სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ალესანდრო დელ პიერო

თარიღი: 2016 მარტი 01


2004 წელს, ფიფა-ს საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ფეხბურთის მეფე პელემ საუკეთესო 125 ფეხბურთელი დაასახელა. ლეგენდარული ბრაზილიელის რჩეულთა შორის ალესანდრო დელ პიეროც მოხვდა.
იმავე წელს უეფა-მ ნახევარსაუკუნოვანი იუბილე იზეიმა და რჩეულ ევროპელ ფეხბურთელთა შორის ალექსმა კვლავ დაიმკვიდრა ადგილი.
მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ აღიარებულმა რონალდინიომ განაცხადა, რომ ის ტურინელი ვარსკვლავის ფანია...
იტალიის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა „გაძეტა დელო სპორტმა" დელ პიეროს „იუვენტუსის" სიმბოლო უწოდა: „მან გუნდს იმ დღეებში უერთგულა, როცა კლუბს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დელ პიეროს პროფესიონალიზმსა და შესაძლებლობებში ეჭვი არავის შეუტანია: არც თანაგუნდელებს, არც მწვრთნელებს და არც კლუბის ხელმძღვანელობას. ალექსი შეუდარებელია - ის თავაწეული წავიდა ფეხბურთიდან"!
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დელ პიერო ქველმოქმედებითაა დაკავებული, 2015 წლიდან კი SkySportItalia-ს საფეხბურთო გადაცემის წამყვანია.
ტურინის „იუვენტუსის" ლეგენდარული ათიანის და კაპიტნის კარიერას იტალიურ და ინგლისურ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ.

* * *
...ბავშვობაში მოგზაურობაზე ვოცნებობდი. მსოფლიოს ნახვა მსურდა და ვფიქრობდი, რომ ოცნებას ყველაზე უკეთ სატვირთო ავტომობილის მართვით შევძლებდი.

...ჩემი პირველი კლუბი „სან ვენდემიანო" იყო - იქ მეკარე ვიყავი. სიმაღლით არ გამოვირჩეოდი, ამიტომ მწვრთნელებმა ჯერ ნახევარდაცვაში გადამწიეს, შემდეგ თავდასხმაში. აშკარად გამიმართლა - ბუფონთან ყოველთვის უშანსოდ ვიქნებოდი.

...ფეხბურთს ჩემი უფროსი ძმა სტეფანოც თამაშობდა. ის გენუის „სამპდორიაში" მოხვდა, თუმცა მძიმე ტრავმის გამო კარიერა მალე დაასრულა.

...შავ-თეთრი მაისურით თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. 80-იანი წლების ლეგენდარული „იუვენტუსის" მატჩები დღემდე მახსოვს - იმ მატჩების ცქერისას მიშელ პლატინის, ზბიგნევ ბონეკის, მარკო ტარდელის, ანტონიო კაბრინის და პაოლო როსის მხარდამხარ წარმოვიდგენდი თავს - მათთან ერთად გავდიოდი მინდორზე და გოლები გამქონდა! როცა „იუვენტუსის" ინტერესის შესახებ პირველად შევიტყვე, უზომოდ გახარებული ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა!

...1993 წლის 12 სექტემბერს პირველად ვითამაშე „იუვენტუსის" მაისურით  „ფოჯას" ვხვდებოდით და მე თამაშის მიწურულს ფაბრიციო რავანელი შევცვალე. ერთი კვირის შემდეგ „რეჯანასთან" 4:0 მოვიგეთ და ჩემი პირველი გოლიც გავიტანე! მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ „იუვენტუსში" 20 წელზე დიდხანს გავჩერდებოდი.

...დაუვიწყარი იქნება ის წლები, რომლებიც „იუვეში" გავატარე! არასდროს გახუნდება გამარჯვებები და ის რამდენიმე წაგებაც, რომელთა შემდეგ ძილი მიტყდებოდა. ყოველთვის მეხსომება 2012 წლის 13 მაისი - დღე, როცა უკანასკნელად ვითამაშე ტურინელი გულშემატკივრების წინ და კარიერა დავასრულე.

...ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, „იუვენტუსი" კი მარადიულია. რჩებიან ქომაგებიც, რომლებიც მუდმივად გვერდში ედგნენ ჩემს საყვარელ კლუბს. მიხარია, რომ ჩემი 10-ნომრიანი მაისურით „იუვენტუსში" კვლავ ითამაშებენ  და ძალიან მინდა, რომ მათ ეს უკეთ შეძლონ. მეამაყება, რომ მაისურს, რომლის ტარებაც მსოფლიოში უამრავ მოთამაშეს სურს, წლების მანძილზე ვირგებდი!

...2006 წლის 10 იანვარს, თასზე „ფიორენტინას" სამი გოლი გავუტანე და აღმოჩნდა, რომ „იუვენტუსის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ჩვენს ლეგენდარულ პრეზიდენტს ჯამპიერო ბონიპერტის გავუსწარი. მას 184 გოლი ჰქონდა გატანილი და იმ თამაშის შემდეგ ერთით ვაჯობე. ყოველი ასეთი მიღწევა თუ რეკორდი ჩემთვის დიდი სტიმული იყო, თუმცა ამის შესახებ ჟურნალისტებთან არასდროს მისაუბრია. სხვათა შორის, მე-200 იუვენტუსური გოლიც იმავე წელს, სერია ბ-ში, „ფროსინონესთან" შეხვედრაში შევაგდე. კარგი იქნებოდა ეს „მილანთან" და „ინტერთან" მომხდარიყო, მაგრამ რაც იყო, იყო. ყველას ხომ არ გააქვს 200 გოლი ერთ კლუბში?!

...ტურინის ზამთრის ოლიმპიადის წინ, როცა ქალაქის ქუჩებში ოლიმპიური ჩირაღდანი ჩამოვატარე, ძალიან ამაყი ვიყავი! სხვათა შორის, ერთადერთი ფეხბურთელი გახლდით, რომელსაც ასეთი პატივი ერგო.

...2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ „იუვენტუსი" ბევრმა ლიდერმა დატოვა: ფაბიო კანავარო და ემერსონი მადრიდის „რეალში" გადავიდნენ, ჯანლუკა ძამბროტა და ლილიან ტურამი - „ბარსელონაში", პატრიკ ვიეირა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ინტერმა" წაიყვანა... დასამალი რაა, მეც მქონდა კლუბის გამოცვლის შანსი - „მანჩესტერ სიტი" მიწვევდა, უფრო სწორად ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი და ჩემი მეგობარი ნოელ გალაჰგერი, მაგრამ „იუვენტუსს" ვერ შეველიე. თან, იმ მომენტში კლუბს ძალიან უჭირდა და ჩემგან, როგორც კაპიტნისგან, წასვლა მიუღებელი იქნებოდა. თუმცა, ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: სერია ბ-ში დაქვეითებულ „იუვენტუსში" ფაბიო კაპელო რომ დარჩენილიყო, შესაძლოა, გუნდი მართლა გამომეცვალა - 2005-2006 წლებში ჩვენს ურთიერთობას იდეალური ნაღდად არ ეთქმოდა.

...სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა იუვენტუსელი მოუთმენლად ელოდა. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ დაგვსჯიდნენ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ კლუბს დააქვეითებდნენ და ალალად მოგებულ ორ სკუდეტოს ჩამოართმევდნენ. არ ვიცი ვინ მოისყიდა მსაჯები ან საერთოდ, მოხდა თუ არა ასეთი რამ, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ჩვენ, „იუვენტუსის" ფეხბურთელები უდანაშაულონი ვიყავით, სასჯელი კი საშინელი იყო!

...„კალჩოპოლის" სკანდალის შემდეგ „იუვენტუსმა" დიდ დარტყმას გაუძლო. სხვა კლუბი, იმ სასჯელის შემდეგ, მეეჭვება საერთოდ გადარჩენილიყო. სერია ბ-ში დაქვეითების მერე გუნდის მესვეურებმა სწორი დასკვნა გააკეთეს და ამან რა შედეგი მოიტანა, თავადაც ხედავთ. თუ სხვა გუნდებიც დროზე მიბაძავენ „იუვენტუსს", აუცილებლად მოიგებენ. და არა მარტო ისინი - კონკრეტული კლუბის პროგრესი იტალიის ფეხბურთსაც წაადგება.

...90-იან წლებში იტალიის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესო იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენთან თითქოს დრო გაჩერდა - ერთ ადგილზე გავიყინეთ და ვერ განვვითარდით. სამაგიეროდ, ინგლისმა და გერმანიამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს. იცით რა არის ჩვენი ფეხბურთის მთავარი პრობლემა? ინფრასტრუქტურა. ინგლისის და გერმანიის სტადიონები, მეორე ლიგებშიც კი, ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენი სერია ა-ს გუნდების.

...სერია ა-ს ზედიზედ ორჯერ მოგება ძალიან რთულია, მითუმეტეს, მიჯრით სამჯერ ან ოთხჯერ. „იუვენტუსს" ყოველთვის ერთი მიზანი აქვს - ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ერთ სეზონში ორივე ტურნირში გამარჯვება ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი ნაღდად არაა. 1997, 1998 და 2003 წლებში ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ასეთ დუბლთან, მაგრამ ლიგის ფინალები წავაგეთ. ეს გულდასაწყვეტია.

...2007 წლის 20 იანვარს გამართული მატჩი „ბარისთან" ნამდვილად არ იყო გამორჩეული, მაგრამ მე ის არასდროს დამავიწყდება - იმ დღეს მეხუთასედ ვითამაშე „იუვენტუსში"! როცა წლების განმავლობაში ერთი კლუბის ერთგული ხარ, კარიერის მიწურულს რეკორდი რეკორდზე მოდის... სხვათა შორის, „იუვენტუსის" ისტორიაში მხოლოდ მესამე ვიყავი, რომელმაც 500 მატჩს გადააჭარბა - ჩემამდე ეს ჯუზეპე ფურინომ, მერე კი გაეტანო შირეამ შეძლეს.

...2007-2008 წლების სეზონში, როცა სერია ა-ში დავბრუნდით, 21 გოლი გავიტანე და ბომბარდირი გავხდი. აღმოჩნდა, რომ პაოლო როსის შემდეგ პირველი ფეხბურთელი ვიყავი, რომელმაც ზედიზედ მოიგო სერია ბ-ს და სერია ა-ს გოლეადორის ტიტული. იმ მძიმე პერიოდში ეს ერთგვარი ნუგეში იყო.

...2012 წლის 11 აპრილს, რომის „ლაციოსთან" მატჩში მირკო ვუჩინიჩი შევცვალე - ეს იყო ჩემი მე-700 მატჩი „იუვენტუსის" მაისურით! რამდენიმე წუთში საჯარიმო დარტყმით გოლიც შევაგდე, ყველაზე ძალიან კი იმიტომ გავიხარე, რომ 2:1 მოვიგეთ და სერია ა-ს ლიდერები გავხდით - „მილანს" გადავასწარით!

...ანტონიო კონტეს „იუვენტუსს" წინამორბედებისგან ის განასხვავებს, რომ გუნდში ყველა პოზიციაზე მძაფრი კონკურენციაა. მაგალითად, 2011-2012 წლების სეზონში ჩვენ ექვსი თავდამსხმელი გვყავდა, ასეთი კონკურენცია კი ვორვარდებს შორის არასდროს ყოფილა. დღევანდელ ფეხბურთში უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდებს ლამის ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა ჰყავთ. სხვანაირად დიდი გამარჯვებების მიღწევა, ფაქტიურად წარმოუდგენელია.

...ხშირად მადარებდნენ რობერტო ბაჯოს და ფრანჩესკო ტოტის. ცხადია, ძალიან მიხარია ასეთი დონის ფეხბურთელების გვერდით რომ მომიხსენიებენ, მაგრამ მგონი, უაზრობაა იმაზე კამათი, ვინ უფრო დიდია. ჩვენ განსხვავებული გზა გავიარეთ და ერთადერთი, რაც გვაერთიანებს ისაა, რომ გულშემატკივართა გულებში დავრჩით. ამის თქმის საფუძველს ტიფოზების ჩვენდამი დამოკიდებულება მაძლევს. ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ეს მგონია.

...არასდროს მიყვარდა სხვასთან შედარება და ყოველთვის თავს ვარიდებდი ასეთ თემებს. ალესანდრო დელ პიეროს არასდროს უთამაშია ფეხბურთი მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს ეთქვა - აი, შეხედეთ, ის ამას და ამას სჯობსო. ასეთი შედარებები სისულელეა.

...ჩემი კარიერა პირობითად სამ ნაწილად შემიძლია დავყო. პირველია დებიუტიდან 1998 წლის 8 ნოემბრამდე - იმ დღეს უდინეში, „უდინეზესთან" მატჩში მუხლის ძალიან მძიმე ტრავმა მივიღე - თითქმის ცხრა თვე გამიცდა! თითქოს ეს ამბავი არ მეყოფოდაო და იმ რთულ პერიოდში მამაც გარდაიცვალა - მისი დაკარგვა ჩემთვის უდიდესი ტრავმა იყო! მეორე ნაწილად 1999-2006 წლებს მივიჩნევ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით და სერია ბ-ში დაქვეითებით დასრულდა. მესამე ეტაპი კი 2007 წლიდან იწყება - როცა კვლავ სერია ა-ში დავბრუნდით, და 2012 წლით მთავრდება - სკუდეტოს მოგებით! რაც შეეხება იტალიის მიღმა გატარებულ წლებს, ეს სხვა თემაა.

...მამა ხშირად მახსენდება, ხანდახან კი ეს მოგონება ძალიან მძაფრია. რამდენიმე წლის წინ, როცა კონელიანოს ერთ ქუჩას ჩემი სახელი მიანიჭეს, საზეიმო ცერემონიის დროს ეკრანზე ჩემი ბავშვობის ფოტოები აჩვენეს. რამდენიმე მათგანზე მამასთან ერთდ ვიყავი აღბეჭდილი. იმ წუთებში ძალიან ავღელდი, ცრემლები ძლივს შევიკავე.

...როცა რთული პერიოდი მედგა, ყოველთვის მშვიდად ყოფნას ვცდილობდი. ვიცოდი და არასდროს შევმცდარვარ: ცხოვრებისეული დაღმართი დროებითია და ის აუცილებლად დასრულდება.

...ეკლესიური არ ვარ, მაგრამ იცით, მე მწამს იმ ადამიანების, რომლებიც ხალხისთვის იხარჯებიან და კაცობრიობისთვის სიკეთე მოაქვთ.

...იტალიელ და ავსტრალიელ ფეხბურთელებს ბევრი რამ განასხვავებთ, უმთავრესად კი თამაშისადმი დამოკიდებულება. მაგალითად, ჩვენთან კუთხურის დროსაც კი დიდ აყალმაყალია ხოლმე, ავსტრალიაში კი უფრო უხეშობაზე ღიზიანდებიან. იტალიელებს მსაჯთან კამათი გვიყვარს, იშვიათად, რომ მის გადაწყვეტილებას ემოციის გარეშე შევხვდეთ. ავსტრალიაში პირიქითაა - მსაჯის ნათქვამს არავინ ასაჩივრებს.

...მესი თუ რონალდუ? ალბათ, უფრო მესი, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ დაახლოებით ერთი სიმაღლისანი ვართ.  ცხადია, კრიშტიანუც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მე ვიტყოდი, დიდებული!

...ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი დორტმუნდის „ბორუსიას" გულშემატკივრებით. რამდენიმე წლის წინ, როცა კლუბს უჭირდა და მეორე ბუნდესლიგაში ვარდებოდა, ტრიბუნები მუდმივად სავსე იყო! როცა ასეთი ქომაგები გყავს, გამორიცხულია წარმატებას ვერ მიაღწიო. „ბორუსია" ნათელი ამის დასტურია.

...ნურავინ იტყვის, რომ ფეხბურთელები ნიღბებს არ ვატარებთ. ხშირად გავღიზიანებულვარ, მაგრამ კი არ მიყვირია, პირიქით, ვიღიმოდი, თუმცა ამას დიდი ძალისხმევით ვაკეთებდი. ფეხბურთელი მალევე უნდა მიხვდეს, რომ ათასობით ადამიანი უყურებს, რომ მისაბაძია ბევრი ბავშვისთვის. ასეთ დროს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, უსაქციელობაა და დაუშვებელია! როცა არ გილხინს და იღიმი, დიახაც, ეს ნიღაბია. ხშირად მახსენდება, პატარაობისას აღფრთოვანებული რომ ვუყურებდი ჩემს კერპებს. მართლა ძალიან დამწყდებოდა გული, მათგან რამე რომ მწყენოდა.

...ფული არასდროს ყოფილა მთავარი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია თუ საყვარელი საქმით იმდენს იშოვი, რომ შენ და შენმა ოჯახმა კომფორტულად იცხოვროთ, მაგრამ ნაღდად არასდროს მივარჯიშია და მითამაშია მხოლოდ იმიტომ, რომ ფული მეშოვა.

...როცა იტალიის ყველაზე წარმატებული კლუბის კაპიტნის სამკლაურს ატარებ, ცხადია, პოპულარულიც ხარ. საბედნიეროდ, მშობლებმა პატარაობიდანვე მასწავლეს, რომ სახელ-დიდებას, ამ ერთგვარ ცხოვრებისეულ გამოცდას, მოთმინებით უნდა გაუძლო. პოპულარობა კარგია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩრდილში ყოფნა სასიამოვნო არაა.

...ჩვენი, პროფესიონალი ფეხბურთელების ცხოვრება, შესაძლოა, ბევრს მოსაწყენად და ერთფეროვნად მოეჩვენოს, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრი გრძნობა არ შეედრება იმ წამებს, როცა შენი დარტყმის შემდეგ გოლი გადის. მიხარია, რომ ასეთი წამები არასდროს მაკლდა!

...იტალიის ნაკრებში ძალიან დიდხანს ვითამაშე. ბევრი მოვიგეთ, მარცხიც განვიცადეთ, მაგრამ ისეთი ტკივილი, რაც ევრო 2000-ის ფინალს ახლდა, მეეჭვება ვინმეს ენახოს. 11 წამი დაგვაკლდა ოქროს მედლამდე! იცით რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ? საშინელება ხდებოდა! ექვსი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ისევ ფრანგებს შევხვდით და იმ მატჩის წინ ვფიქრობდი, რომ იგივე სცენარს ვერ გადავიტანდი... საბედნიეროდ, იმ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ. იმ წუთებში, როცა მინდორზე ფიფას ოქროს თასს დავატარებდი, ვფიქრობდი, რომ ის მთელი ჩემი კარიერის ლოგიკური დასასრული იყო.

...ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სონია ჩემს გვერდითაა. ასე მგონია, მთელი ცხოვრება ერთად ვართ. მიხარია, რომ ის ასეთი ლამაზი და კარგია და რაც მთავარია, მუდმივად გვერდითაა! ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი მყუდრო გარემოს, თბილ ოჯახს, სადაც ყველაზე უკეთ ვახერხებდი ძალების აღდგენას. ბედნიერი ვარ, რომ მე სწორედ ასეთი ოჯახი მყავს.

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ალესანდრო დელ პიერო
დაიბადა 1974 წლის 9 ნოემბერს იტალიის დაბა კონელიანოში
1991-1993 წლებში „პადოვას", 1993-2012 წლებში ტურინის „იუვენტუსის", 2012-2013 წლებში „სიდნეის" (ავსტრალია), 2014 წელს „დელი დაინამოს" (ინდოეთი) თავდამსხმელი
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი - 2006; ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2000; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული - 1994; იტალიის სერია ა-ს ჩემპიონი - 1995, 1997, 1998, 2002, 2003, 2012; იტალიის სერია ბ-ს ჩემპიონი - 2007; იტალიის თასი - 1995; იტალიის სუპერთასი - 1995, 1997, 2002, 2003; ჩემპიონთა ლიგა - 1996; ევროპის სუპერთასი - 1996; საკონტინენტთაშორისო თასი - 1996; ინტერტოტოს თასი - 1999; ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 1996; სერია ა-ს საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი - 1998, 2008; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - 1997-1998 (10 გოლი); სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი - 2007-2008 (21 გოლი); სერია ბ-ს საუკეთესო ბომბარდირი - 2006-2007 (20 გოლი); იტალიის თასის საუკეთესო ბომბარდირი - 2006-2006 (5 გოლი); იტალიის საუკეთესო სპორტსმენი - 2008
იტალიის ნაკრებში: 91 მატჩი, 27 გოლი
იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში: 12 მატჩი, 3 გოლი
„იუვენტუსის" რეკორდსმენი მატჩების (705) და გოლების (290) მიხედვით