სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მორაგბეთა ნაკრები ბუქარესტში რუმინეთთან დამარცხდა - 7:8

თარიღი: 2017 მარტი 20

© ნიკა ფანიაშვილი

რუმინეთის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს ბუქარესტში 8:7 აჯობა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც 6-წლიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ერთა თასი) მოიგო და ბორჯღალოსნებთან საზიარო "ანთიმოზ ივერიალის თასი" შემართა.

მატჩის შემდეგ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. რადგან ორივე გუნდს თანაბარი სატურნირო ქულები დაუგროვდათ (19-19), ხოლო გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსი ჩვენ უკეთესი გვქონდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი ჩვენ გადმოგვცეს, მოგვილოცეს, სურათებიც გადაგვიღეს და ტაშიც დაგვიკრეს, მაგრამ დებულების თანახმად, თანაბარი ქულების პირობებში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ გამარჯვებას ენიჭება, რაგბი ევროპამ შეცდომა მალევე გამოასწორა და მართალია მოგვიანებით, მაგრამ ჩემპიონად რუმინეთი დამსახურებულად გამოცხადდა.

იხილეთ მატჩის სტატისტიკა და საბოლოო ცხრილი

გადამწყვეტმა მატჩმა ბუქარესტში დიდი ინტერესი გამოიწვია. სასიხარულოა, რომ ტრიბუნაზე მრავლად იყვნენ ქართველი ქომაგები და ხშირ შემთხვევაში მათი შეძახილები რუმინელებისას ფარავდა.

თამაში დაძაბული გამოდგა და მატჩის მოგების შანსი ბორჯღალოსნებსაც ჰქონდათ. მაგრამ დებიუტში ერთი უსიამოვნო რამ მოხდა - ქართველებმა ბურთი გაშალეს და მარჯვენა ფრთაზე გიორგი ნემსაძე გაიქცა, რომლის წინაც თავისუფალი სივრცე იყო, მაგრამ დაშავდა და ბურთი უკან ამოაგდო. ამით რუმინელებმა ისარგებლეს, კონტრშეტევაზე ოვალი ფეხით გადაკიდეს, ის მერაბ კვირიკაშვილის წინ ისე ახტა, რომ რუმინელების ნადავლი გახდა და ფერკუმ ლელო დადო. ვლაიკუს გარდასახვა გაუცუდდა, ნემსაძე კი შესაცვლელი შეიქმნა.

© ნიკა ფანიაშვილი

ამან ქართველების თამაში არია, რასაც ისიც დაემატა, რომ რუმინელები მაქსიმალურად მობილიზებული იყვნენ და დაცვაში განსაკუთრებით კარგად თამაშობდნენ. მასპინძლები ხშირად იყენებდნენ ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს და ერთი პერიოდი ამან გაამართლა. ბორჯღალოსნები ხაზზე ცდილობდნენ ბურთის გაშლას და უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ დასკვნით ფაზებში რუმინელები დაცვის გადაწყობას ასწრებდნენ და ჩვენც შეცდომები მოგვდიოდა.

მე-10 წუთზე ჩამორჩენის შემცირების შანსი კვირიკაშვილს ჰქონდა, მაგრამ ჯერ ჯარიმა და მერე შორეული არეკნი გაუცუდდა. თამაში უმეტესად 22-იან ხაზებს შორის მიმდინარეობდა და ვლაიკუმ ორჯერ სცადა ჯარიმიდან ქულების აღება, მაგრამ იმ დღეს დამრტყმელებს არ უმართლებდათ.

ტაიმის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთი რჩებოდა, როდესაც ბორჯღალოსნების მცდელობებმა შედეგი გამოიღო და ხელდახელ თამაშით 3-ჯერ შევძელით მეტოქის 22-ში შესვლა. მესამე ჯერზე ხელდახელ იერიშის შემდეგ მორკინალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, მცველები ფლანგზე მოიზიდეს, ბურთი მარცხნივ სწრაფად ჩათამაშდა და ლელოში მერაბ შარიქაძე შეცურდა - ეს მისი მე-10 სანაკრებო ლელო იყო, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვით ბორჯღალოსნები დააწინაურა.

ზედ შესვენების წინ რუმინელებმა ფორვარდების ხარჯზე სცადეს ფონს გასვლა, ბორჯღალოსნებმა საკუთარი ლელო დაიცვეს და ტაიმი 7:5 მოიგეს.

მეორე ტაიმი რუმინელთა დომინირებით დაიწყო, რასაც ჯარიმა მოყვა და ვლაიკუმ რთული პოზიციიდან გაიტანა. მასპინძელთა გააფთრებული შეტევები რომ მოვიგერიეთ, დასკვნით მეოთხედში ბორჯღალოსნების ჯერი დადგა და 68-ე წუთზე ჩვენმა შერკინებამ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ კვირიკაშვილს მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა. სამიოდე წუთში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი შანსი მიიღო, ამჯერად უფრო რთული პოზიციიდან, მაგრამ რაგბის ღმერთი იმ დღეს ჩვენ არ გვიღიმოდა და ამჯერად ბურთი ძელმა აისხლიტა.

დასკვნითმა წუთებმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა. დაძაბულობის ფონზე შეცდომები მოგვმრავლდა და რუმინეთმა მარცხიანი სერია მინიმალური სხვაობით მოპოვებული გამარჯვებით შეწყვიტა - 8:7 ‘მუხების' სასარგებლოდ.

ამრიგად რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონის ტიტული და საქართველო - რუმინეთის საზიარო, ‘ანთიმოზ ივერიელის' თასი ერთი წლით ბუქარესტში დაიდებს ბინას.

წინ ბორჯღალოსნებს ივნისის ტესტების კამპანია - ამერიკის ტურნე ელით. 10 ივნისს ჩვენი ნაკრები სტუმრად ჯერ კანადას ერკინება ქალგერიში, 17 ივნისს აშშ-ს ვეთამაშებით (ადგილი ჯერ არ დასახელებულა), ხოლო საზაფხულო ტესტების ბოლო ოფიციალურ ტესტში, 24 ივნისს პუმებთან სათამაშოდ არგენტინას ვესტუმრებით. ამ ტესტების გარდა ასევე დაგეგმილია, არაოფიციალური ორი, ამხანაგური მატჩი არგენტინა 15-თან და ურუგვაის ნაკრებთან. ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სანაკრებო სეზონის დასრულებამდე შინ ბორჯღალოსნების ქომაგობის შესაძლებლობა ნოემბერში მოგვეცემა, თუმცა განრიგი ჯერ არაა დასახელებული.

WWW.RUGBY.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2018 იანვარი 11
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.