სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ანდრო ჟორდანია - 110

თარიღი: 2014 ნოემბერი 04


ანდრო ჟორდანია დინამოელების გარემოცვაში

ჩვენი ფეხბურთის ისტორიას არაერთი გამორჩეული პიროვნება ახსოვს. მათ შორის ანდრო ჟორდანია, კაცი, რომელიც ქართული ფეხბურთის სათავეებთან იდგა, სახელი კი სამწვრთნელო ასპარეზზე გაითქვა.
ჟორდანიას „დინამო", ისევე როგორც თბილისის „სპარტაკი" და კიდევ რამდენიმე კლუბი, ლამაზი ფეხბურთით, ბრწყინვალე ინდივიდუალისტებით და რაც ყველა მნიშვნელოვანია, შედეგებით გამოირჩეოდა.
დღეს დიდი ქართველი მწვრთნელის დაბადებიდან 110 წელი გავიდა.
წერილი, რომელსაც გთავაზობთ, წლების წინ გაზეთ „სარბიელში" გამოქვეყნდა. მისი ავტორი ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი გიო ახვლედიანია.

* * *
ჩვენ ვიხსენებთ სიმბოლოს


ამასწინათ სარდაფში ვიქექებოდი და იქ ოდინდელი, ხრუშჩოვისდროინდელი ცისკრების მოზრდილი შეკვრა აღმოვაჩინე. ამ ჟურნალების ქექვისას (რაც თავისთავად, დროის მეტად საინტერესო ტარებაა) წავაწყდი ახლო წარსულის ცნობილი და საუცხოო სპორტული ჟურნალისტის ვლადიმერ მდივნის წერილს ანდრო ჟორდანიას შესახებ.

ანდრო ჟორდანიას სახელი ჩვენი ფეხბურთისთვის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლოა. მის სამწვრთნელო ცხოვრებაზე რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ, მისივე წიგნი „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე" ეყოფოდა, ამ სიმბოლოდ რომ ქცეულიყო.

მდივნის წერილი-მოგონება კი მაინც სხვა მხრივ იყო საინტერესო. იქ იყო გაკვრითი მონათხრობი 20-იან წლების ქართულ ფეხბურთსა და ფეხბურთელების შესახებ. ამათ შორის მთავარი ანდრო ჟორდანია ყოფილა, იმ ეპოქის უპირველესი ვარსკვლავი. უაღრესად ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშე.

ასე განსაჯეთ, 50-იან წლებამდე, ქუთაისსა და მთელს იმერეთში, მაკრატელათი დარტყმას „ჟურდანიას უდარი" ერქვაო, გვიამბობს ვლადიმერ მდივანი.

ახლა ყოველივე ამას რატომ ვიხსენებ: ანდრო ჟორდანიას ფიგურა ლამის საუკუნის განმავლობაში გასდევს ქართულ ფეხბურთს. მისი ცხოვრების გზა რთული იყო, გვარიც კი უშლიდა ხოლმე ხელს. მის ხასიათზე ჩვენამდე, ახალ თაობამდე, ლეგენდებმა მოაღწია. მის მიერ აღმოჩენილ ფეხბურთელთა სიას ეს სვეტი კი არა, შაბათის ნომერიც არ ეყოფა. ზოგჯერ მას გაჭირვების ტალკვესსაც ეძახდნენ, რადგან გაფარჩაკებულ გუნდს ჩაიბარებდა და მოკლე ხანში უბრუნებდა სიამაყეს.

ჟორდანია სამჯერ, ჯამში შვიდ წელიწადს იყო „დინამოს" მწვრთნელი. სამჯერ ჩაიბარა კრიზისული გუნდი, სამჯერ მოაპოვებინა ბრინჯაო და ორჯერ თასის ფინალში გაიყვანა. მან შეაბიჯებინა უმაღლეს ლიგაში თბილისის „სპარტაკს", რომლის ვარსკვლავებითაც მალევე გადააკომპლექტეს ფლაგმანი „დინამო", მანვე დააყენა, როგორც ოსტატთა გუნდი, ქუთაისის „ტორპედო". ისევე შველოდა ამ „ტორპედოს" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისას...

ახლა კი, სულ შემთხვევით, გადავშალე ამ საოცარი კაცის ცხოვრების ერთი საინტერესო ფურცელიც - „ანდრო ჟორდანია-ფეხბურთელი".

დიახ, ის საუცხოო ფეხბურთელი გახლდათ. 20 წლისაც არ იყო, როცა მთელს საქართველოში ამ თამაშის პოპულარიზატორად, მისი საუკეთესო თვისებების მაჩვენებლად გვევლინებოდა.

მე არ მინახავს ჟორდანიას გუნდები, ფეხბურთის ყურება მაშინ დავიწყე, როცა „დინამო" „ტვენტეს" მასპინძლობდა. მითუმეტეს, არც ჟორდანიას ფეხბურთელობა ვიცი.

მაგრამ მე ვხვდები, ვინ იყო ეს კაცი.

მე ვიცი - ანდრო ჟორდანია ქართული საფეხბურთო ფიქრის სიმბოლოდ რჩება.

დინამოელთა საფეხბურთო ბაზა ოფიციალურად ატარებს მის სახელს, არ არის ძველი ჟურნალისტი, თბილად, საუცხოოდ რომ არ მოიგონოს ეს კაცი. და რაც მთავარია, კიდევ ერთი, თავში ნახსენები წიგნი, რომლის ანალოგიც ქართულ საფეხბურთო მწერლობაში არ მოიძებნება.

...ოთხშაბათს, ცხელ საღამოს ვერელ და ვაკელ ქომაგებთან ერთად ვიჯექი ვაკის ერთ პატარა და გემრიელ დუქანში. გახსენებაში, ჩვენს შორის უხუცესმა თქვა, ეს ჩვენი თბილისი კედლებზე მიკრული დაფების ქალაქია, ყველა დოცენტის შთამომავლობა თავს მოვალედ რაცხს, სახლს დაფა მიაკრას, აქ ესა და ეს ცხოვრობდაო.

ანდრო ჟორდანიას არ ჰყავდა შთამომავლობა. მისი ოჯახი, მისი ცხოვრება ფეხბურთი იყო.

ბოლოს ის ვაკეში, მეცხრე საავადმყოფოს პირდაპირ ცხოვრობდა, ცნობილ მწვანე ველის სახლში.

გუშინ ამ სახლთან ჩამოვხტი ტაქსიდან. სამი ღირსეული მოღვაწის ხსოვნის დაფა ამშვენებს მის კედელს - პიანისტის, ბიოლოგის და მწერლისა.

არ არის მხოლოდ ერთი - ქართული საფეხბურთო ფიქრის სიმბოლოსი, კაცისა, რომლის ცხოვრებაც ფეხბურთი იყო.

კაცისა, რომელსაც ფეხბურთი ხელოვნებად მიაჩნდა.

გიო ახვლედიანი

გაზეთი „სარბიელი"

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.