სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

რაგბი: საქართველო 28:14 რუსეთი

თარიღი: 2017 მარტი 13


ბორჯღალოსნებმა 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს. ბელგიის, გერმანიისა და ესპანეთის შემდეგ, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა დინამო არენაზე რუსეთი 28:14 დაამარცხეს. დღეს საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდო, აქედან ბოლო, რომელიც დავით კაჭარავას ანგარიშზეა, ბორჯღალოსანთვის საიუბილეო, 550-ე აღმოჩნდა.

მზარდი ქომაგობა
ბოლო დროს საქართველოში რაგბისადმი ინტერესი იზრდება და 2010 წლიდან დღემდე ანშლაგი 10-ჯერ დაფიქსირდა. ამ პერიოდში სამჯერ გაივსო დინამო არენა, რომელიც 55 ათასამდე მაყურებელს იტევს - 2014 და 2017 წლებში რუსეთთან და 2016 წელს - რუმინეთთან, ხოლო ამავე მეტოქეებთან ჯახმა ორ-ორჯერ შეავსო მიხეილ მესხის 24-ათასიანი ტრიბუნა. მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნები პირთამდე შეივსო 2016 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის ორივე საშინაო მატჩზე.
12 მარტს 55-მა ათასმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ შექმნა განსაკუთრებული ატმოსფერო. გაამართლა მატჩის საღამოს დაწყებამ: ქომაგებმა ტელეფონის სანათები აანთეს და ამით ტრიბუნებმა დამატებითი ხიბლი შეიძინა. იყო ლამაზად საყურებელი „ცოცხალი ტალღა". სულ სხვაა, როდესაც ასეთ ატმოსფეროში თამაშობ, როდესაც მრავლობით ათასობით ქომაგებით ზურგ განაგრებული ერკინები მეტოქეს. ქართული სარაგბო თემის სახელით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ 55 127 ქომაგს, რომლებიც არცერთი წამით არ გაჩერებულა და ომახიანად ქომაგობდა ბორჯღალოსნებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ნამატჩევს სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ „დათვების" კაპიტან ვასილი არტემიევს ათქმევინა: „სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში ძალიან მაგარი შეგრძნებაა. მინდა შევაქო ქართველი ქომაგი, მეტოქე და ჩემი გუნდი".

ბორჯღალოსნების დომინირებით
შეხვედრა ბორჯღალოსნების შეტევებით დაიწყო. ქომაგისთვის ლაღი თამაშის ჩვენების სურვილით შეპყრობილმა ქართველებმა ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვეს და მაყურებელმა სწრაფი ლელო იხილა. ჯარიმა ჯერ აუტში გაიგზავნა, მერე შერკინებაში გაიცვალა, იქიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიშალა, ლაშა ხმალაძემ მერაბ კვირიკაშვილი მოძებნა, მან გრძელი პასით ბურთი გიორგი კოშაძეს გადააწოდა და მანაც მეოთხე სანაკრებო მატჩში მეოთხე ლელო დადო. კვირიკაშვილმა გარდასახვა გაიტანა.
ჩვენი გუნდი მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა, შერკინებამ ტრადიციული უპირატესობა მოიპოვა და მე-15 წუთზე რუსთა ბურჯი ვალერი მოროზოვი სინბინით დაისაჯა. ბორჯღალოსნებმა მიწოლას თამაში არჩიეს და ბურთი 5-მეტრიან ზონაში დაიკარგა. მეორე ჯერზე მოლით წინსვლაზე ვთქვით უარი და მეტოქემ თავი ამჯერადაც წითელ ზოლში დაიცვა.
27-ე წუთზე მეორე, ლამაზი ლელო გავიდა, რომელშიც კვირიკაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. მან ფეხით გადაკიდებული ბურთი ჩვენს ნახევარზე, 22-ის წინახაზზე დაიჭირა, მეტოქის არასწორი მოძრაობა რომ შენიშნა დაიძრა, სისწრაფეაკრეფილმა ორი მცველი ხელის მსუბუქი კვრით ჩამოიშორა, რუსეთის ნაკრების 22-თან მცველი ბოლომდე აიყვანა და ლელოში ვასილ ლობჟანიძე შეუშვა. კვირიკაშვილი კვლავ ზუსტი იყო.
ტაიმის ბოლოს „დათვებმა" პირველად გადმოლახეს ცენტრალური ხაზი და მესამე ცდაზე ჩვენს ლელოს 5 მეტრამდეც მივუახლოვდით, მაგრამ იქ დაჯარიმდნენ. ქართველებმა ხელდახელ სცადეს შეტევა, მაგრამ დაჯარიმდნენ, იური კუშნარიოვს ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი 14:0 დასრულდა.

მეკომ 800- გადააბიჯა
მეორე ტაიმის დასაწყისში ბორჯღალოსნებმა ჯარიმის ნაცვლად კვლავ შერკინება ირჩიეს, რამდენიმე დარტყმის შემდეგ მამუკა გორგოძემ ლობჟანიძეს ოფლოუდი ამოუგდო და ახალგაზრდა 9 ნომერმა მატჩში თავისი მეორე ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა გარდასახვით ანგარიში 21-0 გახადა და საკუთარი საერთო მონაგარი 799-მდე გაზარდა.
მალე მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, რამაც ჩვენებზე უარყოფითად იმოქმედა. დერეფნის შემდეგ „დათვები" მოკლე დარტყმებით ვერაფერს გახდნენ, მაგრამ მერე ბურთი ხაზზე გაიტანეს, ბოჭვა გაცუდდა და კუშნარიოვმა ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა.
პასუხად კვირიკაშვილს სანაკრებო მონაგარის 3 ქულით გაზრდის და 800-იანი ზღვარის გადაბიჯების შანსი ქონდა, მაგრამ ჯარიმა გაუცუდდა. 68-ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა, მოლის ჩაქცევის შემდეგ რაქიდან ბურთი ლობჟანიძემ გაიტანა, მას სიჩქარეში დავით კაჭარავა შეეგება, რომელმაც თავის 21-ე სანაკრებო, ხოლო ბორჯღალოსნების ისტორიაში 550-ე ლელო გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და 800-იანი ზღვარი გადალახა.
სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს ბოჭვა ერთხელაც გაგვიცუდდა, რუსეთმა მეორე ლელო გაგვიტანა და ბონუს ქულა ხელიდან გამოგვაცალა, ხოლო კუშნარიოვმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:14 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ.
მომდევნო მატჩი 19 მარტს, ბუქარესტში რუმინეთთან გვიწევს და ის არაოფიციალური ფინალი იქნება. ამ მომენტისთვის რუმინელებს სატურნირო ცხრილში 3 ქულით ვუსწრებთ და შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

მატჩის საუკეთესო
მატჩი ეძღვნებოდა კაცთა სოლიდარობის მოძრაობის გენდერული თანასწორობისთვის #HeForShe, რომელიც საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებითა და ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო თემის მხარდაჭერით იმართება.
მხარდაჭერის და ცნობიერების ამაღლების მიზნით,  მორაგბეებს მინდორზე ეროვნული ჰიმნებისას პატარა ბიჭები და გოგონები ახლდათ, რომლებიც მოძრაობის სიმბოლიკიანი მასიურებით იყვნენ შემოსილნი.
ტრადიციულად ასეთ თამაშებზე მატჩის საუკეთესო მორაგბე ვლინდება, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია აჯილდოვებს. მატჩის საუკეთესო მორაგბედ უდადო მერაბ კვირიკაშვილი დასახელდა.

პრესკონფერენცია
ნამატჩევს დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ჯერ სტუმრები გამოცხადდნენ. „დათვების" მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ პერვუხინს მარცხის გამო წყენა არ ეტყობოდა: „ჩემი გუნდის თამაშით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. მით უფრო საქართველოს ნაკრების ძალის და შემადგენლობის გათვალისწინებით. ჩვენს შემადგენლობაში იყო რამდენიმე ახალგაზრდა. ამ თამაშის შედეგი მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე არ აისახება და მათ თავის გამოჩენის შანსი მივეცი. მათ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართვეს თავი. შეიძლებოდა 60-70 ქულის სხვაობით დავმარცხებულიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა და ჩვენც გავხდით დიდი სარაგბო ზეიმის ღირსეული მონაწილეები".
„თავიდანვე დავთმეთ ინიციატივა და წელს ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა. მეორე ტაიმში სიტუაციის შეცვლა მოვახერხეთ და ვფიქრობ, ამ სეზონში დღეს საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ", - ასეთი იყო რუსეთის კაპიტნის, ვასილი არტემიევის შეფასება.
„მეტ ჯარიმას ველოდებოდით. თუ არ ვცდები, ბევრი ჯარიმა გახდა საჭირო, რომ მეტოქის სინბინი გვენახა. ჩვენ ვთამაშობთ იმდენად კარგად, რამდენადაც მეტოქე გვაძლევს ამის საშუალებას. დღეს კი, რუსეთის ნაკრებმა დაცვაში კარგად ითამაშა. სწორედ ამიტომ, დიდი უპირატესობის მიუხედავად საწყის ნახევარ საათში მხოლოდ 2 ლელო დავდეთ", - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მილტონ ჰეიგი.
კითხვების უმეტესი წილი ბორჯღალოსნების კაპიტანზე, მამუკა გორგოძეზე მოვიდა: „არ ვიყავით ისეთი ეფექტურები და ეს, ალბათ, უფრო ფსიქოლოგიური ზეგავლენის ბრალი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ნაკრებმაც ძალიან მოინდომა და მაგრად დაგვიდგა. მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენზე სუსტ მეტოქეებთან მობილიზება გვიჭირს. კრიტიკა კარგია და ის აუცილებლად წინ წაგვწევს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მოედანზე ბევრი ახალწვეული იყო".
დაისვა კითხვა იმის შესახებ თუ ნაკრები მოლით რატომ არ ეცადა ლელოს დადებას, რაზეც გორგოძემ განაცხადა: „მეც გამიკვირიდა მოლით დღეს ლელო რომ ვერ დავდეთ. დავაყენეთ 2-3 მოლი, მაგრამ ჯარიმით ჩაგვიქციეს. გარდა ამისა, ჰეიგმაც გვითხრა და პირადად ჩემი გადაწყვეტილებაც იყო, რომ უფრო სანახაობრივად, ხელით გვეთამაშა. გვინდოდა ამდენი ხალხისთვის ლამაზი თამაში გვეჩვენებინა. დღეს ეს მთლად კარგად არ გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად გამოვა".

12 მარტი, 2017. ევროპის ერთა თასი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 5500
28:14 (14:0) რუსეთი
საქართველო: 15.მერაბ კვირიკაშვილი, 14.ირაკლი სვანიძე, 13.გიორგი კოშაძე, 12.დავით კაჭარავა, 11.სანდრო თოდუა, 10.ლაშა ხმალაძე, 9.ვასილ ლობჟანიძე (21.გელა აფრასიძე 74); 1.მიხეილ ნარიაშვილი (17.გიორგი თეთრაშვილი 69), 2.ჯაბა ბრეგვაძე (16.ზურაბ ჟვანია 69), 3.ლაშა ტაბიძე (18.სოსო ბეკოშვილი 45), 4.გიორგი ნემსაძე, 5.კოტე მიქაუტაძე (19.ლაშა ლომიძე 59), 6.გიორგი ცუცქირიძე (20.საბა შუბითიძე 71), 7.მამუკა გორგოძე (კაპ), 8.ბექა გორგაძე
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ლელო (4): გიორგი კოშაძე (5), ვასილ ლობჟანიძე (27), ვასილ ლობჟანიძე (51), დავით კაჭარავა (68)
გარდასახვა (4): მერაბ კვირიკაშვილი (5, 27, 51, 68)
რუსეთი: 15.იური კუშნარიოვი, 14.დენის სიმპლიკევიჩი (22.ალექსეი მიხალცოვი 71), 13.დმიტრი გერასიმოვი, 12.ვასილი არტემიევი (კაპ), 11.იგორ კურაშოვი, 10.რამილ გაისინი, 9.კონსტანტინ უზუნოვი (21.ანტონ რიაბოვი 78); 1.ვალერი მოროზოვი (19.დმიტრი კროტოვი 28), 2.ნაზირ ჰასანოვი (16.სერგეი ჩერნიშოვი 71), 3.აზამატ ბითიევი (17.ვლადიმირ პოდრეზოვი 61), 4.ევგენი იელგინი, 5.ინოკენტი ზიკოვი (18.ევგენი პრონენკო 71), 6.ვიკტორ გრესევი, 7.ტაგირ ჰაჯიევი (19.დმიტრი კროტოვი16-27, 20.დმიტრი გრიცენკო 61), 8.პაველ ბუტენკო
თავარი მწვრთნელი: ალექსანდრ პერვუხინი
ლელო (2): იური კუშნარიოვი (56), დმიტრი კროტოვი (77)
გარდასახვა (2): იური კუშნარიოვი (56, 77)
სინბინი: ვალერი მოროზოვი (15)
მსაჯი: იენ ტემპესტი (ინგლისი)
ასისტენტები: სტივ ლი და ნაიჯელ ქერიქი (ორივე ინგლისი)

რაგბის კავშირის პრესსამსახური
(ფოტო: რაგბის კავშირი)

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მარტი 20
რუმინეთის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს ბუქარესტში 8:7 აჯობა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც 6-წლიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ერთა თასი) მოიგო და ბორჯღალოსნებთან საზიარო "ანთიმოზ ივერიალის თასი" შემართა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მარტი 17
‘მსოფლიო რაგბმა' დაამტკიცა 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი, რომლის მიხედვით საქართველოს და დანარჩენ მეორე დონის გუნდებს ბობოლების წინააღმდეგ მეტი ტესტის გამართვისა და რაც მთავარია, მათი მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევათ.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მარტი 08
ფონდმა „ქართუმ" ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას საზეიმოდ გადასცა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მარტი 06
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშებაში ესპანეთის ნაკრები 20:10 დაამარცხა და გათამაშებას 14 ქულით, დამაჯერებლად ლიდერობს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 თებერვალი 20
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშების მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მილტონ ჰეიგის გუნდმა რუსთავში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლა და 50:6 დაამარცხა.