სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთი: სერბეთი 66:68 საქართველო

თარიღი: 2017 აგვისტო 25


„აკროპოლისის თასის" გათამაშების მეორე ტურში საქართველოს მეტოქე საბერძნეთზე მაღალი რეიტინგის მქონე სერბეთი გახლდათ, რომელსაც ილიას ზუროსის გუნდმა ტოლსწორად ეთამაშა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ პერიოდში 10 ქულას აგებდა, გამართული, მიზანმიმართული და დალაგებული თამაშის წყალობით გამარჯვება მოიპოვა - 68:66.

თუკი ვინმემ იფიქრა, რომ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან გაუმართლა, სერბეთთან მოგების შემდეგ ამას გულში აღარ გაივლებს. ევროპული კალათბურთის ტოპ-ნაკრებებს, გუნდებს, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის მოგების, მინიმუმ საპრიზო ადგილების დაკავების ამბიცია აქვთ,  ილიას ზუროსის გუნდმა მართალია ამხანაგური მატჩები, მაგრამ მაინც მოუგო. ლიტვასა და საბერძნეთს საქართველომ სერბეთიც მიაყოლა და ევროპული საკალათბურთო საზოგადოების თვალში აქამდე არნახულ სიმაღლემდე აღზევდა.

შეხვედრა ქართველებმა საბერძნეთთან გუშინდელი მატჩის მსგავსად დაიწყეს. ანუ თავიდან მეტოქემ საკუთარი თამაში მოგვახვია და ხელჩასაჭიდად დაწინაურდა. სერბებმა უპირატესობა როგორც პერიმეტრზე, ისე ფარქვეშ მოიპოვეს. ბოგდან ბოგდანოვიჩის სამქულიანებს ოგნიენ კუზმიჩის ფარქვეშ შედეგიანობა დაერთო, მოედანზე გამოსულმა სერბმა გოლიათმა ბობან მარიანოვიჩმა კი სამწამიანში ფეხი გაიდგა და სლავები 18:8 დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხედის მიწურულს დაცვა გაამაგრა, მანუჩარ მარკოიშვილმა და თორნიკე შენგელიამ სამქულიანები ჩააგდეს და პირველ შესვენებაზე საქართველო 5-ქულიანი დეფიციტით გავიდა - 15:20. მეორე პერიოდში ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეს აჯობა. გიორგი ცინცაძე ბურთს საიმედოდ ათამაშებდა და კარგ პოზიციაზე გაჰყავდა გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია... გოგა ბითაძე თამაშში კარგად ჩაერთო, რომელმაც ფარქვეშიდან ორჯერ იხეირა, ბურთებიც მოხსნა და საქართველოს ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი, ტაიმის დასრულებამდე 1.24 წუთით ადრე, მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანის შემდეგ წინაც გავიდა - 32:31.

პირველი ტაიმი ფრედ - 36:36 დასრულდა, მესამე პერიოდში კი სერბებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და 4-5 ქულიან ლიდერობას ინარჩუნებდნენ. სლავებმა მე-3 პერიოდი 19:14 მოიგეს და მესამე მეოთხედის შემდეგ 55:50 იგებდნენ. თამაში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო პერიოდს უნდა გადაეწყვიტა. დასკვნით მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა სერბები მცრე უპირატესობას ინარჩუნებდნენ და მესამე პერიოდისგან განსხვავებით ძირითადად 2-3 ქულით ლიდერობდნენ.

მატჩის დასრულებამდე 1.32 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი სროლებით ანგარიში გაათანაბრა - 63:63. დაცვაში ჩვენებმა ბურთი მოიპოვეს და დუდა სანაძემ საჯარიმოს ხაზიდან საართველო მეორე მეოთხედის შემდეგ პირველად დააწინაურა - 65:63 დასრულებამდე 1 წუთით ადრე.

საფინალო სირენამდე 53 წამით ადრე ბოგდანოვიჩი საჯარიმოდან ათანაბრებს ანგარიშს. დუდა სანაძემ 36 წამით ადრე ოქროს სამქულიანი ჩააგდო - 68:65. სერბები 1 საჯარიმოს აგდებენ და ჩამორჩენას 2 ქულამდე ამცირებენ, ქართველები კი შეტევაში ბურთს კარგავენ და ევროპული კალათბურთის გრანდებს თამაშის გადასარჩენად 23 წამი რჩებათ. საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა, სერბებმა კი კუთხიდან მოახერხეს პოტენციურად გამარჯვების სამქულიანის სროლა, მაგრამ ვლადიმირ ლუჩიჩის ნატყორცნი არაზუსტი აღმოჩნდა და საქართველომ გაიმარჯვა!

ჩვენს ნაკრებში 21 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია. 10 ქულა დააგროვა დუდა სანაძემ, ხოლო გიორგი ცინცაძემ 9, შერმადინმა კი 8 ქულა მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები 25 აგვისტოს, თბილისის დროით 19:45 საათზე იტალიას შეხვდება. ქართველები აკროპოლისის წარმომადგენლობითი ტურნირის მოგების უმთავრესი კანდიდატები არიან. იტალიამ სერბეთთან 8 ქულით წააგო, ხოლო ბერძნებს დღეს ეთამაშება.

24 აგვისტი, 2017. საერთაშორისო ტურნირი - აკროპოლისის თასი. საბერძნეთი, ათენი, OAKA არენა
68:66 სერბეთი
საქართველო: მაიკლ დიქსონი (8 ქულა), ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, გიორგი ცინცაძე (9), გიორგი შერმადინი (8), დუდა სანაძე (10), მანუჩარ მარკოიშვილი (კაპ, 6), მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია (21), ბექა ბექაური, გოგა ბითაძე (6), ილია ლონდარიძე
მწვრთნელი: ილიას ზუროსი (საბერძნეთი)

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს