სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

რაგბი: საქართველო 54:22 კანადა

თარიღი: 2017 ნოემბერი 12


ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.

„ნეკერჩხლებთან" აქამდე ექვსჯერ გვითამაშია და ყველაზე მეტი - 52 ქულა გუნდებმა პირველ შეხვედრაში დააგროვეს, როდესაც კანადამ 42:10 მოიგო (2009 წელს). ამჯერად მხოლოდ ბორჯღალოსნებმა 54 ქულა აიღეს, ჯამში გუნდებმა 76; კანადასთან ყველაზე მეტი - 22 ქულა 2010 წელს მოვაგროვეთ, როდესაც მეტოქეს 22:15 მოვუგეთ და მაშინ მათ 3 ლელო დავუდეთ, ამჯერად ორჯერ მეტი - 6. კანადას ყველაზე მეტი - 13 ქულის სხვაობით 6 თვის წინ ქალგარიში ვძლიეთ, ახლა კი სხვაობა 32-მდე გაიზარდა. დღემდე ურთიერთშეხვედრებში წინ მუდამ კანადა გადიოდა, ამჯერად ბორჯღალოსნები 4:3 დაწინაურდნენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სოსო მათიაშვილის ინდივიდუალური რეკორდი, რომელმაც 2 ლელოთი, 6 გარდასახვით და 4 ჯარიმით 34 ქულა მოინაგრა და ერთ მატჩში ერთი მორაგბის მიერ მოპოვებული ქულების წინა რეკორდი 2-ით გააუმჯობესა. 2010 წლის 6 თებერვალს ბორჯღალოსნებმა გერმანიას 77:3 სძლიეს და მაშინ მერაბ კვირიკაშვილმა 2 ლელოთი და 11 გარდასახვით პირად ანგარიშზე 32 ქულა ჩაიწერა.

24 წლის მათიაშვილმა ბორჯღალოსანთა კვართით მეოთხედ ითამაშა, პირველად სასტარტოში ფულბეკის პოზიციაზე. მან ტაიმში თითო ლელო გაიტანა, კარში 11-ჯერ დაარტყა და 10-ჯერ ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. 4 მატჩის ჯამში სოსოს მონაგარი 48 ქულაა (4 ლელო, 8 გარდასახვა, 4 ჯარიმა).

ერთ მატჩში აღებულ ყველაზე მეტ ქულებზე ვსაუბრობთ და აქვე გეტყვით, რომ ამ მხრივ რეკორდსმენი ჰონგკონგელი ბილინგთონია, რომელმაც 1994 წელს სინგაპურს 10 ლელო გაუტანა (50 ქულა).

ბორჯღალოსნებისა და „ნეკერჩხლების" მატჩის დაწყებამდე მოედანზე ქართული რაგბის ფუძემდებელი ბატონი გივი მრელაშვილი გავიდა და სიმბოლურად ბურთი თამაშში შეიყვანა.

მისი დამსახურებით, 1961 წლის დეკემბერში, პირველად საბჭოთა კავშირის მთელს ტერიტორიაზე, თბილისში რაგბის საქალაქო სექცია შეიქმნა, რომელიც 1962 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა და სწორედ აქედან იწყება ქართული რაგბის ოფიციალური აღიარება. დღევანდელი რაგბის კავშირი სწორედ თბილისის რაგბის ფედერაციის სამართალმემკვიდრეა, ბატონ გივი მრელაშვილს კი, 24 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდა და საჩუქრად ბორჯღალოსანთა კვართი გადაეცა.

კლასის ხარჯზე
ბორჯღალოსნებმა კანადის ძლიერ გუნდს უწინარესად კლასით აჯობეს, შეცდომები არ აპატიეს და პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობიდან ქულები აიღეს. შეცდომები დაცვაში ყურადღების მოდუნება არც მეტოქემ გვაპატია და 3 საპასუხო ლელო გაიტანა, რამაც ბორჯღალოსანთა კაპიტნის, მერაბ შარიქაძეს თქმით გუნდი ტონუსში დატოვა და შედეგმაც არ დააყოვნა.

მილთონ ჰეიგმა „ნეკერჩხლებთან" მატჩისთვის ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა და უკანა ხაზში სამი ახალგაზრდა მორაგბე ვიხილეთ. სიახლემ აშკარად გაამართლა: მათიაშვილზე ზემოთ ვისაუბრეთ; დებიუტანტმა მირიან მოდებაძემ ფრთაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბორჯღალოსანთა მაისურით ბურთთან პირველივე შეხებით, მატჩის პირველი ლელოს თანაავტორიც გახდა; მეორე გარემარბი გიორგი კოშაძე იყო, რომელმაც რამდენჯერმე სცადა შეტევის გამწვავება; 72-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა კიდევ ერთი დებიუტანტი გიორგი კვესელაძე, რომელსაც გუშინ 20 წელი შეუსრულდა და მას იუბილე ‘დინამო არენაზე' შეკრებილმა 30-ათასმა გულშემატკივარმა ერთხმად მიულოცა.

მასპინძლები დებიუტშივე კარგად დამუშავებული კომბინაციის შედეგად დაწინაურდნენ: დერეფნის შემდეგ ლაშა ხმალაძემ ბურთი ფეხით გამოზომილად, მარცხენა ფლანგზე ჩაკიდა, იქ მას მოდებაძე დაეუფლა, შებოჭილმა ოფლოუდი მათიაშვილს ამოუგდო და ალამთან დადებული ლელო მისმა ავტორმა რთული პოზიციიდან გარდასახა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ფეხით თამაშში სრულად აჯობეს და ხმალაძემ, მათიაშვილმა თუ ვასილ ლობჟანიძემ თითქმის ყველა ჯერზე შეძლეს ბურთის თავისუფალ ზონაში ჩაგდება და მანძილის მოგება.

კანადამ ჯარიმა მე-8 წუთზე გაიტანა, რაზეც მათიაშვილმა 15 წუთში 3 ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმის შუაში საქართველო 16:3 დააწინაურა. ამის შემდეგ სტუმრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და დაახლოებით 10 წუთი დაცვაში მოგვიწია თამაში. კანადელები ლელოსთან ორჯერ იყვნენ ახლოს, თუმცა თავის დაცვა მოვახერხეთ და თითქოს საფრთხეც განიმუხტა, მაგრამ რეფერიმ მოულოდნელად შერკინებაში დაგვაჯარიმა, ფილ მაქმა ბურთი სწრაფად გაითამაშა, სანამ ჩვენი დაცვა დალაგდებოდა ის მარცხენა ფლანგზე ჩათამაშდა და თეილორ პერისმა ლელო გაქვითა.

ტაიმის მიწურულს ბორჯღალოსნებმა ინიციატივა დაიბრუნეს, მათიაშვილს შორიდან ჯარიმა გაუცუდდა, გაწითლებულ დროში მან კარში აღარ დაარტყა, დერეფანში ბურთი ლაშა ლომიძემ მოიგო, მოლმა მიმართულება ორჯერ შეცვალა და გიორგი ნემსაძის ლელო სოსომ გარდასახა - 23:8.

მეორე ტაიმი
მეორე ტაიმის უმეტესი დრო ბორჯღალოსნებმა კვლავ შეტევებში გაატარეს და 4 ლელო გაიტანეს. პირველი ქულები ამჯერადაც მათიაშვილის ანგარიშზეა, მან ახლოდან ჯარიმა გაიტანა. შემდეგ ჯერზე მასპინძლებმა ლელოზე ითამაშეს და მართალია მოლის დაყენება ვერ მოხერხდა, მაგრამ რაქიდან ლევან ჩილაჩავამ შეუტია და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

კანადამ ჩამორჩენა მალევე შეამცირა, მაქმა კვლავ სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, არეული დაცვის ხაზი გაჭრა და დი'თი'ეიჩ ვან დერ მერვეს 26-ე სანაკრებო ლელო გაატანინა. ამას მერაბ შარიქაძე არ შეეგუა, მეტოქეს ფეხით თამაშისას მისსავე 22-ში დაუფარა, ბურთისთვის ბრძოლაში ორ მცველს აჯობა და მათიაშვილის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 40:15 გახდა. მეტოქემ ამოსუნთქვის საშუალება არც ამჯერად მოგვცა, ორიოდე წუთში ბურთი ფლანგზე გაშალა და გაჩენილი სივრცით ბროქ სთოლერმა ისარგებლა, რომელმაც გარდასახვაც გაიტანა.

69-ე წუთზე მათიაშვილმა შეხვედრის ულამაზე ლელო გაიტანა: თერნოვერის შემდეგ მან ცენტრიდან ბურთს ფეხი ძლიერად ამოკრა და მიყვა, ყველა ელოდა, რომ სოსო ოვალს ლელოში ვერ მიუსწრებდა, თუმცა ფულბეკი ეპიზოდს არ გამოეთიშა, მაღალ სიჩქარეზე 50 მეტრი ირბინა, გაფრინდა და ბურთს გრძელ ნახტომში ზედ პირით ხაზთან მიწვდა, რაც ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა. მან რთული პოზიციიდან კვლავ ზუსტად გარდასახა. შეხვედრის დასრულებას ბევრი აღარაფერი უკლდა, როდესაც 5-მეტრა შერკინების შემდეგ რაქიდან კახა ასიეშვილმა თანაგუნდელების დახმარებით შეუტია და მეექვსე ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვით საბოლოო წერტილი დასვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

პრესკონფერენცია
კანადელთა უელსელმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა ასეთი სხვაობით მარცხი იმ ინდივიდუალურ შეცდომებს დაუკავშირა, რომლებიც მისმა შეგირდებმა მრავლად დაუშვეს: „გუშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი სხვაობით თუ დავმარცხდებოდით. არ გამოგვივიდა ის, რასაც თამაშამდე ვგეგმავდით. 150 წელია რაგბს მორკინალები იგებენ, რომლებმაც ბურთის მოპოვება და შენარჩუნება უნდა მოახერხონ. გარდა ამისა, მოვიკოჭლებდით დერეფანში და მრავლად დავუშვით ინდივიდუალური შეცდომები. იმ ეპიზოდებში, როდესაც ბურთს ვაკონტროლებდით, სწრაფად ვუტევდით და კარგი ლელოებიც გავიტანეთ".

„ნეკერჩხლების" კაპიტანმა ფილ მაქმა აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნებთან თამაში წლიდან წლამდე რთულდება: „სრულად ვეთანხმები მთავარ მწვრთნელს, რაღაც არ გამოგვივიდა, სადღაც არ გაგვიმართლა, საკუთარ თავს ვუღალატეთ და ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რასაც ვგეგმავდით. მადლობა საქართველოს, რომელიც მთელი ძალით გვეთამაშა და ეს გამარჯვება დაიმსახურა. მე ქართველების წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და მათთან თამაში სულ უფრო რთული ხდება. თქვენი გუნდი ყოველთვის ძლიერი იყო".

მიუხედავად ასეთი სხვაობით გამარჯვებისა, მილთონ ჰეიგი ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა და აქცენტი დაშვებულ შეცდომებზე გააკეთა: „მიუხედავად იმისა, რომ 54 ქულა გავაკეთეთ, თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ახალგაზრდებმა ეს 80 წუთი კარგად ჩაატარეს, რაღაცეები კარგად გამოგვივიდა და თუნდაც ზაფხულთან შედარებით პროგრესიც აშკარაა, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. კანადამ ძალიან ბევრი, 22 ქულის გაკეთება მოახერხა, თუმცა პირველი ლელოს შემთხვევაში გარკვეული კითხვის ნიშნები მაქვს და ამ ეპიზოდს აუცილებლად რამდენჯერმე ვნახავთ. მეტოქე კარგად იყენებდა სისწრაფეებს და როდესაც ტემპს უმატებდა, პრობლემებს გვიქმნიდა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ შევძელით შეკვრა და ინიციატივის დაბრუნება. დაცვაში დაშვებულ შეცდომებს აუცილებლად განვიხილავთ და გავაანალიზებთ. ეს იყო სერიის პირველი მატჩი, რომლის ჩატარება ყოველთვის რთულია. რაც არ უნდა ვივარჯიშოთ, შეთამაშება ყოველთვის რთულად მისაღწევია. გზაში გავივლით დეტალურ ვიდეო-ანალიზს, თუმცა ამ ეტაპზევე შემიძლია იმის თქმა, რომ დაცვის ხაზი უფრო სწრაფად უნდა დავაყენოთ. ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო შეხვედრებს ისინი აუცილებლად ძირითადში დაიწყებენ. ჩვენ გათვლას არა მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო თასზე ვაკეთებთ, არამედ მომავალშიც ვიყურებით და მათთვის ნებისმიერი საერთაშორისო შეხვედრა ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. უელსთან მატჩის წინ დიდი მნიშვნელობა ექნება ყოველ დეტალს - როგორ გავივლით აღდგენას, როგორ მოვემზადებით. ბრიტანეთში ამაღამ მივემგზავრებით და ხაზგასასმელია ერთი მომენტი: დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ პირველი დონის გუნდებს მხოლოდ გამოცდილების მისაღებად და სტატისტიკური მონაცემების დასაფიქსირებლად ვეთამაშებით. უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ბორჯღალოსანთა კაპიტნის მერაბ შარიქაძის თქმით, კანადამ მოდუნების საშუალება არ მოგვცა და გუნდის მიერ მოპოვებული 54 ქულა ამის შედეგია: „გამარჯვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ისე მოხდა, რომ თითქმის ყველა ჩვენ ქულას მეტოქემ მალევე უპასუხა. შედეგად, ჩვენ მოედანზე მინიმალური დრო ვიყავით მოდუნებული და ვფიქრობ, ეს 54 ქულაც ამის გამო მოვაგროვეთ. მიუხედავად ამისა, ამ თამაშის განხილვას გაშვებული ლელოებით და დაშვებული შეცდომებით დავიწყებთ და პირველ რიგში ნაკლოვანებების გამოსწორებას ვეცდებით".

Rugby.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 19
22-23 ივლისს მოსკოვი ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის  კაცთა და ქალთა ნაკრებები მიიღებენ
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 12
ერთი თვეც არ გასულა რაც საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა და ჩვენმა ქვეყანამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო. გაისად მაისში, 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ გაიმართება ტურნირი, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ითამაშებს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 26
ბორჯღალოსნებს ‘პუმებთან' აქამდე გამართულ ოთხ მატჩში სულ ერთი ლელო ჰქონდათ დადებული, დღეს კი არგენტინას ბურთი 4-ჯერ დაუმიწეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 29:45.