სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

55 წლის წინ დინამომ ჩემპიონთა თასი მოიგო - დიდი გამარჯვების იუბილე

თარიღი: 2017 ივნისი 29


1962 წლის 29 ივნისს თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხეს და ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო გამარჯვება იზეიმეს.
არც მანამდე და არც მას შემდეგ ქართულ კლუბს ასეთი მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია.
დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ წერილს, რომელიც 2007 წლის 19 ივნისს, გაზეთ ოლიმპში გამოქვეყნდა - სპორტული ჟურნალისტი დავით ჭელიძე უდიდეს გამარჯვებას იხსენებს.

გმირობა 45 წლის გამხდარა!

ნუღარ იტყვით! საოცრად სწრაფად გარბის დრო, უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ თურმე ჭაღარაც შემოგპარვია და სიბერეშიც შესულხარ. არადა, 45 წლის წინ ამ ბიჭებმა ევროპა დაიპყრეს - ქართული გუნდებიდან პირველებმა!

დიახ, მთელი 45 წელიწადი გასულა იმ დღიდან, როცა თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდმა მადრიდის რეალი დააჩოქა და პირველად (ჯერჯერობით უკანასკნელად) ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა!

ეს გმირობა გახლდათ, რადგან იმ დროს, XX საუკუნის 60-იან წლებში, საბჭოთა კავშირში მხოლოდ ერთი გუნდი იყო, რომელსაც შინ თუ გარეთ ყველა ტიტული უნდა მოეგო - მოსკოვის ცსკა!

ქართველმა ვაჟკაცებმა რუსეთის სუპერგუნდსაც გამოუყვანეს წირვა - ორივე მატჩში, თბილისშიც და მოსკოვშიც, ღირსეულ წარმატებას მიაღწიეს და ფინალისკენ გაიკაფეს გზა, სადაც ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს მადრიდის რეალს შეხვდნენ.

60-იანი წლების თბილისელთა უძლეველი გუნდის კაპიტანი გურამ მინაშვილი იყო, გამარჯვება კი მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ქორქიამ გამოსჭედა!

თუმცა, უსამართლობა იქნება, არ გავიხსენოთ კიდევ ერთი ღვაწლმოსილი კაცი - გიორგი ავალიშვილი, რომელმაც, ფაქტობრივად, ამ უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანა გუნდი - იგი 1961 წელს გაათავისუფლეს დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და სწორედ მისმა გამოზრდილმა ბიჭებმა მოახდინეს ეს სასწაული!

აი, ის ვაჟკაცები, რომლებიც 45 წლის წინათ არა მარტო გუნდის, მთელი საქართველოს ღირსებას იცავდნენ (ანბანის მიხედვით მოვყვეთ): ვალერი ალთაბაევი, რევაზ გოგელია, ლევან ინწკირველი, ალექსანდრე კილაძე, ანზორ ლეჟავა, გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ამირან სხიერელი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ილარიონ ხაზარაძე.

ეს მატჩი დინამომ შვიდქულიანი უპირატესობით მოიგო - 90:83 და რა სასიხარულოა, რომ ყველა მოთამაშემ ღირსეული წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, ყველამ, ვინც მოედანზე იყო, თავგანწირვით ითამაშა და სანუკვარი თასი თბილისში ჩამოიტანა.

და მაინც, არაფრით არ შეიძლება ნახევარფინალური ორმატჩიანი რაუნდის უყურადღებოდ დატოვება.

იმ პერიოდში და შემდეგაც, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მოსკოვის არმიელ კალათბურთელთა გუნდის ყოველი დამარცხება ლამის სენსაციად აღიქმებოდა, ქართველმა ბიჭებმა კი ცსკა ორჯერ გაამწარეს - მოსკოვშიც, სადაც პირველი შეხვედრა გაიმართა (75:71) და თბილისშიც, განმეორებით მატჩშიც - 77:66. მარტო ამ ორი გამარჯვებით შეიძლებოდა თბილისის დინამოელთა მაღალნიჭიერებაზე, მაღალ ოსტატობაზე, ევროპულ დონეზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენებმა ეს არ იკმარეს და დუელში გამოწვეული ევროპული გრანდი, იმ წლების აღიარებული ლიდერი მადრიდის რეალი დაამარცხეს! ეს უკვე სასწაულის ტოლფასი იყო!

გურამ მინაშვილი: „ოთარ ქორქია ლომი იყო მოედანზე და თავისი ლომობა მწვრთნელობაშიც დაამტკიცა! არ გინდა, ადგე და ამ პატარა პროვინციული მხარის (მაშინდელი პარამეტრებით) გუნდმა ამდენი გრანდი ჩამოიცილო გზიდან და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვო! ჩვეულებრივ, ასეთი რამ სპორტში არ ხდება. ცსკა-ს ორივე შეხვედრაში კუდით ქვა ვასროლინეთ, მერე კი ფინალში, ჟენევაში რეალსაც მოვახრევინეთ ქედი. მართლაც უძლიერესი და, რაც მთავარია, ერთ მუშტად შეკრული გუნდი იყო. ფინალურ მატჩში ხუთმა მოთამაშემ დააგროვა 14-14 ქულა. ესე იგი, თანაბარძალოვანი გუნდი იყო, რაც სპორტულ თამაშებში ძალიან დასაფასებელია...
საერთოდ, სპორტი და, კონკრეტულად კალათბურთი, ადამიანებს აკეთილშობილებს. აი, მაგალითად, ცხონებული რეზო გოგელია შეიძლება ბანდიტი და ქურდი ყოფილიყო. იცით, როგორი მოქალაქე ჩამოყალიბდა? ქალაქისთვის საყვარელი, ხოლო ჩემთვის და მეგობრებისთვის ხომ საოცარი კაცი იყო! ძმასავით გვაკლია... და მის ასეთად ჩამოყალიბებაში ლომი წილი მიუძღვის მის პირველ მასწავლებელს, არაჩვეულებრივ მწვრთნელსა და პედაგოგს სულიკო თორთლაძეს... ანზორ ლეჟავა პატარა სოფელ ქოლობნიდან იყო, შურა კილაძე - ბათუმიდან... ეს უბრალო ხალხის შვილები სპორტმა, კალათბურთმა ისეთ მოქალაქეებად ჩამოაყალიბა, რომ დახვეწილი ინტელიგენტები, არისტოკრატები იყვნენ, მეგობრობის ეტალონები! ალბათ მიხვდით, მე შეგნებულად ჩვენი გარდაცვლილი მეგობრები გავიხსენე...
იცით, ჩვენი მასწავლებლები ვინ იყვნენ? ერთი დიდი კაცი ქუთაისში მოღვაწეობდა - სულიკო თორთლაძე, მეორე თბილისში - მიშა კეკელიძე. საბჭოთა კავშირის ნაკრებს სწორედ ისინი უზრდიდნენ კანდიდატებს და ამ დიდ გუნდში მუდამ რამდენიმე ქართველი იყო. გიორგი ავალიშვილი, შალვა დიასამიძე... ბუმბერაზი ხალხი, გამორჩეული მწვრთნელები. ძალიან გამიმართლა მწვრთნელებში - თავიდან შალვა დიასამიძე მავარჯიშებდა, მერე - მიხეილ კეკელიძე, გიორგი ავალიშვილი და ოთარ ქორქია. ხედავთ, როგორ გამიღიმა ბედმა!
და კიდევ, ერთი საინტერესო რამ. გარდა იმისა, რომ ჟენევაში ქართული სული და ჯიგარი აღგვაფრთოვანებდა, ჩვენს საქომაგოდ, იცით, ვინ იყო მოსული? გრიგოლ რობაქიძე და მერი შერვაშიძე! ბიჭი იყავი და ის მატჩი წაგეგო"!

და ქართველებმაც მოიგეს და თასი ჩამოიტანეს, რომელსაც მას შემდეგ ვეღარც მოვუახლოვდით. თუმცა, არა, ვცდებით, მომდევნო, 1963 წელს, დინამოელებმა ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალამდე მიაღწიეს, მაგრამ ჩვენს გუნდს იქ უკვე მოსკოვის არმიელთა გუნდი გადაეღობა - ათი თავით მაღლა უნდა მდგარიყავი, ორ წელიწადში ოთხჯერ კი არა,  ერთხელ მაინც რომ დაგემარცხებინა ცსკა! მაგრამ ეს წაგება სულაც არ აკნინებს „ოქროს ბიჭების" დიდ დამსახურებას ქართული კალათბურთის წინაშე. ისინი რომ არა, ის და მის მერე მოსული თაობა რომ არა, დღეს ქართული კალათბურთი არ იარსებებდა.

ილარიონ ხაზარაძე: „1962 წელს ევროპის თასის მოპოვებას ვინ დამავიწყებს! შვეიცარიაში ძალიან ბევრი ესპანელი მუშაობდა და ჟენევის უზარმაზარი ჰოკეის დარბაზი გადაჭედილი იყო ესპანელებით. ჩვენი გულშემატკივრები კი ყველამ იცის - გრიგოლ რობაქიძე, ნინო ჩხეიძე, შალვა დადიანის პირველი მეუღლე და დიკა კედია, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა. საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჟენევის სასტუმროში... მოვიდა გერმანელი ქალბატონი, რომელიც ომამდე ბოლნისში ცხოვრობდა, სადაც მაშინ გერმანელების დასახლება იყო. ქართული ჯერ კიდევ ახსოვდა, ლექსიც გვითხრა არენაზე და მატჩზე თავის ორი ქალიშვილიც მოიყვანა. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, მართალია ბატონი გრიგოლ რობაქიძე სპორტული ჟურნალისტი არ ყოფილა, მაგრამ თავის წერილში ბრწყინვალედ აღწერა ეს შეხვედრა...
რეალთან ჩვენი სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა: გურამ მინაშვილი, ვალერი ალთაბაევი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა და მე. ორი ცენტრით ვითამაშეთ, რადგან რეალის შემადგენლობაში ორი ამერიკელი მეფარე თამაშობდა - ჰაიტაუერი და მორისონი. ჰაიტაუერი ამერიკის ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო, მაგრამ რაღაც ოპერაცია გაიკეთა და ოლიმპიადაზე ვეღარ წავიდა"...

ვალერი ალთაბაევი: „ის თასი რომ არ მოგვეგო, ის იქნებოდა გასაკვირი! ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ერთად მოვდიოდით, ერთი ჭირითა და ერთი სიხარულით. ამიტომაც იყო, ერთ მუშტად რომ ვიყავით შეკრული. ამ ფინალის გენერალური რეპეტიცია სამი წლით ადრე, მოსკოვში, სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მოხდა, როცა ნახევარფინალში სამმა კაცმა ხუთი ლატვიელი, ევროპის ხუთი ჩემპიონი დავამარცხეთ".

გურამ აბაშიძე: „ფინალი არ მითამაშია, თორემ ყველა წინასწარ შეხვედრაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ჟენევაში არც ჩავსულვარ, უკვე წამოსული ვიყავი გუნდიდან... მაგრამ რადიომიმღებთან ისე ვინერვიულე, ლამის თმა გამითეთრდა"...

თმის გათეთრებაზე ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა. გიორგი ავალიშვილი ახალდაბაში ისვენებდა, რადიორეპროდუქტორთან მიჯაჭვული ცოცხლად აღიქვამდა ჟენევაში გაჩაღებული ბრძოლის პერიპეტიებს და... მეორე დილით მისი ოჯახის წევრებმა მთლად გაჭაღარავებული ოჯახის უფროსი იხილეს!

რა მოხდა მაშინ, რატომ ჩამოაშორეს მწვრთნელი საყვარელ საქმეს, რატომ მოინდომეს საათივით აწყობილი გუნდის დაშლა, ახლა ჩვენი გასარჩევი არ არის. კიდევ კარგი ოთარ ქორქიამ გუნდის დაშლა არ დაუშვა, ყოფილი მწვრთნელის გზას გაჰყვა (მას ხომ არა ერთი და ორი წელი უთამაშია გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით), არათუ დააკლო, ბევრი რამ უთუოდ შემატა კიდეც გუნდს და ნანატრი გამარჯვებაც იზეიმა, გიორგი ავალიშვილისა და მთელი თაობების ნანატრი თასი ჩამოიტანა თბილისში.

რამდენიმე წლის წინ ოთარ ქორქიას რომ შევახსენე ეს თარიღი, ასე მიპასუხა: „სამწუხაროდ, ჩვენში კალათბურთი მუდამ გერივით იყო, დროდადრო თუ გაიხსენებენ ხოლმე. 1981 წლის 13 მაისის აღსანიშნავად ლამის ყოველწლიურად ემზადება მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო, ჩვენი გამარჯვება კი ყველას დავიწყებული აქვს. მე არ მჭირდება და არც იმ „ოქროს ბიჭებს", კალათბურთს სჭირდება, მისი პროპაგანდისთვისაა საჭირო".

რა სავალალოა, რომ ეს დარდი საფლავში ჩაჰყვა ქართული კალათბურთის ბერმუხას. მაგრამ ამ ლამაზი გამარჯვების მინორულ ნოტაზე დამთავრება არ ეგების - დღევანდელი თუ არა, ხვალინდელი თაობები აუცილებად იამაყებენ თავიანთი პაპების ვაჟკაცობით!

მთავარია ჩვენ, ჟურნალისტებმა არ დავივიწყოთ ქართული სპორტის ღირსშესანიშნავი თარიღები.

დავით ჭელიძე
გაზეთი ოლიმპი (19 ივნისი, 2007)

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 02
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.    
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
გამორჩეული დღე ჰქონდა ზაზა ფაჩულიას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანმა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. მოგეხსენებათ, ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.