სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ჯანლუიჯი ბუფონი

თარიღი: 2015 იანვარი 28


ფეხბურთის ისტორიას ახსოვს მოთამაშეები, რომლებზეც ასაკი დადებითად აისახებოდა.
ზემოთქმულის დასადასტურებლად 2014 წლის გახსენებაც საკმარისია: მილანის „ინტერის" არგენტინელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი 40 წლისაც შეუდარებელი იყო, ისევე, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის" უელსელი სიმბოლო რაიან გიგზი.
ახალგაზრდა არც იტალიის ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის" კაპიტანს ჯანლუიჯი ბუფონს ეთქმის - დღეს, 28 იანვარს ის 37 წლის გახდა, თუმცა ისეთ ფორმაშია, ბევრ უმცროსს გაეჯიბრება.
შარშან ზაფხულს ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის მეხუთე იყო. თუ მის ფორმას და შემართებას გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული ჯიჯიმ სამი წლის შემდეგ, რუსეთში დაგეგმილ მუნდიალზეც ითამაშოს და მსოფლიო ჩემპიონატის მართლა უკვდავ რეკორდს შესწვდეს - არავინ ყოფილა უდიდესი საფეხბურთო შეჯიბრების ექვსგზის მონაწილე!
თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი მეკარის კარიერას მისივე ფრაზებით გავიხსენებთ.

* * *
...ბავშვობაში ნახევარმცველი ვიყავი. ყველა ხომ იმიტომ იწყებს ფეხბურთის თამაშს, გოლი რომ გაიტანოს?! მეც ზუსტად ეს მინდოდა - მაშინ ბურთის შეგდება უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე კარში დგომა. მარტო ნახევარდაცვაში არ ვთამაშობდი, ხანდახან ფორვარდიც ვიყავი. ჩვენთან გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ (1990 წელს - ლ.გ.) საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მეკარეობა უკეთესი იყო - იმ წელს კამერუნის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა, მე კი მათი მეკარით ტომას ნკონოთი მოვიხიბლე!

...ოჯახში ყველა წარმატებული სპორტსმენი იყო: მამაც, დედაც და დაც. მამაჩემი ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, დედა ბადროს ტყორცნაში იყო იტალიის ჩემპიონი. სხვათა შორის, თავის დროზე ის ქვეყნის რეკორდსმენი გახლდათ. ცხადია, მათი შემხედვარე მეც მსურდა წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი. ადრეულ ასაკში ისინი მეხმარებოდნენ, მაგრამ როცა გავიზარდე, უკვე თავად ვიცოდი, რა იყო ჩემთვის უკეთესი.

...იყო რამდენიმე სპორტსმენი, ვისთან მსგავსებაც მსურდა. მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ: მაგალითად ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი ივან ლენდლი ჩემი კერპი იყო, ასევე შვედი სტეფან ედბერგი, პატრიკ რაფტერი... ტომას ნკონოზე უკვე გითხარით. ასევე ძალიან მომწონდა მისი თანაგუნდელი, კამერუნის იმ ნაკრების ლიდერი როჟე მილა. მან იტალია 90-ზე მართლა ძალიან მაგრად ითამაშა!

...არასდროს დამავიწყდება ჩემი დებიუტი „პარმაში" - ჩვენი მეტოქე ის „მილანი" იყო, სადაც ჟორჟ ვეა, რობერტო ბაჯო, დეიან სავიჩევიჩი და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ. იცით, იმ დღეს ვგრძნობდი, რომ ოცნება ამისრულდა, რეალობად იქცა ყველაფერი, რისთვისაც ბავშვობიდანვე ვემზადებოდი! სხვათა შორის, მეც და მთელმა გუნდმაც დიდებულად ვითამაშეთ - მატჩი 0:0 დასრულდა. ასეთ მეტოქეებს გოლს რომ არ გაატანინებ, ესე იგი, კარგად გითამაშია. ვუყვირე თუ არა მცველებს? შეიძლება კი, შეიძლება - არა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა - მეკარის საქმე დაცვის ხელმძღვანელობაა და თუ საამისოდ ხმის აწევაა საჭირო, არავის უნდა გაუკვირდეს.

...2001 წელს „იუვენტუსმა" ჩემს სანაცვლოდ 52,8 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს დიდებული იყო! სიმართლე გითხრათ, ამხელა თანხის გამო არავითარი პრობლემა არ მქონია, თავში ავარდნას და ამდაგვარებს ვგულისხმობ. თუ ფეხბურთელი კარგია, ფასიც შესაბამისია - ამას სატრანსფერო ბაზარი განაპირობებს. ხომ იცით, კარგი მეკარე ისევე მნიშვნელოვანია კლუბისთვის, როგორც ძლიერი თავდამსხმელი, ასე რომ... ალბათ, „იუვენტუსის" შეფებმა იფიქრეს, რომ მათი გუნდისთვის საჭირო ვიყავი. ადგნენ და ამხელა თანხაც გაიღეს. ტრანსფერი 5 მილიონი რომ ყოფილიყო, ამხელა ამბავი არ ატყდებოდა, მაგრამ თითქმის 53-მა მილიონმა თავისი გააკეთა... ისე, „იუვენტუსში" 5 მილიონის სანაცვლოდაც გადავიდოდი, მაგრამ მეეჭვება „პარმას" ხელმძღვანელობა ბედნიერი ყოფილიყო.

...ათი წლის წინ ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. ვფიქრობდი, რომ ვარჯიში, მგზავრობა, მატჩები, მუდმივად რეჟიმში ყოფნა აღარ შემეძლო და დრო იყო ყველაფერზე უარი მეთქვა, მაგრამ მეორე მხრივ, ვგრძნობდი, რომ ვერ დავაღალატებდი იმ ხალხს, ვინც მენდო და ჩემში ამხელა ინვესტიცია ჩადო, უდიდესი კლუბის კარი მანდო, ქვეყნის პირველ გუნდში მიმიწვია... რთული დღეები გადავიტანე, თან, ევროპის ჩემპიონატი ახლოვდებოდა... ამის შესახებ საჯაროდ არასდროს მისაუბრია, რადგან ვთვლიდი, რომ ეს უაზრობა იქნებოდა. საბედნიეროდ, გარშემო იყო ხალხი, ვინც მხარში დამიდგა - იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებთანაც მართლა ძალიან ახლოს ვიყავი. ცხადია, დახმარებისთვის ფსიქოლოგსაც მივმართე... ერთი სიტყვით, ნელ-ნელა ეს პრობლემა დავძლიე.

...დარწმუნებული ვარ არავის ესიამოვნებოდა ის ამბები, რაც 2006 წელს სერია ა-ში მოხდა - კალჩოპოლის ამბებს ვგულისხმობ. მაშინ ჩვენ, ტურინელებმა ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ: კლუბი სერია ბ-ში დააქვეითეს და თან ორი სკუდეტო ჩამოგვართვეს... ჩვენ, ფეხბურთელები დამნაშავენი არ ვიყავით - მოედანზე გავდიოდით და საქმეს პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ ამით რა?. იმოქმედა თუ არა კალჩოპოლის სკანდალმა ნაკრებზე? თქვენ როგორ ფიქრობთ? გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულებს, გვსურდა, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც იმ ნეგატიურ ამბავს გადაფარავდა. ყველა ვხვდებოდით, რომ მატჩიდან მატჩამდე გადამწყვეტი მომენტი გვედგა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს კალჩოპოლის გამო შევძელით - უბრალოდ, ძალიან გვინდოდა გამარჯვება და რაც მთავარია, მზად ვიყავით ამისთვის.

...ზიდანის ის მომენტი ფინალში? კი, ძალიან მნიშვნელოვანი წამი იყო, მაგრამ საუკეთესო? არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული რომ ისაა ყველაზე მაგარი ეპიზოდი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნამდვილადაა! ისე, ეფექტური ნახტომი კი გამომივიდა... პრინციპში, ზიზუს თავურიც ძალიან ლამაზი იყო!

...გადაწყვეტილებებით ფასდება ადამიანი. იმ დროს „იუვენტუსში" დარჩენა, ეგებ, არ იყო ლოგიკური, მაგრამ მაშინ გულს ვენდე და ვფიქრობ, არ წავაგე. სხვებმა სხვა გზა აირჩიეს - პატრიკ ვიეირა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის „ინტერში" წავიდნენ, ფაბიო კანავარო და ემერსონი - მადრიდის „რეალში", ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონაში" გადავიდნენ... ეს მათი გადასაწყვეტი იყო. იყო თუ არა ადვილი სერია ბ-ში თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ადვილი ან სასიამოვნო იყო. ამას უფრო გამოცდილება ეთქმის, რაც შემდგომში ძალიან გამომადგა.

...რონალდო საუკეთესო მოთამაშეა, ვის წინაშეც ვმდგარვარ - ის შეუდარებელი, ბრწყინვალე, მართლა ფენომენი იყო! იტალიელებიდან? რობერტო ბაჯო! მან ყველაზე დიდ გავლენა მოახდინა ჩვენ ფეხბურთზე.

...როცა ანტონიო კონტე „იუვენტუსში" თამაშობდა, შეუდარებელი იყო: კარგი ფეხბურთელი, ნაღდი პროფესიონალი, მისაბაძი ბიჭი... მწვრთნელად დაბრუნებულიც უმაღლეს დონეზე იდგა - მისი შემხედვარე იცოდი, რომ პროფესიონალთან, თავისი საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე კაცთან მუშაობდი.

...ვინ უფრო მკაცრი იყო: კონტე თუ ფაბიო კაპელო? ერთმნიშვნელოვნად კონტე! ის ახალგაზრდაა, ყოველდღიურად ფეხბურთით ცხოვრობს და ალბათ, ამიტომაცაა კაპელოსთან შედარებით ფიცხი. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ მწვრთნელმა ყველაფერი თქვას, რაც საჭიროა. ეს არც კაპელოს ეშლებოდა და არც კონტეს. მგონი, საქმე ასე უკეთესად კეთდება.

...დასამალი რაა, პენალტების დროს ვღელავ. ასეთ დროს შანსები 50/50-ზეა და ფეხბურთელის გარდა, მეკარეზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ვცდილობ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო. ვფიქრობ, ამას ვახერხებ. საერთოდ, პენალტების სერია თამაშის ის კომპონენტია, რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარს.

...ამბობდნენ, რომ ევრო 2012-ის ფინალის შემდეგ მარიო ბალოტელიმ ესპანელებთან წაგება ჩვენ, იუვენტუსელებს დაგვაბრალა, ჩვენ კი ვეცით და გასახდელის იატაკზე დავაგდეთ. ეს სისულელეა, ასეთი რამ არ მომხდარა! თანაც, მეეჭვება მარიო ის ბიჭი იყოს, ვინც ამის თქმას გაბედავდა.

...იტალიის პირველ გუნდში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ! ყოველთვის, როცა თამაშის წინ ჰიმნს ვისმენ და ვმღერი, ვფიქრობ, რომ იმ წუთებში იქ, მოედანზე ყოფნით მაგრად გამიმართლა.

...მთელი კარიერის განმავლობაში მოკლე შორტებით ვთამაშობ. როგორ გითხრათ, თავს ასე უკეთესად ვგრძნობ. თან, შორტები ბავშვობიდან მიყვარს.

...ვინ ვიქნებოდი ფეხბურთელი რომ არ ვყოფილიყავი? ამაზე არ მიფიქრია. ისე, ყოველთვის თამაში მსურდა და ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავისრულე. თუ რამეზე ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგად ვითამაშო.

...ბოლო წლებში იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაში კარგად ვეღარ თამაშობენ, სერია ა-ს დონეც, ესპანეთის ლა ლიგასთან და ინგლისის პრემიერლიგასთან შედარებით, დაბალია. მიზეზი? პრობლემა მხოლოდ ფეხბურთში არაა: დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და ეს ყველაფერი, ცხადია, თამაშზეც აისახება. დღეს სერია ა-ში ნაღდად არ იდება იმხელა თანხა, რაც თუნდაც 10 წლის წინ. შედეგიც შესაბამისია. თუმცა დარწმუნებული ვარ, მდგომარეობა მალე გამოსწორდება - ნელ-ნელა გუნდები ფეხზე დგებიან და ვითარებაც უკეთესობისკენ იცვლება.

...ჩვენი, მეკარეების შემთხვევაში ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვთამაშობთ 30 წლამდე. ჩემს შემთხვევაში ძალიან მეხმარება ფიზიკური ფორმა და სტაბილურობა, რითაც აქამდეც გამოვირჩეოდი. შესაძლოა, ახლა ვერ ვიყო ისეთივე სწრაფი, როგორც ვთქვათ, ათი წლის წინ, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი პოზიციის შერჩევა, გამოსვლაზე თამაში, რაც მხოლოდ გამოცდილებამ მოიტანა. კარიერის დასრულებას ნამდვილად არ ვჩქარობ. ამას ყოველთვის მოვასწრებ.

...ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებად მე და იკერ კასილიასს გვასახელებდნენ. თანამედროვეებიდან ინგლისელი ჯო ჰარტიც მომწონს - ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი წინ აქვს. თუ ასე გააგრძელებს, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება! იგივე შემიძლია ვთქვა ბელგიელ ტიბო კურტუაზეც.

...იტალიიდან წასვლა არასდროს მიფიქრია. გერმანია 2006-ის შემდეგ რამდენიმე კლუბმა შემომთავაზა თანამშრომლობა, მათ შორის საუკეთესო კონტრაქტი „მილანის" იყო, თუმცა „იუვენტუსში" ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი და დავრჩი.

...ვაპირებ თუ არა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს? მომავალზე ფიქრი არ მიყვარს, თუმცა თუ გამიმართლებს და ასეთ დიდ ტურნირზე კიდევ ერთხელ მოვხვდები, დიდებული იქნება!

ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ჯანლუიჯი ბუფონი

დაიბადა 1978 წლის 28 იანვარს კარარაში
მეკარე
კლუბები:
„პარმა" (პარმა, იტალია; 1995-2001), „იუვენტუსი" (ტურინი, იტალია; 2001 წლიდან)
ინდივიდუალური ტიტულები:
იტალიის სერია ა-ს საუკეთესო მეკარე - 1999, 2001, 2002, 2003, 2005, 2006, 2008, 2012, 2014; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე (უეფა) - 2002-2003; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფა) - 2002-2003; ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი („ბრავო") - 1999; ევროპის საუკეთესო მეკარე - 2003; მსოფლიოს საუკეთესო მეკარე (ფისსფ) - 2003, 2004, 2006, 2007; მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე (ფიფა; ლევ იაშინის სახელობის ჯილდო) - 2006
გუნდური ტიტულები:
იტალიის სერია ა-ს ჩემპიონი - 2002, 2003, 2005, 2006, 2012, 2013, 2014; იტალიის სერია ბ-ს ჩემპიონი - 2007; იტალიის თასი - 1999, იტალიის სუპერთასი - 1999, 2002, 2003, 2012, 2013; უეფას თასი - 1999; მსოფლიოს ჩემპიონი - 2006; ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2012; ფიფას კონფედერაციათა თასის მესამეადგილოსანი - 2013; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული - 1996; ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი - 1995
იტალიის ნაკრებში:
145 მატჩი (1997 წლიდან)

მექსიკელი ანტონიო კარბახალის და გერმანელი ლოთარ მათეუსის შემდეგ მესამეა, რომელმაც მსოფლიოს 5 ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა - 1998 (განაცხადში იყო), 2002, 2006, 2010 და 2014
იტალიის ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების მიხედვით - 145
იტალიის ნაკრების რეკორდსმენი გოლგაუშვებელი მატჩების მიხედვით - 60
სერია ა-ს რეკორდსმენი გოლგაუშვებელი მატჩების მიხედვით - 242
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე - 52,8 მილიონი ევრო (2001)
ერთადერთი მეკარე, რომელიც უეფას საკლუბო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა - 2002-2003