სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ოთარ გაბელია

თარიღი: 2016 იანვარი 20


საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარის წოდება მხოლოდ ორმა ქართველმა მოიპოვა: 1962 წელს სერგო კოტრიკაძემ, 17 წლის შემდეგ კი ოთარ გაბელიამ.
სერგო კოტრიკაძე ოთარ გაბელიას კერპი იყო, 1979 წელს, მოსკოვის „დინამოსთან" საკავშირო თასის ფინალის შემდეგ კი უკვე გაბელია გახდა სხვების კერპი - გადამწყვეტი მატჩის 11-მეტრიანების სერიაში თბილისელთა მეკარემ 3 პენალტი მოიგერია!
ოთარ გაბელია ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების უშუალო მონაწილეა - იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 1981 წლის 13 მაისს კი, თასების თასის ფინალში იენის „კარლ ცაისის"  წინააღმდეგ, „დინამოს" კარში იდგა.

* * *
...ფეხბურთამდე ცეკვა იყო და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სპორტშიც ვვარჯიშობდი და ცეკვაშიც. სხვათა შორის, ანსამბლი, რომელშიც ვირიცხებოდი, რამდენჯერმე რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატიც გახდა.

...ჩვენს ოჯახში ფეხბურთის ბუმი იყო, თუმცა განა ასე არ იყო მაშინ მთელ საქართველოში? ჩვენ ჩაის მეურნეობაში ვცხოვრობდით, რომლის დირექტორი მამა იყო. იმ დროს ტელევიზორი ყველა ოჯახს არ ჰქონდა და ამიტომ, როცა „დინამოს" მატჩებს გადმოსცემდნენ, ჩვენთან 20-25 კაცი ყოველთვის იკრიბებოდა.

...გუშინდელი დღესავით მახსოვს: ერთ დღეს მამა მოვიდა, ჟურნალი „ოგონიოკი" მოიტანა, რომლის გარეკანზე სერგო კოტრიკაძის ფოტო იყო და მითხრა: „ა კაცი, რო დასდევ მაგ ბურთს, ისე უნდა ითამაშო, შენც ჟურნალებში გამოგჭიმონო". 9 წლის ვიყავი მაშინ და მამაჩემის სიტყვები გულში ჩამწვდა. მგონი, საბოლოოდ სწორედ მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა.

...ჩვენს გუნდში, სადაც სომეხი და რუსი ბავშვებიც თამაშობდნენ, თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ „ოგონიოკის" და სერგო კოტრიკაძის ამბის შემდეგ, ნელ-ნელა კარში ჩადგომა დავიწყე. ჩემი სკოლის გუნდი მალე ქუჩების ჩემპიონი გახდა, ფოთში, დასავლეთ ზონის ტურნირზე კი საუკეთესო მეკარე გავხდი! მეათე კლასში რომ გადავედი, ზუგდიდის „დინამომ" მიმიწვია. იქ ორი წელი გავჩერდი, მერე კი სოხუმში გადავედი.

...სოხუმის „დინამოში" გატარებული წლები დაუვიწყარია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთელობის გემო პირველად სწორედ სოხუმში შევიცანი. იქ იური გრამატიკოპულო და გიგა ნორაკიძე მავარჯიშებდნენ - ორივე მაღალი დონის სპეციალისტი იყო, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

...ვიტალი დარასელიაც სოხუმში გავიცანი. 1972 წელს ერევნის „არარატთან" ამხანაგური თამაშისთვის ვემზადებოდით და იმ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო ჩვენმა მწვრთნელმა გრამატიკოპულომ. „არარატის" წინააღმდეგ დარასელია ბოლო 15 წუთს ათამაშა მწვრთნელმა და ვიტალის ეყო ეს დრო, რომ გუნდში დარჩენილიყო. სხვათა შორის, 3:2 მოვუგეთ იმ „არარატს", რომელიც მომდევნო წელს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

...„დინამოში" ნოდარ ახალკაცმა მიმიწვია, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ მიხაილ იაკუშინი მაკვირდებოდა. თუმცა, მარტო მე არა - მის სიაში რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და თამაზ კოსტავაც იყვნენ. რაც შეეხება უშუალოდ წინადადებას, ნოდარ ახალკაცის შემოთავაზება ცხონებულმა გიგა ნორაკიძემ გადმომცა ჩემსავე ქორწილში - იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო!

...„დინამოში" პირველად 1977 წლის თებერვალში ვითამაშე. ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად თბილისს ლუბლიანის „ოლიმპია" ეწვია და ახალკაცმაც ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. ანგარიში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დიდი სხვაობით რომ მოვიგეთ, ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს, 1977 წლის 22 მაისი იყო, ბაქოს „ნეფთჩისთან"  4:1 გავიმარჯვეთ. ბაქოელებმა ერთადერთი გოლი პენალტით გამიტანეს, თუ არ ვცდები აბასოვმა დაარტყა თერთმეტმეტრიანი.

...1979 წლის საკავშირო თასის ფინალის წინ ვიცოდი, რომ ძირითად შემადგენლობაში დავით გოგიას უნდა ეთამაშა. მატჩის წინა ღამეა, ბიჭები ჩემთან არიან ოთახში, დომინოს ვთამაშობთ. უცბად ტელეფონმა დარეკა და შემატყობინეს - ნოდარ ახალკაცის გადაწყვეტილებით, მოსკოვის „დინამოსთან" შენ ითამაშებო. თურმე დათოს ფეხი უტკენია. ავღელდი. ბიჭები ეგრევე ოთახიდან გავყარე - ვერ მიხვდნენ რა მოხდა და არც მე მითქვამს. ისე ავღელდი, ღამის სამ საათამდე ვერ დავიძინე.

...იმ პენალტების სერიაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, სჯობს სხვებმა ილაპარაკონ. საერთოდ, მეკარე დარტყმას არ ელოდება - წინასწარ ირჩევს კუთხეს. გაზაევის პენალტის წინ მეც კუთხე ავირჩიე და ისე მოხდა, რომ, გამოვიცანი. თამაშის მერე რეზო ჩელებაძე ამბობდა, მე ვურჩიე ოთარს საით გადამხტარიყოო, მაგრამ მთლად ეგრე არ არის და საერთოდ, ჩელეს ხუმრობა ძალიან უყვარს.

...1979 წელს ჟურნალმა „ოგონიოკმა" საუკეთესო მეკარედ დამასახელა - ჩემი კერპის, სერგო კოტრიკაძის მერე მეორე ქართველი გავხდი, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა! ეს აღიარება, ალბათ, თასის ფინალში მოგერიებულმა სამმა პენალტმაც განაპირობა.

...ჩემ დროს საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი მეკარე რინატ დასაევი იყო. ძლიერი გახლდათ, შესანიშნავი მონაცემები ჰქონდა, მაგრამ ერთი სუსტი წერტილი მაინც ვუპოვე - როცა კონკურენტს შენიშნავდა, ნერვიულობდა და შეცდომებს უშვებდა. დასაევის ფსიქოლოგიური პრობლემის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა კარგად იცოდა და ამიტომ ჩემს ნაცვლად შეკრებაზე პილგუის იწვევდა - იცოდა, რომ მას პირველობაზე პრეტენზია არ ჰქონდა და დასაევიც მშვიდად ეყოლებოდა. თან, დასაევი მოსკოვის „სპარტაკში" თამაშობდა და მისთვის ნაკრების კარი უფრო ადვილად იღებოდა, ვიდრე სხვა კლუბების მეკარეებისთვის. ქვეყნის პირველ გუნდში ერთადერთხელ ვითამაშე, 1979 წელს თბილისში, გერმანელების წინააღმდეგ, თუმცა სანაკრებო შეკრებაზე რამდენჯერმე ვყოფილვარ.

...1981 წლის 13 მაისს შიში არ ვიცოდით რა იყო. საერთოდ, ყველა მატჩში მოსაგებად გავდიოდით. ერთნი ვიყავით, ერთმანეთის იმედად და ერთმანეთის თანადგომისთვის მზად. ფინალი ერთი თამაშია, ერთი შეცდომა, ემოციებს აყოლა და ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. სწორედ ამისთვის მოგვამზადა ცხონებულმა ახალკაცმა, სხვა დანარჩენი - ფიზიკური მზადყოფნა, ტაქტიკა, მართალია ძალზე მნიშვნელოვანი, თუმც მეორეხარისხოვანი იყო. ხშირად მეძალებოდა ემოციები, მაგრამ 13 მაისს ყველაფერს მოვერიე. ეს არ იყო მხოლოდ ფინალი, რა თქმა უნდა, არც ჩემპიონატის პრინციპული თამაში. ეს იყო ისტორიული მატჩი არა მხოლოდ „დინამოსთვის", არამედ საქართველოსთვის. და ამის შემდეგ გეკითხებით, მქონდა თუ არა უფლება ემოციებს ავყოლოდი, ერთი შეცდომა დამეშვა?! ბიჭების თანადგომას ყოველ წამს ვგრძნობდი, ამან კარგად იმოქმედა.

...თასების თასის ფინალის წინ ფორმა დავკარგე. ამის შესახებ ლამის ყველგან დაიწერა, სადაც ოდნავ მაინც შეეხნენ დიუსელდორფის თემას. იმ ამბავში ვერავის დავადანაშაულებ - აეროპორტებში ხდება ასეთი გაუგებრობები. „ადიდასის" მესვეურებმა მეორე დღესვე მომიტანეს ახალი ფორმა, ბუცები კი საშა ჩივაძემ დამითმო - ორი წყვილი ჰქონდა წამოღებული.

...„კარლ ცაისი" მაღალი დონის გუნდი იყო. ეხლა ჩაკარგულია სადღაც ქვედა ლიგაში, მაგრამ მაშინ „ვალენსია" და „რომა" გამოთიშა გათამაშებას. ათლეტური ფეხბურთელები იყვნენ, ფიზიკურად უნაკლოდ მომზადებულები, მაგრამ ჩვენი გოლები ხომ გახსოვთ? სწორედ ტექნიკური თამაშით ვაჯობეთ. ჰოპეს გოლს რაც შეეხება, ამან უფრო გაგვახელა, ვიდრე გაგვტეხა.

...ფინალის დასასრული და შემდგომი წუთები არასდროს დამავიწყდება - თავი სიზმარში მეგონა! ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა გორგოძე იყო და მისი დახმარებით ბიჭები ოჯახებს დავუკავშირდით. სიხარულისგან ოჯახში ყველა ტიროდა!

...1982 წლის მიწურულს მწვრთნელებმა გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტეს და „დინამოდან" სხვებთან ერთად წავედი. ქუთაისის „ტორპედომ" მიმიწვია, მაგრამ იქ თითქმის არ მითამაშია. 1984 წელს „დინამო" დავით ყიფიანმა ჩაიბარა და დამეხმარეო, მთხოვა - მეორე წრიდან უნდა მეთამაშა. დნეპროპეტროვსკის „დნეპრთან" მატჩის წინ ვეტერანებს გავყევი კასპში ამხანაგურ მატჩზე. ერთ-ერთი შეტევის მოგერიებისას, მხრით შევასკდი ძელს და აღმოჩნდა, რომ ლავიწის ძვალი გავიტეხე. ამის გამო იმ ჩემპიონატში საერთოდ არ მითამაშია - ყიფიანი კინაღამ გაგიჟდა.

...80-იანი წლების „დინამოში" ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. პირველ რიგში უმცროს მიხეილ მესხს და გრიგოლ ცაავას გამოვყოფდი - ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები იყვნენ. არც სხვები ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ როგორც გუნდი, მოვიკოჭლებდით. ვეტერანები - მე, სულაქველიძე, გუცაევი და შენგელია ყველანაირად ვცდილობდით სიტუაციის შეცვლას, შედეგების გაუმჯობესებას, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა - ძალიან სუსტად ვამთავრებდით ჩემპიონატს. რატომ ხდებოდა ასე, ახლა ამაზე საუბარი ადვილია - ათას მიზეზს გამოვძებნით. გულდასაწყვეტი ისაა, რომ მომხდარს ვერ შევცვლით. „დინამო" 80-იანი წლების შედეგებს ნაღდად არ იმსახურებდა.

...რომ მითხრან 80-იანი წლებიდან ნათელი წერტილი გაიხსენეო, 1987 წლის შემოდგომით უეფას თასზე ბრემენის „ვერდერთან" ორ შეხვედრას დავასახელებ. მართალია ორი მატჩის ჯამში „დინამომ" 2:3 წააგო, მაგრამ ალალად ვამბობ: იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ გერმანელების დამარცხება შეგვეძლო. უიღბლობა - აი, ეს იყო ჩვენი წაგების მიზეზი. არადა, გუნდი 1/4-ფინალში რომ გასულიყო, დარწმუნებული ვარ „დინამოში" ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ჩვენამდე „ვერდერმა" მოსკოვის „სპარტაკი" გაანადგურა, ეს გუნდი კი საკავშირო პირველობის ლიდერთა შორის იყო. მახსოვს, ამბობდნენ, „ვერდერმა" „სპარტაკი" თუ გაანადგურა, დასუსტებული „დინამოსგან" ქვას ქვაზე არ დატოვებსო, მაგრამ ვერ მივართვით...

...საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყება რომ გადაწყდა, მშობლიური ზუგდიდიდან შემეხმიანნენ - ჩამოდი, კლუბი ჩაიბარეო. არადა, მანამდე მწვრთნელი არასდროს ვყოფილვარ. ვინერვიულე და ასე არ გამოვა-მეთქი, მივწერე. იქიდან მიტინგებით დამემუქრნენ, არ მომასვენეს, მოკლედ, უშენოდ საქმე არ გამოვაო. ეს მიტინგები ძალიან მოდაში იყო მაშინ - თუ ვინმე რამეს აპროტესტებდა, ეგრევე მიტინგით იმუქრებოდა... მოკლედ, შევედი ნოდარ ახალკაცთან, იმ დროს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ასე და ასეა ჩემი საქმე, თქვენი კონსპექტები მათხოვეთ-თქო. მწვრთნელობის გადაწყვეტილებაზე გაეცინა და რატომღაც რუსულად მითხრა: პრავილნა პასტუპაეშ, პაცან-ო. დამითმო თავის რვეულები და ისიც მირჩია, გუნდი მუხურში მოამზადე, კარგი პირობებიაო. ჩხოროწყუსთან ახლოს, მუხურში ბანაკი იყო შესანიშნავი მინდვრით. გუნდი რომ ჩავიყვანე, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ახალკაცმა ჩემზე, იქაურ კაცზე უკეთ იცოდა სად რა დონის სპორტული ბაზა იყო. რაც შეეხება „ოდიშს", ჩემპიონატი ცუდად არ დაგვიწყია - საწყის ტურებში ლიდერთა შორისაც ვიყავით...

...ჩემი წარმოდგენით, ახალკაცი დიდი დიპლომატი იყო. ხშირად მიფიქრია, მას რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე ემუშავა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევდა. თუ რამე უყვარდა ჩვენს მწვრთნელს, პირველ რიგში დისციპლინა. რასაც მიაღწია, სწორედ წესრიგის სიყვარულით და დაფასებით.

...მემკვიდრე? ძალიან მომწონდა აკაკი დევაძის თამაში. მას რამდენიმე კარგი სეზონი ჰქონდა, საქართველოს ნაკრებშიც ადვილად დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ მისი მონაცემების პატრონს, გაცილებით მეტი შეეძლო. სამწუხაროა, რომ დევაძის კარიერა სწორად ვერ განვითარდა.

...მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მანუელ ნოიერს და ჯანლუიჯი ბუფონს მივიჩნევ. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ნოიერის საქციელი მთელ რიგ ეპიზოდებში, როცა ლამის ცენტრალური მცველის ფუნქციებს ასრულებს, ჩემთვის მიუღებელია. რაც შეეხება ბუფონს, ის უდიდესი პროფესიონალია და სწორედ ამის წყალობით ინარჩუნებს ფანტასტიურ ფორმას.

...ცრურწმენა? ყველა ფეხბურთელი თავისებურია და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ: მინდორზე მარცხენა ფეხით შესვლას ვცდილობდი და შესვენების შემდეგ მინდოდა ჩემი გუნდი მეტოქეზე ადრე გასულიყო მოედანზე, ამიტომ ბიჭებს ხშირად ვაჩქარებდი.

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ოთარ გაბელია
დაიბადა 1953 წლის 24 მარტს ზუგდიდში
1971-1973 წლებში სოხუმის „დინამოს", 1974-1976, 1983-1984 წლებში ქუთაისის „ტორპედოს", 1977-1982, 1985-1990 წლებში თბილისის „დინამოს" მეკარე
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი - 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1981; სსრკ თასის მფლობელი - 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი - 1979; სსრკ საუკეთესო მეკარე - 1979; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #2 - 1979; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1981
სსრკ ნაკრებში: 1 მატჩი (1979)