სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, საქართველოს ნაკრებში სრული საბრძოლო განწყობაა

თარიღი: 2017 აგვისტო 28


28 აგვისტოდან უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც მონაწილეობას 126 ქვეყნის 731 სპორტსმენი მიიღებს. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს, 27 აგვისტოს, ბუდაპეშტის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" ჩემპიონატის ოფიციალური კენჭისყრა და პრესკონფერენცია გაიმართა.

იხილეთ კენჭისყრის შედეგები
საქართველოს ნაკრებიდან ჩემპიონატს ამირან პაპინაშვილი (60 კგ) გახსნის


კენჭისყრას სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, საქართველოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან  ერთად, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ასევე წარმოადგენს ოლიმპიური მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი მიიწვია, რომელსაც ჟურნალისტების კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა. მოგვიანებით, ლიპარტელიანი, დავით ქევხიშვილთან ერთად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ფედერაციის დაარსების 65 წლის გალა-დაჯილდოებაზეც დაპატიჟა, სადაც ქართველი სპორტსმენი საუკეთესო ძიუდოისტის ნომინაციაზე წარადგინეს.

საინტერესოა, რომ ნომინანტებს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, 2014 წლის მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბუდაპეშტის ოპერაში გამართულ ღონისძიებაზე, საუკეთესო ძიუდოისტად გალა-დაჯილდოების ორგანიზატორებმა ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი დაასახელეს.


ჩემპიონატოს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე - საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი, ამერიკის ნაკრების წევრი მარტი მელოი და უნგრეთის ნაკრების წევრი ტოტ კრისტიანი.

„როგორც იცით, 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიასპარეზე და ვერცხლის მედალი მოვიპოვე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს გახლდათ ჩემი ბოლო გამოსვლა 90 კილოგრამში, მას შემდეგ წონა შევიცვალე და ახლა 100 კილოგრამში გამოვდივარ.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მსურდა რიოს ოლიმპიური ჩემპიონობა სწორედ 90 კილოგრამში, ეს ჩემი ოცნებაც იყო, რადგან ამ კატეგორიაში საქართველოს მართლაც დიდი მიღწევები აქვს - 2004 წელს ზურაბ ზვიადაური, ხოლო 2008 წელს ირაკლი ცირეკიძე ოლიმპიური ჩემპიონები სწორედ 90 კილოგრამში გახდნენ და მეც ამ ტრადიციის გაგრძელება მინდოდა, თუმცა, ფინალში დავმარცხდი.

მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, ისევ 90 კგ-ში რომ მეჭიდავა, საკმაოდ ბევრი კილოგრამის დაკლება მიწევდა და გადავწყვიტე წონა შემეცვალა. ახლა, უკვე ახალი ძალებით, ახალ წონით კატეგორიაში ჩემს მაქსიმუმს გავიღებ იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიო" - განაცხადა პრესკონფერენციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა.  

ლიპარტელიანი ბუდაპეშტის ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენზე, რომელიც 10 000 მაყურებელს იტევს, 2 სექტემბერს იბრძოლებს მედლისთვის. ჯამში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუდაპეშტში 15 სპორტსმენით ჩაფრინდა, ინდივიდუალურ შეჯიბრში სულ 12 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, 3 ძიუდოისტი კი ნაკრებს გუნდურ შეჯიბრში დაემატება.


მსოფლიოს ჩემპიონატი, ბუდაპეშტის ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენაში გაიმართება, რომელიც 10 000 მაყურებელს იტევს

აღსანიშნავია, რომ გუნდური ჩემპიონატი ეროვნული ნაკრებების დონეზე პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით - ქალთა და ვაჟთა შერეული გუნდით, რომელშიც ორივე სქესის 3-3 წარმომადგენელი იქნება. გუნდურ შეჯიბრზე, ვაჟთა წონებია 73, 90 და +100, ქალების კი - 57, 70 და +78. გუნდურ შეჯიბრში, რომელიც ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 3 აგვისტოს გაიმართება, სულ 21 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

„მთლიანობაში, გუნდში საბრძოლო განწყობაა და მოტივაციაც მაღალია. ბუდაპეშტში ნამდვილად რთული იქნება წარმატების მიღწევა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე უძლიერესი სპორტსმენები ასპარეზობენ.

ზოგადად, ჩემპიონატის საორგანიზაციო დონეც ძალზე მაღალია და კენჭისყრის შედეგებიდანაც ჩანს, რომ იოლი არცერთ წონაში არ იქნება ჩემპიონობა და დასახული მიზნის მიღწევაც მხოლოდ ბოლომდე ბრძოლით გახდება შესაძლებელი. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმლაურად ვიბრძოლებთ გუნდურ შეჯიბრშიც, რომელიც პირველად გაიმართება მამაკაცთა და ქალთა შერეულ ნაკრებებს შორის და ვეცდებით შანსის გამოყენებას საპრიზო სამეულში მოსახვედრად." - განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ.


საქართველოს დელეგაციის წევრები ჩემპიონატის კენჭისყრაზე - ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე, ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ოლიმპიური მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

მსოფლიოს ჩემპიონატზე სარეკორდოდ ბევრი, 700-მდე ჟურნალისტია აკრედიტირებული, ჩემპიონატს ქართველი ჟურნალისტებიც გააშუქებენ. 28 აგისტოდან ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც გადაიცემა. ძიუდოს მოყვარულებს მსოფლიო ჩემპიონატის ხილვა ექსკლუზიურად სპორტულ ტელეარხ „სილქ უნივერსალზე" შეეძლებათ, ინტერნეტტრანსლაცია კი ვებსაიტ www.ippon.tv-ზე გადაიცემა.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მამაკაცები

-60კგ - ამირან პაპინაშვილი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ - გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი

ქალები


-57კგ - მარიამ ჯანაშვილი
-70კგ - ნინო ოძელაშვილი
+78კგ - ელენე ქებაძე.

გუნდურ შეჯიბრში ნაკრებს დაემატებიან: ლაშა გიუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ესტერ სტამი.



ჩემპიონატის პროგრამა

28 აგვისტო -60კგ, -48კგ
29 აგვისტო -66კგ, -52კგ
30 აგვისტო -73კგ, -57კგ
31 აგვისტო -81კგ, -63კგ
1 სექტემბერი -90კგ, -70კგ, -78კგ
2 სექტემბერი 100კგ, +100კგ, +78კგ
3 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრი.

შეხვედრების დასაწყისი 12:00, ფინალური ბლოკი 18:00.
გუნდური შეჯიბრის დასაწყისი 11:00, ფინალური ბლოკი 18:00


ბუდაპეშტის ცენტრში სპეციალურად ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის აღმართული ქანდაკება

გიორგი ჭანიშვილი www.msy.gov.ge-სთვის ბუდაპეშტიდან
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 19
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15-17 სექტემბერს სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოში.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შეიცვალა, მედლის მოპოვება ახალ წონაშიც მოახერხა. იგი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი -100კგ წონით კატეგორიაში გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 30
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!