სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

55 წლის წინ დინამომ ჩემპიონთა თასი მოიგო - დიდი გამარჯვების იუბილე

თარიღი: 2017 ივნისი 29


1962 წლის 29 ივნისს თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხეს და ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო გამარჯვება იზეიმეს.
არც მანამდე და არც მას შემდეგ ქართულ კლუბს ასეთი მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია.
დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ წერილს, რომელიც 1962 წლის 2 ივლისს, გაზეთ ლელოში გამოქვეყნდა - თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი ოთარ ქორქია ჟენევაში ვიზიტზე და მატჩზე საუბრობს.

მადლობა ყველას, ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარა!

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდის რეალი ჩვენი მომავალი მეტოქეა თასისთვის ბრძოლაში, ბუნებრივია, დავინტერესდით ამ გუნდის რაობით. მაგრამ ზუსტი წარმოდგენა ჟენევაში ჩასვლამდე, უფრო სწორად ფინალურ მატჩამდე, არ გვქონდა. საქმე იმაშია, რომ შეხვედრის დღემდე ესპანელებმა ყოველმხრივ შენიღბეს თავიანთი არსებობა და ჩვენ ვერაფერი გავიგეთ ამ „საიდუმლო" გუნდის შესახებ, პრესის მიერ ძუნწად მოწოდებული ცნობების გარდა.

ფინალური მატჩის წინა დღეებში რეალის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მათი აზრით, ცსკა-ს დამარცხების შემდეგ ესპანელებს გზა ჰქონდათ გახსნილი მიზნისკენ. სწორედ ასეთი განწყობით მოვიდნენ ისინი ჩვენს პირველ ვარჯიშზე, მოვიდნენ, მაგრამ საკმაოდ მოწყენილებმა დატოვეს იგი. ეს, სხვათა შორის, მეორე დღეს გუნდის უფროსის მიერ მიცემულ ინტერვიუსაც დაეტყო. რეალის პატრონი მეტად ფრთხილად და თავშეკავებულად პასუხობდა და ღიად დატოვა საკითხი - თუ ვინ იქნებოდა თასის მომავალი მფლობელი.

ესპანელებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ ლეჟავა და პეტროვი. პირველს ისინი არ იცნობდნენ, მაგრამ მის ფიზიკურ მონაცემებს გულგრილად ვერ უვლიდნენ გვერდს. პეტროვის შესახებ კი ისინი მსჯელობდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეზე და უნდა გამოგიტყდეთ, რომ მათს გაკვირვებას არ ჰქონდა საზღვარი, როდესაც გუნდის სასტარტო ხუთეულში პეტროვი ვერ იხილეს.

ჟენევაში ჩვენ დაღლილები, მოქანცულები ჩავედით. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი, მოსკოვიდან გაფრენის დაგვიანებამ (შვეიცარიამ გვიან გაგვიფორმა ვიზები) ყველას ნერვიულობის დაღი დაგვატყო. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ჩავფრინდით, ოღონდ ჯერ პარიზში.

საფრანგეთის დედაქალაქში ყოფნა ერთი მხრივ გვიხაროდა, მაგრამ მეორე მხრივ გვეჩქარებოდა ჟენევაში, მოწინააღმდეგესთან ახლოს. პარიზში თერთმეტი საათი დავყავით და ეს დრო, ჩვენი საელჩოს დახმარებით, მთლიანად ქალაქის დათვალიერებას მოვანდომეთ. ბევრჯერ ვყოფილვარ ამ შესანიშნავ ქალაქში, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ ასე საფუძვლიანად იგი არასდროს დამითვალიერებია. აი, სწორედ ამან, ავტობუსით განუწყვეტელმა მგზავრობამ ქალაქის სხვადასხვა რაიონში და უამრავმა შთაბეჭდილებამ, მოგვქანცა საბოლოოდ.

ჟენევაში გულთბილად დაგვხვდნენ. აეროპორტში მოვიდნენ ადგილობრივი სპორტის ხელმძღვანელები, კალათბურთის მოყვარულები და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი ვილი ჯონსი თავისი ამალით.

ჩასვლისთანავე გადასაჭრელი იყო ერთი საკითხი - რა რიცხვში უნდა გვეთამაშა? ჩვენ უფრო გვაწყობდა 30 ივნისს თამაში, მაგრამ გენერალური მდივანი ჭირვეულობდა: უკვე ორჯერ გადავიტანეთ ეს თარიღი და მესამედ შეუძლებელიაო. მეტი გამოსავალი არ იყო და დავეთანხმეთ.

ჩვენი ფინალური მატჩი ჟენევაში დაემთხვა შუა საკურორტო სეზონს და აქ საკმარისად აღმოჩნდნენ დამსვენებლები ესპანეთიდან. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ტურისტთა რამდენიმე ჯგუფი სპეციალურად ჩასულა მატჩის საყურებლად ესპანეთის სხვადასხვა ქალაქიდან. ეს ყველაზე უფრო საგრძნობი იყო მატჩის მსვლელობისას. ესპანელები მხურვალედ ეხმარებოდნენ თანამემამულეებს, მაგრამ გულშემატკივრები ჩვენც გამოგვიჩნდნენ. ადგილობრივი მაყურებელი ჩვენს ყოველ წარმატებას, ლამაზ კომბინაციას ერთსულოვანი ოვაციებით ხვდებოდა!

ახლა თვით მატჩის შესახებ: ჩვენი მოწინააღმდეგე მოსალოდნელზე უფრო ძლიერი გამოდგა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამერიკიდან ჩამოყვანილი 21 წლის ზანგი უაინ ჰაიტაუერი. ეს გიგანტური აღნაგობის ახალგაზრდა, თანამედროვე კალათბურთის ყველა მოთხოვნას პასუხობდა. კალათში ესროდა შეუდარებლად, იგი იყო არაჩვეულებრივად სწრაფი და მოძრავი, ხტებოდა საკმაოდ მაღლა, ამაში მას სიმაღლეც უწყობდა ხელს (205სმ). ჩვენთვის მოულოდნელი იყო ჰაიტაუერის თამაშის მრავალფეროვნება. მისი ტიპის კალათბურთელები უმეტესწილად ცენტრალური თავდამსხმელის პოსტზე თამაშობენ, მაგრამ „ესპანელი ზანგი" შეუდარებელი იყო როგორც გარემარბიც. დაბოლოს, დაცვაში იგი იდგა, როგორც კლდე და კბილებით იცავდა თავისი ფარის უშიშროებას. ასეთი კალათბურთელის ჩამოყვანა ამერიკიდან მართლაც რომ ღირდა.

ჩემთვის გაუგებარი იყო მეორე იმპორტირებული კალათბურთელის სტენლი მორისონის როლი ამ მაღალი კლასის გუნდში. მას მხოლოდ ორი რამ ჰქონდა ყურადსაღები - ახალგაზრდობა (21 წლის) და სიმაღლე (202სმ). მაგრამ რეალის ანსამბლში იგი ყველაზე სუსტი წერტილი იყო და ჩემთვის რომ გეკითხათ, მანეთსაც არ გავიმეტებდი მასში (როგორც ცნობილია, რეალის მთავარ პატრონს სანტიაგო ბერნაბეუს ეს ორი კალათბურთელი საკმაოდ ძვირი დაუჯდა).

გუნდის დანარჩენი წევრებიდან აღსანიშნავი იყვნენ ხოსე ლუისი (კაპიტანი), კარლოს სევილიანო და ემილიანო როდრიგესი, სამივე ესპანელი, უმაღლესი კლასის კალათბურთელი.

თამაშობდა რეალი არაჩვეულებრივად მაღალ ტემპში. ხშირად მათი აზარტი და მონდომება თავდავიწყებამდე მიდიოდა, მაგრამ არც ერთხელ მას კორექტულობის ფორმა არ დაუკარგავს.

სავსებით სწორი იყო გენერალური მდივანი ვილი ჯონსი, როდესაც ესპანელებს ქარიშხალი უწოდა (ჩვენი გუნდი, მისი აზრით, იგივე ქარიშხალი იყო, პლუს დისციპლინა).

მატჩის დასაწყისში ჩვენც ავყევით ესპანელთა ტემპს. ეს მართლაც დიდებული სანახაობა, ელვისებური კომბინაციები, ზესწრაფი გადაცემები, ბურთის თვალშეუვლები ქროლა, რაღაც წარმოუდგენელ ეფექტს ქმნიდა. მაყურებლები მოუსვენრად ხტოდნენ ადგილებზე, დარბაზი ბორგავდა, ღელავდა და ანგარიშმიუცემლად მიჰყვებოდა თამაშის რიტმს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ იმავე ჯონსმა განაცხადა, რომ მას ოცდაათი წლის მანძილზე არ უნახავს ასეთი ლამაზი, ასეთი აზარტული და ამავე დროს კორექტული ბრძოლა. მისი აზრით, ფინალური მატჩი ნამდვილად ღირდა თხუთმეტი ათასი დოლარი. თქვენ, ალბათ, გაგიკვირდებათ, რას ნიშნავს ეს თხუთმეტი ათასი დოლარი. გეტყვით: იგი დაეხარჯა რეალს ამ შესანიშნავი მატჩის მოსაწყობად, რადგანაც ფრანკოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენს ჩაშვებაზე ესპანეთში და თავისი გუნდის გამოგზავნაზე საბჭოთა კავშირში (საერთაშორისო ფედერაციამ მთელი ხარჯები ჯარიმის სახით დააკისრა ესპანეთის გუნდს).

თამაში მართლაც დიდებული სანახავი იყო, მაგრამ მე, როგორც გუნდის მწვრთნელს, სანახაობრივი მომენტი ყველაზე ნაკლებად მაწუხებდა. ჩვენთვის მთავარი იყო მატჩის მოგება, საპატიო თასის საბჭოთა კავშირში დატოვება. ამიტომ რამდენჯერმე შეგნებულად დავაგდეთ ტემპი. ზოგიერთ მომენტში საჭირო აზარტის, ტემპერამენტის შეცვლა შიშველი ანგარიშით - გონების კონტროლით. და აი, ბიჭები იწყებენ ბურთის ნელ გათამაშებას, დინჯად, მაგრამ მეთოდურად ამზადებენ ხელსაყრელ სიტუაციებს და ასევე აუღელვებლად ესვრიან კალათში. ტაქტიკის, ხასიათების ასეთმა მანევრირებამ საშუალება მოგვცა ბრძოლა ჩვენთვის სასარგებლო შედეგით დაგვემთავრებინა.

ჩემთვის ძნელია დინამოელთაგან ვინმეს გამოყოფა. ყველა თავის ადგილზე იყო, ყველა უკიდურესი მონდომებითა და გულმოდგინებით სჭედდა ამ საპატიო გამარჯვებას. მაგრამ მაინც მსურს ვახსენო გურამ მინაშვილი, რომელიც მოედანზე გუნდის კაპიტანიც იყო და მისი ყველა მოქმედების შემკვრელი ორგანიზატორიც. დასასრულ, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასე გულმხურვალედ იზეიმა ეს ჩვენი საერთო გამარჯვება.

ოთარ ქორქია
თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი
გაზეთი ლელო (5 ივლისი, 1962)

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს