სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: რობერტ შავლაყაძე

თარიღი: 2016 იანვარი 26


სიმაღლეზე ხტომაში ოლიმპიური თამაშების პირველი ევროპელი ჩემპიონი - რობერტ შავლაყაძე

...რომის „ფორო იტალიკოს" გულისცემა წამით მიყუჩდა და ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილი 100 ათასი მაყურებლის თვალი 216 სანტიმეტრ სიმაღლეზე გადებულ თამასას მიაშტერდა, რომელსაც ეს-ეს არის სპორტსმენი #572 გადაევლო. თამასა რამდენიმე წამს კიდევ ქანაობდა და მერე ადგილზე გაშეშდა. ტრიბუნებს ტაშის ექომ გადაუარა!
ეს მოხდა 1960 წლის 1 სექტემბერს, ცენტრალური ევროპის დროით 21 საათსა და 26 წუთზე. სპორტსმენი #572 იყო რობერტ შავლაყაძე, რომელიც რომის ოლიმპიური თამაშების ყველაზე დიდი სენსაციის ავტორად მოგვევლინა.
შავლაყაძემ გაიმარჯვა მძლეოსნობაში - სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში, გაიმარჯვა სიმაღლეზე ხტომაში - მძლეოსნობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დისციპლინაში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პირისპირ ბრძოლაში აჯობა დიდ ჩემპიონებს და რეკორდსმენებს, ამერიკელ მსოფლიოს ხუთგზის რეკორდსმენს ჯონ თომასს და მის თანამემამულეს, წინა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ჩარლზ დიუმასს. მეტიც - თავად დაამყარა ოლიმპიური რეკორდი და გააცამტვერა მითი ამერიკელთა უძლეველობის შესახებ. სწორედ შავლაყაძე აღმოჩნდა ის პირველი ევროპელი სპორტსმენი, რომელმაც დაამხო ამერიკელთა მრავალწლიანი ჰეგემონია და სიმაღლეზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
ქართველი მძლეოსნის ტრიუმფის მეორე დღეს „ნიუ იორკ ტაიმსში" თამაშების ერთ-ერთი ფავორიტის, მსოფლიოს ხუთგზის რეკორდსმენის ჯონ თომასის სანუგეშოდ დაბეჭდილ ამ სიტყვებს ამოიკითხავდით: „თომასი ჯერ ახალგაზრდაა, მომავალი წინ აქვს და მისთვის უკეთესია, თუ შეძლებს ამ მარცხის გმირულად გადატანას. ოღონდ, უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო დიდია და განუწყვეტლივ წარმოშობს ახალ შავლაყაძეებს".
ბატონი რობერტის ტრიუმფალური გამარჯვებიდან 65 წელზე მეტი გავიდა. დიდებული ქართველი მძლეოსნის კარიერას ქართულ თუ უცხოურ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მისი ინტერვიუებით და ჩანახატებით გავიხსენებთ.

* * *
...ბავშვობიდან რა მაგონდება და ომის წლები: მამა დამსახურებული ინჟინერი იყო, ომის პერიოდში სამხედრო ქარხანას ხელმძღვანელობდა და ამიტომ არ გაუშვეს ომში, აქ უფრო საჭირო ხარო. მხოლოდ მას შეეძლო გერმანიიდან ჩამოტანილი ჩარხების აწყობა... მამას სამსახურში დავყავდი და ბევრ რამეს ვსწავლობდი, პირველ რიგში შრომას, სიბეჯითეს.

...დიდუბეში, ვახუშტის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მძიმე წლები იყო: მშობლები ხუთ შვილს გვზრდიდნენ. იმ დროს ერთ ადამიანზე დღეში 100 გრამი პური იყო გათვალისწინებული, ისიც ტალონებით. ერთ დღეს შვიდივე ტალონი დავკარგე და ვერ წარმოიდგენთ რა დღეში ჩავვარდი! მიუხედავად ამ ამბისა, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ტრაგედია ვუწოდოს, მშობლებს ერთი საყვედურიც არ დასცდენიათ.

...თანატოლთაგან თითქმის ყველა სპორტს მისდევდა. მეც, მათი შემხედვარე, ჯერ კალათბურთზე შევედი, მერე ფეხბურთზე, ჭიდაობა, ფარიკაობა, ცურვა, ცხენოსნობა და ფრენბურთიც მოვსინჯე. ყველაზე მწარედ კრივზე შესვლა მაგონდება - მწვრთნელმა პირველივე ვარჯიშზე ხელთათმანები მომცა და რინგზე ამიშვა, იქ კი ვიღაც მძიმეწონოსანმა ბრძოლის დაწყებისთანავე ისეთი მთხლიშა, თვალებიდან სულ ნაპერწკლები ვყარე! გამწარებული ვეცი და თავი რინგზე ვარტყმევინე. ცხადია გამაგდეს, მაგრამ ეტყობა, მწვრთნელს ჩემში მებრძოლი ხასიათი მოეწონა და მალე სახლში მოგვადგა - დედას სთხოვა, შვილი კრივზე ატარეთო. მაგრამ იქითკენ გახედვაც არ მინდოდა.

...სიმაღლეზე ხტომაში შემთხვევით ჩავერთე. რკინიგზის მე-3 საშუალო სკოლის მეექვსე თუ მეშვიდე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ფიზკულტურის მასწავლებელმა ილია როინიშვილმა მითხრა, მოსწავლეთა საქალაქო პირველობაზე უნდა იასპარეზოო. ვიუარე, მაგრამ დირექტორმა მიხეილ შაიშმელაშვილმა რომ დამიბარა, უარი ვეღარ ვუთხარი. მეტრი და 55 სანტიმეტრი გადავლახე და ჩემპიონი გავხდი! რამდენიმე მწვრთნელმა მთხოვა, ჩემთან მოდიო, მე კი გაბრიელ ათანელოვთან დავიწყე ვარჯიში - ყველაზე გამოცდილი ის იყო. სამ თვეში უკვე 175 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადავევლე და მე-11 კლასელმა საბოლოოდ გადავწყვიტე სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში. სპორტსაზოგადოება „დინამოს" წევრი გავხდი, მალე მეხანძრედ გამაფორმეს და ხელფასიც დამინიშნეს, 40 მანეთი. მიხაროდა, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ უფრო ის მეამაყებოდა, რომ ოჯახს მატერიალურად ვეხმარებოდი.

...1954 წელს პირველი დიდი გამარჯვება ვიზეიმე: ხარკოვში, „დინამოს" ცენტრალური საბჭოს პირველობა მოვიგე - 190 სანტიმეტრს გადავახტი, თან იოლად, ეგრეთ წოდებული „გადაბიჯებით". ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცოტა ხანში საკავშირო სტიპენდიანტიც გავხდი - ხელფასზე გაცილებით მეტს მიხდიდნენ!

...იმავე წელს ლესელიძეში საქართველოს, უკრაინის და ლენინგრადის მძლეოსანთა ნაკრები გუნდების არაოფიციალური ტურნირი ჩატარდა. 202 სანტიმეტრს გადავახტი, მომდევნო ცდაზე კი 205 სანტიმეტრიც დავძლიე. ეს საკავშირო რეკორდი იყო, მაგრამ მსაჯებმა არ ჩათვალეს - ამხანაგური შეჯიბრებაა, არ ითვლებაო და რეკორდსმენად იგორ კაშკაროვი დაამტკიცეს, რომელმაც 202 სანტიმეტრი იმავე დღეებში მოსკოვში დაძლია სხვა მსაჯების თვალწინ.

...21 წლის ვიყავი, როცა მუხლის ტრავმა მივიღე. ექიმების დასკვნა არცთუ სახარბიელო იყო - ვარჯიშს თუ გააგრძელებ, შესაძლოა, სავალალო შედეგით დაამთავრო ყველაფერიო. ამის გაგონებაც არ მსურდა! ნელ-ნელა სამედიცინო ლიტერატურას ჩავუღრმავდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ კუნთები არ მქონდა სათანადოდ განვითარებული. 50-კილოგრამიანი შტანგით დავიწყე ვარჯიში და მალე წონა გავზარდე. მუხლის ტკივილიც გაქრა, მაგრამ იმ დატვირთვებმა წლების შემდეგ იჩინა თავი - ხერხემალი დღემდე მაწუხებს.

...1957 წელს საკავშირო პირველობა თბილისში ჩატარდა. ჩემს კონკურენტს იგორ კაშკაროვს მსაჯებმა ქაცვებიან სპორტულ ფეხსაცმელში ჩაფენილი რეზინა აღმოუჩინეს, მაგრამ ამ დარღვევის გამო არ დაუსჯიათ. იმ წელს მასთან დავმარცხდი, მაგრამ ორი წლის შემდეგ, 1959 წელს, ამერიკის ქალაქ ფილადელფიაში საბჭოთა კავშირის და აშშ-ს ნაკრებთა ტრადიციული შეჯიბრება გაიმართა - „გიგანტთა მატჩი" და კაშკაროვს იქ მაინც ვაჯობე!

...ამერიკელებს „გიგანტთა მატჩში" მოვუგეთ და ამის გამო ისინი ძალიან გაბრაზდნენ. დაიქადნეს, ერთი წლის შემდეგ, რომში, ოლიმპიურ თამაშებზე შევხვდეთ, იქ განახებთ ვინ ვინ არისო. სიმაღლეზე ხტომაში ფავორიტად ამერიკის ნაკრების წევრი, „ჩიკაგოელ კალიად" და „კენგურუდ" წოდებული ჯონ თომასი ითვლებოდა, იმ დროისთვის მსოფლიოს რამდენიმეგზის რეკორდსმენი. თომასი ოლიმპიურ სოფელში გავიცანი, ერთი-ორჯერ ერთად გავისეირნეთ, მაგრამ იმხელა პოპულარობით სარგებლობდა, ცოტა არ იყოს დავითრგუნე - ყველა მას უღიმობდა, ფოტოებს უღებდნენ, ავტოგრაფებს ართმევდნენ, მომავალ ჩემპიონს უწოდებდნენ. ისიც ქედმაღლობდა და გავიფიქრე, კაცი არ ვიყო, თუ არ ვაჯობო-მეთქი!

...ვარჯიშზე თომასმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა შოუ დადგა. გამოქანდებოდა, დაძლევდა სიმაღლეს და მწვრთნელები ერთ ამბავში იყვნენ, არიქა, ნახეთ რა მაგრად გადახტა, 220 სანტიმეტრი დაძლიაო! რა თქმა უნდა, თომასი უფრო დაბლა ხტებოდა, მაგრამ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ხრიკი იყო - მოწინააღმდეგეები უნდა დაეთრგუნა. ბევრზე გაჭრა, მაგრამ მე, სიმართლე გითხრათ, მშვენიერ ხასიათზე დამაყენა - გულიანად ვიცინოდი!

...ჯონ თომასმა და ჩემმა თანაგუნდელმა ვალერი ბრუმელმა შეჯიბრება 195 სანტიმეტრით დაიწყეს, მე კი პირდაპირ ორი მეტრი შევუკვეთე. ჩვენი მწვრთნელი ვლადიმირ დიაჩკოვი ტრიბუნიდან მიყვიროდა, ხომ არ გაგიჟდი, რას აკეთებო! მშვიდად ვიყავი და აუღელვებლად დავძლიე 200, 203, 206, 209 და 214 სანტიმეტრი, არადა, იქამდე ჩემი საუკეთესო მიღწევა 213 სანტიმეტრი იყო. ერთ-ერთმა კონკურენტმა და ჩემმა თანაგუნდელმა ვიქტორ ბოლშოვმა მალე დაასრულა ასპარეზობა, ცოტა ხანში მელბურნის თამაშების ჩემპიონი ჩარლზ დიუმასიც გამოეთიშა შეჯიბრებას, რაც შეეხება ბრუმელს და თომასს, მათ 214 სანტიმეტრი დაძლიეს, თუმცა ჩემთან შედარებით მეტი ცდა დასჭირდათ.

...ფინალური ხტომები სტარტზე გასვლიდან თითქმის 12 საათის შემდეგ დაიწყო. ადვილად წარმოიდგენთ როგორი დაღლილი ვიქნებოდი, მაგრამ როცა ვწვებოდი და ვდუნდებოდი, საკუთარ თავს შევუძახებდი, ცოტაც რობერტ, ცოტაც, ჩემპიონობა ახლოა, არ დანებდე-თქო. 216 სანტიმეტრზე გადებულ თამასას პირველად ბრუმელმა შეუტია. ვერ გადაევლო. მერე თომასი გამოექანა. მასაც ხელი მოეცარა. ისე გამწარდა, კვლავ სტარტზე დადგა, არადა, ჩემი ჯერი იყო. მსაჯებმა ძლივს დააწყნარეს. მე გავექანე და პირველივე ცდაზე დავძლიე სიმაღლე. ოლიმპიური ოქროს ბედიც, ალბათ, მაშინ გადაწყდა. საბოლოოდ ბრუმელი მეორეზე გავიდა, თომასი კი ბრინჯაოთი „დაკმაყოფილდა". მეორე დღეს გაზეთი „სტამპა" წერდა, სიმაღლეზე ხტომის ოქროს წიგნში აქამდე ერთი ევროპელიც არ იყო, დღეს კი თბილისელმა რობერტ შავლაყაძემ ამ მატეანეში ახალი ფურცელი ჩაწერაო. ცხადია, უზომოდ გახარებული გახლდით, თავის სიზმარში მეგონა!

...როცა მეკითხებიან თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე რომელიაო, ყოველთვის 1960 წლის 1 სექტემბერს ვასახელებ: როცა რომში, „ფორო იტალიკოზე" ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გავხდი! სხვათა შორის, 1 სექტემბერს ამერიკელ მძლეოსნებს ბევრ დისციპლინაში მოეცარათ ხელი, პრესამ კი ის დღე „შავ ხუთშაბათად" მონათლა.

...ოთხი წლის შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ფავორიტად მეც ვითვლებოდი, თუმცა ჩემი თანაგუნდელი და კონკურენტი ვალერი ბრუმელიც შესანიშნავ ფორმაში იყო. ცხადია, თომასიც ჩინებულ ფორმაში შეხვდა თამაშებს - მხოლოდ ოქროს უმიზნებდა. მე წინდაუხედაობამ დამღუპა: შეჯიბრების წინა დღეს, ვარჯიშის შემდეგ გრილ აუზში გავცურე და წელი გამიშეშდა, გადახტომა კი არა, სასტარტო ბილიკზე გასულს სიარული მიჭირდა. შეჯიბრებას 214 სანტიმეტრზე გამოვეთიშე და მთელი ყურადღება ბრუმელზე გადავიტანე, ვუჩიჩინებდი, რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემპიონი გამხდარიყო. საბოლოოდ ასეც მოხდა - ოქრო მან მოიგო, თომასი კი მეორე ადგილზე გავიდა. წლების მერე, როცა ავტობიოგრაფიული წიგნი „სიმაღლე" გამოსცა, ბრუმელმა აღნიშნა, ტოკიოში ჩემი გამარჯვება რობერტის დამსახურებაა, რომ არა მისი თანადგომა, არ ვიცი შევძლებდი თუ არა პირველობასო. მისმა სიტყვებმა ძალიან გამახარა!

...კარიერის განმავლობაში მეტოქეებს ხშირად ჩამოვრჩებოდი პირადი შედეგებით, მაგრამ საშინაო თუ საერთაშორისო ასპარეზზე ხშირად ვჯაბნიდი მათ. ამიტომ ბევრმა „მებრძოლი" შემარქვა, ბიჭები კი „ტეხნარს" მეძახდნენ, აქაოდა ხტომის თავისებური ტექნიკა აქვსო.

...სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ერთხანს საკავშირო ნაკრებში ვმუშაობდი, შემდეგ ჩვენს ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლას ვხელმძღვანელობდი, 1977 წელს კი კვლავ მწვრთნელობა დავიწყე - აფრიკაში, კერძოდ კონგოში გავემგზავრე, მძლეოსანთა ნაკრების მწვრთნელ-კონსულტანტი გავხდი. ჯერ ექვსთვიანი კონტრაქტი გამიფორმეს, მერე კიდევ ნახევარი წლით გამიგრძელეს, საბოლოოდ კი სამი წელი ვიმუშავე კონგოში! ადგილობრივები იმდენად კმაყოფილნი იყვნენ ჩემი მუშაობით და შედეგებით, რომ მალე კონგოს საფეხბურთო და მოცურავეთა ნაკრების მომზადებაც მთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კონგოელები თვალდახუჭულნი მენდობოდნენ და საკავშირო სპორტკომიტეტიც კონგოში დარჩენას მთხოვდა, ვეღარ გავძელი და მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ აფრიკა დავტოვე.

...მოსკოვის ოლიმპიადის საგზური ცხრა კონგოელმა მძლეოსანმა მოიპოვა - ეს მათთვის უდიდესი წარმატება იყო. უშუალოდ შეჯიბრებებში ყველამ მოსალოდნელზე ცუდი შედეგი აჩვენა. მიზეზი კურიოზული იყო - ჩემი თხოვნის მიუხედავად, სპორტსმენები ნაყინს მიაძღნენ, ანგინამ კი მათზე ცუდად იმოქმედა. არადა, ვეხვეწებოდი, შეჯიბრებამდე თავი შეიკავეთ და მერე ყველას თითო ყუთს გიყიდით-მეთქი, მაგრამ ვერ მოითმინეს.

...თბილისში დაბრუნებულმა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ფიზკულტურის კათედრა ჩავიბარე. იქ წლების განმავლობაში ვიმუშავე, მერე არეულობა დაიწყო, მაგრამ სპორტს არ ჩამოვშორდი: აქტიურად ვმონაწილეობდი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებაში და მის მუშაობაში, ერთი პერიოდი სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრიც ვიყავი.

...ჩვენი მძლეოსნობის კრიზისი ერთი მთავარი მიზეზითაა განპირობებული: სპეციალისტების დეფიციტია, თუმცა ეს მხოლოდ მძლეოსნებზე არ ითქმის, გადახედეთ სპორტის სხვა სახეობებს და მიხვდებით, რომ ასეა ყველგან. სპორტსმენი წარმატებას კარგი მწვრთნელის გარეშე ვერ მიაღწევს, ასე რომ, თუ დიდი გამარჯვებები გვსურს, ორივეს გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ.

...1960 წელს, როცა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, ხელისუფლებამ ლენინის ორდენით დამაჯილდოვა. ეს იყო ქვეყნის უმაღლესი ჯილდო. 1997 წელს კი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გადმომცა უმაღლესი, ვახტანგ გორგასლის ორდენი. ამ ამბებით, ცხადია ვამაყობ, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა: სპორტსმენი კაცისთვის ჯილდო, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის უფრო ფასეული ჩემი ოჯახია: მეუღლე, შვილები, სიძეები, შვილიშვილები... აი, ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება!

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

რობერტ შავლაყაძე
დაიბადა 1933 წლის 1 აპრილს თბილისში
მძლეოსანი, სიმაღლეზე ხტომა
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი - 1960 (რომი); ოლიმპიადის V ადგილოსანი - 1964 (ტოკიო); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1962; სსრკ ჩემპიონი - 1964; სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1959, 1960, 1962; სოციალისტური ქვეყნების თამაშების ჩემპიონი - 1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963; ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი - 1958, 1959, 1960, 1961, 1962; აშშ-სსრკ „გიგანტთა მატჩის" გამარჯვებული - 1959; სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1960
საუკეთესო შედეგი - 217სმ (1964)

დაჯილდოებულია ლენინის (სსრკ), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით