სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დიორი 2017: საქართველოს გუნდი ოლიმპიური კომიტეტიდან გააცილეს

თარიღი: 2017 ივლისი 21


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი


სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გიორგი გოგშელიძე
2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა


23-29 ივლისს უნგრეთის ქალაქი დიორი ევროპის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. საქართველოს გუნდის გაცილების საზეიმო ცერემონია დღეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა.

ღინისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის მესვეურები და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ, რომლებმაც ახალგაზრდა სპორტსმენებს გზა დაულოცეს.

ცერემონიის დასაწყისში ლერი ხაბელოვმა დამსწრე საზოგადოებას ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამცნო: თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძეს, რომელმაც 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ოფიციალურად გადაეცა თამაშების მეორე პრიზიორისთვის განკუთვნილი ვერცხლის მედალი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომს სოკ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის ჟაკ როგეს ხელმოწერა ამშვენებდა. პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ყაზახი თაიმურაზ ტიგიევი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა და ვერცხლის მედალი ჩამოერთვა, შესაბამისად გოგშელიძემ პრიზიორთა შორის ერთი ადგილით აინაცვლა...

22 ივლისს, საქართველოს ოლიმპიური გუნდი დიორში ამ შემადგენლობით გაემგზავრება: გოგა ჩხაიძე, ბექა წიფიანი, გურამ ძავაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლევან ფსუტური, მიხეილ ბექაური, ლევან ჭელიძე, ეკატერინე ტატუნაშვილი, თინათინ რევაზიშვილი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი (ყველა ძიუდო), მიხეილ ცანავა, გიორგი კეკიშვილი, გიორგი კარდაშიანი, თემურ მამედოვი, მარიამ ფხალაძე, ბელა ჭკადუა, სალომე ჩახვაშვილი (მძლეოსნობა), ბიძინა სიჭინავა, ლევან სხილაძე, ლალი დეკანოიძე, ანა სუბოტინა (სპორტული ტანვარჯიში), ლაშა-გიორგი კიკვიძე, თამარ გაგოშიძე, დალიდა ქადარია (ჩოგბურთი), ბაჩანა გოჩაშვილი, ჯუმბერ ჩხუტიაშვილი, გია გაბედავა (კანოე), თინათინ კევლიშვილი, ლუკა კუხალაშვილი (ცურვა), ავთანდილ ფირანიშვილი, თორნიკე ხაბაზი (ველოსპორტი).

გასაკვირი არაა, რომ საქართველოს საფესტივალო გუნდში ყველაზე მეტი ძიუდოისტია. ტურნირის ისტორიაში ჩვენს გუნდს ყველაზე მეტი მედლები სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებმა მოუტანეს. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, თბილისში გამართულ ოლიმპიურ ფესტივალზე სწორედ ძიუდოისტებმა იასპარეზეს ყველაზე უკეთ: მათ აქტივში 4 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი იყო.

სპორტსმენებს 11 მწვრთნელი მიჰყვებათ, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს კი სამი ქართველი მსაჯი მოემსახურება: რუსუდან სიხარულიძე და ბესარიონ გამსახურდია სპორტულ ტანვარჯიშში, ხოლო მერაბ ლოსეურაშვილი - ძიუდოში.

დიორში დელეგაციის ხელმძღვანელი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იქნება, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი - სეროკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია. მასთან ერთად ადმინისტრაციულ ჯგუფში შედიან რუსუდან აფციაური (სეოკ) და თორნიკე გაჩეჩილაძე (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო), ასევე სამედიცინო ჯგუფის წევრები სოფიო თავხელიძე და მამუკა გალდავა.

დელეგაციის საპატიო სტუმრები ოლიმპიური სოფლის გარეთ იცხოვრებენ, მათ შორის სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი და ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე.

„მსურს გზა დავულოცო ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს და მინდა შევახსენო, რომ ამ ასაკში შეუძლებელი არაფერია, არ არსებობს დაუმარცხებელი მეტოქე და მიუღწეველი მიზანი. მინდა ახალგაზრდა ვაჟებსა და გოგონებს, ქართული სპორტის მომავალს წარმატება ვუსურვო! იმედს ვიტოვებ ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი - უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, დიორშიც გამართლდება და საქართველოს გუნდი უფრო მეტ მედალს მოიპოვებს, ვიდრე ეს ორი წლის წინ, თბილისში შეძლო", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეები სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა კახი კახიაშვილმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა შოთა ხაბარელმაც გაამხნევეს.

ფესტივალი 23 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება - საქართველოს გუნდის მედროშე ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი იქნება. 29 ივლისს დახურვის ცერემონია გაიმართება, 30 ივლისს კი დელეგაცია სამშობლოში დაბრუნება.

2019 წელს ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს, 2021 წელს კი ტურნირი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 01
აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 62 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა შოთა მიშველიძემ და ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 29
26-29 ნოემბერს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, პნევმატური პისტოლეტიტან სროლაში, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის, შოთა ქველიაშვილის სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი და ასევე  საქართველოს ღია პირველობა გაიმართა მამაკაცთა და ქალთა შორის.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017-2018 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა ფიგურული ციგურაობის სამყაროში, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის გამორჩეულად დაძაბული, ფედერაციებისათვის კი ორგანიზაციულად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი.