სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: კახი კახიაშვილი

თარიღი: 2016 თებერვალი 10


„მე კახის ვხედავ, როგორც ცხენზე ამხედრებულ მეომარს, რომელიც ძალიან დინჯია, რომელსაც ხმალი ქარქაშში აქვს ჩაგებული და ნება-ნება მიუყვება გზას. როდესაც იმ ადგილს მიუახლოვდება, სადაც შეჯიბრება იწყება, ხმალს იშიშვლებს, გაქანდება, გაიმარჯვებს, იმსაათშივე ქარქაშში ჩააგებს ხმალს, ისევ შეანელებინებს ცხენს ნაბიჯს და მომავალ შეჯიბრებამდე ასე მშვიდი იქნება. ის არის ფლეგმატიკი, რომელიც საჭიროებისთანავე ქოლერიკი ხდება", - ასე დაახასიათა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის აღმზრდელმა და მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა ლეგენდარული შეგირდი.
კახი მსოფლიო სპორტის ლეგენდაა და ეს ლიტონი სიტყვები არაა. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ძალიან ცოტა სპორტსმენია, რომლებსაც სამი ოლიმპიადა მოუგიათ. კახიაშვილი ამ იშვიათთა შორისაა: 1992 წელს, როცა ბარსელონაში პირველად ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდში საქართველოს წარადგენდა, 1996 და 2000 წლებში კი ის საბერძნეთის სახელით გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
კახი იმითაცაა უნიკალური სპორტსმენი, რომ კარიერის განმავლობაში ოთხი სხვადასხვა ქვეყნის სახელით იასპარეზა: დსთ-ს და საბერძნეთის გარდა საბჭოთა კავშირის და საქართველოს სახელითაც ადიოდა ფიცარნაგზე.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის კარიერას მისივე ინტერვიუებით და ჩანახატებით გავიხსენებთ.

* * *
...ცხინვალში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენი ქუჩა მრავალეროვანი იყო: ებრაელი, ოსი და სომეხი მეზობლებიც მყავდა. პატარაობისას ძალიან მიკვრიდა ხალხი ჩემთვის უცხო ენაზე რომ საუბრობდა. ვერ ვიგებდი ერთ ქვეყანაში ერთი ენა რატომ არ იყო.

...სუსტი ბავშვი ვიყავი, გარშემო ყველა ჩემზე ზრუნავდა. თამაში მიყვარდა ძალიან: ფეხბურთი, ლახტი, კოჭობანა... ბებია-ბაბუასთან რომ  ჩავდიოდი სოფელ გორისაში, ქათმებს ვიჭერდი და მერე ვუშვებდი. ჩემი ფიქრით, ვავარჯიშებდი, რომ მერე სხვებს არ დაეჭირათ. ერთხელ შემთხვევით ჩიტი მოვკალი. ძალიან განვიცადე და ის ჩიტი დავმარხე.

...ძალიან მიყვარდა თოვლი, მაგრამ ხომ გითხარით, სუსტი ვიყავი და მაშინვე ვცივდებოდი. მშობლებმა ტანვარჯიშზე შემიყვანეს, მოძლიერდებაო. სასტიკად არ მინდოდა იქ სიარული. ჩემდა ბედად, ფეხი მოვიტეხე და ჩემი „ტანჯვა-წამებაც" ამით დასრულდა.

...ცხინვალში სულ თორმეტი სკოლა იყო, მათ შორის ორი ქართული და ერთი რუსული. რატომღაც რუსულ სკოლაში შემიყვანეს. ენა არ ვიცოდი და დაღონებული ვიყავი, თან, კლასელებიც არ იყვნენ ჩემდამი კარგად განწყობილნი - უმიზეზოდ მეჩხუბებოდნენ, მეკამათებოდნენ. მათი დამოკიდებულება ჩემი სუსტი აღნაგობითაც იყო განპირობებული... ისე, ჩხუბს ყოველთვის ვერიდებოდი და ასე ვარ ახლაც.

...ინსტიტუტშიც რუსულ სექტორზე ვსწავლობდი. იმ წლებს რომ ვიხსენებ, ყველაზე ტკბილად ექსკურსიები მაგონდება: სწორედ მაშინ მოვიარე საქართველო - აღმოსავლეთში, სამხრეთსა და დასავლეთში თითქმის ყველა საინტერესო ადგილი ვნახეთ. მშვენიერი წლები იყო!

...პოლიტექნიკური ინსტიტუტის ცხინვალის ფილიალში, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე როცა ჩავაბარე, იმ დროს უკვე ძალოსნობაში ვვარჯიშობდი. დილით დარბაზში მივდიოდი, ინსტიტუტის მერე ისევ ვარჯიში, საღამოს 8-დან 11 საათამდე ისევ ინსტიტუტი... შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ 1986 წლიდან დაწყებული დღემდე სტუდენტი ვარ - სასწავლებელი ვერ დავასრულე, ერთხელ ცხინვალში გამრიცხეს, ხუთჯერ თბილისში.

...ძალოსნობაზე ვანო გრიქუროვმა მიმიწვია. ბატონი ვანო ჩვენი მეზობელი იყო და ფეხბურთის თამაშის დროს შემამჩნია. 1981 წელს, 12 წლის ბიჭმა პირველად შევაღე ცხინვალის ცნობილი დადიანის დარბაზი და მას შემდეგ სპორტის ეს სახეობა ჩემი ცხოვრებაა. სხვათა შორის, ბიძაჩემი, გივი კახიაშვილი ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონიც იყო.

...ვანო ნამდვილი პედაგოგია. თუ რამე ვისწავლე, მხოლოდ მისგან. ძალიან ნიჭიერი მწვრთნელია, არაერთი ჩემპიონი გაუზრდია: ვოვა გასიევი, ალექსანდრე მედოევი, ვოვა გობოზოვი, გივი ჩიოტაშვილი, იგორ პლიევი, ახსარბეგ ტასოევი, გენადი კუდუხოვი... შეიძლება არ იცით, მაგრამ როცა გიორგი ასანიძეს ტრავმის შემდეგ ექიმებმა სპორტისთვის თავის დანებება ურჩიეს, სწორედ ვანომ მოკიდა ხელი და ოლიმპიურ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ვანო განსაკუთრებული მოვლენაა! მისი გაწვრთნილი ცხინვალის ნაკრები სპარტაკიადებსა თუ სხვა შეჯიბრებებზე ხშირად უგებდა საქართველოს და სხვა რესპუბლიკებს ნაკრებ გუნდებს.

...1987 წელს საქართველოს ჩემპიონატი ცხინვალში ჩატარდა. 17 წლის ბიჭმა ძალიან მაღალი შედეგი ვაჩვენე: ატაცში 137,5 კილოგრამი დავძლიე, აკვრაში - 194,5! ერთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიხმეს. სეულის ოლიმპიურ თამაშებზე მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი წონის სპორტსმენების შედეგები რომ ვნახე, გული დამწყდა - იმ დროს მათზე 10-15 კილოგრამით მეტს ვწევდი.

...საერთაშორისო ტურნირებზე 16-17 წლის ასაკიდან დავდიოდი: პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი... პირველ დიდ წარმატებას 1989 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მივაღწიე - ორი რეკორდი დავაამყარე: აკვრაში 225 კილოგრამი დავძლიე, ორჭიდის ჯამში კი 395! ცოტა ხანში ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატიც მოვიგე, თუმცა მალე სერიოზული ტრავმა მივიღე და კარგა ხანს ჩამოვშორდი სპორტს.

...მაიამიდან ვიდეომაგნიტოფონი „შარფი" ჩამოვიტანე. მთელი სამეზობლო და სამეგობრო ჩემთან მოდიოდა ფილმების სანახავად. იმ დროს უცხოეთიდან ბევრს ვერაფერს ჩამოიტანდი, სხვა დრო იყო... ნივთებს რაც შეეხება, მათ ძალიან ვუფრთხილდები, ყველაფერი შენახული მაქვს - ძველი ფოტოები, თასები, სიგელები.

...მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი რომ მოვიგე, საკავშირო სპორტკომიტეტმა ხელფასი დამინიშნა - 150 მანეთი. ნაკრებში დამკვიდრების შემდეგ უკვე 400 მანეთს ვიღებდი. იმ დროს მამაჩემის ჯამაგირი 200 მანეთი იყო და მიხაროდა, რომ პატარა ბიჭი ოჯახს ვეხმარებოდი.

...1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემს წონაში ფავორიტებად ჩვენი გუნდის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდის წევრები მე და უზბეკეთის წარმომადგენელი სერგეი სირცოვი ვითვლებოდით. მწვრთნელები სირცოვს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა მას წონით ვჯობდი - 200 გრამით მსუბუქი ვიყავი. ის ატაცში იყო ძლიერი და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა - 190 კილოგრამი დაძლია, როცა მე 177,5 კილოზე გავჩერდი. აკვრაში ასპარეზობა მან დაიწყო და 222,5-ზე მეტი ვერ დაძლია. ბოლო ცდის წინ მე და ჩემს მწვრთნელს, ვანო გრიქუროვს ბევრი არ გვიფიქრია - 235 კილოგრამი შევუკვეთეთ, რაც ავტომატურად ოლიმპიური თამაშების რეკორდი იყო. ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვასილი ალექსეევს არაფერი უთქვამს, იცოდა, რომ მანამდე 232,5 კილოზე მეტი არასდროს ამეწია და ამიტომ, ჩემი და ვანოს მოთხოვნილ წონას უპრობლემოდ დათანხმდა. შტანგასთან მშვიდად მივედი. ვიცოდი, არაფერს ვკარგავდი - ვერცხლის მედალი ჯიბეში მედო, ცდის გამოყენების შემთხვევაში კი ოლიმპიური ჩემპიონი ვხდებოდი... შტანგას დავეჭიდე და ავკარი! ამ შედეგით სირცოვს გავუთანაბრდი და რადგან მასზე 200 გრამით ნაკლები ვიყავი, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი! სიხარულისგან მეც და ვანოც მეცხრე ცაზე ვიყავით! მან ხომ პირველად იზეიმა შეგირდის ოლიმპიური ჩემპიონობა!

...როცა მედალი ჩამომკიდეს, თვალწინ გამირბინა გარჯამ და შრომამ. ოლიმპიადამდე ორი წელი ტრავმებმა გამაწამა, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფორმა სამ თვეში აღვიდგინე და 23 წლის ასაკში პიკს მივაღწიე!

...ესპანეთში, ოლიმპიადის მონაწილის ბარათში რუსეთი ჩამიწერეს. ჩემპიონი რომ გავხდი, კვარცხლბეკზე ასვლის წინ ვხედავ, რუსეთი დროშის აფრიალებას აპირებენ. გავაპროტესტე, ახლავე საქართველოს დროშა მოიტანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მედალს არ მივიღებ-მეთქი. მალე ჯანო ბაგრატიონი ჩაერია საქმეში და საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა: საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა და ჩვენი დროშაც აიწია!

...თბილისში რომ მოვდიოდით, მხოლოდ დახვედრაზე ვფიქრობდი, აეროპორტში კი ახლობელ-მეგობრების და ერთგული გულშემატკივრების გარდა არავინ მოსულა. ჩემთვის ეს მოულოდნელობა იყო - ხუმრობა ხომ არაა, ბარსელონაში ჩემს გარდა დავით ხახალეიშვილი და ლერი ხაბელოვიც ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ! რამდენიმე დღეში მაშინდელ პიონერთა სასახლეში გვიმასპინძლეს - სპორტის დეპარტამენტმა დაგეგმა ეს შეხვედრა. იქ მაშინდელი ვიცე-პრემიერი ირაკლი მენაღარიშვილიც იყო, რომელმაც გამოაცხადა, რომ მთავრობამ სამივე ჩემპიონი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. იმ დღეს მედლები მხოლოდ იმიტომ არ გადმოგვცეს, რომ დამზადებული არ იყო, თუმცა ბატონი ირაკლი დაგვპირდა, მალე გამოგიგზავნითო. მოგვიანებით, როცა ორდენი მოვიკითხე, მითხრეს, თქვენ ხომ აღებული გაქვთ, აგერ, ხელიც მოგიწერიათო. საბედნიეროდ, იმ შეხვედრის ჩანაწერი შენახული მქონდა და... ორდენი გადმომცეს, თუმცა იმაზე მწყდება გული, რომ ვიღაც უნამუსომ ჩემი ხელმოწერა გააყალბა და ჯილდო მიითვისა.

...ოლიმპიური ჩემპიონები 5 ათასი დოლარით დაგვაჯილდოვეს. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს სასაცილო თანხა იყო, თუმცა ამაზე წუწუნს ხომ არ დავიწყებდი?! დასამალი რაა, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ბინის ორდერიც გადმომცეს, მაგრამ რომ მივედი, იქ აფხაზეთიდან ლტოლვილები იყვნენ შეჭრილნი, მე კი მათი გამოსახლება არც მიფიქრია.

...90-იანი წლების დასაწყისში ჩემი სამშობლო ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული, სპორტისთვის აბა ვის ეცალა?! ოლიმპიადის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, თუმცა მალე შედეგები გამიუარესდა - ელემენტარული სავარჯიშო პირობები არ გვქონდა. სხვას რომ თავი დავანებოთ, დარბაზს ვერ ვათბობდით. ამის გამო ტრავმებმაც იმატა და არჩევანის წინაშე დავდექი: სპორტიდან ან სხვა ქვეყანაში უნდა წავსულიყავი.

...სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი, დიდხანს ვფიქრობდი. საბოლოოდ ყველა ერთ აზრამდე მივიდა და ყველამ, ჩვენი სპორტის ხელმძღვანელებმა, ფედერაციამ, ოჯახის წევრებმა, ზუსტად ერთი და იგივე მითხრეს: კახი, უნდა წახვიდე, თავი გადაირჩინო და თუ შანსი გექნა, ჩვენც შეგვეწიოო.

...საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩემს სანაცვლოდ ანაზღაურება მოითხოვა. სამართლიანად, თუმცა ძალიან ბევრი - 500 ათასი დოლარი. ბერძნებმა იუარეს, საბოლოოდ კი ასეთი გარიგება შედგა: ბერძნებს 60 ათასი დოლარი ფულად უნდა გადაეხადათ, 40 ათასისა კი შეკრებები მოეწყოთ. სამწუხაროდ, დაპირება სანახევროდაც არ შესრულდა: ჩატარდა საქართველოს ნაკრების მხოლოდ ერთი შეკრება, 20 ათასი კი (60 ათასის პირველი ნაწილი) ქართველი ხელმძღვანელების და სპორტსმენების მოთხოვნით, მათ შორის განაწილდა. მცირე ხნის შემდეგ კიდევ ერთი 20 ათასი გადაეცა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს... აუცილებლად უნდა ვახსენო ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის მართლაც რომ დიდებული საქციელი - ის მაშინ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ და ჩუმად მამხნევებდა, ნუ გეშინია კახი, საბუთს მაინც მოგცემთ და ოლიმპიადის გარეშე არ დაგტოვებთო.

...წასვლა საუკეთესო გზა თუ იყოო, მეკითხებით. საუკეთესო ის იქნებოდა, საქართველოში მეცხოვრა და ისე მიმეღწია დიდი შედეგებისთვის. ისე, ბერძნების გარდა სხვა ქვეყნიდანაც მიწვევდნენ. მაგალითად უკრაინიდან, ავსტრალიიდან, რუსეთიდან... ყველაფერი რომ ავწონ-დავწონე, საბერძნეთი ვარჩიე.

...საბერძნეთში მარტო წავედი. მსურდა, რომ ვანო გრიქუროვიც ჩემთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ მას დამხვდურები კონკურენტად აღიქვამდნენ და ამიტომ დაბლოკეს. საბერძნეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან არაერთხელ მომსვლია კონფლიქტი, მე სხვა შეხედულების გახლდით, მაგრამ ვითმენდი. სხვა რა გზა იყო? იქ ბულგარული სისტემით გვავარჯიშებდნენ, რაც მიუღებელი იყო. ვანოსთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ თუ ნაკრების სხვა წევრები ოპერაციებს და ტრავმებს ვერ აუდიოდნენ, მე ჯანსაღი, საღ-სალამათი ვიყავი.

...საბერძნეთში ყველა ტიტულის მომგების სტატუსით ჩავედი და ვფიქრობდი, რომ ნამდვილი პროფესიონალი ვიყავი. თუმცა მალე მივხვდი, რომ სხვების რჩევა-დარიგება კი არა, პირიქით, იქით უნდა მესწავლა ბევრი რამ. გულახდილად რომ ვთქვა, საბერძნეთში ჩასვლისას პროფესიონალი კი არა, უფრო საკუთარ ძალებში თავდაჯერებული სპორტსმენი ვიყავი. პროფესიონალიზმი კარგმა საწვრთნელმა პირობებმა, სწავლის სურვილმა და მუხლჩაუხრელმა შრომამ მოიტანა. ცხადია ის მედლებიც, ამ ქვეყნის სახელით რომ მოვიგე.

...საბერძნეთის სახელით 1996 წელს პირველად გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ბერძნულ პრესაში იმ დღეებში არაერთი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: საქართველოს მხოლოდ არგონავტებით კი არ ვიცნობთ, არამედ კახი კახიაშვილით და თემურ ქეცბაიათიო. იმხანად თემური ათენის აეკ-ში თამაშობდა და მეც სწორედ მაშინ გავიცანი.

...ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ატლანტიდან ათენში რომ ჩავედი, ნამდვილი სასწაული ვნახე: აეროპორტიდან მარმარილოს სტადიონამდე მთელი გზა, დაახლოებით 12 კილომეტრი, ხალხით იყო სავსე - გულშემატკივრები მედალოსნებს ყვავილებს გვესროდნენ, იყო ერთი ყიჟინა და ალიაქოთი.

...მცირე ხნის შემდეგ საქართველოდან ამბავი ჩამომიტანეს, ვითომ საბერძნეთის ხელისუფლებაამ ჩემპიონობისთვის მილიონი დოლარით და პატარა კუნძულით დამაჯილდოვა. სისულელეა. მე, ისევე, როგორც ატლანტის თამაშების კიდევ სამ ბერძენ ჩემპიონს, 65 მილიონი დრაჰმა ანუ დაახლოებით 200 ათასი დოლარი გადმომცეს, პლუს, უცხოური ავტომობილის გადასახადის გარეშე შეძენის უფლება მომცეს. ეს იყო და ეს. იმდროინდელ საქართველოსთან შედარებით, ესეც დიდი საქმე იყო. საბერძნეთში მთავრობა სპორტსმენებზე არნახულად ზრუნავდა.

...2000 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის გამალებით ვემზადებოდი და ძალიან კარგი შედეგები მქონდა: 1998 და 1999 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, თან რეკორდებიც დავამყარე! მესამე ოლიმპიური ოქრო გარანტირებული მეგონა, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგონიათ? თამაშებამდე ერთი თვით ადრე ოთხთავა კუნთი თითქმის სანახევროდ გამიწყდა, აღდგენას კი მინიმუმ ორი თვე სჭირდებოდა. იქ, ავსტრალიაში, ფიცარნაგზე პირველივე მისვლისას კუნთი 70 პროცენტით დაზიანდა, თუმცა წონა მაინც დავაფიქსირე, მერე კი მე და ჩემმა მწვრთნელმა განზრახ შევუკვეთეთ არნახულად მძიმე წონა - 227 კილოგრამი! გასახდელში ვთამაშობდი, ვითომ რეკორდისთვის ვემზადებოდი. თუნდაც ერთ მეტოქეს რომ დაეფიქსირებინა ეს წონა, ყველაფერი დამთავრებული იყო, ჩემპიონობას ვკარგავდი, მაგრამ ძალიან გამიმართლა - ვერავინ მაჯობა და მეც მესამედ გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი!

...2004 წელს, ათენში, ჩემს მეოთხე ოლიმპიადაზე გამოვედი. ვფიქრობდი, რომ ოქროს თუ არა, მეოთხე ოლიმპიურ მედალს მაინც შევწვდებოდი, მაგრამ... ჩემი კარიერა, რომელსაც საუკუნის მეოთხედი შევალიე, თვალის დახამხამებაში დასრულდა! ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო! იმ ამბის შემდეგ ხუთი თუ ექვსი წელი დაკარგული ვიყავი, სხვანაირად რომ ვთქვა, ახალ ცხოვრებაში საკუთარ თავს ვეძებდი.

...2008 წლის ომის დღეებში ოლიმპიაში ჩავიყვანე ჩემი მეგობრები, თანაგუნდელები და საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ. იმ დროს საბერძნეთის ოლიმპიელთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი და სწორედ ამ კლუბის სახელით მივმართეთ საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს, რადგან ოლიმპიადა მიმდინარეობს, სისხლისღვრა შეწყდეს-მეთქი. იმ წერილების ასლები საქართველოს და რუსეთის საკონსულოებსაც გადავეცით. მალე საბერძნეთში BBC-ის და სხვა ცენტრალური არხების წარმომადგენლებმაც მიგვიწვიეს... რთული დღეები იყო, გახსენებაც არ მინდა.

...როცა ჟურნალისტებს ვეუბნებოდი, ამა და ამ წლებში ყველაფერი წავაგე-მეთქი, უკვირდათ, კი მაგრამ, თქვენ ხომ მედლებით ბრუნდებოდითო. კი, ასე იყო, ხან მეორე ადგილზე გავდიოდი, ხან მესამეზე, მაგრამ ვერცხლი და ბრინჯაო ჩემთვის წაგება იყო და მეტი არაფერი. სპორტსმენმა მხოლოდ ჩემპიონობაზე უნდა იფიქროს! მეათე ადგილზე გასულისგან მეორე ან მესამეადგილოსანს მხოლოდ ის განასხვავებს, რომ მაქსიმუმ ერთ ან ორ კონკურენტს ჩამორჩა. ეს მარცხია, სხვა არაფერი.

...რამდენიმე წლის წინ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს. ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა - ჩემი გამოცდილება და ძალ-ღონე სპორტის ამ სახეობის განვითარებას, პოპულარიზაციას შევალიო. მინდა, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გაიზარდოს საქართველოში.

...2015 წელს თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ. იმდენად მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი, რომ სტუმრები, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები კმაყოფილები დარჩნენ. არაერთი სამადლობელი წერილი მივიღეთ და ცოტა ხანში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაც მოვიპოვეთ. ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა მჯერა, უკეთესი დღეები, უფრო ხმაურიანი წარმატებები წინ გველის!

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

კახი კახიაშვილი
დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ცხინვალში
ძალოსანი
ტიტულები: XXV, XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - 1992 (90კგ; ბარსელონა, ესპანეთი), 1996 (90კგ; ატლანტა, აშშ), 2000 (94კგ; სიდნეი, ავსტრალია); მსოფლიოს ჩემპიონი - 1995 (99კგ; გუანჟოუ, ჩინეთი), 1998 (94კგ; ლაჰტი, ფინეთი), 1999 (94კგ; ათენი, საბერძნეთი); მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1993 (91კგ; მელბურნი, ავსტრალია); 1994 (91კგ; სტამბოლი, თურქეთი); ევროპის ჩემპიონი - 1992 (91კგ; სექსარდი, უნგრეთი), 1993 (91კგ; სოფია, ბულგარეთი), 1995 (91კგ; ვარშავა, პოლონეთი), 1996 (99კგ; სტავანგერი, უნგრეთი); ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1994 (91კგ; სოკოლოვი, ჩეხეთი), 1999 (94კგ; ლა კორუნია, ესპანეთი); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1998 (94კგ; რიზა, გერმანია); ევროპის თანამეგობრობის ჩემპიონი - 1995, 1996, 1998; ევროპის სუპერთასი - 1993; დსთ-ის ჩემპიონი - 1992; საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი - 1992, 1993; ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი - 1992; ძალოსნობის დიდების დარბაზის წევრი - 2011