სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ხავი

თარიღი: 2015 ივნისი 02


21 მაისს ერთი დიდი და ლამაზი ეპოქა დასრულდა - „ბარსელონაში" გატარებული მეოთხედი საუკუნის შემდეგ ხავი ერნანდესმა წასვლის შესახებ განაცხადა.
კატალონიელთა ლეგენდარული მე-6 ნომერი ზაფხულიდან ყატარის „ალ სადში" ითამაშებს. აზიელებთან გაფორმებული ხელშეკრულება 3-წლიანია. თამაშის გარდა ხავი სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას ეცდება - ამბობს, რომ უახლოეს მომავალში „კამპ ნოუზე" დაბრუნება სურს, თუმცა მხოლოდ მწვრთნელის რანგში.
ხავი თანამედროვე „ბარსელონას" სიმბოლოა და კლუბის სახელოვან და თასებით დახუნძლულ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
24 საკლუბო ტიტული. ასეთია ტანმორჩილი ნახევარმცველის მონაგარი, რაც ესპანეთისთვის რეკორდია. ბილბაოს „ატლეტიკთან" მოგებული ესპანეთის თასის წყალობით მან მადრიდის „რეალის" მშვენებას ფრანსისკო „პაკო" ხენტოს გაუსწრო.
ამ 24 ბარსელონურ ტიტულს 6 ივნისს შესაძლოა, ერთიც დაემატოს - ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონა" ტურინის „იუვენტუსს" ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე" შეხვდება.

* * *
...ბავშვობაში ბერნდ შუსტერს ვაღმერთებდი - ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მის შემდეგ კი ყველაზე ძალიან ხოსეპ გვარდიოლას თამაში მომწონდა. არ დავმალავ, ვარჯიშისას მას ხშირად ვბაძავდი.

...როცა „ბარსელონასთან" პირველი კონტრაქტი გავაფორმე, კლუბი 11 ათას პესეტას მიხდიდა. იცით ეს რა დრო იყო? ხელფასის ასაღებად კლუბის ოფისში მივდიოდით და თანხას კონვერტით გვაძლევდნენ. იმ დროს ვერც ვიოცნებებდი, რომ წლების შემდეგ „ბარსელონა" კონტრაქტის გახანგრძლივებას და წელიწადში 4 მილიონ ევროს შემომთავაზებდა.

...ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არ არის. 18 წლის რომ ვიყავი, „მილანი" ძალიან კარგ კონტრაქტს მთავაზობდა, მამაჩემი და ძმები მეუბნებოდნენ, დათანხმდი, სანამ გვარდიოლაა ძირითადში, შანსი არ გექნებაო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები მართლა ძალიან დიდ ფულს მთავაზობდნენ, არ წავედი. „ბარსელონას" მაისურით „კამპ ნოუზე" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და 18 წლისას, როცა ოცნებასთან ასე ახლოს ვიყავი, არ მსურდა მასზე უარის თქმა. მალე მივხვდი, რომ ძალიან სწორად მოვიქეცი - ცოტა ხანში გვარდიოლა კლუბიდან წავიდა და მე ძირითადის კარი გამეხსნა...

...ამბობდნენ, რომ გვარდიოლას გზის გამგრძელებელი ვარ და ამის გამო მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ალბათ, ასეცაა. ის ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა პირველ გუნდში ფეხს ვიკიდებდი - გვარდიოლა იმ დროს ერთ-ერთი ლიდერი იყო... წლებთან ერთად ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა და მეგობრობაში გადაიზარდა.

...ფრანკ რაიკაარდის „ბარსამ" ზედიზედ ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 2006 წელს კი ჩემპიონთა თასიც აღმართა. მერე იყო ორწლიანი დაღმართი, რომელსაც, ვიყოთ გულახდილები, არავინ ელოდა. ჩემი აზრით, მან გუნდზე კონტროლი დაკარგა. ზედიზედ ჩატარებულმა წარმატებულმა სეზონმა მწვრთნელი მოადუნა, ეს კი შედეგებშიც აისახა. არადა, რაიკაარდი მართლა კარგი ადამიანი იყო.

...გვარდიოლას სადებიუტო სეზონი დიდებული გამოდგა - ჩვენ 2009 წელს 6 ტიტული მოვიგეთ! რის ხარჯზე მიაღწია მან ამ წარმატებას? უკლებლივ ყველა ფეხბურთელის მოტივირება მოახერხა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გუნდში წესრიგი დაამყარა. ის ინტელიგენტია, მომთხოვნი, თავდაჯერებული და რაც მთავარია, ღირსეულს აფასებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გვარდიოლამ „ბარსელონაში" ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნა.

...ჩვენი კლუბის ფილოსოფია შეტევაზეა დაფუძნებული. „ბარსელონას" ფეხბურთი საინტერესოა, ლამაზი... თამაშის არსი გოლია და ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ.

...ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო საფეხბურთო შეჯიბრებაა მსოფლიოში და „ბარსელონას" მაისურით მასში მონაწილეობა ახდენილი ოცნება. ლიგის მოგებაზე აბა, რა ვთქვა? ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ამ თასის აწევას, მე კი ძალიან გამიმართლა - უკვე სამჯერ შევძელი ეს!

...ვართ თუ არა დამოკიდებული მესიზე? იცით, როცა ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გუნდიც დამოკიდებულია მასზე, თუმცა შეფასებაში არ უნდა შევცდეთ. ლეო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ მეეჭვება, რომ „ბარსელონა" მხოლოდ მასზე იყოს აგებული - ჩვენი სიძლიერე გუნდურ ფეხბურთშია და არა ინდივიდუალურად ძლიერ მოთამაშეებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ლეო „ბარსელონასთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდი მხოლოდ მასზე არ დგას.

...ყოველთვის მინდოდა კარგ ბიჭებთან ერთად თამაში. წლებია, რაც ჩვენთან, „ბარსაში" ზღაპრულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი თანაგუნდელები რომ მყავს - არაფერია იმაზე დიდებული, როცა მოედანზე საყვარელ ხალხთან ერთად გადიხარ. ასეთ დროს შედეგი თავისთავად მოდის. „ბარსელონა" ამის ნათელი მაგალითია!

...6:2 „სანტიაგო ბერნაბეუზე" - ეს „ბარსელონას" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მგონია! იმ დღეს ჩვენ ათი გოლის გატანაც შეგვეძლო, ყველაფერი გამოგვდიოდა... ზღაპრული დღე იყო, დიდებული! დაუვიწყარი!

...ყველაზე დიდ სიამოვნებას პასი მანიჭებს! როცა ბურთს ვიღებ, ერთი სული მაქვს თავისუფალი თანაგუნდელი მოვძებნო, დროზე მივაწოდო ბურთი, კომბინაცია წამოვიწყო, მეტოქის დაცვა გავარღვიო... პასი შემოქმედებაა!

...იოჰან კრუიფის საფეხბურთო კარიერაზე მხოლოდ ერთს გეტყვით - მისი თამაში არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. რაც შეეხება მწვრთნელ კრუიფს, დიდებული იყო! მისი გუნდის თამაშებს ხშირად ვესწრებოდი და ჩემი დაკვირვებით, სწორედ მან აჩუქა „ბარსელონას" ის სტილი, რასაც გუნდი დღემდე მისდევს.

...პრიმერადივიზიონი მსოფლიოს საუკეთესო ლიგად მიმაჩნია, რადგან ჩვენთან 3 ქულას ვერ დაგეგმავ. არ აქვს მნიშვნელობა მდევარს ეთამაშები თუ ბოლო ადგილზე მყოფს - გამარჯვება ძალიან რთულია.

...გვარდიოლა თუ მოურინიუ? გვარდიოლა! ის წარუშლელ კვალს დატოვებს ფეხბურთის ისტორიაში, ჟოზე კი მხოლოდ ტიტულებს.

...როცა კლუბთან ერთად ვმოგზაურობ, თან მხოლოდ პერსონალური კომპიუტერი დამაქვს: დროდადრო ინტერნეტში შევდივარ, მუსიკას ვუსმენ... მატჩის წინ ვცდილობ ნაკლებად ვისაუბრო. კომპიუტერში ჩემი სამყარო მაქვს შექმნილი და ეს კონცენტრაციაში მეხმარება.

...ხშირად, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, მიფიქრია, რომ ჩვენს მეტოქეებს ფეხბურთის თამაში არ სურთ - „ბარსელონას" წინააღმდეგ ისინი მხოლოდ თავის დაცვაზე ფიქრობდნენ, ასეთი მიდგომა კი ჩემთვის მიუღებელია. ბევრი თამაში შემიძლია გავიხსენო, როცა მეტოქეს ჩვენს წინააღმდეგ 6 მცველით და 4 ნახევარმცველით უთამაშია... ეს საშინელებაა!

...ევრო 2008-ის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დამასახელეს, თავი სიზმარში მეგონა! ის წუთები, როცა პრიზი ჩავიბარე, ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში. ბაზაზე რომ დავბრუნდი, მთელი გუნდი შევკრიბე და ყველას მადლობა გადავუხადე.

...2008 წლის ევროჩემპიონატი ლუის არაგონესის არაადამიანური მონდომების ხარჯზე მოვიგეთ. ის რამდენიმე წლის მანძილზე ქმნიდა გუნდს, რომელმაც ავსტრია-შვეიცარიაში გაიმარჯვა. იცით როდის მივხვდი, რომ იმ ჩემპიონატის ფავორიტები ვიყავით? ჯგუფური ტურნირის პირველი მატჩის წინ მწვრთნელმა შეგვკრიბა და გვითხრა: „თუ ჩვენ ფინალში ვერ გავალთ, გამოდის, რომ ფეხბურთში არაფერი გამეგება და როგორც მწვრთნელი, არაფრად ვვარგივარ". მას ბოლომდე სჯეროდა ჩვენი და საკუთარ ძალებშიც დაგვარწმუნა. ამას რაც მოჰყვა, ყველამ ნახა.

...ნაკრებიდან რაულის ამოგდების გამო არაგონესს ბევრი აკრიტიკებდა, არც პრესის თავდასხმა იყო უცხო... ჩემი აზრით, რაული იმსახურებდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ავსტრია-შვეიცარიაში ის ხშირად მირეკავდა და ყველა გამარჯვებას მილოცავდა. რაული ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და შესანიშნავი ადამიანია. მართლა გული მწყდება, რომ ნაკრებმა უდიდეს გამარჯვებებს მის გარეშე მიაღწია. თავისი კარიერიდან გამომდინარე, ის სანაკრებო ტიტულებს იმსახურებდა!

...მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატს ორჯერ მივუბრუნდი. ჩვენი ყველა თამაში ვნახე, სულ სხვა თვალით შევხედე მაშინდელ მატჩებს... ამ ცოტა ხნის წინ კიდევ მომინდა იმ ამბების გახსენება, ფინალის ჩანაწერი ჩავრთე, თუმცა მალევე გამოვრთე - ჯერ ერთი, რომ გადამწყვეტი მატჩი მაინცდამაინც კარგი სანახავი არ იყო და მეორეც - მივხვდი, რომ წარსულზე დამოკიდებული ვხდებოდი. ეს რომ გავაცნობიერე, ძალიან არ მესიამოვნა.

...მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ყველანი ვტიროდით. მახსოვს, ჰოლანდიასთან 1:0-ის შემდეგ  გასახდელში ვიქტორ ვალდესთან და ხაბი ალონსოსთან ერთად ვიჯექი და სიხარულისგან ვიცრემლებოდი. მალე ინიესტა ჩამოჯდა ჩემს გვერდით - ჩავეხუტე, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი, ჩვენ ორივე და საერთოდ, ყველა იქ მყოფი ვგრძნობდით, რომ ძალიან დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ და სიტყვები უადგილო იყო! დიდებული წუთები იყო, დაუვიწყარი! ბაზაზე წასვლის წინ მშობლებს დავურეკე. არ მიპასუხეს. კიდევ ვცადე. ისევ არავინ მიპასუხა. მივხვდი, რომ სახლშიც დიდი ამბავი იყო, არადა, ყველაზე ძალიან მათთან ყოფნა მსურდა. ბოლოს ჩემს დას, არიადნას დავუკავშირიდ და ლამის ერთი საათი ველაპარაკე...

...2008-2012 წლებში ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი, შუაში კი მსოფლიო თასიც აღვმართეთ. რაში მდგომარეობდა ჩვენი საიდუმლო? ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით, ძალიან მაღალ დონეზე ვიყავით მომზადებულნი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ურთიერთობები, რაც ნაკრებში სუფევდა. ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას შორის დამოკიდებულებას ვგულისხმობ. ლუის არაგონესმა და ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში იდეალური ატმოსფერო შექმნეს. ნაკრებში თამაში თითოეული ჩვენგანისთვის ბედნიერება იყო!

...დაუვიწყარი თარიღები? ასეთი რამდენიმეა. მაგალითად 1998 წლის 18 აგვისტო - იმ დღეს პირველად ვითამაშე „ბარსელონას" მაისურით, ესპანეთის თასზე „მალიორკას" შევხვდით და გოლიც გავიტანე. მაშინ ჩვენი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იყო... იმავე წლის 3 ოქტომბერს პირველად ვითამაშე ჩემპიონატში - ვალენსიაში 3:1 გავიმარჯვეთ... არც 2000 წლის 15 ნოემბერი დამავიწყდება - ჩემი დებიუტი ესპანეთის ნაკრებში ჰოლანდიასთან... ევრო და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებს განზრახ არ ვახსენებ - ასეთი თამაშები არავის ავიწყდება.

...ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ ინგლისში არ მითამაშია. სიამოვნებით გავატარებდი 2-3 სეზონს ფეხბურთუის სამშობლოში, მაგრამ ახლა გვიანია. პრემიერლიგაზე როგორ არ მიფიქრია, მაგრამ „ბარსელონაში" იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, რომ... დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებს ინგლისში უფრო კარგად ეპყრობიან, ვიდრე ჩვენთან. ესპანეთში სულ გაკრიტიკებენ, მართლა თავს უნდა გადაახტე, რომ შეგაქონ, იქ კი... ინგლისში სხვა კულტურაა და მასთან შეხება, იქაური საფეხბურთო სულის შეგრძნება მართლა მაკლია.

...არ ვხუმრობ: „ბარსელონას" ისეთივე გულშემატკივრები რომ ჰყავდეს, როგორც „არსენალს", „ლივერპულს" ან „მანჩესტერ იუნაიტედს", ჩემპიონთა ლიგას 10-ჯერ მაინც მოიგებდა!

...საუკეთესო კლუბი „ბარსელონას" გარდა? გლაზგოს „სელტიკი". ვთვლი, რომ ჩვენს დარად, „სელტიკიც" უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საფეხბურთო კლუბი. მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე გლაზგოში და ყველა თამასი ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო.

...ფეხბურთის გამო სწავლას 16 წლისამ დავანებე თავი. დილა-საღამოს ვარჯიშზე დავდიოდი და მეცადინეობისთვის დრო აღარ მრჩებოდა. გეოგრაფია ძალიან მიყვარდა და ამ მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი. დღეს ეს ჩემი ჰობია - ზუსტად ისე მსიამოვნებს რუქების და ატლასების დათვალიერება, როგორც იმ დროს, როცა სწავლა ფეხბურთის გამო მივატოვე.

...მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გამისინჯავს ნარკოტიკი, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისეთივე შეგრძნებას იწვევს, როგორც ჩემპიონატის ან თასის მოგება. თუ ერთხელ გაუსინჯავ გემოს, კიდევ გინდა, მეტი გსურს და ვეღარ ჩერდები. მიხარია, რომ ჩემი ნარკოტიკი ფეხბურთია.

...ყველაზე ძალიან მეგობრების მასპინძლობა მიყვარს. თამაშის მეორე დღეს, ხშირად ჩემთან ვიკრიბებით, მთელ დღეს შინ ვატარებთ და ათასნაირად ვერთობით. ბარსელონაში გასეირნება როგორ არ მიყვარს, მაგრამ გულშემატკივრები მცნობენ და მათი ყურადღების გამო ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს დისკომფორტი ექმნებათ. თან, ქალაქში დასვენება რთულია... მოდუნებისთვის კარგი ხალხით სავსე ჩემი სახლი იდეალურია!

...ზაფხულში ხშირად ვსტუმრობ იბიცას. ჯერ ერთი, დიდებული ადგილია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იქ უამრავი კინოვარსკვლავი და პოპულარული მუსიკოსი იყრის თავს, მათ გვერდით კი ცნობილი ფეხბურთელები ნაკლებად ჩანან. ასე რომ, იბიცაზე მშვიდად დასვენებაც შეიძლება.

...ჟურნალ-გაზეთებს ყოველთვის ვკითხულობ. განსაკუთრებით მაინტერესებს რას წერს პრესა ჩვენს შესახებ გამარჯვების შემდეგ. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტებთან ვმეგობრობ. მთელი კარიერის განმავლობაში 90 ათასი კაცის წინ ვთამაშობდი, მაგრამ საკონფერენციო დარბაზში 100 ჟურნალისტისგან უფრო დიდ ზეწოლას ვგრძნობდი, ვიდრე გადაჭედილ „კამპ ნოუზე".

...სპორტის სხვა სახეობები არ მიზიდავს. ჩემი ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთთან იყო დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება.

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ხავი ერნანდეს კრეუსი
დაიბადა 1980 წლის 25 იანვარს ესპანეთის ქალაქ ტერასაში
„ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი
1998 წლიდან „ბარსელონას" პირველი გუნდის ნახევარმცველი
გუნდური ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი - 1999, 2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2015; ესპანეთის თასი - 2009, 2012, 2015; ესპანეთის სუპერთასი - 2006, 2007, 2009, 2010, 2011, 2013; ჩემპიონთა თასი - 2006, 2009, 2011; ევროპის სუპერთასი - 2009, 2011; ფიფას მსოფლიოს საკლუბო თასი - 2009, 2011; მსოფლიოს ჩემპიონი - 2010; ევროპის ჩემპიონი - 2008, 2012; ფიფას- კონფედერაციათა თასის ვიცე-ჩემპიონი - 2013; ფიფას- კონფედერაციათა თასის ბრინჯაოს პრიზიორი - 2009; ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 2000; მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული - 1999; მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1997
ინდივიდუალური ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - 2005; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 1999; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი („უორლდ სოკერი", დიდი ბრიტანეთი) - 2010; ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - 2008; ესპანეთის წლის სპორტსმენი - 2009
ესპანეთის ნაკრებში: 133 მატჩი, 12 გოლი (2000-2015)