სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

წიგნის პრეზენტაცია: „რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე“

თარიღი: 2017 სექტემბერი 13


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წიგნის - „რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე" - პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის ავტორი სპორტული ჟურნალისტი და პუბლიცისტი პაატა ნაცვლიშვილია. უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი და უხვად ილუსტრირებული წიგნი „რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე" საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოიცა.

პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტული ფედერაციების მესვეურები, ვეტერანი სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. სამინისტროში თავი მოიყარეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებლებმა, ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა, ფრენბურთელმა ვაჟა კაჭარავამ და გაზეთ ლელოს საპატიო რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ. საგულისხმოა, რომ რობერტ შავლაყაძე, რომელიც 84 წლის გახლდათ, წიგნის ავტორთან, პაატა ნაცვლიშვილთან ერთად ასევე სეოკ-ის დაფუძნების მოთავე გახლდათ.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის ოჯახის წევრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო!
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლეულს რამდენიმე კარგი გამოცემით გაგვახარა, ეს წიგნი კი, რომლის პრეზენტაციასაც ვესწრებით, ხარისხით უდავოდ გამორჩეულია! თუმცა, ბატონი რობერტი და მისი სპორტული კარიერა ამაზე ნაკლები დონის გამოცემას, ასეთ ყოვლისმომცვლელ წიგნს ნამდვილად არ იმსახურებს.
ბატონი რობერტი ქართული სპორტის ლეგენდაა და ეს არ გახლავთ გადაჭარბებული სიტყვები. ის, რაც ჩვენმა საამაყო მძლეოსანმა რომის ოლიმპიადაზე მოახერხა, მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია: ოლიმპიური ოქრო უძლიერეს ამერიკელ სპორტსმენებთან ორთაბრძოლაში მოიპოვა და თან, ოლიმპიური რეკორდით!
დარწმუნებული ვარ, იმ წლებში მძლეოსნობაში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები რომ ჩატარებულიყო, ბატონი რობერტის კარიერა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.
მსურს ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ასეთი კარგი და მაღალი დონის გამოცემა, თანამედროვე სპორტსმენებს კი დიდი გამარჯვებები ვუსურვო, რათა წლების შემდეგ მათ შესახებაც გამოიცეს ასეთი კარგი წიგნები", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


წიგნის შესახებ ისაუბრეს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა, პაატა ნაცვლიშვილმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა ნუგზარ რუხაძემ, დემიკო ლოლაძემ, გია გორგოძემ, თენგიზ გაჩეჩილაძემ. პრეზენტაციას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე უძღვებოდა.

რობერტ შავლაყაძე რომის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორია. ქართველმა მძლეოსანმა სიმაღლეზე ხტომაში გაიმარჯვა: მსოფლიოს ხუთგზის რეკორდსმენს, ამერიკელ ჯონ თომასს და მის თანამემამულეს, წინა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ჩარლზ დიუმასს აჯობა! მეტიც - თავად დაამყარა ოლიმპიური რეკორდი და გააცამტვერა მითი ამერიკელთა უძლეველობის შესახებ. სწორედ შავლაყაძე აღმოჩნდა ის პირველი ევროპელი სპორტსმენი, რომელმაც დაამხო ამერიკელთა მრავალწლიანი ჰეგემონია სიმაღლეზე ხტომაში და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველი მძლეოსნის ტრიუმფის მეორე დღეს „ნიუ იორკ ტაიმსში" ჯონ თომასის სანუგეშოდ დაბეჭდილ ამ სიტყვებს ამოიკითხავდით: „თომასი ჯერ ახალგაზრდაა, მომავალი წინ აქვს და მისთვის უკეთესია, თუ შეძლებს ამ მარცხის გმირულად გადატანას. ოღონდ, უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო დიდია და განუწყვეტლივ წარმოშობს ახალ შავლაყაძეებს".

რომის ოლიმპიადის გარდა რობერტ შავლაყაძემ 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, 1957-1963 წლებში სოციალისტური ქვეყნების თამაშები, 1958-1962 წლებში კი ძმები ზნამენსკების პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი. 1960 წელს ქართველ მძლეოსანს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა.

რობერტ შავლაყაძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი გახლავთ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 21
21 სექტემბერს სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში" მდებარე ფრენბურთის არენაში ჩატარდა ტაეკვონდოს სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის. 30-მდე ქართველ სპეციალისტს სემინარი ჩაუტარა სამხრეთ კორეიდან ჩამოსულმა ორმა სპეციალისტმა - ლიმ ჯაე ჰიონმა (მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმმა (მე-6 დანი).
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხევედრა 22 სექტემბერს იტალიის ეროვნულ გუნდთან ელის, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, 23 სექტემბერს ასევე 17:00 საათზე გაიმართება საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი, 24 სექტემბერს კი საქართველო ბელარუსთან ითამაშებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 20
გორის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში ახალი სასწავლო წლის პრეზენტაცია გამართეს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 15
ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელი მიენიჭა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 14
2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს პარიზი, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს - ლოს-ანჯელესი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა პერუს დედაქალაქ ლიმაში დღეს დაწყებულ სოკ-ის 131-ე სესიაზე.