სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

55 წლის წინ დინამომ ჩემპიონთა თასი მოიგო - დიდი გამარჯვების იუბილე

თარიღი: 2017 ივნისი 29


1962 წლის 29 ივნისს თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხეს და ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო გამარჯვება იზეიმეს.
არც მანამდე და არც მას შემდეგ ქართულ კლუბს ასეთი მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია.
დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ წერილს, რომელიც 2012 წლის 11 ივლისს ჟურნალ ტაბულაში გამოქვეყნდა. თბილისის დინამოს უდიდეს გამარჯვებას სპორტული ჟურნალისტი ზურაბ თალაკვაძე იხსენებს.

დიდი გამარჯვება, რომელიც არ გვახსოვს

50 წლის წინ, 1962 წლის 29 ივნისს, თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს - ყველაზე დიდი საკლუბო ჯილდო, ჩემპიონთა თასი მოიგეს! და მოიგეს მადრიდის რეალთან.

სამწუხაროდ, ბევრმა არცკი იცის. არ იცის, რომ ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი დღე სწორედ ის იყო...

...ჟენევაში კოხტა მოედანი Patinoire des Vernets-ი იმ ერთი თამაშისთვის უფრო გაალამაზეს. დარბაზში ორი გუნდი შევა, ბოლო, ფრიადოსანის სიგელს ერთი მიიღებს და მეორე თავს დახრის. მსაჯი უნგრელი ერვინ კოშაია. ჩვეულებრივი ფინალის ჩვეულებრივი მსაჯი. ევროპის ჩემპიონთა თასი მაშინ კომერციულად ისე ვერ ქაჩავდა, როგორც დღეს - ევროლიგა. იმ ტურნირში ჩემპიონები არჩევდნენ ამბებს და რეიტინგები, კოეფიციენტები და უაილდ ქარდები არმოსული იყო. იგებ ლოკალურ ჩემპიონატს? მობრძანდი, დაბრძანდი, ითამაშე. იგებ ჩემპიონთა თასს და ვერ იგებ ლოკალურ ჩემპიონატს? ჩემპიონთა თასის ვიზას მაინც გაძლევენ. 1961-1962 წლების ჩემპიონთა თასზე საბჭოთა კავშირი ორმა გუნდმა წარადგინა. წითელი არმიის წითელმა მანქანამ - ცსკა-მ და თბილისის დინამომ.

მაშინ სხვა კალათბურთი, სხვა დინამო, სხვა დატვირთვები მოდიოდა. სამიანების, რესტლერების და ანაბოლიკების გარეშე, კალათბურთს კალათბურთით იგებდი. დინამოს კალათბურთიც სხვა თემა იყო. სპორტული ფენტეზი, სადაც ოთარ ქორქია იმპროვიზატორების ჯგუფის დირიჟორი იყო. იმპროვიზატორებში იყვნენ ლევან მოსეშვილი, ილარიონ ხაზარაძე, რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი, ანზორ ლეჟავა, ლევან ინწკირველი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ამირან სხიერელი, ალექსანდრე კილაძე, ალექსანდრე პეტროვი და იმ საძმაკაცოს კაპიტანი, დიდი გურამ მინაშვილი.

თბილისის სპორტის სასახლე ჩვენი ალამოდოუმი, ბოსტონ გარდენი იყო. ამერიკულ სპექტაკლებზე ჰამბურგერები, კოკა კოლა და ჩიფსი საღდებოდა. დინამოს თამაშებზე - ფენოვანი ხაჭაპური, ბურბუშელა, ლიმონათი იყო. დინამოს თამაშებზე დინამო იყო. ჩვენი დინამო.

იმ სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასზე სერიოზული შემადგენლობა წამოვიდა. რეალმა ტურნირი კასაბლანკასთან ორი მიზერით გახსნა - 84:46, 83:38 და თელ ავივის ჰაპოელმა პანათინაიკოსთან იცელქა - 82:58, 84:72. დღეს სხვა პაოა. მაშინ ჰაპოელი იყო პანათინაიკოსი.

მეორე ეტაპიდან უკეთესი გუნდები მოდიან. რეალი ინერციით იგებს მადრიდში ვარეზესთან 83:62 და იტალიაში 80:82 აგებს. რეალი მეოთხედფინალში მიდის, ვარეზე - სპონსორებთან. მეტი ქეშით მეტი უკეთესი ხალხი რომ იყიდოს. გავარდა ჰაპოელიც. დარუშაფაქასთან. თურქებმა თელ ავივში მინუს 4 საკუთარ ტერიტორიაზე გადაფარეს და ორსერიანი სერია წამოიღეს - 140:139 (65:69, 75:70).

დინამო კკა-ზე გადის. ჩვეულებრივი რუმინული გუნდი ჩვეულებრივი რუმინელი ბიჭებით. არაჩვეულებრივი დინამო კინაღამ ოფსაიდში დარჩა. ორივე თამაში მძიმედ წავიდა, კკა-მ ირბინა, ჩასაგდები ჩააგდო და კლასით ვერ გადაჯოკრა. დინამომ სერია 159:153 (77:76, 82:77) წამოიღო.

კკა-სთან სერიას იხსენებს იმ გუნდის წევრი ლევან მოსეშვილი: „კკა-ზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ორი კარგი ცენტრი ჰყავდა. არ გვქონდა არანაირი ვიდეომასალა, რომელიც მოწინააღმდეგეზე მეტ ინფორმაციას მოგვცემდა. რუმინეთის ნაკრებიც იმ დროს განსაკუთრებული არაფერი იყო. გავედით მოედანზე, ვერ ჩავაგდეთ ერთი, ვერ ჩავაგდეთ ორი, სამი, კკა აკურატულად აკეთებს ყველაფერს და უკვე ვაგებთ რა... დინამო აგებს გუნდთან, რომელსაც ათიდან ათს მშვიდად, კლასით მოუგებს. დავაგდეთ ტემპი, კკა მაინც იგებს, ორივე თამაშში ბევრი შეცდომა დავუშვით და რუმინელებზე ოდნავ უკეთესი გუნდი ნამდვილად მოგვიგებდა".

კკა-ს მერე წამოვიდა ცსკა.

ცსკა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო. წინა ფინალში ცსკა რიგის სკა-ს 148:128 (87:62, 61:66) უგებს. რიგაში ცსკა-ს კალათბურთი იყო პილორამა. მეორე თამაში, მოსკოვში სკა-მ წამოიღო და თასი რუსებმა დაიტოვეს. იმ სკა-ს მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკია. ლეგენდა, რომელმაც რიგაში ზედიზედ სამჯერ ჩაიტანა ევროპის ჩემპიონთა თასი (1958, 1959, 1960) და რომელიც 1969 წლის რეგულარულიდან უკვე ცსკა-ს ბოსი გახდა. დინამოსთვის, ჩვენთვის აქტუალურ ტურნირამდე ერთი წლით ადრე, გომელსკი აგებს ფინალს ევგენი ალექსეევთან. ალექსეევიც სოლიდური ფიგურაა, ცსკა-ში ნდობა, კომუნისტური ჯოკრები და დიდი მათრახი აქვს.

იმ მათრახით და ძალიან მაგარი შემადგენლობით, ალექსეევმა გუნდი დინამომდე მიიყვანა. როგორც მოქმედი ჩემპიონი, ცსკა ტურნირში მეოთხედფინალიდან შედის. რუსებმა ისკრას დაუბღვირეს, 140:110 (85:53, 55:57) შემოარტყეს და დინამოსთან ფავორიტები არიან. ის დინამო იმ ცსკა-ს თბილისში უგებდა. თითქმის სულ უგებდა.

ლევან მოსეშვილი: „ცსკა სხვა დონე იყო. თუ კკა-სთან ბევრი შეცდომით მოვიგეთ, იგივე ფოკუსი ცსკა-სთან არ გავიდოდა. მოძრავი, ათლეტური გუნდი, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერები იყვნენ. პრობლემებს გვიქმნიდნენ გენადი ვოლნოვი, ვიქტორ ხარიტონოვი, სხვებიც ბევრს აკეთებდნენ და დინამოს ეს მანქანა უნდა გაეჩერებინა. ცსკა-მ იცოდა, რომ დინამო კარგი გუნდი იყო და მაინც ზემოდან გვიყურებდნენ. ხო ხვდებით, არა - აბა, სწრაფად მოვრჩეთ ბიჭებო საქმეს და მერე ან რეალს მოვუგებთ, ან - ოლიმპიას. დინამომ უკეთ ითამაშა. ის სერია უნდა აგვეღო. არა ცსკა-სთვის, საკუთარი თავისთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ მეტის შნო გვქონდა. ორივე თამაში მოვიგეთ. ვიღაცას მეტი სათამაშო დრო მისცეს, ვიღაცამ ვიღაცა დაასვენა და მაგარი სერია გამოვიდა".

დინამომ ორივე რაუნდი მოიგო. 75:71 და 77:66.

ლევან მოსეშვილი: „რეალის თამაში ვერ ვნახეთ. ან საიდან ვნახავდით? გვითხრეს, რომ რეალმა ოლიმპიასთან პირველი თამაში, -14 (91:105) მადრიდში ამოქაჩა (69:53) და ფინალში დაჯდა. რეალი? მშვენიერია, იყოს რეალი. ფინალი ჟენევაში იყო და დინამო ჟენევასთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, პატარა სასტუმროში მოათავსეს. ჩავედით, დავისვენეთ და ცოტა ხანში დარბაზში წაგვიყვანეს. ჩვენ რომ შევედით, რეალი ვარჯიშს ამთავრებდა. გვითხრეს, რომ სამეფო გუნდს ერთი დიდი, ღონიერი ამერიკელი ჰყავს, რომელიც ფარებს ამტვრევს, მაგრად ტენის ბურთს და სახიფათოა. ის ამერიკელი იყო უეინ ჰაიტაუერი. დარბაზში ჰაიტაუერი ვერ ვნახეთ"...

რატომ ჟენევა?

ფინალისტების გამოვლენის შემდეგ ესპანელებმა საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს ვიზები არ მისცეს და წითელ ტერიტორიაზე ჩასვლაზეც უარი თქვეს. გადაწყდა, რომ ფინალი ნეიტრალურ შვეიცარიაში გაიმართებოდა და ჩემპიონი ერთი მატჩით გამოვლინდებოდა.

ჟენევა მშვიდი, კარგი ადგილი იყო. და ჟენევაში დინამომ ისტორიას, მადრიდის რეალს ყური აუწია.

* * *
რეალის პირველი ხუთეული: ხოსე ლუის კორტესი (გამთამაშებელი), ემილიანო როდრიგესი (ფორვარდი), კარლოს სევილიანო (ფორვარდი), სტენ მორისონი (ცენტრი) და უეინ ჰაიტაუერი (ცენტრი). მაღალი ხუთეული. ჰაიტაუერივით მაღალი. კოშკების გუნდი ფავორიტია და დინამოც თავისი კოზირებით თამაშობს. ოთარ ქორქია ფინალს ინტელექტის დიდი დოზით იწყებს - მინაშვილი, ხაზარაძე, ალთაბაევი, ლეჟავა და უგრეხელიძე.

პირველ 4 ქულას ალთაბაევი იღებს. 4:0 წავიყვანეთ...

იმ რეალში იყო 22 წლის მანუელ საინსი. უკვე მაგარი პოპულარული ბიჭი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ბევრ წუთში ბევრს ასწრებდა. ევროპის ჩემპიონთა თასი სხვა თემაა. იქ რეალის მთავარი მწვრთნელი, კოლორიტული პედრო ფერანდისი საინსზე უფრო სხვებს ღლის. „ლოლო" ესპანურ და ევროპულ საკალათბურთო პანთეონში ცოტა მერე შევა. იმ ფინალში საინსმა 4 ქულა აიღო. ბოლო წუთებზე აიღო და სიტუაცია დაძაბა.

სენიორ საინსი ლეგენდაა. თითქმის იგივე თემა, რაც საფეხბურთო რეალში ფრანსისკო ხენტო. საინსი ერთადერთია ევროპაში, რომელმაც ჩემპიონთა თასი (ევროლიგა) მოთამაშის და მწვრთნელის რანგში 4-4-ჯერ მოიგო.

ლეგენდას მადრიდში შევეხმიანეთ: „ჩემთვის, მთელი რეალისთვის ფინალში გასვლა დიდი მიღწევა იყო. საბჭოთა კავშირის ნაკრები, თქვენი გუნდები საუკეთესოებად ითვლებოდნენ და რეალისთვის ეს განსაკუთრებული გამოწვევა იყო. ის დინამო უგებს ცსკა-ს და ვხვდებით, რომ ფინალში სერიოზული გუნდი გადის. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია დინამოს მოთამაშეებზე, მაგრამ გუნდს აქვს შედეგი და ეს საკმარისია... რეალს ორი ლიდერი ჰყავდა. ჩვენი მწვრთნელი, სენიორ ფერანდისი და ემილიანო როდრიგესი. საქმეს დანარჩენებიც აკეთებდნენ, მაგრამ როდრიგესი სხვა დონე იყო"...

დინამომ 8:6 წაიყვანა და რეალმა მორისონის, სევილიანოს, როდრიგესის 6 ქულა მიიღო - 12:8 გაიქცა. დინამოს 6:1 ლეჟავამ და ჩვენმა კაპიტანმა შეკრეს. მისტერ ჰაიტაუერი პირველ ტაიმში 14 ქულას იღებს.

ლევან მოსეშვილი: „ჰაიტაუერი არანორმალური ძალის პატრონი იყო. ოთარ ქორქიამ თამაშამდე დამიძახა და ლევან, რას ფიქრობ, ეს მთა როგორ გავაჩეროთო... როგორ, არ ვიცი, მაგრამ უნდა გავაჩეროთ-მეთქი, ვუთხარი... რეალზე მინიმალური ინფორმაცია გვქონდა. ჰაიტაუერზე ადიოდნენ ანზორ ლეჟავა და ლარიკა (ილარიონ ხაზარაძე). რთული იყო. ამერიკელი ისროდა ახლოდან, საშუალოდან... თითქმის ყველაფერს აგდებდა და მიდი და ეთამაშე ასეთ მხეცს"...

უეინ ეი ჰაიტაუერი ლეგენდარულ სან ფრანცისკო უორიორზში იყო. NBA-ში მისტერ უეინი რეალიდან წავა და მეორე სეზონში 13.4 ქულას აიღებს. თავისი 7.2 მოხსნით. იმ უორიორზში ნეით თერმონდი დარბოდა და უილტ ჩემბერლენი 36.9 ქულას იღებდა. 22.3 მოხსნით...

რეალში სერიოზული კაცი იდგა. დინამოც სერიოზული იყო. პირველი ტაიმი სწორედ დინამომ მოიგო - 38:36. 8 ქულა აქვს ალთაბაევს, 7 - მინაშვილს, 6 - ლეჟავას.

მანუელ საინსი: „ჰაიტაუერი ჩვენთან ცოტა ხნით დარჩა. ზარმაცი მოთამაშე იყო. რეალმა ბოლომდე ვერ გამოიყენა მისი პოტენციალი. ალბათ, დინამოსთან ბოლომდე ჰაიტაუერზე უნდა გვეთამაშა. არ ვიცი, რა შეიცვლებოდა, მაგრამ უნდა გვეცადა".

მეორე ტაიმში, ერთ მომენტში ავკრიფეთ. როდრიგესმა მინუს ოთხამდე (66:70) დაიყვანა სხვაობა და დინამო 7:0 გაიქცა. 77:66 ანზორ ლეჟავამ აანთო. რეალი საინსით 83:87 მოგვიახლოვდა და იქვე ლევან მოსეშვილმა ჩააგდო. ფინალის ბოლო ქულა საჯარიმოთი ლევან ინწკირველმა აიღო.

მანოლო საინსმა ჩვენთან საუბრის ბოლოში თქვა: „ის დინამო ჩვენზე ათლეტური, ჩვენზე მოძრავი და ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო. ჰაიტაუერთან ერთად თუ ამერიკელის გარეშე, რეალი „დინამოს" ვერ მოუგებდა. ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომელიც შემდგომ სეზონებში უკეთ გამოვიყენეთ".

* * *
ჟენევაში მოგებული თასი გვახსოვს და ბოლომდე ვერ ვიხსენებთ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ლეგენდებს რაღაცები აჩუქეს, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დააფასეს გმირები.

იმ დინამომ საქართველოს საკალათბურთო დამოუკიდებლობა მისცა. ცსკა-ს წითელ კეფაში ასცხო და რეალსაც როიალური ყური აუწია.

ლევან მოსეშვილი: „ალბათ, ჩვენს წარმატებას ისეთი ყურადღება არ მიაქციეს, როგორსაც ვიმსახურებდით. ჩვენ არ გვითამაშია და არ მოგვიგია რეალისთვის იმის გამო, რომ მთავრობას ან ვინმეს სხვას ძვირფასი საჩუქარი გადმოეცა. ჩვენ ერთმანეთისთვის ვითამაშეთ და ერთმანეთს გასახდელში გადავეხვიეთ, ჩავეხუტეთ, მივულოცეთ. ძალიან დავიღალეთ და ვერ ვხვდებოდით, რომ რაღაც დიდი მოვიგეთ. დინამომ ისტორია შექმნა"!

ის ისტორია ჩვენია და ის დინამოც ჩვენი იყო.

არის.

სულ იქნება.

დინამომ ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.

და ეს ბევრს არ ახსოვს.

ზურა თალაკვაძე
ჟურნალი ტაბულა (11-17 ივნისი, 2012)

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 08
ესპანეთის ქალაქ  ვიტორიაში „სასკი ბასკონიას" კემპი მიმდინარეობს, სადაც 16 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს.