სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დიორი 2017: ინტერვიუ ემზარ ზენაიშვილთან

თარიღი: 2017 ივლისი 20


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება - XIV თამაშებს უნგრეთის ქალაქი დიორი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.
ორი წლის წინ ფესტივალი თბილისში ჩატარდა. საქართველოს დედაქალაქში გამართული შეჯიბრება ორი ახალი მიღწევით აღინიშნა: ტურნირში პირველად მონაწილეობდა ევროპის 50 ქვეყნის გუნდი, მედლების კომპლექტი კი სპორტის 9 სახეობაში გათამაშდა.
ოლიმპიური ფესტივალის სპორტული პროგრამა წელს კიდევ ერთი სახეობით გაიზარდა: მძლეოსნების, კალათბურთელების, ველომრბოლების, ტანმოვარჯიშეების, ხელბურთელების, ძიუდოისტების, მოცურავეების, ჩოგბურთელების და ფრენბურთელების მხარდამხარ მედლებს კანოისტებიც გაითამაშებენ. რაც შეეხება მონაწილე ქვეყნებს, მასპინძლები ვარაუდობენ, რომ თბილისი 2015-თან შედარებით მათი რაოდენობა არ შემცირდება.
როგორ ემზადება საქართველოს გუნდი XIV ფესტივალისთვის და რამდენ მედალს მოიგებენ ქართველი სპორტსმენები? დიორი 2017-თან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს ვესაუბრეთ.

საქართველო მეცამეტედ მონაწილეობს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. კმაყოფილი ხართ თუ არა სპორტსმენთა მომზადებით?
ცოტა შორიდან დავიწყებ: ჩვენი გუნდის დებიუტი ამ შეჯიბრებაში 1993 წელს, ჰოლანდიის ქალაქ ვალკენსვაარდში შედგა. მას შემდეგ საქართველო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მუდმივი მონაწილეა. სადღეისოდ ფესტივალში 427-მა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, გუნდმა კი საერთო ჯამში 68 მედლის მოგება შეძლო. ვფიქრობ, ეს კარგი მაჩვენებელია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჯილდოების რაოდენობა დიორში კიდევ გაიზრდება. სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები გვაიმედებენ, რომ მედლები, მათ შორის ოქროსი, აუცილებლად იქნება. თუ რამდენ მედალს მოიპოვებს გუნდი, ამას ერთად ვნახავთ.

საქართველოს გუნდის მიერ მოგებული 68 მედალი ახსენეთ. ლომის წილი ძიუდოისტებისაა - მათ აქტივში 59 ჯილდოა. სავარაუდოდ, ახალგაზრდა ძიუდოისტებს უნგრეთშიც არ უნდა გაუჭირდეთ პრიზიორთა შორის მოხვედრა... მათ გარდა კიდევ რა სახეობებში ვიხილავთ ქართველ სპორტსმენებს?
ფესტივალის პროგრამაში შესული 10 სახეობიდან ქართველები 7-ში იასპარეზებენ. ძიუდოისტები სრული შემადგენლობით იქნებიან - საქართველოს ღირსებას 8 ვაჟი და 4 გოგონა დაიცავს, ანუ ყველა წონაში გვეყოლება ათლეტი. გუნდშია 7 მძლეოსანი (4 ვაჟი, 3 გოგონა), 3 ჩოგბურთელი (ვაჟი და 2 გოგონა), თითო მოცურავე ვაჟი და გოგონა, 2 ველომრბოლი ვაჟი და 2-2 წარმომადგენელი სპორტულ ტანვარჯიშში. რაც შეეხება ფესტივალის ახალ სპორტის სახეობას - კანოეს, აქ 3 ქართველ ვაჟს ვიხილავთ.
დასამალი არაფერია: ყველაზე მეტ მედალს ძიუდოისტებისგან ველით. თუ ფესტივალში საქართველოს გამარჯვებებს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები დომინირებენ: ჩვენი გუნდის მიერ მოგებული 22 ოქროდან 17 ძიუდოისტებისაა და საერთოდ, 68 მედლიდან მათ 59 მოიპოვეს, რაც დამეთანხმებით, შთამბეჭდავია. მწვრთნელები გვაიმედებენ, რომ ძიუდოისტებისგან დიორში აუცილებლად იქნება ოქრო, ასევე სხვა სინჯის მედალი. ვნახოთ, იმედია სიტყვა საქმედ იქცევა.
სხვა სახეობებს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა გამოვყო ერთი ტანმოვარჯიშე გოგონა, რომელიც გუნდს პირდაპირ უნგრეთში შეუერთდება. ის ცნობილი სპორტსმენის სოფო მანაგაძის ქალიშვილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარჯიშობს და საქართველოს სახელით გამოსვლაზე დავითანხმეთ. მიმაჩნია, რომ მას პრიზიორთა შორის მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

დიორში საქართველოს სახელით 33 სპორტსმენი იასპარეზებს. ამაზე წარმომადგენლობითი გუნდი, თუ არ ვცდები, მხოლოდ ორჯერ გვყავდა...
უფრო სწორად სამჯერ, თუმცა თბილისი 2015 არ უნდა ჩავთვალოთ, რადგან ორი წლის წინ, როგორც ფესტივალის მასპინძლებს, ყველა გუნდურ სახეობაში ასპარეზობის უფლება დაგვრთეს. ამის გამო მონაწილეთა საერთო რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - თბილისში 137 სპორტსმენი გვყავდა...
1993 წელს, ვალკენსვაარდში, როცა საქართველომ პირველად იასპარეზა ფესტივალში, გუნდში 59 სპორტსმენი იყო, 1997 წელს, ლისაბონში კი 36. ორივე შემთხვევაში მონაწილეთა რაოდენობა ფეხბურთელთა გამო გაიზარდა. სხვათა შორის, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ გუნდურ სახეობაში ორჯერ მოიგო ოქრო და ორივე შემთხვევაში ფეხბურთელებმა გვასახელეს: პირველად ლისაბონში, 1997 წელს, მეორედ კი იტალიის ქალაქ ლინიანოში, 2005 წელს. სამწუხაროდ, მოგვიანებით ფეხბურთი ფესტივალის პროგრამიდან ამოიღეს, სხვა გუნდურ სახეობაში კი წარმატებით ვერ გამოვირჩევით...

ფესტივალი 22 ივლისს იწყება. როდის გაემგზავრება საქართველოს გუნდი დიორში? ვინ იქნება მედროშე?
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკია იქნება - ის რამდენიმე დღით ადრე ჩავა დიორში სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოსაგვარებლად. გიორგი აპრილში ერთხელ უკვე ეწვია მასპინძელ ქალაქს, სადაც კოლეგებთან ერთად მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობდა...
საქართველოს დელეგაციის გაცილების საზეიმო ცერემონია 21 ივლისს, ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტში შედგება, სადაც ავირჩევთ კიდეც გუნდის მედროშეს.
ჩვენი გუნდი საკმაოდ დიდია - 33 სპორტსმენის გარდა ოლიმპიურ სოფელში მწვრთნელები და ექიმებიც იცხოვრებენ, საუბრია დაახლოებით 55 ადამიანზე.
დელეგაციის ხელმძღვანელი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბატონი ლერი ხაბელოვი, ასევე კიდევ რამდენიმე წევრი უშუალოდ ქალაქში, სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად დაბინავდება.

თბილისი 2015-ის დასრულებიდან ორი წელი გავიდა. ეს საკმაო დროა ასეთი დიდი საერთაშორისო შეჯიბრების გასაანალიზებლად და შესაფასებლად. საინტერესოა თქვენი, როგორც ქართული სპორტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის აზრი საქართველოს დედაქალაქში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
თბილისი 2015 ყველა შემთხვევაში დადებით მოვლენად უნდა განვიხილოთ, რადგან ამ მართლაც მაღალ დონეზე ორგანიზებულმა შეჯიბრებამ არა მხოლოდ კარგი მოგონებები დაგვიტოვა.
მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წყალობით დედაქალაქს რამდენიმე ახალი სპორტული ობიექტი და კიდევ ორი გარემონტებული არენა შეემატა. ეს უდიდესი მონაპოვარია, რომელიც ცხადია, ჩვენი სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ინფრასტრუქტურა ხომ ჩინებულია, მაგრამ არანაკლებ დასაფასებელია ის გამოცდილება, რაც თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტში დასაქმებულებმა მიიღეს: ვგულისხმობ ყველა რგოლის წარმომადგენლებს მოხალისეების ჩათვლით. ჩვენ უკვე გვყავს საკმაოდ სოლიდური და გამოცდილი გუნდი, რომელმაც იცის როგორ უმასპინძლოს მაღალი დონის დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას.
წმინდა სპორტული ინტერესი გვერდზე რომ გადავდოთ, დიორი 2017-ს კიდევ იმიტომ ველი, რომ მაინტერესებს: რამდენად კარგად შეძლებენ უნგრელები ასეთი ღონისძიების მიღებას, გვაჯობებენ თუ არა საორგანიზაციო საკითხებში, რა გამოუვათ ჩვენზე უკეთ და რა - არა...
საქართველოსთვის, ქართული სპორტისთვის თბილისი 2015 სხვა კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს ფესტივალი მთელი მსოფლიოსადმი საქართველოს გზავნილად მიმაჩნია: რომ ჩვენ, ამ პატარა, მაგრამ უდიდესი სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყანას ასეთი დიდი შეჯიბრების მასპინძლობა შეგვიძლია. ალბათ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ევროპის XIII ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა ყველა ჩვენგანს ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინა, თბილისის სტუმრებისთვის კი ის, დიდი იმედი მაქვს, თბილ მოგონებად დარჩა.

ბოლო წლებში საქართველომ არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, 2017 წელი კი ამ მხრივ უდავოდ გამორჩეულია: ძიუდოს გრან-პრი, ევროპის ჩემპიონატები ფარიკაობაში, უშუში, სუმოში, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის პირველობა... აგვისტოში თბილისში ტარდება ახალგაზრდა ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი, სექტემბერში - ქალ ფრენბურთელთა ევროპის პირველობა... როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა საქართველოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მსგავსი ან უფრო დიდი ტურნირის მიღება?
ის შეჯიბრებები, რომელიც თქვენ ახსენეთ, აშკარად მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა დიდი სპორტული ღონისძიებების მისაღებად მზადაა. თბილისი 2015-ს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ეს, ცხადია, სასიხარულოა. ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის სათანადოდ მასპინძლობის შემდეგ ახალ გამოწვევებზეც ვფიქრობთ, თუმცა აჩქარება საჭირო არაა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ უახლოეს მომავალში საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის მოემზადება. ყველა ვხედავთ, რომ საქართველოში საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდება მაღალმთიანი კურორტები: ბაკურიანსა და გუდაურზე რომ არაფერი ვთქვა, სათხილამურო ტრასები მოეწყო აჭარის მაღალმთიან რეგიონსა და სვანეთში... მიმაჩნია, რომ ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ყველაზე კარგი პირობებია ბაკურიანში, თუმცა საამისო განაცხადის გასაკეთებლად, ცხადია, ბევრი რამაა გასაკეთებელი. დღეს მთავარია, რომ წინსვლა არ შეჩერდეს - წლიდან წლამდე ვუმასპინძლოთ საერთაშორისო შეჯიბრებებს. ეს გამოცდილებასაც შეგვძენს და ინფრასტრუქტურასაც ეტაპობრივად გავაუმჯობესებთ. დიდი ტურნირები იოლად არ მოდის. საამისოდ მოთმინება და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

ესაუბრა ლაშა გოდუაძე
ჟურნალი ოლიმპიელი (ზაფხული, 2017)

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 17
ალბანეთის ქალაქ დურესიდან, სადაც ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა, სასიხარულო ცნობა მოვიდა - 2019 წელს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს! ეს ამბავი ჩვენი ქვეყნის სპორტის და ზოგადად ქართული ძალოსნობის მორიგი აღიარებაა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს 28 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით გახლდათ აღსანიშნავი.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 05
თბილისის ივენთჰოლმა გუშინ წყალბურთის კლუბის დინამოს პრეზენტაციას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამო წყალბურთს 22-წლიანი შესვენების შემდეგ წლის დასაწყისში დაუბრუნდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 03
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ლისის იპოდრომზე ქართველი ცხენოსნები მოინახულა. სპორტსმენებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 02
კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 23-30 სექტემბერს გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა: 15-წლამდელებში კონტინენტის ჩემპიონები გურამ გიორბელიძე (62კგ) და ლაშა თაქთაქიშვილი  (94კგ) გახდნენ.