სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ნოდარ ახალკაცი

თარიღი: 2015 იანვარი 26


ნოდარ ახალკაცი და თბილისში სტუმრად მყოფი უეფას პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი

1999 წელს გაზეთ „სარბიელის" ინიციატივით, გულშემატკივრებმა XX საუკუნის ქართული ფეხბურთი „შეაჯამეს".
ქომაგებმა ასწლეულის მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი აღიარეს!
2001 წელს, სპეციალურმა კომისიამ კიდევ ერთხელ შეაფასა განვლილი საუკუნე. უძლიერესი მწვრთნელის ტიტული ამჯერადაც ახალკაცს ხვდა წილად.
ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფიგურაა. ჩვენი ერთადერთი საერთაშორისო გამარჯვება, რომლითაც დღემდე ვამაყობთ, სწორედ მას უკავშირდება - ის წვრთნიდა იმ თბილისის „დინამოს", 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი რომ მოიგო.
1998 წლის 31 იანვარს, როცა დიდ მწვრთნელს მთელი საქართველო უკანასკნელ გზაზე აცილებდა, „სარბიელში" გიო ახვლედიანის წერილი გამოქვეყნდა სათაურით „გაუცინარი ხელმწიფე". იქ ეწერა:
„...ნოდარ ახალკაცი ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე იყო. ის იცავდა და უვლიდა თავის სამყაროს მთელი ძალითა და ხასიათით, რადგან ეს სამყარო ძვირფასი იყო მისთვის. ის ჭკვიანი და ფიქრიანი კაცი გახლდათ. დღევანდელ ქვეყანაში ალბათ, არავინ იცოდა ბურთის ავან-ჩავანი ისე, როგორც მან. მას უყვარდა ფეხბურთი. ფეხბურთი ხომ მისი სამყარო იყო. ამ სამყაროში კი ქუდმოუხდელს არავის შეუშვებდა. მისი ფეხბურთი გამარჯვებული იყო. მისი სამყარო რთული და ძლიერი".
ძალიან ზუსტი და ლამაზი შეფასებაა.
ლეგენდარულ მწვრთნელს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

* * *
...ჩემი კრედო, როგორც მწვრთნელისა? ნაკლები ლაპარაკი და უკეთესი თამაში.

...მოთამაშეები უკეთეს ფორმამდე ბურთის მეშვეობით უნდა მივიყვანოთ. ასევე აუცილებლად უნდა ჩავუნერგოთ აზრი, რომ როცა ბურთის გაქვს, იერიშია საჭირო და გოლის გატანა. ვინც ამას ვერ ან არ აკეთებს, როგორც წესი, აგებს.

...არაფერი ახალი ჩვენ არ აღმოგვიჩენია. უბრალოდ, გავაგრძელეთ ქართველ ფეხბურთელთა საუკეთესო ტრადიციები: იმპროვიზაცია, დინამიზმი, მაღალი ესთეტიკურობა. როგორც ამბობენ, არაა საჭირო თავიდან დაიწყო ის, რისიც მხოლოდ გაგრძელებაა შესაძლებელი. ტრადიციები და მისი აყვანა ახალ საფეხურზე ისე, რომ შეინარჩუნო საკუთარი სპეციფიკა და ამავდროულად, გაითვალისწინო დროის მოთხოვნები. ესაა „დინამოს" ფილოსოფია.

...ფეხბურთი ხელოვნებაა, ხელოვნება კი შეუძლებელია ტალანტების, წარსულის გამოცდილებისა და შთაგონების გარეშე.

...ყველაფერი, რასაც აუდიტორია ჰყავს და ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს, ხელოვნებაა. აქედან გამომდინარე ფეხბურთიც ხელოვნებაა!

...არ მჯერა „შემთხვევითი აღმაფრენისა". ის მოდის მხოლოდ მაშინ, როცა შრომა გამრავლებული ნიჭზე აღწევს პროფესიონალიზმის უმაღლეს დონეს.

...ფეხები არ უნდა უსწრებდნენ აზრს და გონებას.

...ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანები, ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია. პირველხარისხოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც, სწორად წარმართული სასწავლო-საწვრთნელი პროცესიც, სელექციური მუშაობაც, მაყურებლის მხარდაჭერაც და მრავალი სხვა.

...საიდუმლოება არ მაქვს. წარმატების მისაღწევად საჭიროა კარგად შეისწავლო ფეხბურთელთა ფსიქოლოგია და შესაძლებლობები. როცა ამას მოახერხებ, შემდეგ გულდასმით უნდა აითვისო რეზერვები. მუშაობა, მუშაობა და მუშაობა პლუს ფეხბურთის სიყვარული! ამ სიყვარულის გარეშე, რომელიც პატარაობიდანვე უნდა იყოს ჩადებული მოთამაშესა თუ მწვრთნელში, უმაღლესი დონის მიღწევა წარმოდუგენელია.

...რისი ბრალია საბჭოთა კლუბების მუდმივი წარუმატებლობა საერთაშორისო ასპარეზზე? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, ისაა, რომ მაღალი დონის გუნდებთან ხშირი თამაში გვაკლია. ამავდროულად, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ექსტრა-კლასის მოთამაშეთა აღზრდა. ასეთი ფეხბურთელების გარეშე წარმატება გამორციხულია.

...ერთხელ ერნესტ ჰემინგუეის ჰკითხეს, რა არის საჭირო მწერალი რომ გახდეო. მან ასე უპასუხა: ტალანტი, ნათელი წარმოდგენა საბოლოო შედეგზე და სინდისი. ეს ყველაფერი ფეხბურთელსაც სჭირდება და კიდევ - მაღალი მორალური თვისებები და მიზანსწრაფვა. ამით განისაზღვრება მოქცევის მანერები, თამაშის ინტელიგენტურობა და, როგორც ყველა ამ თვისების ჰარმონიული მთლიანობა - შემოქმედებითი სიხარული. ქართული ფეხბურთის სტილი წლების მანძილზე ყალიბდებოდა და ყოველთვის განისაზღვრებოდა ამ შემოქმედებითი სიხარულით.

...გატაცება, შემოქმედებითი თამაში, იმპროვიზაცია - ეს ფეხბურთელისთვის აუცილებელი თვისებებია. მიხარია, რომ თბილისის „დინამოს" საუკეთესო მოთამაშეები ამ თვისებებს ფლობენ. მაგალითად, გუნდის კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე ფილოსოფიითაა დაინტერესებული და შესანიშნავად თამაშობს ჭადრაკს; დავით ყიფიანი ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურს; ვლადიმერ გუცაევი ბევრს კითხულობს და კარგად ერკვევა ჯაზში... მათი შემხედვარე ვრწმუნდები ჩემს მოსაზრებაში, რომ კარგი თამაშისთვის აუცილებელია მაღალი ინტელექტი.

...ფეხბურთი იმითაცაა საინტერესო, რომ შედეგის გამოცნობა ძალიან რთულია. ყველამ ვიცით თამაშის წესები, თითქოს ძლიერმა აუცილებლად უნდა აჯობოს სუსტს, მაგრამ ასე არაა. 1950 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის ნაკრები გადავსებულ „მარაკანაზე" ურუგვაის არცთუ ძლიერ გუნდთან დამარცხდა და ოქროს თასი დაკარგა. სწორედ ასეთი მოულოდნელობების გამო უყვართ გულშემატკივრებს ფეხბურთი.

...ყველა ადამიანს აქვს პრინციპები, ჩემი კი ასეთია: თავი ავარიდო არასავალდებულო საუბარს.

...მოედნის ნაპირიდან კარნახი იშვიათად, რომ სარგებლის მომტანი იყოს. თუ მატჩისთვის კარგად არ მოემზადე, თუ თამაშამდე არ დაარიგე ფეხბურთელები და არ შეიმუშავე სტრატეგია, საეჭვოა ამის გამოსწორება უშუალოდ შეხვედრის მსვლელობისას მოხერხდეს. ასეთი რამ უკიდურესად იშვიათად ხდება.

...თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშებაში „დინამოსთვის" ყველაზე მძიმე როტერდამული შეხვედრა იყო. ჩვენ სამჯერ გავიტანეთ გოლი, მაგრამ მსაჯმა ერთიც არ ჩათვალა. ყოველი ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ მარტო ხასიათი არ გიფუჭდება, ნერვები გეშლება, ეს კი თამაშზე ურყოფითად მოქმედებს.

...თასების თასის ფინალში ჩვენს მიერ გატანილი მეორე გოლი - ვიტალი დარასელიას ბურთს ვგულისხმობ, ნამდვილი იმპროვიზაცია იყო! გაიხსენეთ ის ეპიზოდი: დარასელიას პარტნიორი ერთი მხრიდანაც გაეხსნა და მეორე მხრიდანაც, თითქოს სიტუაცია კარნახობდა ვიტალის, რომ პასი უნდა მიეცა, მითუმეტეს, რომ მისკენ ერთდროულად ორი მცველი დაიძრა, მესამე კი დაზღვევაზე იყო, პლუს მეკარე... იმ წამებში ვფიქრობდი, რომ თვითონ ვიტალიც პასს აპირებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ დროს მის გონებაში მოხდა საოცრება, უხილავი და აუხსნელი, რაც საბოლოოდ ულამაზესი და მნიშვნელოვანი გოლით დაგვირგვინდა!

...ფინალამდე, როცა „კარლ ცაისის" ტაქტიკაზე ვფიქრობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ იენელები დათო ყიფიანს კრაუზეს მიუჩენდნენ. და რომ ყიფიანის უპირატესობა მეორე ტაიმში უფრო თვალშისაცემი გახდებოდა. ასეც მოხდა: რაც უნდა იყოს, ძალიან ძნელია მეტოქის დევნა, მისთვის ხელის შეშლა და საკუთარ ინიციატივაზე უარის თქმა. ეს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურადაა მომქანცველი. კრაუზე სწორედ ამის გამო დაიჩაგრა.

...13 მაისს, დიუსელდორფში, ფინალამდე საათნახევრით ადრე ბიჭებს ვესაუბრებოდი. გასახდელის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი გავაღებინე, ვხედავ „ჰამბურგის" ყოფილი მენეჯერია, ვისთანაც კარგი დამოკიდებულება გვქონდა და ჩვენთან იყო მომაგრებული. დეპეშა გადმოგვცა. ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის დეპეშა იყო, გუნდს გვლოცავდა და გვამხნევებდა. ეს „დინამოსთვის" დიდი სტიმული იყო!

...1981 წელს, თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ განვჭვრიტე, რომ დაღმასვლა გვექნებოდა. ფსიქოლოგიაში არის ასეთი ცნება - სუპერმოტივაცია. ესაა მწვერვალზე ასული ადამიანისთვის ახალი, უფრო მძლავრი სტიმული, რათა მან სვლა განაგრძოს ან, მინიმუმ, მიღწეული დონე შეინარჩუნოს. სუპერმოტივაცია ქვეცნობიერის სფეროს განეკუთვნება. თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გნებავთ მოუწოდოთ ადამიანებს, ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს, რომ სულ წინ-წინ იარონ, მაგრამ სიტყვები, შეძახილები ამაო იქნება, თუ შინაგანი მოდუნების მექანიზმი ამუშავდა. ჩვენი დაღმასვლა, ჩემი აზრით, სწორედ ამან გამოიწვია.

...სანამ მწვრთნელი გავხდებოდი, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავდა. ალბათ იმიტომ, რომ სათანადო დონეზე ვერ ვითამაშე ფეხბურთი. ეს ორი ფაქტორით იყო განპირობებული: ხშირი ტრავმები და მწვრთნელების გადაწყვეტილება - ისინი იშვიათად მათამაშებდნენ.

...არასდროს დამიყვია ფეხბურთი „შემტევად" და „დაცვითად". არიან მწვრთნელები, რომლებიც ბურთს წინდაწინ აძლევენ მოწინააღმდეგეს და უცდიან, როდის დაიწყებს მეტოქე შეტევას. ასეთების ერთადერთი მიზანი ისაა, რომ თავდასხმებს გაუძლონ და თუ გაუმართლათ, კონტრშეტევით გაიტანონ გოლი. ჩემი აზრით ეს ფეხბურთი არ არის.

...სამი შვილი მყავს. ეს ბედნიერებაა, მაგრამ სულ ერთია ჰყავს თუ არა მწვრთნელს საკუთარი შვილები. იგი მათ თავის ფეხბურთელებში უნდა ხედავდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

...ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს სპორტში ფსიქოლოგია. როცა „დინამოში" ვმუშაობდი, ჩემი პირველი დამხმარე ძალა ფსიქოლოგთა ჯგუფი იყო: ნორაკიძე, საყვარელიძე, გრიგოლავა, დვალი... ყველა ფეხბურთელზე, ვინც ჩვენთან იყო, ფსიქოლოგიური დახასიათება მაქვს. ეს ისეთი მასალაა, რომელსაც არცერთი ფეხბურთელი პირადად გაცნობილი არ არის. ეს მხოლოდ მე და ფსიქოლოგებს გვაქვს. ეს მასალები რომ შევკრა და წიგნად გამოვცე, ბევრი „ვაი დედას" იყვირებს.

...თუ გამარჯვებულის სული არ ტრიალებს გუნდში, თუ ვიღაც სულ მცირედით უშლის საქმეს ხელს, იქ დიდი გამარჯვება არ იქნება!

...ყოველთვის სამხრეთამერიკული და ევროპული ფეხბურთის სინთეზისკენ ვისწრაფვოდი. ამავდროულად, არც ფიზიკურ მომზადებას ვივიწყებდი. სხვათა შორის, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სპორტის სხვა სახეობებსაც ვადევნებდი თვალს: მაგალითად რაგბს, ჰოკეის, კალათბურთს და რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ვცდილობდი რაღაც კომბინაციები ამ თამაშებიდან ფეხბურთში გადამეტანა.

...საკუთარ თავში ყოველთვის ბევრ ნაკლს ვხედავდი. ამაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, მაგრამ ხანდახან ვგრძნობდი, რომ ამის საჭიროებაც დგებოდა. უეცარი აფეთქება ვიცი, ხანდახან ბიჭებთან ურთიერთობაში უხეშიც ვარ, ვერასდროს ვეგუები, როცა ვინმე უგულისყუროდ ვარჯიშობს. ასეთი შეიძლება საწვრთნელი პროცესიდანაც დავითხოვო...

...ტოტალური ფეხბურთი - ეს მომავლის ფეხბურთია! ჩვენ ჯერ არ ძალგვიძს მოთამაშის ფუნქციონალურად მომზადება ისე, რომ მან 90 წუთის განმავლობაში ყველა შეხვედრაში ზღვრული პროდუქტიულობით ითამაშოს, მაგრამ დამერწმუნეთ, გაივლის 10-15 წელიწადი და ეს შესაძლებელი იქნება.

...ვერცერთი გუნდი, ვერცერთი ნაკრები ვერ მიაღწევს მწვერვალს ვარსკვლავის გარეშე. დიდი შეჯიბრებების ბედს ყოველთვის უნივერსალურად მომზადებული მაღალი კლასის მოთამაშეები წყვეტენ. ასეთი ფეხბურთელების ოსტატური და მრავალფეროვანი თამაში მოედნის სხვადასხვა ადგილებზე საგრძნობლად ამდიდრებს გუნდის სათამაშო ტაქტიკას, რადგანაც მეტოქისთვის ერთიორად რთულია იმის გამოცნობა, თუ რას მოიმოქმედებს უნივერსალი. და ის გუნდი, რომელსაც მეტი ასეთი მოთამაშე ეყოლება, წარმატებისთვის იქნება „განწირული".

...1982 წლის გაზაფხულზე თბილისის „დინამოს" და ლიეჟის „სტანდარდის" ნახევარფინალურ მატჩებს იმ კონკრეტული მომენტისთვის საბჭოთა ფეხბურთის მთავარ მოვლენად განვიხილავდი, მაგრამ მოსკოვში, საფეხბურთო კავშირში ასე არ თვლიდნენ - ოფიციალურ თამაშებამდე 7 დინამოელი მიიწვიეს ნაკრებში არგენტინაში დაგეგმილ ამხანაგურ ტურნეში. ამ არაფრისმომცემი შეხვედრებით მხოლოდ „დინამო" დაზარალდა, თუმცა ცხადია, მხოლოდ არგენტინაში გამოსვლით არ აიხსნება ბელგიელებთან ჩვენი წაგება.

...1982 წლის ჩემპიონატის მიწურულს, კიეველებთან იმ ცნობილი მარცხის შემდეგ (16 ნოემბერს 1:5 თბილისში - ლ.გ.), ბიჭები შინ გავუშვი. ვიფიქრე, ყოველივე, რაც დაგვემართა, სჯობს მშვიდ ატმოსფეროში გადაიტანონ, გაიაზრონ-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი გუნდის სამი წევრი სასტუმრო „აჭარის" რესტორანში შევიდა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავბრაზდი. ცხადია ისინი დაისაჯნენ. რა, სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი? მათ ეგონათ, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდათ, ეს კი ასე არაა. გუნდში მერყევი ხასიათები არ მჭირდება. არასაიმედო კაცი მინდორზეც არასაიმედო იქნება, ამას კი არასდროს დავუშვებ.

...კიევის „დინამოს" წარმატებები ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. მთავარი ისაა, რომ კლუბს სასწავლო-საწვრთნელი პროცესის საუკეთესო პირობები აქვს. ამას გარდა, უმაღლეს დონეზეა სელექცია და გუნდის დაკომპლექტება. და რაც მთავარია, მწვრთნელს ხელმძღვანელების მხრიდან სრული ნდობა აქვს გამოცხადებული.

...თბილისში ჩამოსული „ვალენსიის" თავკაცმა მილიან მილიანიჩმა ასეთი ამბავი მიამბო. როცა ის მადრიდის „რეალს" წვრთნიდა, გუნდმა ერთ-ერთი საერთაშორისო შეხვედრა მოულოდნელად წააგო. მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ ყველა თავისთან მიიწვია ვახშამზე. ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავარ მწვრთნელს დაითხოვდა და ზოგიერთ ფეხბურთელსაც მიაყოლებდა, ბერნაბეუმ კი თქვა: „დღეს თქვენ წააგეთ მატჩი, მაგრამ ვხედავდი, რომ მოგება გინდოდათ და საამისოდ ყველაფერი გააკეთეთ. სწორედ ამიტომ მჯერა თქვენი. ყველანი პრემიას მიიღებთ და ვიმედოვნებ, რომ ამ მარცხს გააანალიზებთ და მომავალში თქვენს გულშემატკივრებს გულს აღარ ატკენთ". როცა კიეველებთან თბილისში ჩვენთვის უმაგალითო ანგარიშით წავაგეთ, მეგონა, რომ მომდევნო შეხვედრაში ოდესის „ჩერნომორეცთან" გულშემატკივრები აღარ მოვიდოდნენ.  ძალიან გამიხარდა, რომ ოდესელებთან „დინამოს" მხარდასაჭერად თითქმის 40 ათასი კაცი შეიკრიბა. მგონი, გუნდმაც შეძლო და მადლობა „გადაიხადა" - ჩვენ ხომ ის თამაში მოვიგეთ!

...იჩქარა თუ არა დავით ყიფიანმა ფეხბურთიდან წასვლა? მე ვერ გავკიცხავ მას. ის საკუთარი თავისადმი ძალზე მომთხოვნია და თამაშის დონის დაქვეითება მისთვის ტანჯვა იქნებოდა. სხვა საქმეა, რომ ფეხნატკენ ყიფიანს მეტი შეუძლია, ვიდრე ზოგიერთ სხვა მოთამაშეს - ორი ფეხით, მაგრამ აბა წამით დაფიქრდით, თავად დავითი თუ იქნებოდა კმაყოფილი? ხანდახან სახელის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე სახელის გათქმა. ყიფიანის პიროვნული მასშტაბი იმ ღირსებამ გამოაჩინა, რომლითაც შეძლო და წავიდა. მისი წასვლა თითოეული დინამოელისთვის დანაკლისი იყო.

...„დინამოში" მუშაობისას აღრიცხვაზე მყავდა ყველა, ვინც მომწონდა, ისინიც კი, ვინც ამა თუ იმ მიზეზით საქართველოს ფარგლებს გარეთ მიდიოდა, მაგალითად სასწავლებლად ან ჯარში. დიღმის ბაზაზე ყოველთვის ვმასპინძლობდით იმ გუნდებს, რომლებიც „სიჭაბუკის" ან „იმედის" თასზე მიემგზავრებოდნენ. ბიჭებს, რომლებიც მომავალ დინამოელებად მოიაზრებოდნენ,  ყოველთვის საქმეში ვნახულობდი.

...ფეხბურთში ყოველთვის საჯაროობის მომხრე ვიყავი, ოღონდ გონივრული საჯაროობისა. ვფიქრობ, უმჯობესია ზოგიერთი რამ არ გამოიტანო სააშკარაოზე. ხანდახან უკეთესია გუნდის სამზარეულოში დარჩეს ის, რაც ყველასთვის არაა განკუთვნილი.

...არასდროს ვყოფილვარ პრესასთან ურთიერთობის წინააღმდეგი, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ეს ურთიერთობა ყოფილიყო სერიოზული და საქმიანი. რაც შეეხება ურთიერთობას ფეხბურთთან მიტმასნილებთან, რომლებიც კორესპონდენტის საშვის წყალობით თავისუფლად შედიან პრესის ლოჟაში ან გასახდელში, მათზე ახლაც იგივე აზრის ვარ: ასეთები არამარტო გუნდს, ჟურნალისტებსაც ხელს უშლიან.

...კრიტიკას ყოველთვის ნორმალურად აღვიქვავდი, მაგრამ დაუსაბუთებელ, ჭორებზე აგებულ მონაჩმახზე კომენტარის გაკეთება არასდროს მიმაჩნდა საჭიროდ.

...ტრიბუნების რეაქცია ცხადია თამაშზეც აისახება, ვინაიდან შეძახილი, პირველ რიგში, მოთამაშეზე ახდენს გავლენას. ზოგს ჰგონია, რომ ლანძღვა-გინება კარგი ტონია და რადგან ბილეთში ფული გადაიხადა, საკუთარ თავს ყველაფრის უფლება უნდა მისცეს. იცით, ერთმა როყიო სიტყვამაც კი შეიძლება ისეთ ნოკდაუნში ჩააგდოს რომელიმე ნიჭიერი მოთამაშე, რომ შესაძლებლობები არათუ იმ კონკრეტულ მატჩში, მთელი კარიერის განმავლობაშიც ვეღარ გამოავლინოს. ამიტომ, ქომაგებს დიდი სიფრთხილე მართებთ. ფეხბურთელს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. თუნდაც იმიტომ, რომ მისი საქმე ჩვენთვის სიხარულის მოტანაა. თუ რაღაც არ გამოუვიდა, შეეცადეთ მასში ადამიანი დაინახოთ და გვერდში დაუდგეთ. თუ ფეხბურთის ადამიანურ არსს არ ჩაწვდი, ვერც ფეხბურთში გაერკვევი.

...როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დავაფუძნეთ, რამდენიმე ორგანიზაციამ შემოგვწირა თანხა, ძირითადად მშენებლებმა. მათ შორის, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ, საქართველოს საპატრიარქოც იყო. როცა საბანკო ანგარიში გავხსენით, მივედი პატრიარქთან - მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა, ვუთხარი, სიმბოლურად ერთი მანეთი ჩაგვირიცხეთ-მეთქი. გაეღიმა, თანამშრომელს დაუძახა და... ფედერაციას 150 ათასი რუსული რუბლი გამოგვიყვეს! მაშინ ეს იმხელა ფული იყო, შეგვეძლო სამი თვე თავი გაგვეტანა! რაც სფფ-ს ვხელმძღვანელობ, ღმერთი ეხმარება ფედერაციას. მინდა, რომ ეს ყველამ იცოდეს.

...1992 წელს, როცა ჩვენი გუნდების ევროტურნირებში ჩართვა გვსურდა, საქართველოში ომი იყო! ჩავედით უეფაში და ვთხოვეთ სამი გუნდის დაშვება. მერე ისე დადგა საკითხი, რომ ერთზეც თანახმა ვიყავით. არც ერთი არ დაუშვეს! ჩვენ ამას ველოდით. აქედან წაღებული გვქონდა საელჩოების საგარანტიო წერილები, რომ ჩვენთან სტაბილური მდგომარეობა იყო თამაშების ჩასატარებლად. იქ, უეფაში კი მაგიდაზე რუკები ელაგათ და ყოველ ჩვენს სიტყვას ტელეფონით და ფაქსით ამოწმებდნენ. საელჩოების დასკვნებიც გადაამოწმეს, ყალბი ხომ არააო. დიდი ამბები გადავიტანეთ იმ დღეებში, ერთი წლის შემდეგ კი ერთი გუნდის წარდგენის უფლება მაინც მოვიპოვეთ. ეს ჩვენი გამარჯვება იყოს!

...ჩვენი სპორტული პრესისთვის პრიორიტეტული ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს, თორემ იმაზე ადვილი რაა მივუჯდეთ „ევროსპორტს" და ვწეროთ იმათი რეპორტაჟები. თუ ბიჭი ხარ და თუ ჩვენ თამაშზე გული შეგტკივა, ეროვნულ ჩემპიონატს დაესწრი, წადი სადმე სოფელში, გაიგე რა უჭირთ, რა ულხინთ.

...თბილისში სტუდქალაქის სტადიონზე გაიზარდა ვაკის ახალგაზრდობა. იქვეა სპორტის დეპარტამენტი, მაგრამ დაინტერესდა ვინმე ქალაქის ცენტრში ამხელა სტადიონის ადგილას რომ სახლებს აშენებენ? ადრე სკოლებსა და ეზოებში ბურთს დასდევდნენ, ახლა სად ითამაშონ ბავშვებმა?

...ზოგს ჰგონია, რომ რახან დიდი ფეხბურთელი იყო, მისი აზრი ჭეშმარიტებაა. ფეხბურთელობა სხვა პროფესიაა და მწვრთნელობა - სულ სხვა. განცალკევებით დგას საფეხბურთო ფუნქციონერი - სხვანაირი თვისებები და გონებაა საჭირო. ვუყურებ და ვხვდები, რომ ბევრს სურს ქართული ფეხბურთის ისტორია თავისი პერსონიდან დაიწეროს. ასეთები ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ.

...გინახავთ სადმე გაზეთში რაგბისტმა რაგბისტს აგინოს, ან მოჭადრაკემ მოჭადრაკეს? მაინცდამაინც ჩვენთან ხდება ასე! ყველას ჰგონია, რომ იყო ბუმბერაზი. სწორედ ამან მოიყვანა ქართული ფეხბურთის საქმე აქამდე!

...ჩვენ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, რომელმაც სამოქალაქო ომის პერიოდში უცხოელ პარტნიორთან ხელშეკრულების გაფორმება შევძელით. 1993 წლის 16 მარტს, როდესაც შინ თამაშის უფლება არ გვქონდა, მაშინ დაგვიდო კონტრაქტი „ტელესპორტმა". იმიტომ კი არა, რომ რაიმე განსაკუთრებული ფირმაა, არა, უბრალოდ, ჩემი მეგობარია გიუნტერ ნეტცერი და დახმარების ხელი გამომიწოდა.

...მჯერა, რომ ნელ-ნელა ცხოვრება დალაგდება, უტვინო ხალხიც წავა. აბა როგორ, ბოღმით სავსე ხალხი უნდა მოშორდეს აქაურობას, სათავეში უნდა მოვიდნენ ისეთები, ვისაც მუშაობა შეუძლია და შედეგი მხოლოდ მაშინ დადგება. თავის დროზე ვისაც არ ეზარებოდა ყველა მაკრიტიკებდა, მიფსუდი და იუჰანსონი რომ ჩამოვიყვანეთ, დაგვცინოდნენ, ესენი ვინ არიანო. არადა, მიფსუდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი იყო, კაცმა სამი წელი იმუშავა უეფას ახალ წესდებაზე, იუჰანსონი კი 51-მა ქვეყანამ წარადგინა უეფას პრეზიდენტის პოსტზე... ჩვენში უვიცი ხალხი მომრავლდა, ზოგი ისეთი კაცი გვარიგებს ჭკუას, საკუთარი საქმისთვის ვერ მოუვლია. სფფ არავის მისცემს თავის საქმეში ჩარევის უფლებას. ჩვენ ნელ-ნელა მოვიპოვეთ ავტორიტეტი და არავის არაფერს დავუთმობთ!

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ნოდარ ახალკაცი

დაიბადა 1938 წლის 2 იანვარს თბილისში
გარდაიცვალა 1998 წლის 24 იანვარს მოსკოვში
1957-1959 წლებში თბილისის ასკ-ს, 1960-1966 წლებში თბილისის „ლოკომოტივის" ფეხბურთელი
1967-1971 წლებში თბილისის „ლოკომოტივის", 1976-1983 და 1985-1986 წლებში თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი
ტიტულები:
სსრკ ჩემპიონი - 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასის მფლობელი - 1976, 1979; უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი - 1981; სსრკ სპორტის ოსტატი - 1981; სსრკ დამსახურებული მწვრთნელი - 1981

1982 წელს, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი (კონსტანტინ ბესკოვთან და ვალერი ლობანოვსკისთან ერთად)
1974-1975 წლებში თბილისის „დინამოს" გუნდის უფროსი
1983-1986 წლებში „დინამოს" საბჭოს ფეხბურთის განყოფილების უფროსი
1990-1998 წლებში (გარდაცვალებამდე) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ფიფას ორდენით (ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ჯილდო 2008 წლის 10 სექტემბერს, საქართველო-კვიპროსის მატჩის წინ გადასცა ნოდარ ახალკაცის ვაჟს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესამე პრეზიდენტს უმცროს ნოდარ ახალკაცს)