სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ვლადიმერ უგრეხელიძე

თარიღი: 2016 თებერვალი 23


ევროპის 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის „დინამო“

ქართული კალათბურთის ისტორიას არაერთი დიდი გამარჯვება ახსოვს.
თბილისის „დინამო", საბჭოთა კავშირის რამდენიმეგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი 1962 წელს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასს დაეუფლა - ფინალში მადრიდის „რეალი" დაამარცხა.
ვლადიმერ უგრეხელიძე, გულშემატკივართათვის უბრალოდ „პტიცა", იმ ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედია - გადამწყვეტ შეხვედრაში, 1962 წლის 29 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში რომ გაიმართა, 14 ქულა ჩაუგდო ესპანეთის სამეფო კლუბს.
იმ დროს უგრეხელიძე ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიადის ფინალისტი გახლდათ - ტანმაღალი ქართველი წლების განმავლობაში თამაშობდა საკავშირო ნაკრებში და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახლდათ.
„პტიცა" იმ უნიკალური მატჩის მონაწილეცაა, რომელშიც სამმა ქართველმა კალათბურთელმა ხუთი ლატვიელის ზეწოლას გაუძლო და მეტიც - აჯობა მეტოქეს.
ეს ამბავი 1959 წლის 10 აგვისტოს, მოსკოვში, საკავშირო სპარტაკიადის ნახევარფინალში მოხდა. საქართველომ 88:86 დაამარცხა ლატვია, მატჩის უკანასკნელ 22 წამს კი ჩვენი გუნდის ღირსებას მხოლოდ გურამ აბაშიძე, ვალერი ალთაბაევი და თამაზ კაკაურიძე იცავდნენ. ვლადიმერ უგრეხელიძე მესამე ოვერტაიმის მიწურულს გამოეთიშა მატჩს...
კალათბურთელი, რომელსაც ლამაზი ნახტომი და ელეგანტური თამაში გამოარჩევდა, 2009 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა.
ვლადიმერ უგრეხელიძის კარიერას მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

* * *
...ჩემი თაობის ბავშვებისთვის სპორტული წრეები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სხვების დარად, მეც სპორტის ბევრ სახეობაში მოვსინჯე ძალა: მძლეოსნობა, ფეხბურთი, ხელბურთი... ფრენბურთზე ვაჟა კაჭარავასთან ერთად დავდიოდი. მართალია ვაჟა რამდენიმე წლით უფროსი იყო, მაგრამ მცირე ხანს ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა. ფრენბურთი საკმაოდ კარგად გამომდიოდა - ერთი პერიოდი საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებშიც მოვხვდი. ჭადრაკსაც ვთამაშობდი. ჩემი მწვრთნელი მიხეილ შიშოვი იყო, რომელიც იმ დროს ნონა გაფრინდაშვილსაც ავარჯიშებდა. სხვათა შორის, კარგი მონაცემები მქონდა მაგიდის ჩოგბურთში - მართლა ძლიერი ვიყავი.

...კალათბურთზე ჩემი მეგობრის, კობა ჯიჯიხიას რჩევით მოვხვდი. ფრენბურთის თამაშის დროს დამაკვირდა და მითხრა, კარგი ნახტომი გაქვს, კალათბურთი უკეთ გამოგივაო. ცხონებული მიხეილ კეკელიძე იმ დროს კლუბ „ტონოს" ავარჯიშებდა. სწორედ მასთან მიმიყვანა კობამ. ძია მიშამ შემომხედა და მითხრა, გამხდარი ხარ, დატვირთვას ვერ გაუძლებ, კალათბურთი შენი საქმე არააო. თუმცა, დარბაზიდან გასვლის წინ მაინც შემოძახა, აბა ერთი ახტი, ვნახო, რა შეგიძლიაო. სპორტული ფორმა არც ჩამიცვამს, ავხტი და კალათზე დავეკიდე. იმ წამებმა გადაწყვიტა ჩემი ბედი - მწვრთნელმა თავისთან დამიბარა და მეც კეკელიძეთან ვარჯიში დავიწყე!

...1956 წლიდან ვვარჯიშობდი „ტონოში", 17 წლის ვიყავი მაშინ. ორ წელიწადში „დინამოში" თაობათა ცვლა დაიწყო: კალათბურთიდან ნელ-ნელა წავიდნენ ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ვაჟა გვანცელაძე, ლევან ინწკირველი, ალექსანდრე კილაძე, გურამ აბაშიძე... დინამოელთა მწვრთნელმა გიორგი ავალიშვილმაც სწორედ იმ დროს მიხმო.

...ბედნიერი ვარ ოთარ ქორქიას მხარდამხარ ერთი წელი რომ ვითამაშე. ის ჩვენი კალათბურთის ნამდვილი ბერმუხა იყო! ადამიანი, ვისგანაც ყოველ თამაშში რაღაცას სწავლობდი. ძალიან გამიხარდა, როცა ბატონი ოთარი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. სხვა თანაგუნდელებიდან გურამ მინაშვილს და ანზორ ლეჟავას გამოვარჩევდი: მინაშვილს საოცარი პასები ჰქონდა, ლეჟავა კი, ასე ვთქვათ, კალათისკენ გზას მიხსნიდა.

...მეტსახელი „პტიცა" ჯერ კიდევ სკოლაში შემარქვეს. თბილისის ვაჟთა მე-14 რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, როცა მძლეოსნობის ვარჯიშზე კარგა გვარიანად შორს გადავხტი. ერთი კლასელი მყავდა, მურაჟინოვი, მძლეოსანი იყო და ჩემი ნახტომი რომ ნახა, წამოიძახა: ერთი ამას შეხედეთ, ჩიტივით ხტუნავსო... მურაჟინოვის რუსულად ნათქვამი სიტყვა და ჩემი მეტსახელის დაბადება ერთი იყო - მას მერე „პტიცა" ვარ.

...ჩემპიონთა თასისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. 1959 წელს საკავშირო პირველობა არ ჩატარდა - ამის ნაცვლად სპარტაკიადაზე ვიასპარეზეთ. საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, 1960 და 1961 წლებში კი „დინამოსთან" ერთად ვიცე-ჩემპიონი გავხდი. ამ წარმატებებს გიორგი ავალიშვილმა ჩაუყარა საფუძველი, მისი დაწყებული საქმე კი ოთარ ქორქიამ გააგრძელა.

...ის ამბავი, რაც 1959 წლის სპარტაკიადის ნახევარფინალში საქართველოს და ლატვიის ნაკრებ გუნდებს შორის მოხდა, მეეჭვება კალათბურთის ისტორიას ახსოვდეს: სამმა ქართველმა ხუთ ლატვიელს აჯობა! ლატვიელებს ნახევარფინალში შევხვდით - დაძაბული, უხეში მატჩი იყო. მსაჯმა გაფრთხილებები არ დაგვაკლო, მესამე დამატებით დროში კი, როცა 5-წუთიანი ტაიმი დაინიშნა, ჩვენ კი სათადარიგო მოთამაშე აღარ გვყავდა, მსაჯმა ჯერ მე გამაფრთხილა და გამაგდო, მალე კი ლევან მოსეშვილის მომაყოლა. უკანასკნელ 22 წამს ფიცარნაგზე გურამ აბაშიძე, ვალერი ალთაბაევი და თამაზ კაკაურიძე დარჩნენ. მერე რაც მოხდა, ნამდვილი სასწაული იყო: ბიჭებმა ის თამაში მოიგეს! ბალტიისპირელებს ძალიან კარგი ბიჭები ჰყავდათ: კრუმინში, მუჟნიეკსი, ვალდმანისი... ეს უკანასკნელი  იმ დროს საკავშირო ნაკრების კაპიტანი იყო...  ფინალში რუსეთს შევხვდით, თუმცა ლატვიელებთან მატჩით იმდენად გამოფიტულები ვიყავით, რომ მათ წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიეთ.

...1960 წელს, რომში, ოლიმპიადის ნახევარფინალში პუერტორიკოელებს შევხვდით. მატჩის დასრულებამდე 58 წამი რჩებოდა, ჩვენ 24 ქულას ვიგებდით, როცა კალათიდან ასხლეტილ ბურთზე დასამატებლად ავხტი. ჰაერში მეტოქე შემასკდა. წონასწორობადაკარგული, ცუდად რომ არ დავცემულიყავი, კალათის რგოლს ჩავეჭიდე... მაშინ სად იყო ასეთი რგოლები?! ფარი მოწყდა და მასთან ერთად დავვარდი. ჩემდა ბედად, დახრა მოვასწარი, თორემ იმხელა კონსტრუქცია თავს წამაცლიდა... შუშა ჩაიმსხვრა. მის გამოცვლას ორ საათზე მეტი დასჭირდა. მერე, როცა ფარი ხელახლა დააყენეს, ის დარჩენილი 58 წამიც ვითამაშეთ. ფინალში ამერიკელებს შევხვდით. დასამალი რაა: გვაჯობეს და ჩვენც ვერცხლის მედლებით დაგვაჯილდოვეს. სხვათა შორის, თბილისში პუერტორიკოელებთან გატეხილი ფარის ნამსხვრევებიც წამოვიღე. დიდხანს ვინახავდი, სანამ შვილიშვილებმა საბოლოოდ არ დალეწეს.

...რომის ოლიმპიადიდან ერთ კურიოზს გავიხსენებ: იტალიელებთან მატჩის დროს გურამ მინაშვილმა შემთხვევით იდაყვი მოარტყა მათ ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე ვიონელოს. იტალიელს სისხლი წასკდა, გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა კი მონეტები დაგვიშინეს. ბიჭებმა ფიცარნაგზე დაყრილი ფული შევაგროვეთ, მეორე დღეს კი იმ „ძღვენით" პოპულარული იტალიური ფირფიტები შევიძინეთ.

...1960 წელს „დინამომ" პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში: რიგის არმიის სპორტულ კლუბს შევხვდით, ტურნირის ორგზის ჩემპიონს, სადაც ზუსტად ის ბიჭები თამაშობდნენ, ერთი წლით ადრე სპარტაკიადის ნახევარფინალში რომ ვაჯობეთ. სამწუხაროდ, რიგელებთან ორივე შეხვედრაში დავმარცხდით. თუ არ ვცდები, თბილისში, „დინამოს" სტადიონზე 51:61, რიგაში, „დაუგავაზე" კი 62:69.

...1962 წლისთვის გუნდში ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა: ანზორ ლეჟავა, ალექსანდრე კილაძე, რევაზ გოგელია, ლევან მოსეშვილი, ვალერი ალთაბაევი, ლევან ინწკირველი, ილარიონ ხაზარაძე, ამირან სხიერელი, გურამ მინაშვილი... ყველამ: ბიჭებმა, მწვრთნელებმა და გულშემატკივრებმა მთელი სული და გული ჩავდეთ იმ სეზონში და გავიმარჯვეთ კიდეც!

...ჩემპიონთა თასის ფინალამდე ერთი შეხვედრაც არ წაგვიგია: 1/8 ფინალში ბუქარესტის „სტიაუას" ვაჯობეთ, მეოთხედფინალში თურქეთის „დარუშაფაკის", ნახევარფინალში კი კარგად ნაცნობი მოსკოვის ცსკა დავამარცხეთ - 75:71 და 77:66. ფინალიც ორმატჩიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბჭოთა კავშირსა და ესპანეთს შორის არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო, ერთი მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვა გადაწყდა. ესპანელებს შვეიცარიაში, ჟენევაში შევხვდით - 90:83 და ჩემპიონთა თასიც მოვიგეთ!

...„რეალი" ძალიან ძლიერი კლუბი იყო - გამოცდილი, ტიტულიანი... მათი ლიდერი ამერიკელი ჰაიტაუერი იყო, მაგრამ ჟენევაში მაინც ჩვენ მოვიგეთ. როგორც ჩანს, გამარჯვება ძალიან გვწყუროდა! მიუხედავად იმისა, რომ ჰაიტაუერმა ძალიან ბევრი ქულა ჩაგვიგდო, ჩვენ გუნდური თამაშით ვაჯობეთ მათ. ყველაზე მეტი ქულა, თუ არ ვცდები, ვალერი ალთაბაევმა ჩააგდო - 17, ანზორ ლეჟავამ კი 16. მე და შურა კილაძემ 14-14 ქულა მივითვალეთ. სხვათა შორის, წლების განმავლობაში არავის ენახა იმ ფინალის ოქმი და ახლახანს მიაგნეს ერთ-ერთ არქივში.

...ყველაზე რთული მეტოქეები? ჟალგირისელ პაულაუსკასს და მოსკოვის ცსკა-ს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე სემიონოვს გამოვყოფდი. აქვე ოსკარ რობერტსონს ვახსენებ: მის წინააღმდეგ ერთხელ ვითამაშე - 1960 წელს, რომის ოლიმპიადის ფინალში, თუმცა ეს საკმარისი იყო მის შესაძლებლობებში დასარწმუნებლად. რობერტსონი დიდებული კალათბურთელი გახლდათ, ფინალში მას ვერაფერი მოვუხერხე.

...რობერტსონის გარდა არაერთი სახელოვანი მეტოქე მყოლია. უპირველეს ყოვლისა იუგოსლავიის ნაკრების კაპიტანს რადივოე კორაჩს გამოვარჩევ. მას 1961 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში შევხვდი. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მოთამაშე იყო, ძალიან სასიამოვნო ადამიანიც გახლდათ. მართლა გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა... მის გარდა ბრაზილიელ ამაურო დონ პასოს და ამერიკელ ჯერი ლუკასს გავიხსენებ. ამაუროს 1963 წელს, ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს დავუპირისპირდი. საბჭოთა კავშირის ნაკრები იქ მესამე ადგილზე გავიდა, ამაუროს ბრწყინვალე თამაშის წყალობით კი ბრაზილიელები ჩემპიონები გახდნენ.

...1962 წელს, საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვესტუმრეთ. ნიუ იორკში, „მედისონ სქვერ გარდენში" პროფესიონალთა მატჩს დავესწარით - ცინცინატელებს მასპინძლობდნენ. ნიუიორკელთა შორის ბობ ქოუსი იყო საუკეთესო, სტუმრებიდან კი ოსკარ რობერტსონი - ვერც ვიცანი, ისე გაზრდილიყო, როგორც მოთამაშე!

...1972 წელს შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, ნაკრებში მოხვედრის იმედიც მქონდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ევგენი გომელსკი გადააყენეს, ჩემი „პოზიციებიც" შესუსტდა. გომელსკი კონდრაშინმა შეცვალა, მან კი უპირატესობა ჩემს კონკურენტს, ცსკა-ს წევრ გენადი ვოლნოვს მიანიჭა, რომელსაც იმ პერიოდში ხეირიანად არც უთამაშია. ოლიმპიური ოქრო რომ ვერ მოვიგე, ცხადია, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ მიშა ქორქიას და ზურა საკანდელიძის წარმატებამ მაინც ძალიან გამახარა!

...საქართველოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად ოთარ ქორქია მიმაჩნია - მისი დარი ჩვენთან ნაღდად არავინ ყოფილა. რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს, ასეთად ბილ რასელს და უილტონ ჩემბერლენს ვთვლი.

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ვლადიმერ უგრეხელიძე
დაიბადა 1939 წლის 18 აგვისტოს თბილისში
გარდაიცვალა 2009 წლის 3 თებერვალს
1956-1957 წლებში თბილისის „ტონოს", 1958-1974 წლებში კი თბილისის „დინამოს" კალათბურთელი
ტიტულები: XVII ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი - 1960 (რომი, იტალია); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1963; ევროპის ჩემპიონი - 1961; ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი - 1962; სსრკ ჩემპიონი - 1968; სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1960, 1961, 1969; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1965; სსრკ თასის მფლობელი - 1969; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1959