სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონია

თარიღი: 2017 მაისი 29

 

„დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა  ფინალური სერიის მესამე მატჩი ქუთაისში მოიგო და დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.

„დინამომ" ფინალური სერიის პირველი 2 მატჩი თბილისში - 22 და 23 მაისს მოიგო. დინამოელებს მხოლოდ სერიის პირველ შეხვედრაში გაუჭირდათ, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში - 81:74 მოიგეს. მომდევნო მატჩი თბილისელებმა „ქუთაისს" 23 ქულით სძლიეს, დღეს კი, ჩემპიონობის მომტან მატჩში მეტოქე 93:76 დაამარცხეს და სუპერლიგის თასსა და მედლებს დამსახურებულად დაეპატრონნენ.

ეს გუნდები შეხვდნენ გასული, 2015-2016 წლების სეზონის ფინალშიც და მაშინ „ქუთაისმა" ჩემპიონობა მე-5, გადამწყვეტ მატჩში - შინაურ კედლებში მოიპოვა. დინამოელებმა რევანში ღირსეულად აიღეს და მოქმედ ჩემპიონს ჯერ რეგულარულ ჩემპიონატში მოუგეს 4-დან ოთხივე შეხვედრა, შემდეგ კი ფინალურ სერიაშიც მშრალად - 3:0 გაიმარჯვეს და უძლიერესის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვეს. ერთადერთი მატჩი, რომელიც ქუთაისელებმა „დინამოს" ამ სეზონში მოუგეს, თასის გათამაშების ფინალი იყო.

დღევანდელ შეხვედრაში დაძაბული და თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში შედგა. საკუთარი გულშემატკივრის ოვაციებით მომართული ქუთაისელები მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ და სადებიუტო ჩამორჩნა 4:11 პერიოდის შუაწელს ლიდერობად აქციეს. თუმცა მასპინძლებმა შეცდომებს უმატეს, ბურთს უვნებელ სიტუაციებში კარგავდნენ, დინამოელებს კი თამაში ორივე ხაზში წაუვიდათ და პირველი პერიოდის 21:19 მოგების შემდეგ, მეორე მეოთხედში ხელჩასაჭიდ უპირატესობას მიაღწიეს - 45:35. 

დიდი შესვენების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. დინამოელებმა გააგრძელეს ლიდერობის გამყარება და როცა მასპინძლების ჩამორჩენამ 15 ქულას გადააჭარბა, მათ თამაშის გადასარჩენად არც დრო დარჩათ და არც ძალა. საბოლოოდ „დინამომ" 17 ქულით იმარჯვა და სუპერლიგის სეზონი ჩემპიონობით დაასრულა.

ჩემპიონებს 17 ქულით ამერიკელმა დეონტა ვონმა ულიდერა. 16-16 ქულა მიითვალეს ლევან ფაცაციამ და მიხეილ ბერიშვილიმა. ლევან ფაცაციამ ორმაგ დუბლს უწია - 10 ქულა და 10 მოხსნა. 10 ქულა მოაგროვა ლევან გრძელიძემ, ხოლო ნოდარ გოგოძემ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა. „ქუთაისში" 19 ქულითა და 9 პასის გიორგი ცინცაძე გამოირჩა, 16 ქულა და 10 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, ქუთაისის გუნდი ვერცხლის მედლებით ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზვიად კოტრიკაძემ და ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს. ჩემპიონ გუნდს ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა. 

 

დაჯილდოვების დროს გამოვლინდა სეზონის  სხვადასხვა ნომინაციებიც: 

საუკეთესო მწვრთნელი

სუპერლიგის 2016-2017  წლების სეზონის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა საკალათბურთო კლუბ „დინამოს" მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია,  რომელსაც, ცნობილი  ქართველიმწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი გადაეცა.  სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ვეტერანმა კალათბურთელმა გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვა.  

ირაკლი ხოშტარია, სეზონის საუკეთესო მწვრთნელი:  ფანტასტიური საღამო და უბედნიერესი დღეა ჩვენთვის. დიდი სურვილი მაქვს "დინამომ" გააგრძელოს წარმატებული სვლა  და არა აქვს მნიშვნელობა  ჩემთან ერთად მოხდება ეს თუ ჩემს გარეშე. მადლობას გადავუხდი ქუთაისის გუნდს ღირსეული თამაშისთვის, მის გულშემატკივრებს და ამ ქალაქს მასპინძლობისთვის. მადლობა სუპერლიგას და ყველა გულშემატკივარს, კლუბის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას, საქართველოს ბანკს, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო. მადლობა ყველას და იმედია მომავალში კვლავ განვაგრძობთ წინსვლას. 

 

საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ზვიად მიქაძის ოჯახმა და მეგობრებმა დააწესეს, გადაეცა საკალათბურთო კლუბ „კაკტუსის" მოთამაშეს, დავით ლომიძეს.  საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი  დააჯილდოვა ზვიად მიქაძის შვილმა იოანა მიქაძემ.

სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე

სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც გელა დარსაძის სახელობის თასი გადაეცა, გახდა საკალათბურთო კლუბ „კაკტუსის" მოთამაშე, დავით ლომიძე. გამორჩეული ახალგაზრდა კალათბურთელი სპეციალური თასით დააჯილდოვა გელა დარსაძის მეუღლემ, ნინო დარსაძემ. 

 დავით ლომიძე (სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და სეზონის გამორჩეული მოთამაშე):  მადლობას გადავუხდი ამ ტიტულისთვის იმ ადამიანებს ვინც დამასახელს ამ ორ ნომიმაციაში, ეს ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან დიდი მოტივაციაა. მადლობას გადავუხდი ჩემს გულშემატკივრებს და ჩემს ოჯახს, რომელიც მაქსიმალურად მიდგას მხარში. ვპირდები მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებ. 

 

საუკეთესო მოთამაშე (MVP)

2016-2017  წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტულმა მედიამ, მწვრთნელებმა და თამაშის კომისრებმა. გამოკითხვის შედეგად სუპერლიგის წლევანდელი სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა გიორგი ცინცაძე.

გიორგი ცინცაძეს საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალუმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა. 

გიორგი ცინცაძე (ქუთაისის კალათბურთელი, სეზონის საუკეთესო მოთამაშე): მივულოცავ "დინამოს" ჩემპიონის ტიტულს, რომელმაც დამსახურებულად გვაჯობა. მადლობას  გადავუხდი ყველას, ვინც საუკეთესოდ დამასახელა, თუმცა ვფიქრობ სეზონის  საუკეთესო მოთამაშის  ტიტულს მიხეილ ბერიშვილი იმსახურებდა, რომელმაც სასწაული სეზონი ჩაატარა წელს.  რაც შეეხება  წლევანდელ სეზონს, უარყოფითად შევაფასებდი, რადგან ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იყო. ამას გარდა ორგანიზების კუთხითაც იყო ხარვეზები და მსაჯების პრობლემა. ვფიქრობ, ფედერაციაც მიხვდა  ამ პრობლემას და სწორედ ამიტომაც დანიშნეს უცხოელი მსაჯში ფინალურ სერიაში. 


WWW.GBF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 08
ესპანეთის ქალაქ  ვიტორიაში „სასკი ბასკონიას" კემპი მიმდინარეობს, სადაც 16 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს.