სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ჯემალ ცერცვაძე

თარიღი: 2015 იანვარი 14


„ხელბურთის პელე“ - ჯემალ ცერცვაძე

1961 წელს თბილისის სპორტის სასახლე ხელბურთელთა საერთაშორისო მატჩით გაიხსნა: ქართველმა მოთამაშეებმა უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლეს. ჩვენებმა 17:15 მოიგეს. მეორე დღეს, კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩზე, სასახლეში გულშემატკივართა ტევა არ იყო - „ბურევესნიკმა" 14:13 მოიგო.
ეს იყო ერთ-ერთი პირველი დასამახსოვრებელი მატჩები ჩვენი ხელბურთის ისტორიაში. იმ შეხვედრებში ჯემალ ცერცვაძეც მონაწილეობდა, არამარტო ჩვენი ხელბურთის, ზოგადად, ჩვენი სპორტის ლეგენდა.
ტიტულები იქით იყოს, მის სიდიადეზე ერთი მეტსახელი ყველაზე ნათლად მეტყველებს: „ხელბურთის პელე".
უძლიერესი ქართველი ხელბურთელის კარიერას მისივე მოგონებებით გავიხსენებთ.

* * *
...რკინიგზის I სკოლა დავამთავრე. კალათბურთს წარმატებით ვთამაშობდი, რკინიგზის სკოლების ნაკრებშიც ვირიცხებოდი. 1955, 1956 და 1957 წლებში ზედიზედ მოვიგეთ საკავშირო ჩემპიონატი და რკინიგზის სკოლების საკავშირო ნაკრებშიც მოვხვდი, მალე კი „დინამოში" მიმიწვიეს სინჯებზე. კალათბურთამდე მძლეოსნობაშიც ვვარჯიშობდი, ზახალიანი იყო მაშინ ჩვენი მწვრთნელი.

...ერთხელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვვარჯიშობდით. ჩვენს გვერდით ხელბურთელებიც ემზადებოდნენ. იმ დროს ისინი 11X11-ზე თამაშობდნენ, ეს სახეობა ახალი შემოსული იყო ჩვენში... ჩემი მეგობარი საშა ოდიშვილი შემიჩნდა, წამოდი, ნახე, რა იცი რა ხდება, იქნებ მოგეწონოსო. მაშინ კალათბურთის ბურთს ცალ ხელში ადვილად ვიჭერდი და ხომ წარმოგიდგენიათ, ხელბურთის პატარა ბურთს როგორ „გავუმკლავდებოდი"?! როგორც ჩანს, გამომივიდა, რადგან გუნდში ამიყვანეს. ჩვენმა მწვრთნელმა გიორგი შარაშიძემ წლების მერე მითხრა, პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ხელბურთისთვის იყავი გაჩენილიო. მალე მათთან ერთად საკავშირო პირველობაზეც წავედი ლენინგრადში - იქ 8 „უძლიერეს სახელბურთო ქალაქთა" პირველობა ტარდებოდა. ისე გავემგზავრე, კალათბურთში ჩემი მწვრთნელისთვის, გიორგი ავალიშვილისთვის არაფერი მითქვამს. ეტყობა ეს იყო ჩემი ბედი - იმ ტურნირის შემდეგ საკავშირო ნაკრებში ამიყვანეს და საბოლოოდ ხელბურთში დავრჩი. ეს 1958 წელს მოხდა. ლენინგრადში საუკეთესო ბომბარდირი გავხდი - თუ არ მეშლება, 64 გოლი გავიტანე. ამის შემდეგ საკავშირო ნაკრების კანდიდატთა შორის აღმოვჩნდი და 1959 წლის სექტემბერში პირველ ოფიციალურ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა - კიევში, ნიკიტა ხრუშჩოვის სახელობის სტადიონზე პოლონელებს „დიდი ხელბურთი" ვეთამაშეთ, ანუ 11X11-ზე. მოგვიანებით წესები შეიცვალა და 7X7-ზე დავიწყეთ თამაში.

...1962 წელს საკავშირო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ლიტვაში, კაუნასში ჩატარდა. უკანასკნელი ტურის წინ ჩვენი „ბურევესნიკი" პირველ ადგილზე იყო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასპინძლებთან, კაუნასის „ატლეტასთან" დავმარცხდებოდით, ოქროს მედლებს ლიტველები მოიგებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია იქნებოდა?! თამაში საღამოს გაიმართა, დარბაზის კუთხეში კი მძლავრი პროჟექტორი დადგეს, რომელიც დაძაბულ მომენტებში პირდაპირ თვალებში ანათებდა ჩვენს მეკარეს, ჯემალ აბაიშვილს. „ატლეტასმა" 2 თუ 3 გოლი სწორედ ამ ხრიკის წყალობით გაგვიტანა, მაგრამ არ გავტყდით, გავძელით და შეხვედრა ფრედ 17:17 დავასრულეთ. ასე მოვიგეთ ჩემპიონის ტიტული! მახსოვს, იმ გამარჯვებისთვის სპორტკომიტეტისგან პრემიის სახით 500-500 მანეთი მივიღეთ, მაგრამ ლამის ნახევარი დაგვიქვითეს.

...1963 წელს საბჭთა კავშირის ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ 1964 წელს ისევ პირველზე გავედით. მერეც რამდენჯერმე გავხდით პრიზიორები, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ, ოქროს მედლები კიდევ არაერთხელ უნდა მოგვეგო - ძალიან ძლიერები ვიყავით, თუმცა მოსკოვში „გონს მოეგნენ" და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს, მაშინ ხომ ყველაფერში რუსები უნდა ყოფილიყვნენ ჩემპიონები! მაგალითად, 1965 წელს მოსკოვის „კუნცევოსთან" მსაჯმა, რომ იტყვიან, მარტომ მოგვიგო! შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე ორი სუფთა პენალტი არ მოგვცა, არც კუთხური და წავაგეთ, რის გამოც მეორე ადგილზე გავედით.

...1964-1965 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩავებით. ამ ტურნირზე პირველად 1962-1963 წლების სეზონში ვიასპარეზეთ, მაგრამ ხელი მოგვეცარა. მოკლედ, გამოცდილებამიღებულებმა უკეთ ვითამაშეთ და 1/4-ფინალში გავედით, იქ კი ჩვენი მეტოქე იუგოსლავიის „მედვეშჩაკი" იყო, აბა ის იყო თამაშები თუ იყო, იმ ამბებს რა დამავიწყებს! პირველი შეხვედრა ზაგრებში 8 ბურთით წავაგეთ, თბილისში კი 20 წამით ადრე 9 ბურთით ვიგებდით, თან, ჩვენ მიგვყავდა თამაში. ერთ მომენტში თამაზ ანთაძემ ჩვენს ახალწვეულს, კლიმოვს მიაწოდა ბურთი, ის კი ადგა და დაარტყა, არადა, ბურთი რომ გაეთამაშებინა, ჩვენ მოვიგებდით. მოკლედ, ვერ გაიტანა, იუგოსლავიელთა მეკარემ კი კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც გოლით დასრულდა. მაშინ დამატებითი დრო არ ინიშნებოდა, კენჭისყრით კი 1/2 -ფინალში „მედვეშჩაკი" გავიდა. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო, ჩვენ ნაღდად შეგვეძლო ჩემპიონთა თასის მოგება.

...1964 წელს სსრკ ნაკრებმა შესარჩევ მატჩში ფინეთს მოუგო - ჩვენ პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე! იმ გუნდში ჩემს გარდა კიდევ ორი ქართველი იყო - ჯემალ აბაიშვილი და ლერი კარტოზია. მართლა კარგად ვითამაშე, ტურნირის დასრულების შემდეგ კი სიმბოლურ გუნდშიც მოვხვდი. ზუსტად არ მახსოვს რამდენი გოლი გავიტანე, მაგრამ ბომბარდირთა შორის რომ ვიყავი, ამას წყალი არ გაუვა. თუ არ ვცდები, გოლეადორთა შორის ჩემთან ერთად იყვნენ რუმინელი მოზერი, შვედი ალმკვისტი და იუგოსლავიელი მილკოვიჩი.

...1967 წელს, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი იყო. ჯგუფიდან რუმინელებთან ერთად გავედით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძალიან ძლიერ ნაკრებს ვძლიეთ, ნახევარფინალში კი დანიელებს ვხვდებოდით, რომლებიც ნაღდად არ იყვნენ ჩვენზე ძლიერები. მაშინ ნაკრებში ოთხი ქართველი ვიყავით: მე, ჯემალ აბაიშვილი, იმედო ფხაკაძე და ანზორ ექსეულიძე. მიუხედავად იმისა, რომ აბაიშვილმა გერმანელების წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, მწვრთნელებმა ძირითად მეკარედ მაინც ცაპენკო დააყენეს. 7:2-ს რომ ვიგებდით, ცაპენკომ ზედიზედ გაუშვა უაზრო ბურთები, მერე პენალტი მოვინადირე, უნდა დამერტყა, მაგრამ მწვრთნელების გადაწყვეტილებით, კლიმოვმა დაარტყა - ძელს გაარტყა ბურთი! მოკლედ, გუნდი აგვერია. როცა ჯემალი შემოიყვანეს, უკვე ვაგებდით და საბოლოოდ 12:17 წავაგეთ. ძალიან დათრგუნულები ვიყავით და ვერც მესამე ადგილისთვის გამართული მატჩი მოვიგეთ - რუმინელებმა გვაჯობეს.

...1970 წელს კიდევ ერთხელ ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ის ტურნირი ტკბილად მაგონდება-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. საქმე ისაა, რომ იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი ევტუშენკო იყო, ძალიან უსამართლო კაცი, არ შემეშინდება თუ ვიტყვი - ნამდვილი არაადამიანი! ის ვერ გვიტანდა ქართველებს, თუმცა იმდენს მაინც ვერ ბედავდა, ნაკრებში არ მივეწვიე. ყველანაირად ცდილობდა ჩვენთვის ევნო. მახსოვს, ავად ვიყავი, ფორმის აღსადგენად ერთი კვირა მაინც უნდა მევარჯიშა, მან კი საწვრთნელ შეხვედრაში მონაწილეობა მომთხოვა: პირველი და მეორე გუნდების მატჩს ფედერაციის ხელმძღვანელებიც უნდა დასწრებოდნენ. მეორე გუნდში „ჩამსვა", პირველისთვის მზად არ ხარო. ვერ გამაჩერეს, ორივე ტაიმში ათამდე გოლი გავიტანე, ყველას დავუმტკიცე, რომ ამ ევტუშენკოს დასაწუნი არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, მერეც უნამუსოდ იქცეოდა. ამიტომაც არ ვაფასებდი მას.

...მიმაჩნია, რომ 1964-1965 წლების ჩვენი შემადგენლობა დამოუკიდებელ ნაკრებად რომ გასულიყო საერთაშორისო ასპარეზზე, ძალიან წარმატებული იქნებოდა. იმ დროს „ბურევესნიკი" ხშირად ატარებდა საერთაშორისო შეხვედრებს და დიდი წარმატებითაც, მარტო ის რად კმარა, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი რუმინელებისთვისაც მოგვიგია!

...მოწვევები? კი, იყო ასეთი ამბებიც, განსაკუთრებით ფრანგები და შვედები აქტიურობდნენ. ერთხელ საფრანგეთში ვიყავით, თუ არ ვცდები, ნიმის გუნდის მესვეურები შემხვდნენ, ხელშეკრულებაზეც მესაუბრნენ, ეგ კი არა, სახლი მანახეს, სადაც უნდა მეცხოვრა. ცხადია იმ ამბებიდან არაფერი გამოვიდა - საბჭოთა სპორტსმენს უცხოეთში ვინ გაუშვებდა?! ეგეც არ იყოს, თბილისიდან წასვლა ნაღდად არ მინდოდა - აქ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ხალხის სიყვარული ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა, ამის დაუფასებლობა კი ჩემი მხრიდან დიდი უმადურობა იქნებოდა.

...ხელბურთში ეშმაკობა აუცილებელია, ამის გარეშე არაფერი გამოვა, თუმცა, აბა რომელ სახეობაში არაა ასე? პატარ-პატარა ეშმაკობებს ვგულისხმობ, რაიმეს გაყალბებას კი არა. ორ მაგალითს გავიხსენებ: მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის გუნდში ვიაჩესლავ ზოტოვი თამაშობდა, მუდმივად მე მედგა ხოლმე. დროდადრო, შეტევისას, უცბად ვეტყოდი გამარჯობა-მეთქი და ხელს ვუწვდიდი. ისიც იბნეოდა, ხელს მართმევდა და მეც ვიჭერდი. ხშირად ვუმეორებდი, მაგრამ რა ვიცი რა სჭირდა, სულ იბნეოდა. რუმინეთის ნაკრებში იყო კიდევ ერთი, კოსტაკე II-ს ეძახდნენ. გაქცევისას ფეხს ტერფზე ვადგამდი და ერთი-ორი მეტრით უკან მრჩებოდა. დიდხანს ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, მაგრამ მეც ეს არ მინდოდა?

...სპორტის სასახლეში, როცა წინ გავიჭრებოდით ხოლმე, გულშემატკივრები მეძახდნენ: „ჯემალ ცირკი, ჯემალ ცირკიო"! მეც ისეთ რამეს ვაკეთებდი, ხალხს რომ ესიამოვნებოდა. ერთხელ შვედებს ვეთამაშებოდით, ერთი მოთამაშე წამით არ მშორდებოდა. ძალიან დამღალა და მომაბეზრა თავი, ავდექი და რამდენჯერმე ჩავიარე კარს უკან. ისიც ადგა და გამომყვა. შვედი მწვრთნელები მიხვდნენ, რომ ცუდად იყო იმის საქმე და გამოცვალეს, ჩვენი ქომაგები კი გულიანად ხარხარებდნენ.

...წლების წინ ვენაში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესს დავესწარი. პრეზიდენტმა ჰასამ ჰუსეინმა ცოტათი დააგვიანა და მის არყოფნაში ფოიეში კოლეგებს ვესაუბრებოდი. უცბად ვიღაცამ ხელი მომხვია და ამიტაცა. შემოვტრიალდი და ჰუსეინი არაა?! გულთბილად ვისაუბრეთ, მითხრა, ჩემი საყვარელი ხელბურთელი ბრძანდებით, თქვენი თამაშების ცქერაში გავიზარდეო და... გულისხმიერების ნიშნად მოგვიანებით 120 ათასი დოლარის ღირებულების ინვენტარი გამოგვიგზავნა.

...ჩვენს შემდეგ, 60-იან წლებს და 70-იანების დასაწყისს ვგულისხმობ, ხელბურთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კი, კარგი გუნდი იყოს ანპილოგოვის დროს, ჩემპიონატის პრიზიორებიც გახდნენ, მაგრამ 60-იანი წლებისას მაინც ვერ შეედრებოდა. 80-90-იანი წლების ქართულ ხელბურთზე კი, აბა რა ვთქვა? ძალიან დაეცა დონე. მიზეზი? უფულობა - არავის სურდა ამ სახეობისთვის ყურადღების მიქცევა და შედეგიც შესაბამისი იყო. ჩემი სახსრებით კი ვცადე რაღაც-რაღაცები, ჩემი სპორტსკოლის აღზრდილმა ბიჭებმა საკავშირო ჩემპიონატიც მოიგეს, მაგრამ როდემდე გავწვდებოდი მარტო კაცი ამ ამბებს?

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ჯემალ ცერცვაძე

დაიბადა 1939 წლის 7 მაისს თბილისში
1958-1975 წლებში თბილისის „ბურევესნიკის" თავდამსხმელი
ტიტულები:
სსრკ ჩემპიონი - 1962, 1964; სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1965, 1966, 1967; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1963; სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1971; მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი - 1968; მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკური ხელბურთელი - 1964, 1967
სსრკ ნაკრებში:
78 მატჩი, 276 გოლი (1958-1970)