საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
თორნიკე შენგელიას ნბა-ში თამაშის შანსი ეძლევა. 20 წლის ქართველი კალათბურთელი ნბა-ს დრაფტის მეორე რაუნდში 24-ე ნომრად აირჩია "ფილადელფია სიქსერზმა", თუმც მასზე უფლებები "ბრუკლინ ნეთსს" დაუთმო.
"ბრუკლინ ნეთსს" ამ დრაფტზე როგორც პირველ ასევე მეორე რაუნდში არჩევანის გაკეთების უფლება წინასწარ ჰქონდა სხვა გუნდებისთვის დათმობილი და "ფილადელფიას" გარკვეული თანხა გადაუხადა შენგელიაზე უფლებებისთვის.
ჯერჯერობით არაა ცნობილი, დარჩება თუ არა შენგელია საზაფხულო კემპებზე, სადაც "ბრუკლინის" ხელმძღვანელები ახალგაზრდა მოთამაშეებს დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, გაუფორმონ თუ არა ახალბედებს კონტრაქტი.
"ნეთსმა" წლევანდელი სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდში 12-ე ადგილზე დაასრულა და ვერ მოხვდა პლეი ოფში.
გუნდის ლიდერია ამერიკის ნაკრების წევრი დერონ უილიამსი. ამავე გუნდშია შარშან ქართულ კლუბ "არმიაში" ნათამაშები სანდიეტა გეინსი.
უშუალოდ შენგელიას ამპლუაში, თავდამსხმლის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში თამაშობს კრის ჰამფრიზი, რომელსაც არცთუ კარგი შემცვლელები ჰყავს და კლუბმა სავარაუდოდ ამიტომ ისურვა შენგელიას შემატება.
აღსანიშნავია, რომ "ბრუკლინის" მეპატრონეა რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი, რომელიც რუსეთში მოქმედი მთავროპის აქტიური ოპოზიციონერია.
პროხოროვმა კლუბ "ნეთსს" წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ დისლოკაციის ადგილი შეუცვალა - ნიუ ჯერსიდან ნიუ იორკში, კერძოდ კი ბრუკლინში გადაიყვანა და კლუბი უკვე "ბრუკლინ ნეთსის" სახელთ მოიხსენიება.
სამინისტროს პრესსამსახური