სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

4 ტურის შემდეგ ქალები ლიდერებს შორის არიან

თარიღი: 2008 ნოემბერი 17
გერმანიის ქალაქ დრეზდენში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე უკვე ოთხი ტური მიილია. ქართველი მოჭადრაკე ქალები ჯერჯერობით წაუგებლად თამაშობენ და ლიდერთა შორის, მე-4 ადგილზე არიან, მამაკაცები კი 4 ტურში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და დღევანდელი მაჩვენებლებით 22-ე ადგილზე განთავსდნენ.  მე-5 ტურში, 17 ნოემბერს ქალები რუსეთს ხვდებიან, მამაკაცები კი სლოვაკეთს.

მეოთხე ტურში ქალები უნგრეთს დაუზავდნენ - 2:2, მამაკაცებმა კი 3.5:0.5 პორტუგალია დაამარცხეს. მეოთხე ტური წარმატებული კი გამოდგა ჩვენთვის, მაგრამ მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. უნგრეთი დიდი საჭადრაკო ტრადიციების ქვეყანაა და ქალთა შორისაც ყოველთვის ანგარიშგასაწევნი იყვნენ, მაგრამ იმ დროის დარი გუნდი, როცა პოლგარები თანაშობდნენ, რა თქმა უნდა, დღევანდელი ნაკრები არ არის.

უნგრეთთან შეხვედრაში საქართველოს ქალთა შემადგენლობა კვლავ შეიცვალა: დაისვენა სოფიკო ხუხაშვილმა და დაბრუნდა ლელა ჯავახიშვილი. მაია ჩიბურდანიძეს გაუნგრელებულ ვიეტნამელთან, თჰან თრანგ ჰონგთან შავებით მოუწია თამაშმა. ბრძოლა ყაიმით დასრულდა. მესამე დაფაზე ჯავახიშვილმა დებიუტში პაიკი მოიგო, მაგრამ შუა თამაშში შეცდა და ილდიკო მადლის მატჩის გადარჩენის საშუალება მისცა.

მეორე დაფაზე ნანა ძაგნიძე თამაშობდა, ამჯერად თეთრებით, მაგრამ ცუდად გაითამაშა დებიუტი და მალევე ჩამორჩა ჯერ ერთი, შემდეგ კი ორი პაიკით და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც. ქართველთა გადარჩენა მხოლოდ მაია ლომინეიშვილს თუ შეეძლო. ის თეთრებით ხვდებოდა ანა რუდოლფს და გაიმარჯვა. საბოლოოდ, ფრე (2:2) დაფიქსირდა. ქართველი ქალბატონები მეოთხე ადგილზე გადავიდნენ. 7 ქულა კიდევ რუსეთს, უნგრეთს და ინდოეთს აქვთ. ლიდერი კი ოთხიდან ოთხი მოგებით (8 ქულა) ჩინეთია.

ვაჟებმა კარგად ითამაშეს და პორტუგალია 3,5:0,5 დაამარცხეს. მოიგეს ბაადურ ჯობავამ, მიხეილ მჭედლიშვილმა და დავით არუთინიანმა, ლევან ფანცულაიამ კი მოწინააღმდეგეს ქულა გაუყო. ქართველთა მდგომარეობა შესაშური ნამდვილად არ არის, მაგრამ არც უპერსპექტივო ეთქმის. მეოთხე ტურის შემდეგ 22-ე ადგილზე ვართ. ქულათა მაქსიმუმით (4-4 მოგება) გერმანიის პირველი გუნდი და რუსეთის ნაკრები ლიდერობენ.




















მესამე ტურში ბაადურ ჯობავამ კი დაამარცხა უკრაინელთა ლიდერი ვასილი ივანჩუკი, ხოლო ზვიად იზორიამ ყაიმით ითამაშა პაველ ელხანოვთან, მაგრამ,  სამწუხაროდ მათ მხარი ვერ აუბეს მიხეილ მჭედლიშვილმა და დავით არუთინიანმა, წააგეს და საქართველოს ნაკრებიც პირველად დამარცხდა ოლიმპიადაზე - – 1,5:2,5.

მე-3 ტურში ქალებმა პირველად მოიგეს დამაჯერებელი ანგარიშით, მათ ისრაელის ნაკრები დაამარცხეს – 3:1. გამარჯვება იზეიმეს მაია ლომინეიშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა, ხოლო მაია ჩიბურდანიძემ და ნანა ძაგნიძემ ყაიმი იკმარეს.

პირველ ტურში წილისყრამ  ვაჟებს ფინეთის ნაკრები შეახვედრა, ხოლო ქალებს – ინგლისის. ორივე მეტოქე საკმაოდ ძლიერია და მთელი ძალისხმევა რომ იქნებოდა  საჭირო მოგებისთვის. მართლაც ძალიან გაჭირდა წარმატების მიღწევა  და ორივე ქართულმა გუნდმა მინიმალური შედეგით –2,5:1,5  გაიმარჯვა. ამ ინფორმაციამ, შესაძლოა ბევრი გააკვირვოს და არა იმიტომ, რომ ქართველებმა მოიგეს, არამედ იმიტომ, რომ ტურნირის ოფიციალურმა საიტმა მთელი მსოფლიო შეცდომაში შეიყვანა: ლევან ფანცულაიას წაგება დაუწერა და საქართველოს ნაკრებიც დამარცხებულად გამოაცხადა...

ასე ნამდვილად არ არის: ლევანმა ბრწყინვალე სტილში დაჩაგრა ფინელი მოჭადრაკე, ისე როგორც ეს შეძლო ზვიად იზორიამ, მაგრამ  რატომღაც თავიდან მასაც წაგება დაუწერეს, თუმცა მალევე გამოასწორეს შეცდომა. აქვე შევნიშნავთ, რომ შეცვლილია ქულათა დარიცხვის წესი და მოგებისთვის გუნდს ორი ქულა ეძლევა, წაგებისთვის – ნული, ყაიმისთვის – ერთი. მოსაფიქრებლად პირველ 40 სვლაზე 90 წუთია გამოყოფილი, შემდეგ ნახევარი საათი მატჩის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.

მეორე ტურიც არ გამოდგა იოლი. ნებისმიერი მატჩი ძალების ბოლომდე ხარჯვას მოითხოვს. ჩვენს ქალბატონებს წილისყრამ რუმინეთის საკმაოდ გამოცდილი გუნდი შეახვედრა. მეტოქემ კორინა პეპტანი, ელენე კოზმა, კარმენ ვოიჩე და ალინა მოტოცი დაგვიპირისპირა. ჩვენს გუნდში დაისვენა სოფიკო ხუხაშვილმა და საქმეში მაია ჩიბურდანიძე ჩაერთო. ჩაერთო და მერე როგორ - პეპტანს 21 სვლაში გამოუყვანა წირვა და ამისთვის საათზე ოდნავ მეტი დახარჯა! ასეთ დაბრუნებას ნამდვილად არ ველოდით და თუ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მომავალშიც იგივე შედეგს აჩვენებს, ჩვენი შანსები ერთი-ასჯერ გაიზრდება. მაია ლომინეიშვილმა ბოლო დაფაზე აღარ გარისკა და ყაიმი დააფიქსირა. იგივე შედეგი მივიღეთ ძაგნიძესთანაც.

ყაიმით დასრულდა ლელა ჯავახიშვილისა ვოიჩეს შეხვედრაც, თუმც მეტოქე სასწაულებრივად გადაურჩა წაგებას - მუდმივი ქიშის ვარიანტი გამოუჩნდა... მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ ლიდერებში პოზიცია გავიმყარეთ.

რაც შეეხებათ ვაჟებს. ისინი ყაზახებს ხვდებოდნენ. სამწუხაროდ, პირველი პარტია საპირისპირო შედეგით დაასრულა ბაადურ ჯობავამ - ყაზახ მურთაზ კაჟგალიევთან უკეთ გათამაშებული დებიუტისა და უპირატესობის მიღების შემდეგ, შუა თამაშში აურია - ხარისხი შეწირა კომბინაციისა და პოზიციური დივიდენდების მიღების მიზნით, ოღონდ, შეტევა ზუსტად ვერ გააგრძელა და დამარცხდა. კიდევ კარგი, ლიდერის მარცხმა გუნდის დანარჩენ წევრებზე ცუდად არ იმოქმედა. მართალია, ზვიად იზორიამ მეორე დაფაზე თეთრებით ვერ აჯობა პაველ კოცურს, მაგრამ არც წააგო. მიხეილ მჭედლიშვილმა კი შავებით ლამაზად მოუგო ანუარ ისმაგამბეტოვს. არანაკლებ შემოქმედებითი პარტია გაითამაშა ლევან ფანცულაიამ, რომელმაც თეთრებითმოთამაშე  რინატ ჟუმაბაევი დაამარცხა.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.