. იმ დროს, როგორც ყველა, მეც ფეხბურთით და ველოსიპედით ვიყავი გატაცებული, სწრაფადაც დავრბოდი, მაგრამ ავიღე თუ არა ჩოგანი ხელში, თამაში ძალიან შემიყვარდა. ისე, კოტეც ძალიან კარგი ჩოგბურთელი იყო...

...სოლოლაკში ვცხოვრობდი და როცა ვარჯიში დავიწყე, 10 წუთში სახლიდან კორტებზე ვიყავი ხოლმე... იმ დროს რა დამავიწყებს, ომის შემდგომი წლები იყო! სხვათა შორის, იქ კალათბურთელებიც თამაშობდნენ. ერთხელ, მახსოვს, მამაჩემთან ერთად „დინამო"-ცსკა-ს მატჩს დავესწარი, მაშინ ჩვენს გუნდში ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია თამაშობდნენ...

...ჩემი პირველი მწვრთნელი არამ ხანგულიანი გახლდათ, შესანიშნავი ადამიანი და ძლიერი სპეციალისტი. ჩვენი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდა და უფროსებში გადასულს, ის კვლავ გვერდში მედგა.

...წარმატებას მალე მივაღწიე: ჯერ სარაიონო პირველობა მოვიგე, მერე საქალაქო, რესპუბლიკური... ეს ადვილი იყო, თუმცა მოგვიანებით მეტი წინაღობის გადალახვა მიხდებოდა. თანდათან საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებში მოვხვდი, შემდეგ მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადებშიც ვიმარჯვე... იმ დროს 4-5 წლით უფროსებს ვეთამაშებოდი და ვამარცხებდი... მახსოვს, 13 წლის ვიყავი, როცა ჩემს პირველ სპარტაკიადაზე ვიასპარეზე. რომელიღაც ლენინგრადელ ჩოგბურთელს შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსი იყო, იქამდე მივიყვანე, რომ ბრძოლა შეწყვიტა - სიქა გავაცალე და აღარ შემიძლიაო, მსაჯს უთხრა. ის გამარჯვება ახლაც თვალწინ მიდგას...

...1958 წელს „დინამოს" საკავშირო პირველობა მოვიგე. ეს ჩემი პირველი დიდი გამარჯვება იყო და პირველი ჯილდოც მაშინ გადმომცეს - მაჯის საათი ჩინური ციფერბლატით.

...პირველ საერთაშორისო ტურნირზე ლენინგრადში ვიასპარეზე - ფინალში ჩემს მეგობარს და თანაგუნდელს ნუგზარ მძინარიშვილს შევხვდი. სამწუხაროდ, მან ადრე დაანება თამაშს თავი...

...მაშინდელი და დღევანდელი საჩოგბურთო ინვენტარის შედარება არც შეიძლება. იმ დროს ჩოგნებს ტარტუს და მოსკოვის ფაბრიკები უშვებდნენ, თუმცა საშინელი ხარისხის იყო. უცხოურებზე რომ გადავედით, მოსკოვის ქარხნის დირექტორმა გვისაყვედურა, ჩვენს პროდუქციაზე უარი რატომ თქვითო. ერთმა ჩემმა თანაგუნდელმა ვერ მოითმინა და მიახალა: დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ უცხოური პალტო, კოსტუმი და სვიტერი რატომ გაცვიათო? დავა ამით ამოიწურა...

...60-იანი წლების შუიდან საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჩოგბურთელთა შორის ვიყავი, 1966 წელს კი პირველად გავხდი ნომერ პირველი ჩოგანი - ესტონელ ტომას ლეიუსს ვაჯობე. წლების შემდეგ ის ჩვენთან, საქართველოში, თელავში მუშაობდა...

...პირველ დიდ საერთაშორისო წარმატებას უიმბლდონზე მივაღწიე - ჭაბუკთა ტურნირის ფინალში ვიასპარეზე, მაგრამ დავმარცხდი. ჩემი მეტოქე ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, „ოქროს ბურთის" პირველი მფლობელის, სერ სტენლი მეტიუზის ვაჟი, ასევე სტენლი მეტიუზი იყო... მაშინ ბიჭები ერთად ვცხოვრობდით და ფინალის წინა დღეს ფეხბურთი ვითამაშეთ: ევროპელები სამხრეთამერიკელების წინააღმდეგ. ფეხი ვიტკინე, ფინალში კი ჩვეულად ვეღარ გამოვედი და...

...1966 წლიდან საჩოგბურთო ტურნირები ღია გახდა: პროფესიონალები და მოყვარულები გაერთიანდნენ. მაშინ მე მოყვარულად ვითვლებოდი, უცხოეთში კი მოთამაშეებს პროფესიონალის სტატუსი ჰქონდათ. პირველ ღია ტურნირზე იტალიაში ვიასპარეზე. სანამ გავემგზავრებოდი, საკავშირო სპორტკომიტეტში დამიბარეს, კაპიტალისტურ დასავლეთში საბჭოთა მოქალაქის ქცევის წესები გამაცნეს და ისიც დასძინეს, მოგებული თანხის მხოლოდ 30 პროცენტი იქნება თქვენი, დანარჩენი სახელმწიფოს დარჩებაო. იტალიაში წარმატებით ვითამაშე, სამი წრე გავიარე და მოსკოვიდან ახალი „შეტყობინება" მივიღე: ჩემი წილი 20 პროცენტამდე შეამცირეს...

...დღეს ჩოგბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს და ალბათ, ესაა იმის მიზეზი, მოთამაშეები კარჩაკეტილად რომ ცხოვრობენ. როცა საქმე მილიონებს ეხება, ბევრი რამ წინ იწევს, ადრე კი ასე არ იყო: არაერთ კონკურენტთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა. მგონია, რომ ჩვენ დროს უფრო თბილი ურთიერთობები იყო...

...განვიცდი თუ არა „უიმბლდონის" ფინალში მარცხს? რა თქმა უნდა! გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ოცნება ვერ ავისრულე. დღეს ხშირად ვისმენ აზრს, რომ იან კოდეშთან შემთხვევით დავმარცხდი. ეს აზრი ჩემთვის მიუღებელია. მართალია იმ ფინალამდე კოდეშთან პირად შეხვედრებში დიდი უპირატესობა მქონდა, თუ არ ვცდები 7:1-ს ვუგებდი, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაღალი დონის ჩოგბურთელი იყო. სხვა თუ არაფერი, ორჯერ მოიგო როლან გარო, იმ წელს კი ამერიკის ღია პირველობის ფინალშიც გავიდა... ცხადია, წაგების გამო გული მწყდება, მაგრამ მაშინ, ფინალის დასრულებისას, ვფიქრობდი, რომ კარიერის ბოლომდე კიდევ ვითამაშებდი დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში.

...უამრავ ძლიერ ჩოგბურთელთან მითამაშია: პანჩო გონსალესი, ჯონ ნიუკომბი, ბიორნ ბორგი, ჯიმ კონორსი, ილიე ნასტასე, ანტონიო პიეტრანჯელი, მანუელ სანტანა, მაგრამ საუკეთესო ჩემი აზრით, ავსტრალიელი როდ ლეივერი იყო. ის არ გახლდათ განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით დაჯილდოებული, თუმცა ბრწყინვალე ტექნიკას ფლობდა და საოცრად გრძნობდა ბურთს! მასთან ერთად ხშირად მივარჯიშია...

...ბიორნ ბორგი? საკამათო არაა - უმაღლესი დონის ჩოგბურთელი იყო, ამავდროულად ნოვატორიც: მან შემოიტანა უკანა ხაზზე თამაში, მოწოდების ორი ხელით მიღება, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ლეივერთან მისი შედარება არ შეიძლება. ერთხელ, როცა ბორგი თბილისს ესტუმრა, ცოტა დავლიეთ და მითხრა, პირველად ჩოგბურთის გამო პირველად შენთან წაგების შემდეგ ვიტირეო...

...დევისის თასზე 105 შეხვედრა ჩავატარე. მგონი, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ამ გათამაშების ისტორიაში. ჩვენ, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები, გაცილებით მეტს მივაღწევდით პოლიტიკას რომ არ შეეშალა ხელი - სწორედ ამიტომ არ გვათამაშეს სამხრეთაფრიკელებთან, ჩილელებთან... არადა, ძალიან კარგი გუნდი გვყავდა: მე, თეიმურაზ კაკულია, სერგეი ლიხაჩოვი, გუნდის კაპიტანი შამილ ტარპიშჩევი...

...დევისის თასზე პირველად უიმბლდონის ჭაბუკთა ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ ვითამაშე. საბჭოთა კავშირის ნაკრებში შემიყვანეს და გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, კორტზე მაშინ შემიშვეს, როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. მითხრეს, წავაგეთ, მაგრამ გადი, გამოცდილებას მიიღებო. მოგვიანებით გერმანელებს კიდევ ორჯერ შევხვდით და ორჯერვე მოვუგეთ. სხვათა შორის, წლების შემდეგ დიუსელდორფის იმ საჩოგბურთო კლუბის სახელით გერმანიის ვეტერანთა ჩემპიონატი მოვიგე, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატი.

...ერთხელ რუსმა ჟურნალისტმა მითხრა, როცა თქვენ თამაშს თვალს ვადევნებ, გატყობთ, რომ ღელავთო. ვიპასუხე, სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ვღელავ, თორემ ჩოგბურთისადმი გულგრილი რომ ვიყო, კორტს საერთოდ არ გავეკარებოდი-მეთქი... ასაკის მატებასთან ერთად ნერვების მოთოკვაც ვისწავლე. თუ გსურს, რომ წარმატებას მიაღწიო, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, კონცენტრირებული უნდა იყო. ნერვების აყოლა არაფერს გარგებს.

...ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში ზედიზედ სამჯერ მოვიგე მთავარი პრიზი. წესისამებრ, ის სამუდამო მფლობელობაში გადმომეცა - ძალიან ლამაზი ჯილდო იყო, ძველებური, ვერცხლისფერი, საოცრად ლამაზი ორნამენტებით! ერთ მშვენიერ დღეს თბილისში სახლი გამიტეხეს და მხოლოდ ის თასი წაიღეს. სამწუხაროდ, სამუდამოდ დაიკარგა...

...ამერიკაში მოგებული ერთი ტურნირის შემდეგ, როცა მკითხეს რა გადმოგცეთო, ავტომობილი-მეთქი, ეგრევე ვუპასუხე. ძალიან ლამაზი „ფორდ-მუსტანგი" მისახსოვრეს, სპორტული, კონდიციონერით... მოსკოვში ოთხი დღე ნომრის გარეშე დავქროდი, მილიციას ერთხელაც არ გავუჩერებივარ! მერე თბილისში ჩამოვიყვანე. იმ დროს ჩვენთან რამდენიმე უცხოური მანქანა დადიოდა, ერთ-ერთი ლეგენდარული ანსამბლის „ორერას" სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ ბარძიმაშვილს ჰყავდა - მოჭადრაკე ბორის სპასკისგან იყიდა თავის დროზე...

...1979 წელს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე გამოვედი, ტურნირის შუაში კი მე და შამილ ტარპიშჩევი იურმალაში გავემგზავრეთ, სადაც დევისის თასზე შვედებს შევხვდით. მახსოვს, ლატვიელები სკანდინავიელებს ქომაგობდნენ - მაშინ ბორგს ვეთამაშე და გულშემატკივრების სასიხარულოდ, დავმარცხდი...

...იმ დროს უკვე სპორტიდან წასვლაზე ვფიქრობდი. 1980 წელს საკავშირო ჩემპიონატში ვიასპარეზე და კარიერაც დავასრულე. სხვათა შორის, ის ჩემპიონატი სეტის წაუგებლად მოვიგე... სპორტიდან წასვლა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მივხვდი, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველა ვარიანტში მოხდებოდა. ამიტომ, გამარჯვებით წასვლა ვარჩიე. თუ არ ვცდები, ის ჩემპიონატი ტაშკენტში გაიმართა...

...კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ვმუშაობდი ხუთი წლის მანძილზე. ბევრ სახეობას ვკურირებდი, მათ შორის ჭადრაკს. ერთხელ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - ფიდეს პრეზიდენტი ფლორენსიო კამპომანესი გვეწვია. იმ დღეებში ბორჯომში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მაია ჩიბურდანიძე და ელენა ახმილოვსკაია იბრძოდნენ. ბორჯომამდე გორში შევიარეთ, სადაც სტუმარმა სტალინის სახლი მოინახულა. გვითხრა, მისი სადღეგრძელო აუცილებლად უნდა დავლიოო. მოკლედ, სტუმარი დაგვითვრა და ბორჯომში, სადაც მის დასახვედრად დიდი სამზადისი იყო, მანქანიდან ვერც გადმოვიდა...

...სპორტკომიტეტის მერე „საქინფორმი" იყო - იქ ჟურნალისტი ვიყავი, დროდადრო ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირებშიც გამოვდიოდი, მოგვიანებით კი შამილ ტარპიშჩევმა მოსკოვში დამიძახა, ჩოგბურთის მოწესრიგება მინდა და დამეხმარეო. სპორტულ ტელეარხ ენტევეზე სწორედ იქიდან მოვხვდი.

...ძალიან დიდი ხანია ენტევეს კომენტატორი ვარ. ყველა ტურნირზე არა, მაგრამ დიდი სლემის შეჯიბრებებზე დავდივარ ხოლმე. მაგალითად, უიმბლდონზე ლამის თვენახევარი ვჩერდები.

...ენტევეზე ანა დმიტრიევასთან ერთად მიმყავს რეპორტაჟები. ანას დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდით, როცა კარიერას ვიწყებდი. ერთი პერიოდი ის ჩემი სპარინგ-პარტნიორი იყო - იმ დროს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჩოგბურთელები ახალგაზრდებთან თამაშით დიდად არ იწუხებდნენ თავს და მეც ხშირად გოგოებს ვეთამაშებოდი...

...„დინამოს" კორტების აგება ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება, მისთვის კი სპორტული კომპლექსის კეთილმოწყობა მეუღლეს, ნინა გეგეჭკორს უთხოვია, რომელიც თავადაც თამაშობდა და თან, ძალიან კარგად. კორტებამდე იმ ტერიტორიაზე მიგდებული ჭალა იყო, მერე ნაგავსაყრელი...

...ახლა რომ ვუყურებ, ბავშვებს ვარჯიშზე ლამის მთელი სანათესაო დაჰყვება, ჩემ დროს კი ასე არ იყო. ახლანდელებთან შედარებით ძალიან თავისუფლები ვიყავით! მაგალითად, დედაჩემი უკიდურესად იშვიათად ესწრებოდა თამაშებს, მამა კი დიდ ტურნირებზე თუ შემოივლიდა-ხოლმე. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ დამოუკიდებლობა ცუდი არაა, ბავშვებს მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ.

...90-იან წლებში „დინამოს" კორტებს ნელ-ნელა ავიწროებდნენ. ჯერ ბენზინგასამართი სადგური გახსნეს, რაც, ჩემი აზრით, კრიმინალი იყო! მერე კორტის ტერიტორიაზე სანტექნიკის მაღაზია მოაწყვეს... ბავშვებზე სულ უფრო ნაკლებად ზრუნავდნენ, არადა, ზუსტად იმ პერიოდში უზბეკეთში დავდიოდი, სადაც იქაურებს აკადემიის გახსნაში ვეხმარებოდი. თუ ჩვენთან ჩოგბურთს ავიწროებდნენ, ტაშკენტთან ახლოს მთელი კომპლექსი გააშენეს, 19 კორტით და საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობაც მოისურვეს...

...სლავა მეტრეველი ჩემი შორეული ნათესავი იყო, ჩვენი ბაბუები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. სლავა, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი სპორტსმენი იყო, ძალიან კარგი ადამიანი გახლდათ. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებდა. მშვიდი, მხიარული, გულჩვილი, მოსიყვარულე - ალბათ, ასე თუ დავახასიათებ მას. ცხოვრებაში ერთადერთხელ ვნახე გაბრაზებული სლავა - წყალტუბოში, ერთ-ერთ სანატორიუმში ისვენებდა და საღამოს, მეორე სანატორიუმში საცეკვაოდ არ შეუშვეს - დარაჯმა ვერ იცნო. მაშინ ძალიან გაბრაზდა...

...ერთხელ ლევ იაშინთან ერთად ვიყავი ინდოეთში, დელიში. მაშინ ლეონიდ ბრეჟნევი ჩავიდა იქ და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდებოდა, დადებითი ფონის შესაქმნელად მსახიობები და სპორტსმენებიც წაგვიყვანეს. სადღაც საშინელ სასტუმროში შეგვასახლეს, არც ცივი წყალი მოდიოდა, არც - ცხელი. საჭმელზე არაფერს ვამბობ - სამზარეულოში რომ შევიხედეთ, უმ ხორცს ასობით ბუზი ეხვეოდა... მახსოვს, იაშინს არაყი ჰქონდა წამოღებული - პირსახოცი იმით გავჟღინთეთ და ტანი გავიწმინდეთ. მალე ყველაფერი ყელში ამომივიდა და იქაური ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს დავურეკე, მოგვხედეთ-მეთქი. მისმა პასუხმა თავზარი დამცა: თურმე არც იცოდა ინდოეთში რომ ვიყავით. მალე წაგვიყვანეს ნორმალურ სასტუმროში და ჩვენც გვეშველა. იმ დღეებში იაშინს ძალიან დავუახლოვდი - დიდებული კაცი იყო!

...ფუფუნებაშიც მიცხოვრია და ძალიან ცუდ პირობებშიც, მაგრამ ისეთი საშინელი სურათი, რაც კალკუტაში ვნახე, არსად მიხილავს. იქ სასტუმროც არ იყო, ამიტომ სპორტსმენები კერძო სახლებში მიგვიყვანეს, რომელიც არაფრით გამორჩეული ქოხები იყო - გარშემო ენით აუწერელი გაჭირვება სუფევდა... ღამე შეგვამცივნა, დილით კი, ფანჯარაში რომ გავიხედე, გვამებით დატვირთული ურმები დავინახე - ხალხი ქუჩებში გაყინულიყო... ჯაკარტაც არანაკლებ თავზარდამცემი გამოდგა, სინგაპურშიც სიდუხჭირე იყო. წლების შემდეგ სინგაპური მოვინახულე და თვალებს არ ვუჯერებდი - ზღაპარში ვიყავი! ასეთი სახეცვლილება თუ შესაძლებელი იყო, ვერ ვიჯერებდი!

...უცხოეთში დარჩენა შემეძლო, მაგრამ ამაზე არც მიფიქრია. იმ დროს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე კარგი სიტუაცია ჩვენთან, საქართველოში იყო - შედარებით თავისუფლად ვგრძნობდით თავს. ეგეც არ იყოს, უცხოეთში უკვე მეუღლესთან ერთად დავდიოდი, ასე რომ, იქ სამუდამოდ დარჩენა დღის წესრიგში არასდროს მდგარა.

...60 წლის რომ გავხდი, ვფიქრობდი, ძალიან მოხუცი ვარ-მეთქი, მაგრამ აგერ, 70-ს მივუკაკუნე და ვხვდები, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ წინ მაქვს. მყავს კარგი შვილები და შვილიშვილები, საყვარელ საქმეს ვემსახურები, ვთვლი, რომ ცუდი კაცი არ ვარ, შესანიშნავი მეგობრები მყავს, ყველაფერ ამის გათვალისწინებით კი, ვფიქრობ, რომ ბედნიერი ადამიანი გამოვდექი. ეს, მგონი, ყველაზე მთავარია.

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ალექსანდრე მეტრეველი

დაიბადა 1944 წლის 2 ნოემბერს თბილისში
ჩოგბურთელი
ტიტულები:
ევროპის ჩემპიონი - 1970, 1971, 1973, 1975, 1977, 1978 (ერთეულთა შორის); სსრკ ჩემპიონი - 1966, 1967, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975, 1976, 1978, 1980 (ერთეულთა შორის); სსრკ ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი - 1975; სსრკ #1 ჩოგბურთელი - 1966, 1967, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1978, 1979

არაერთი საკავშირო და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის
ერთადერთი საბჭოთა ჩოგბურთელი ვაჟი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში მოხვდა - 1974 წელს მე-9 ნომრად
„უიმბლდონის" 3-გზის ფინალისტი: 1973 წელს (ერთეულთა შორის) და 1968 და 1970 წლებში შერეულ წყვილთა შორის (ოლგა მოროზოვასთან ერთად)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი