სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთი: 16-წლამდელთა ნაკრები A დივიზიონში გადავიდა!

თარიღი: 2017 აგვისტო 21


საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, ქულის სხვაობით 64:63 მოუგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად მოიგო გაცილებით ძვირფასი ტიტული - ელიტარული, A დივიზიონის საგზური!

საქართველოს ნაკრებმა დასანანი მატჩი წააგო გუშინ, ნახევარფინალში ჰოლანდიასთან და A დივიზიონში გადასვლის ბოლო შანსი დარჩა - მესამე ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის დამარცხება. ბრიტანელები ჩვენს ქვეჯგუფში იყვნენ და ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ დიდი სხაობით გვძლიეს. ბუბა ბერიშვილის, თემურ კანკიასა და ტიჰომირ ბუიანის გაწვრთნილ გუნდს ხელსაყრელი შანსი გაუჩნდა კუნძულელებთან რევანში აეღო და ბრინჯაოს მედალთან ერთად უმთავრესი ტიტული, A დივიზიონის საგზური მოეპოვებინა.

აღნიშნულ ამოცანას ქართველებმა კარგად გაართვეს თავი. გამარჯვება ძალიან ლამაზი და დრამატიზმით აღსავსე გამოვიდა, რადგანაც ქართველებმა თითქმის უიმედო მატჩი ორჯერ შემოატრიალეს და საბოლოოდ ზედ საფინალო სირენის წინ ჩაგდებული ბურთით იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ცუდად დაიწყო და პირველი პერიოდი 4:20 წააგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 25:40 აგებდა. თამაში ბრიტანელთა სამქულიანით განახლდა და კუნძულელთა ყველაზე დიდი - 18-ქულიანი ლიდერობაც დაფიქსირდა. აქ საქართველოს ნაკრებმა თამაში რადიკალურად, უკეთესობისკენ შეცვალა და გუნდურობის წყალობით მე-3 პერიოდის დარჩენილი 9-წუთიანი მონაკვეთი მეტოქეს 27:2 (!) მოიგო. ამ ეპიზოდში თავი ისახელა ფეიქრიშვილმა, რომელმაც სამქულიანების სეტყვა დაუშვა ბრიტანელებს. საბოლოოდ ფეიქრიშვილმა 21 ქულა ისე შეაგროვა, არც ერთი სროლა არ აუცილებია - 5-დან 5 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი მიითვალა.

ამ არნახული გაქცევის შედეგად მანამდე 18 ქულით ჩამორჩენილი საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდის წინ 7 ქულით გალიდერდა და თითქოს მეტოქეც ფსიქოლოგიურად გატეხა, მაგრამ ბრიტანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ჩამორჩენა ხომ გააბათილეს, მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე 5 ქულით დაწინაურდნენ.

მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ქართველები არ დანებდნენ, ტაქტიკური ჯარიმებისა და ზუსტი შეტევების წყალობით საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე ქულით მოლიდერე ბრიტანელებმა ორივე საჯარიმო ააცილეს, ბურთი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ლაშა მიქელაძემ მოხსნა, რატი ანდრონიკაშვილს გადააწოდა და ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მთელი მოედნის გადასერვის შემდეგ საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გამარჯვება დიდი სიხარულით აღნიშნეს. ქართველებს გამარჯვება მიულოცა ბულგარეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბერიძემ, რომელიც ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ყოფნის პერიოდში დიდად დაეხმარა.

სიხარული სუფევდა თბილისშიც, სპორტის სასახლეში. 16-წლამდელების გამარჯვება ჩვენი ეროვნული გუნდის ვარჯიშის დასასრულს დაემთხვა და ნაკრების წევრებიც ნოუთბუქთან დიდი ემოციებით ქომაგობდნენ, გამარჯვების ბურთის ჩაგდების შემდეგ კი ყველამ ერთად გაიხარა.

ქართველ 16-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში 11 წელია, არ უთამაშიათ. 2006 წელს B-დან A დივიზიონში ჩვენი ნაკრები მწვრთნელ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ძალისხმევით გადავიდა. 16-წლამდელები მალევე დაუბრუნდნენ ევროპის საშუალო დივიზიონს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ელიტაში აღზევებას ვერ ახერხებდნენ.

საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა შორის ეს პატივი წილად ხვდათ დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ 20-წლამდელებს, რომლებმაც B დივიზიონი 2006 და 2011 წელს მოიგეს.

საქართველოს 16-წლამდელთა დღვანდელ წარმატებას წლების წინ ჩაეყარა საფუძველი. 2001 წელს დაბადებულმა ახალგაზრდებმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რამდენიმე ფუნდამენტურ პროექტში მიიღეს მონაწილეობა, სწორი განვითარება და დიდი გამოცდილება მიიღეს და ეს შედეგიც ლოგიკურია.

სამი წლის წინ, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებით ჩაერთო საქართველო პირველად ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც სეზონის განმავლობაში 20-ამდე მატჩი გამართა. ევროპულ სარბიელზე ეს ბიჭები პირველად ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ და ირაკლი მაისურაძემ გაიყვანეს, რომელთა დიდი მონდომების ხარჯზე ახალგაზრდა ქართველებმა ბევრი საჭირო რამ შეითვისეს. იმ პერიოდში ამოქმედდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანეთის „სასკი ბასკონიას" ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დღეს გამარჯვებული ნაკრების წევრთა დიდი უმრავლესობა იმყოფებოდა ვიტორიაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამართულ კლუბ „ბასკონიაში", სადაც კლასი აიმაღლეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების დიდი ნაწილი დღესაც „ბასკონიას" წევრად ითვლება და მათ ესპანეთში ელიან. ამ ბიჭებს დიდი მომავალი აქვთ და რაც მთავარია, მათ რეალურად შეუძლიათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგები ღირსეულად შეავსონ.

16-წლამდელთა ნაკრების შედეგები:
18 აგვისტო
, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - 1/2-ფინალი. ბულგარეთი, სოფია, უნივერსიადა
62:67 ჰოლანდია
საქართველო:
რატი ანდრონიკაშვილი (19), საბა გიგიბერია (4), გიორგი ჭეიშვილი (8), გიგი ტაბაღუა, ზურაბ ვაშაკიძე, ირაკლი სულხანიშვილი (8), ვლადიმერ თავაქარაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე (12), ბიძინა ფეიქრიშვილი, ბექა ბექაია, ლაშა მიქელაძე (კაპ) (11)
მწვრთნელი:
ბუბა ბერიშვილი
მსაჯები:
ჰარის ბიედიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), იანუშ ჩალიკი (პოლონეთი), კარლოს პერალტა (ეკვადორი)

19 აგვისტო
, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - III ადგილისთვის. ბულგარეთი, სოფია, უნივერსიადა
64:63 დიდი ბრიტანეთი
საქართველო:
რატი ანდრონიკაშვილი (19), საბა გიგიბერია (3), გიორგი ჭეიშვილი (2), გიგი ტაბაღუა, ზურაბ ვაშაკიძე (1), ირაკლი სულხანიშვილი (6), ვლადიმერ თავაქარაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ბიძინა ფეიქრიშვილი (21), ბექა ბექაია, ლაშა მიქელაძე (კაპ) (12)
მწვრთნელი:
ბუბა ბერიშვილი
მსაჯები:
ჰარის ბიედიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), იანუშ ჩალიკი (პოლონეთი), გეორგიოს პურსანიდისი (საბერძნეთი)

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს