სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: მანუჩარ მაჩაიძე

თარიღი: 2015 აპრილი 22


თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი - მანუჩარ მაჩაიძე
(ფოტოკოლაჟი: fcdinamo.ge)

ქართული ფეხბურთის ისტორიას არაერთი დიდებული კაპიტანი ახსოვს.
ორმა ქართველმა საბჭოთა კავშირის მთავარი საფეხბურთო გუნდისთავის სამკლაურიც მოირგო - მურთაზ ხურცილავამ და ალექსანდრე ჩივაძემ.
ამ ორ დიდებულ მოთამაშეს შორის მანუჩარ მაჩაიძე ერთგვარ ხიდად იქცა: ხურცილავამ სწორედ მაჩაიძეს ჩააბარა თბილისის „დინამოს" გუნდისთავობა, 1980 წელს კი, მაჩაიძის კლუბიდან არცთუ უხმაუროდ წასვლის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძემ მისგან მიიღო კაპიტნის სამკლაური.
მაჩაიძე დიდებული ფეხბურთელი იყო და „დინამოს" ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ხელხვავრიელ კაპიტნად რჩება: 1978 წლის საჩემპიონო სეზონში და 1976 და 1979 წლებში, როცა გუნდმა საბჭოთა კავშირის თასი აღმართა, სწორედ ის გახლდათ კაპიტანი!
მანუჩარ მაჩაიძე, გულშემატკივართათვის „მანო", გამორჩეული იყო მინდორზეც და მის მიღმაც.
თბილისის „დინამოს" 70-იანი წლების ერთ-ერთ ვარსკვლავს მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

* * *
...დავიბადე ამბროლაურში, 1949 წლის 25 მარტს. 2 თუ 3 წლის ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობა სწორედ დედაქალაქში გავატარე. დღემდე კარგად მახსოვს იმდროინდელი ქალაქი, გაღიმებული სახეები, 1 მაისისა და 7 ნოემბრის აღლუმები...

...ფეხბურთის თამაში 35-ე საფეხბურთო სკოლაში დავიწყე - მშობლებმა მიმიყვანეს. ჩემი პირველი მწვრთნელი ვანო შუდრა იყო, ჩინებული ადამიანი და არანაკლებ კარგი სპეციალისტი. იგივეს თქმა შემიძლია სხვა მწვრთნელებზე: გვარჯალაძეზე, კიკნაძეზე, მერკვილაძეზე, ვოვა ელოშვილზე...

...1967 წელს თბილისის „დინამოს" დუბლშემადგენლობაში მოვხვდი - პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა ამიყვანა. ერთი წლის შემდეგ უკვე მთავარ გუნდში ვითამაშე - ტაშკენტის „ფახთაქორთან" მატჩში სოლოვიოვმა ბოლო 20 წუთით შემიშვა მინდორზე. მაშინ 19 წლის ვიყავი და ნახევარდაცვაში ვიასპარეზე. კარიერის მანძილზე ნახევარდაცვის ცენტრშიც მითამაშია, ფლანგზეც, მცველადაც და თავდასხმაშიც, თუმცა უმთავრესად საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი.

...ხმები, თითქოსდა „დინამოში" კონკრეტულ ბიჭებთან ვმეგობრობდი, ტყუილია. იქ ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ჯერ კიდევ გავრილ კაჩალინის დროს ჩამოვკიდებდი კედელზე ბუცებს.

...არ ვთვლი, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. ამას ისინი მაბრალებდნენ, ვის მიმართაც მკაცრი ვიყავი. მე, როგორც გუნდის კაპიტანი, ყველასგან მაქსიმუმ ვითხოვდი და არცთუ უსაფუძვლოდ. თუ გსურს, რომ წარმატებას მიაღწიო, ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთო. სწორედ ამას ვითხოვდი ყოველთვის და ეს თუ სიმკაცრეა, არ ვიცი.

...ჩვენ ახალკაცამდეც გვყავდა კარგი გუნდი. დღეს არავინ ახსენებს, რომ ალიოშა კოტრიკაძის მწვრთნელობის დროს „კარაველას" თასი მოვიგეთ. იმ ტურნირზე ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო" და პორტუგალიური გრანდი „ბენფიკა" დავამარცხეთ!

...„დინამოში" თავიდანვე „უპატრონო" ვიყავი - არც მფარველი მყოლია, არც ვინმეს გამოუდია თავი ჩემს გადასარჩენად. სულ ჩემით გავიკაფე გზა!

...1972 წელს, ჩემპიონატის მეორე წრისთვის, ერევანში ახალი სტადიონი გაიხსნა - „ჰრაზდანი". ჩვენთან შეხვედრამდე „არარატმა" „ჰრაზდანზე" რამდენიმე მატჩი ითამაშა და ერთხელაც არ წაეგო. თბილისის „დინამოსთან" მატჩმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, თუ არ ვცდები, 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ჩვენ თამაშს! უმეტესობას ეგონა, რომ „არარატი" 4, 5 ან 6 ბურთით მოგვიგებდა - ასეთი განწყობა იყო მატჩის წინ. მოტივაცია ჩვენც დიდი გვქონდა - პირველ წრეში ხომ თბილისში დიდი ანგარიშით დავმარცხდით. მატჩი ახალი დაწყებული იყო, ასე მე-8 თუ მე-10 წუთი იქნებოდა, როცა მოედნის ცენტრში მივიღე ბურთი, 2 თუ 3 მეტოქე ჩამოვიცილე და მარჯვენა ინსაიდის პოზიციიდან, „არარატის" საჯარიმოში არშესულმა ისე დავარტყი, რომ შორეულ კუთხეში გავუტანე აბრამიანს! მალე ორი კაცი მოვატყუე და ისევ გავიტანე, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა - დამაჯარიმა, არადა, თამაშის წესები არ დამირღვევია. ის თამაში მატჩი ჩვენ 1:0 მოვიგეთ!

...ამ თამაშის წინ მეგობრებს დავენიძლავე - „არარატს" გოლს გავუტან, თანაც საწყის 10 წუთში-მეთქი! მოკლედ, სანაძლეო მოვიგე და ბიჭებმაც პურ-მარილი იკისრეს! მახსოვს, იმ სუფრაზე ჩვენთან ერთად ზურაბ ქაფიანიძეც იყო...

...სანაძლეო ხშირად დამიდია და ვიგებდი კიდეც. რატომ მიყვარდა სანაძლეო? წაკითხული მქონდა, რომ ალფრედო დი სტეფანო დიდ ფულს ჩადიოდა და მეც მისი მიბაძვა მსურდა. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად სანაძლეოს დადების ჟინმა გადამიარა და შევეშვი. მერე და მერე ამის დრო აღარც იყო.

...70-იანი წლების დასაწყისის „დინამო" 4-3-3 სქემით თამაშობდა: კარში თემურ სტეფანია, დაცვაში მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, შუაში მე, გურამ პეტრიაშვილი და ბესო მჭედლიშვილი, თავდასხმაში უფრო ხშირად ვლადიმერ გუცაევი და გივი ნოდია იყვნენ...

...შემოხეული მაისური? კი, იყო ასეთი შემთხვევაც. ეს 1977 წლის შემოდგომით, უეფას თასზე მილანის „ინტერთან" შეხვედრაში მოხდა. პირველი მატჩი მილანში, „სან სიროზე" გაიმართა და იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პერსონალური მეურვე, მარინი მომიჩინა. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ვერაფერი მომიხერხა და მერე მოხდა ის, რაც იცით. სხვათა შორის, საპასუხო შეხვედრაში თბილისში უკვე ორიალი იყო ჩემი მეურვე.

...1978 წელს, როცა მეორედ გავხდით ჩემპიონები, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი მე ვიყავი - მოთხოვნაც მოვიდა, საბუთებიც გაგზავნილი იყო, მაგრამ... ამუშავდა კაგებეს მანქანა: წავიდა წერილები, თხოვნები, ოღონდ მანუჩარ მაჩაიძე არა და ვინც გინდათ, ნებისმიერიო... პარტიულმა ნომენკლატურამ ფრთები გამოისხა და წამართვა ის, რაც ალალად მეკუთვნოდა!

...1979 წელს, ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალში, გერმანიის „ჰამბურგს" მომქანცველი სეზონის შემდეგ შევხვდით. იმ წელს სსრკ თასი მოვიგეთ, სპარტაკიადაზე ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ, ჩემპიონატშიც წარმატებით გამოვედით... ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე ინგლისის „ლივერპული" დავამარცხეთ, ის „ლივერპული", რომელმაც წინა სეზონში „ჰამბურგს", რომ იტყვიან, გადაურბინა! გერმანელებთან შეხვედრამდე სამი დღით ადრე მოსკოვში გვათამაშეს - 18-გრადუსიან ყინვაში „ლოკომოტივთან"! არ ქნა და არ გადაიტანა შეხვედრა საკავშირო ფედერაციამ. იცით, როგორი მინდორი იყო? ფიგურულ სრიალში რომ გამოდიან მოციგურავეები, ისეთი ყინული დაგვხვდა! დაჩეხილ-დამტვრეულები ჩამოვედით თბილისში და ძალების აღდგენა ვერ მოვასწარით. ამან და გადაღლამ განაპირობა ჩვენი მარცხი.

...ის, რომ წაქცეული მანუჩარ მაჩაიძე არავის ახსოვს, ტექნიკის, სისწრაფისა და აზროვნების შედეგია. ზოგი ფეხს მოიტეხავს ხოლმე უწყინარ სიტუაციაში... მომზადებული ვიყავი და ამიტომაც ვერ მაქცევდნენ მეტოქეები. შრომა არ მეზარებოდა, თავს ვიკლავდი ვარჯიშებზე... ნიჭთან ერთად შრომაც აუცილებელია. სხვანაირად ვერაფერს მიაღწევ.

...კარიერის მანძილზე ზუსტად 72 გოლი გავიტანე. საყრდენი ნახევარმცველისთვის ეს კარგი შედეგია - ჩემი პოზიციის მოთამაშეს ხომ ძირითადად თანაგუნდელების პასებით მომარაგება ევალება.

...ჩემს ძმაზე, გოჩაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. ის კარგი მცველი იყო, მაგრამ შეეძლო უფრო დიდი ფეხბურთი ეთამაშა.

...საკავშირო ნაკრებში როგორ არ მიწვევდნენ, მაგრამ თბილისიდან მითხრიდნენ ძირს - მაჩაიძე არ გამოიძახოთო! ჩემიანებმა გამიმეტეს - აქ ხომ ყველა ჩემი მოწინააღმდეგე იყო!

...1980 წელს, ოდესაში, საკავშირო ჩემპიონატის შეხვედრაში მსაჯმა გამაძევა და დისკვალიფიკაციის გამო ორი შეხვედრა გამოვტოვე. „დინამომ" ორივე მოიგო და ამის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ გამოუცხადებელი აგიტაცია დაიწყეს, ვითომ უჩემოდაც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. გუნდი მოწინააღმდეგე ბანაკებად გაიყო. ოპონენტებმა ჩემი კაპიტნობიდან გადარჩევა მოისურვეს. საამისოდ გუნდში არჩევნებიც „ჩატარდა". 20:10 მოვიგე და ხელახლა ამირჩიეს კაპიტნად, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, მხოლოდ ორი კვირით, ვინაიდან მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა დამიბარა და მითხრა, რომ გუნდიდან მიშვებდა. მიზეზი რომ ვკითხე, თურმე „თანამედროვე ფეხბურთის" თამაშში ხელს „ვუშლიდი". ამ საკითხთან დაკავშირებით არც მაშინდელი პრესა იშურებდა ჩემს მიმართ „ტკბილ" სიტყვებს და ყველას პირზე „თანამედროვე ფეხბურთი" ეკერა. ოპონენტები, ხალხი, ვინც მე მაკრიტიკებდა, თვლიდა, რომ თუ „დინამოდან" არ წავიდოდი, ქართული ფეხბურთი დაიღუპებოდა! სხვათა შორის, როცა გუნდში ვიყავი - მთელი 5 წლის განმავლობაში, თბილისში თამაში არ წაგვიგია! ჩემი წასვლის მომდევნო წლებში კი ჩვენი მოედნის ფაქტორი მეტოქეთათვის, რატომღაც, გაქრა!

...ნოდარ ახალკაცს არასდროს დავუკარგავ იმას, რაც ეკუთვნის, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 70-იანი წლების მიწურულის და 80-იანი წლების დასაწყისის წარმატებებმა იმ ფეხბურთელებზე გადაიარა, რომლებიც ახალკაცამდე 6-7 წლით ადრე მივიდნენ „დინამოში". მაგალითად, დავით გოგია, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი გავრილ კაჩალინმა მიიყვანა გუნდში, ფირუზ კანთელაძე - სოლოვიოვმა, შოთა ხინჩაგაშვილი - გივი ჩოხელმა, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, გოჩა მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვიტალი დარასელია, ვახტანგ კოპალეიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე - მიხაილ იაკუშინმა. ეს იყო თაობა, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა როგორც საკავშირო შეჯიბრებებში, ასევე ევროპულ თასებზე. 1978-ში მოგებული ჩემპიონობის შემდეგ, 79-შიც შეგვეძლო იგივე, მაგრამ... ჩვენ რომ უფრო ჭკვიანი და გამოცდილი მწვრთნელი გვყოლოდა, მიზანს მივაღწევდით!

...აღზევების შემდეგ „დინამო" კატასტროფული სისწრაფით დაეშვა დაბლა. ამის შემდეგ ნოდარ ახალკაცი დროულად და სამართლიანად გაათავისუფლეს. ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება - როცა გუნდი ცუდად თამაშობს, ეს, პირველ რიგში, მწვრთნელის ბრალია. შეიძლება ითქვას, რომ ახალკაცმა იმ დროისთვის თავის შესაძლებლობების და გამოცდილების ზღვარს მიაღწია. მე თუ მკითხავთ, ის გუნდში აღარც უნდა დაბრუნებულიყო. ვინც ის დააბრუნა, უდიდესი ცოდვა ჩაიდინა! ეს კია, რომ მაშინდელ სიტუაციაში ამგვარი გადაწყვეტილება ზემოთ მოკალათებულ ვიღაც ბიურკორატს აძლევდა ხელს, რომელიც ფეხბურთის გაგებაში არ იყო და ბრმად დგამდა ნაბიჯებს. ვიტყოდი, რომ სწორედ ამ უცოდინარობამ დაღუპა საბოლოოდ ქართული ფეხბურთი! გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უფრო უარესი გადაწყვეტილება მოგვიანებითაც მოხდა, როცა ნოდარ ახალკაცს უკვე დამოუკიდებლობის გზაზე მდგომი ქართული ფეხბურთის ბედი ჩააბარეს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

...კლუბში მესამასე მატჩი რომ არ მეთამაშა, გუნდიდან გამიშვეს! ჩემზე მეტი „დინამოში" მხოლოდ გუცაევს აქვს ნათამაშევი. დააკვირდით დავით ყიფიანის, კახი ასათიანის სტატისტიკას. ნახეთ, ან სეზონიდან სეზონამდე, ან სსრკ თასზე რამდენ თამაშს ატარებდნენ... იმ წელს, თასი მეორედ რომ ავიღეთ, ყიფიანმა სულ ორი თამაში ითამაშა - ერთი შეცვლაზე, ფინალში და იქაც პენალტი ვერ გაიტანა. 1980-ში, გუნდიდან რომ არ გავეშვი, „შახტიორს" მარტო მოვუგებდი - ნახევარფინალში მათამაშეს და მერე გამიშვეს. ფინალში რომ მეთამაშა, თავს დავდებდი და იმ მატჩს არ წავაგებდით. თუმცა რა მაქვს დასამტკიცებელი - ნახეთ სტატისტიკა და თავად მიხვდებით, რა ვარსკვლავებიც გაუფეტიშა ხალხს უშიშროებამ.

...ისე, რაზე მეცინება იცით? როცა ჩემი დროის „დინამო" კარგად თამაშობდა, ყველას უგებდა და პრიზებს აგროვებდა, „სტარამოდნი" ფეხბურთიაო - რუსები იძახდნენ და მერე, როცა ვარსკვლავების ხელში, სეზონში 16 თამაშის წაგება დაიწყეს, „პერსპექტივნაია და მოდნაია კამანდაო" დაარქვეს. აი, ასე მუშაობდა კაგებე... ის კი არა, „კორიფეები" პატიაშვილის სადღეგრძელოს პერსონალურად სვამდნენ ხოლმე 80-იანი წლების შუაში!

...თბილისის შემდეგ ჯერ ტაშკენტის „ფახთაქორში" ვითამაშე, შემდეგ მოსკოვის „სპარტაკში", ერთი წლის შემდეგ კი ქუთაისის „ტორპედოს" უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარე. ვგრძნობდი, რომ კიდევ შემეძლო თამაში და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ მოსკოვიდან ქუთაისში დაბრუნება. მიხარია, რომ ეს არც ხალხს დარჩენია შეუმჩნეველი. თუმცა, მალე „ტორპედოშიც" ანალოგიური რამ განმეორდა, რაც თბილისში და მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე ფეხბურთს გამოვთხოვებოდი.

...მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ და ნელ-ნელა შევუდექი ახალ გზას, მაგრამ არც აქ მომასვენეს და ცეკაში გამომიძახეს. „მთხოვეს" რომ ქართულ ფეხბურთს დავხმარებოდი - ჩამაბარეს „ლოკომოტივის" გუნდი, რომელიც საკავშირო პირველობის მეორე ლიგის IX ზონაში ასპარეზობდა. კურიოზული ის იყო ამ ამბავში, რომ ფეხბურთელები მე უნდა მომეძებნა - მწვრთნელი ხარ და მოთამაშეებიც შენ მოიყვანეო, ასეთი იყო მათი პოზიცია. თავიდან მითხრეს, რომ „ლოკომოტივი" „დინამოს" ფარმ-კლუბი იქნებოდა და ბიჭებითაც დამეხმარებოდა, მაგრამ კლუბში ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელიც არ გამომყვა. მეც მეტი რა ძალა მქონდა, იძულებული გავხდი ქუჩა-ქუჩა ამეგროვებინა „ფეხბურთელები". საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საკავშირო მეორე ლიგა ეს უსაზიზღრესი პირველობა იყო, სადაც მსაჯობის დონე საერთოდ არ შეიმჩნეოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო ადგილზე გავედით და გადასასვლელ მატჩში საქართველოს ჩემპიონს რუსთავის „მეტალურგს" შევხვდით. მოვიგეთ ის შეხვედრა, ამის შემდეგ კი მოწინააღმდეგეებმა ისევ „ომი გამომიცხადეს" - მაჩაიძე როგორიც მწვრთნელია, ისეთი ფეხბურთელი იყოო.

...ქართული ფეხბურთის სსრკ-დან გამოყოფა - ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც 80-იანი წლები მიწურულს მოხდა. ამის ინიციატორი, სხვებთან ერთად და ასე ვთქვათ, უშუალოდ, პირადად მე ვიყავი. მაშინ მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ფეხბურთი რომ განვითარდეს, საჭიროა დამოუკიდებელი ფედერაცია და ჩემპიონატი. ამას, რა თქმა უნდა, მივაღწიეთ, მაგრამ მაინც მინდა განვაცხადო, რომ ნოდარ ახალკაცმა ვერ უშველა ქართულ ფეხბურთს თავის დროზე, როცა საშველი იყო და მისი ხელმეორედ დაბრუნება ქართული ფეხბურთის სათავეში ღალატის ტოლფასი იყო! სხვათა შორის, დამოუკიდებელი პირველობა რომ არ დაგვეწყო, საკითხავი იქნებოდა დარჩებოდა თუ არა იმ წელს „დინამო" სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში?

...ქართული ფეხბურთის საქმე მაშინ წაიწევს წინ, როცა საქმის კეთების საშუალება ექნება მცოდნე ხალს. ხელისუფლებამ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს. თავისი კაცის და კლანების გაყვანაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ფეხბურთის სწორედ ორგანიზაციას და განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. ამ „კლანობიამ" დაღუპა ქართული ფეხბურთი და მანამდე ვერ გავსწორდებით წელში, ვიდრე არ მოვეშვებით ერთმანეთთან არასაფეხბურთო, აკრძალული ილეთებით ბრძოლას!

...გუნდი, რომ შექმნა, სპეციალისტი გინდა. ბავშვთა ფეხბურთიდანვე სწორი მიდგომაა საჭირო. 19-20 წლის ბიჭებს პერსპექტიულებს უწოდებენ და ლამის მთელი კარიერის მანძილზე ასეთებად რჩებიან. მაგ ასაკში უკვე მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ მქონდა ნათამაშევი ლევ იაშინის გამოსათხოვარ მატჩში ბობი ჩარლტონის, დრაგან ჯაიჩის, გერდ მიულერის, ლადისლაო მაზურკევიჩის წინააღმდეგ. ფეხბურთელობა მარტო ბურთის კენწვლა არ არის! ტექნიკასთან ერთად სისწრაფე უნდა გქონდეს, გამძლეობა, ტაქტიკური აზროვნება... ეს ხომ უნდა ასწავლოს ბავშვს ვინმემ? სწორი ვარჯიშით მოდის ყველაფერი!

...ფეხბურთის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, მეცნიერებაშიც ვმოღვაწეობდი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორიც გავხდი, სეისმომედეგობის გაძლიერების საკითხებზე ჩემი გამოგონებებიც მაქვს და თავის დროზე პატენტიც ავიღე. ეს ისე, ინფორმაციისთვის...

...ჰობი? ხატვა. სხვათა შორის, ფეხბურთელობისას დიღმის ბაზაზეც ვხატვდი, ძირითადად ნატურმორტებს. ერთი-ორჯერ ფანქრით ბიჭების პორტრეტებიც დავხატე: დავით გოგია, ფირუზ კანთელაძე, ვოვა გუცაევი... ისე, ნადირობაც მიყვარს, თუმცა უფრო იხვებსა და მწყერზე. რაჭველი კაცი ვარ, როგორც ჩანს, ფესვები ყივის.

...კარიერის განმავლობაში ხუთი მეტსახელი მქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხალხი თიკუნებით მომმართავდა. „კაპიტანი", „არწივი", „დიდი მანუჩარი", „ხელხვავიანი კაპიტანი", „მანო" - ამ სიტყვებში ჩემდამი გულშემატკივართა სიყვარულს ვგრძნობ.

...ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სპორტში გავატარე. ვფიქრობ, ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე, ფეხბურთში დიდხანს ვიყავი, მერე ჩემი პროფესიითაც ვიმუშავე, პარლამენტის წევრიც გახლდით, მაგრამ ოდიოზური ფიგურა არ გავმხდარვარ... ვფიქრობ, ცუდი არაფერი გამიკეთებია - დღენიადაგ ქვეყნის სამსახურში ვიყავი და არაფერი შემშლია. ხალხის სიყვარულს და პატივისცემას დღემდე ვგრძნობ და ეს სტიმულს მაძლევს.

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

მანუჩარ მაჩაიძე
დაიბადა 1949 წლის 25 მარტს
1968-1980 წლებში თბილისის „დინამოს", 1969 წელს თბილისის „ლოკომოტივის", 1980 წელს ტაშკენტის „ფახთაქორის", 1981 წელს მოსკოვის „სპარტაკის", 1981-1982 წლებში კი ქუთაისის „ტორპედოს" საყრდენი ნახევარმცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი - 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა); სსრკ თასის მფლობელი - 1976, 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი - 1979; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 8-ჯერ მოხვდა: #1 - 1978, 1979; #2 - 1973, 1974; #3 - 1971, 1972, 1976, 1977; სსრკ სპორტის ოსტატი - 1970
სსრკ ნაკრებში: 4 მატჩი (1974-1979)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 4 მატჩი,1 გოლი (1971-1975)