სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: მოლდოვა 2:2 საქართველო

თარიღი: 2017 ივნისი 12


მოლდოვა 2:2 საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ვაკო ყაზაიშვილის გოლით გაათანაბრა ანგარიში
(ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეექვსე შეხვედრა ჩაატარა და სამწუხაროდ, კვლავ ვერ გაიმარჯვა - ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოლდოვაში ფრედ 2:2 ითამაშა.

ექვსი მატჩი, სამი ფრე, სამი მარცხი და სამი ქულა - ასეთია „ჯვაროსნების" სადღეისო შედეგი. ექვსგუნდიან ჯგუფში საქართველოს ნაკრები მეხუთეა და ბოლოადგილოსან მოლდოვას მხოლოდ ქულით უსწრებს. მოლდოვამ, თავის მხრივ, ექვსი მატჩიდან მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფრედ, დანარჩენ შემთხვევაში დამარცხდა. ორივე ქულა იგორ დობროვოლსკის გაწვრთნილმა მოლდოვამ საქართველოსთან მოიპოვა.

11 ივნისს მოლდოველები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან - პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა საქართველოს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა, სრულიად განსხვავებული მეორე ტაიმი ითამაშა და ქულაც გადაარჩინა. მცირე უიღბლობა რომ არა, საქართველოს ნაკრები კიშინიოვიდან სამი ქულით დაბრუნდებოდა - ბოლო წუთებში გიორგი არაბიძის შორეული დარტყმა მასპინძელთა კარის ხარიხამ აისხლიტა.

არაბიძის ამ დარტყმამდე მაყურებლებმა ხუთი გოლი იხილეს: ერთი არჩათვლილი, ერთი არჩასათვლელი, მაგრამ დაფიქსირებული და სამიც წესებით სრული დაცვით გატანილი.

მოლდოველებმა, რომლებმაც საქართველოს ნაკრების დაცვითი ტაქტიკით მშვენივრად ისარგებლეს (მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ტაქტიკაზე ვლადიმირ ვაისმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევისას შეცდა), პირველად რადუ გინსარის ზუსტი დარტყმით გაიხარეს, თუმცა დროებით - თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსრა და გოლი არ ჩაითვალა.

მე-15 წუთზე გინსარმა კიდევ დაარტყა ზუსტად. ამჯერად მსაჯმა გოლი ჩათვალა: ეუგენიუ კოციუკის ჩაწოდების შემდეგ ტირასპოლის შერიფის ფორვარდმა დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში გახსნა - 1:0.

36-ე წუთზე მოლდოვამ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, თუმცა იმ შემთხვევაში შვედი არბიტრი ანდრეას ეკბერგი და თანამსაჯი უხეშად შეცდნენ - საგოლე პასის ავტორმა მაქსიმ ანტონიუკმა აშკარად პირით ხაზს გადაცილებულმა მიაწოდა ბურთი თანაგუნდელს, მაგრამ წესების დარღვევა ვერცერთმა შენიშნა. ანტონიუკის პასით ალექსანდრუ დედოვმა ისარგებლა, გიორგი მაკარიძეს შანსი არ დაუტოვა - 2:0. ქართველი ფეხბურთელების სამართლიან პროტესტს სასურველი შედეგი არ მოჰყვა.

პირველი ნახევრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი აღმავლობით ჩაატარა, ბურთზე სრული კონტროლი დააწესა, სათამაშო დროის დიდი ნაწილი მოლდოველთა ნახევარზე გაატარა და ეს, ცხადია, მწვრთნელის მიერ შეცვლილმა ტაქტიკურმა სქემამ განაპირობა. ძირითად შემადგენლობაში გამწესებული ორი საყრდენი „ჩამშლელი" ნახევარმცველიდან ერთ-ერთი, ბუბა დაუშვილი ვაისმა შემტევი ვაკო ყაზაიშვილით შეცვალა. ამავდროულად, მოედნის სიღრმიდან ბურთის კარგად ამოტანა დაიწყო ტრავმირებული უჩა ლობჟანიძის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ნიკა კვეკვესკირმა. საქართველოს ნაკრების შეტევების გამწვავებას შეუწყო ხელი ლადო დვალიშვილის ნაცვლად შესულმა გიორგი მერებაშვილმაც.

საქართველოს ნაკრების პირველი საპასუხო გოლი სწორედ მერებაშვილმა შეაგდო: მან მინდორზე შესვლიდან რამდენიმე წამში გაიხარა - სუსტად, თუმცა ზუსტად დაარტყა - 2:1. მოლდოველთა მეკარე სტანისლავ ნამაშკო კი გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ მიწვდა. გიორგი მერებაშვილმა ნაკრების მაისურით პირველად გამოიჩინა თავი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გოლამდე ძალიან კარგად ითამაშა ცენტრფორვარდმა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც ცენტრალური მცველები „დაიჭირა" და მერებაშვილს კარისკენ დასარტყმელად აუცილებელი რამდენიმე წამი „აჩუქა".

70-ე წუთზე ვაისის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა: სტუმართა მორიგი შეტევისას მოლდოველი მცველები შეცდნენ, ყაზაიშვილმა კი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა მასპინძელთა კარის ბადე - 2:2. ეს ყაზაიშვილის მეხუთე გოლი იყო ნაკრებში ჩატარებულ 25-ე შეხვედრაში.

„მოლდოველთა მეორე გოლზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად, თუმცა ხდება. სამწუხაროა, როცა მოედნიდან დაახლოებით ოცი სანტიმეტრით გადასული ბურთი თამაშში ითვლება და მას გოლიც მოსდევს, მაგრამ ვერაფერს შეცვლი, მსაჯიც ადამიანია და დროდადრო ისიც ცდება... რაც შეეხება პირველ და მეორე ტაიმებში ჩემი გუნდის განსხვავებულ ტაქტიკას, ეს სხვადასხვა მოსაზრებებით იყო განპირობებული. ვფიქრობდით, რომ პირველ ტაიმში მეტოქეს დავღლიდით - რაც უნდა იყოს, მათ ასაკოვანი ნახევარმცველები ჰყავთ, შესვენების შემდეგ კი შევუტევდით და სასურველ შედეგს მივიღებდით. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმი ორბურთიანი ჩამორჩენით დავიწყეთ - ეს ჩვენს გეგმაში, რა თქმა უნდა, არ შედიოდა... ყოველი თამაშის წინ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გვაკლდება. ეს საბოლოო შედეგზე დიდ ზეგავლენას ახდენს..." - განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩს 2 სექტემბერს ჩაატარებს: რუსეთი 2018-ის საკვალიფიკაციო ტურნირში „ჯვაროსნები" ირლანდიას უმასპინძლებენ.

პ.ს. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით და ფეხბურთის ფედერაციის თანადგომით, მოლდოვაში გამართულ შეხვედრას ხუთი ჟურნალისტი დაესწრო. ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ აბაიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში დასრულდება მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე სპორტულ ფედერაციასთან, რომლებიც დროდადრო ჟურნალისტების საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებას უზრუნველჰყოფენ.

ლაშა გოდუაძე
კიშინიოვი-თბილისი

11 ივნისი, 2017. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი. მოლდოვა, კიშინიოვი, ზიმბრუ. 4803
2:2 მოლდოვა
გოლებ: 0:1 რადუ გინსარი (15), 0:2 ალექსანდრუ დედოვი (36), 1:2 გიორგი მერებაშვილი (65), 2:2 ვაკო ყაზაიშვილი (70)
მოლდოვა: სტანისლავ ნამაშკო, ვიაჩესლავ პოსმაცი,კატალინ კარპი (ანდრეი კოჟოკარი 73), ალექსანდრუ ეპურეანუ (კაპ), იგორ ტიგირლაში (პეტრუ რაკუ 78), ალექსანდრუ დედოვი, ეუგენიუ ჩებოტარუ, რადუ გინსარი, ვიტალი ბორდიანი, ალექსანდრუ ანტონიუკი, ეუგენიუ კოკიუცი (იგორ ბუგაიოვი 73)
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი
საქართველო: გიორგი მაკარიძე, გიორგი ნავალოვსკი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, უჩა ლობჟანიძე (ნიკა კვეკვესკირი 35), ჯიმი ტაბიძე, ბუბა დაუშვილი (ვაკო ყაზაიშვილი 46), ჯაბა კანკავა (კაპ), გიორგი არაბიძე, ლადო დვალიშვილი (გიორგი მერებაშვილი 65), ნიკა კაჭარავა
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
გაფრთხილება: გიორგი არაბიძე, ვიტალი ბორდიანი, ჯაბა კანკავა
მსაჯები: ანდრეას ეკბერგი; ფრედრიკ ნილსონი, მეჰმეტ კულუმი (შვედეთი)

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017-ის შესარჩევ ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა: გია გეგუჩაძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვას 1:0 სძლია.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უკანასკნელ, მესამე მატჩში საფრანგეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი ყიფიანის გუნდი 3 შეხვედრაში მოპოვებული 2 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 11
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი ვენის რაპიდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 24-ე წუთზე გაიტანა. ამხანაგური მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.