სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: დავით ყიფიანი

თარიღი: 2016 მარტი 24


დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძე (ჯემალ კასრაძის ფოტო)

„ფეხბურთელის ნიჭიერება, ოსტატობა და დამსახურება მხოლოდ მატჩებისა და გოლების რაოდენობით არ იზომება. გულშემატკივართა წარმოდგენაში დავით ყიფიანი ყველა ტიტულის და ჯილდოს მფლობელია. ჩვენი მეხსიერება სათუთად ინახავს ყველაფერ იმას, რაც გულით, სიყვარულით და ერთგულებით გაკეთებულა. ამიტომაც განსაკუთრებით ფასეული და ძვირფასია დავით ყიფიანის საფეხბურთო ცხოვრება, მისი ბიოგრაფიის თითოეული ფურცელი.
ყიფიანზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ, როგორც უბადლო ფეხბურთელსა და ნამდვილ ვირტუოზზე, გუნდის ლიდერსა და დირიჟორზე, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა: დრიბლინგი და ფინტი, მახვილგონივრული კომბინაცია და უზუსტესი პასი, უცაბედი შეტევა და ამ შეტევის გოლით დაგვირგვინება.
დავით ყიფიანი გონიერების, სხარტი საფეხბურთო აზროვნების და არტისტიზმის ცოცხალი განსახიერება იყო. მისმა თაობამ საქართველოს აჩუქა ყველაზე დიდი სიხარული, ქართულ ფეხბურთს კი არნახული გამარჯვება მოუტანა.
იმ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დავით ყიფიანი იყო, რომლის თამაშმაც ასეთი სიტყვები ათქმევინა ჰელმუტ შონს, ბობი ჩარლტონს, არტემიო ფრანკის, ფრენკ ტეილორს: „დინამომ" მაყურებელს ვირტუოზული ნომრები უჩვენა. ყიფიანი შეუდარებელია"; „ის, რაც ყიფიანს, ჩივაძეს, დარასელიას ბურთთან კონტაქტში შეუძლიათ, ბუნდესლიგის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივი იქნებოდა"; „ქართული გვარები ძნელი წარმოსათქმელია, მაგრამ ყიფიანი ყველას დაგვამახსოვრდა - ასეთი მოთამაშის დავიწყება შეუძლებელია"; „თბილისელთა დიდი რეჟისორი მოედნის ბატონ-პატრონად მოგვევლინა. დღეს ევროპაში ასეთი მასშტაბის ოთხი-ხუთი ფეხბურთელი თუ მოიძებნება".
საფეხბურთო სრულყოფილება მარტო ოსტატობა არ არის. ეს არც მარტოოდენ ბურთის ვირტუოზული ფლობაა და არც ზუსტი დარტყმა, თუმცა უამისოდ არ არსებობს სრულყოფილება. ეს არ არის მარტოოდენ კომბინაციები და გოლები, თუმცა უამისოდ არ არსებობს თავად ფეხბურთი. სრულყოფილება ფეხბურთის სილამაზის იდეისადმი ერთგულებაა. დავით ყიფიანი სიცოცხლის ბოლომდე ამ იდეის ერთგული დარჩა".
ეს სიტყვები ქართული სპორტის ოქროს წიგნიდან მოვიხმეთ.
დღეს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გავიხსენებთ.

* * *
...„დინამომდე" განსაკუთრებულად არ მივლია: ჯერ იყო ეზო, შემდეგ კი 35-ე საფეხბურთო სკოლა. 16 წლის ვიყავი, როცა „დინამოში" მოვხვდი, მაგრამ ფეხის მძიმე ტრავმა მივიღე და ერთი წლით თბილისის მეორე კლუბში, „ლოკომოტივში" წავედი. შემდეგ დავბრუნდი და კარიერაც „დინამოში" დავასრულე.

...„დინამოს" დუბლშემადგენლობამდე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი. 1968 წელს ჩვენმა გუნდმა სოჭში „იმედის" თასი მოიგო, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა... ფინალის შემდეგ საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებს ვეთამაშეთ და 2:1 გავიმარჯვეთ. იმ მატჩის მერე საკავშირო იუნიორთა ნაკრებშიც მიმიწვიეს, პარალელურად კი „დინამოს" დუბლებშიც დავიმკვიდრე ადგილი.

...ჩემი დებიუტი ტაშკენტის „ფახთაქორთან" შედგა. იმ დროს ჩვენი მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო... შეცვლაზე შევედი. მაინცდამაინც კარგად არ მითამაშია. 0:1 წავაგეთ.

...ნოდარ ახალკაცი პირველად თბილისის „ლოკომოტივში" გავიცანი - „დინამოდან" წამოსულმა იქ დავიწყე თამაში და სწორედ მაშინ შევხვდი მას.

...როცა ვალერი ლობანოვსკიმ მონრეალის ოლიმპიადისთვის ნაკრებში შემიყვანა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ არ ველოდი თუ მწვრთნელი სათადარიგოთა შორის დამტოვებდა - კანადაში წუთიც არ მითამაშია. ცხადია მაინტერესებდა მიზეზი, მაგრამ მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ფეხბურთელმა ასეთი კითხვა არ უნდა დასვას. თუმცა, ვთვლი, რომ მონრეალში კარგ ფორმაში ვიყავი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ  1976 წელს ქვეყნის მეორე ფეხბურთელად დამასახელეს. მე კი მონრეალში თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა.

...ის ამბავი, რის შესახებაც ევგენი ევტუშენკომ მოგვიანებით ლექსი დაწერა, მართლა მოხდა. კარდიფში ვითამაშეთ თასების თასზე - „კარდიფ სიტისთან" 0:1 წავაგეთ. მატჩის შემდეგ უელსური კლუბის პრეზიდენტი მოვიდა და თუ არ ვცდები, ოცფუნტიანი კუპიურა გამომიწოდა, ვითომდა, ამაზე ღირებულად არ გითამაშიაო. მას ფული გამოვართვი, ხელი მოვუწერე და დავუბრუნე. იმ წუთებში ევტუშენკო გვერდით მედგა და მერე მითხრა, ფული უკან რომ დაუბრუნე, შენით ძალიან ამაყი ვიყავიო.

...მსაჯებმა მხოლოდ ორჯერ მიჩვენეს წითელი ბარათი. პირველად თბილისში, ლენინგრადის „ზენიტთან" გამაძევეს - ეს ვალერი ბასკაკოვმა გააკეთა და არ დავმალავ, მართალი იყო. ერთმა ლენინგრადელმა დინამოელს დაარტყა და არც დავფიქრებულვარ, ხურდა დავუბრუნე! მეორედ ლაიპციგში გამაგდეს, გდრ-ის ნაკრებს ვეთამაშებოდით და ჩემი მეურვე 85 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ მჩეხავდა და ფეხებში მირტყავდა... ბოლოს ვერ მოვითმინე და სილა გავარტყი. იქაც გასაძევებელი ვიყავი.

...ფეხბურთიდან 1982 წელს, 31 წლისა წავედი. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე არ წამიყვანეს, ეს კი ჩემთვის იმდენად მძიმე დარტყმა იყო, რომ კარიერის გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩავთვალე. 1981 წლის სექტემბერში მძიმე ტრავმა მივიღე, მაგრამ გამოვჯანმრთელდი და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც არასდროს. მერე ნაკრები სამხრეთ ამერიკაში წავიდა ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად, მეც გუნდში ვიყავი, მაგრამ ხეირიანად არ მითამაშია. გაზაფხულზე უკეთ ავთამაშდი, მინსკის „დინამოსთან" და კრასნოდარის „ყუბანთან" საუკეთესოდ დამასახელეს, მაგრამ როცა გუნდის გაფართოებული, 40-კაციანი შემადგენლობა გამოქვეყნდა და იქ ჩემი გვარი ვერ ვნახე, მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თუ არ ვცდები სექტემბერში, ნიკიტა სიმონიანმა მითხრა: „დათო, მგონი იჩქარე, ფეხბურთი იქამდე უნდა ითამაშო, სანამ მუხლი გიჭრისო". გუნებაში კი ვეთანხმებოდი, მაგრამ მაშინ ამის აღიარება არ მინდოდა. ეგებ მართლა ადრე იყო წასვლა, მაგრამ გულახდილად ვამბობ, მაშინ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვოცნებობდი.

...ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, „დინამოდან" რატომ წახვედითო. მაშინაც ვუპასუხე და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი: „დინამოდან" არასდროს წავსულვარ და არც არასდროს წავალ. ეს კლუბი ჩემს გულშია!

...ვიტალის დაღუპვის ამბავი რომ გავიგე, ბორჯომში ოჯახთან ერთად ვისვენებდი. იქიდან პირდაპირ რიკოთის უღელტეხილზე გავვარდი, იმ სოფლისკენ, სადაც ავარია მოხდა. ვიტალის დაღუპვამ ყველას გული დაგვწყვიტა, ყველა საშინელ ხასიათზე ვიყავით, გულში რაღაც ჩაგვწყდა... საერთოდ, რიცხვი 13 ვიტალისთვის საბედისწერო იყო: 13 დეკემბერს დაიღუპა, 13 მაისს გაიტანა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, მე-13 ნომრით ითამაშა ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე... და რამდენადაც რთული სათქმელი არ უნდა იყოს, მის ცხედარს 13 დღე ვეძებდით.

...ვთვლი, რომ ფეხბურთელობისას შესაძლებლობების დაახლოებით 75% გამოვიყენე. შეიძლება ოდნავ მეტი, ან ნაკლები. ნიჭის სრულად რეალიზებაში ყველაზე ძალიან ტრავმებმა შემიშალა ხელი, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულზე არ ვეხატებოდი და ყველანაირად ხელს მიშლიდნენ. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, არ მიყვარს პრობლემების სხვებისთვის გადაბრალება.

...1976-1981 წლებში თბილისის „დინამომ" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ორჯერ აღმართა თასი, იყო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, ყველაფერი კი თასების მფლობელთა თასის მოგებით დააგვირგვინა. ხუთი წლის განმავლობაში ამდენი ტიტული, დამეთანხმებით, ცოტა არაა. რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? შრომა და დისციპლინა იყო ამ წარმატებების წინაპირობა.

...უცხოეთის რამდენიმე კლუბი მთავაზობდა გადასვლას, კონტრაქტიც გამზადებული ჰქონდათ, მაგრამ ამაზე არც ვფიქრობდი. სხვა დრო იყო მაშინ, ჩვენს უკან ოჯახი, ნათესავები, მეგობრები იდგნენ. გაპარვის შანსი როგორ არ იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ან ნაბიჯს ჩვენი ახლობლებისთვის ძალიან მძიმე ნაბიჯები მოჰყვებოდა. საბჭოთა კავშირის დროს ერთადერთი, ვინც უცხოეთში გადავიდა, მგონი ზინჩენკო იყო, თუმცა როგორ მოახერხა ავსტრიაში გადასვლა, დღემდე ვერ ვხვდები.

...ჩვენ მუდმივად სავსე სტადიონზე ვთამაშობდით, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, „დინამოს" ფინანსური პრობლემა არ შეექმნებოდა. ჩვენ დროს გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და როცა წლის დასაწყისში სამინისტროს ბიუჯეტი მტკიცდებოდა, იქ ჩვენი დაფინანსებაც გათვალისწინებული იყო. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 700-750 ათასი მანეთი იყო გამოყოფილი კლუბისთვის. ეს თანხა მგზავრობას, ხელფასებს, პრემიებს და სხვა ყოველდღიურ ხარჯს ფარავდა.

...საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპაში. ჩემი აზრით, საკავშირო პირველობა არაფრით ჩამოუვარდებოდა ბუნდესლიგას, სერია ა-ს და ინგლისის ჩემპიონატს.

...გუნდს, რომლისკენაც გული მიმიწევდა და სადაც დიდხანს გავჩერდებოდი მადრიდის „რეალი" ჰქვია.

...საბჭოთა კავშირის ნაკრებში საკმაოდ ადრე, 1974 წელს მოვხვდი, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა მატჩი ჩავატარე. სხვადასხვა მწვრთნელებთან ვთანამშრომლობდი: ნიკიტა სიმონიანი, კონსტანტინ ბესკოვი, ვალერი ლობანოვსკი, ნიკოლაევი... ცხადია, მაინტერსებდა, რატომ არ მათამაშებდნენ, მაგრამ ამ კითხვით მათთვის არასდროს მიმიმართავს.

...როცა თბილისის „დინამოში" საუკეთესო ფორმაში ვიყავი, ნაკრებს არცთუ კარგი პერიოდი ედგა. ევროპის 1976 და 1980 წლების ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით, ვერც მსოფლიოს 1978 წლის პირველობაზე გავედით.

...მიუხედავად იმისა, რომ თავს ყოველთვის პროფესიონალად ვთვლიდი, მუდამ ყურს ვუგდებდი სხვის რჩევას და კრიტიკას. მომწონს თუ არა, რჩევებიდან და კრიტიკიდან ყოველთვის კარგი დასკვნები გამომაქვს.

...ბევრი მწვრთნელი შემხვედრია, მაგრამ ყველაზე მეტად ნოდარ ახალკაცს ვემადლიერები. შეიძლება იდეალი არ იყო, მაგრამ... ნუ დაივიწყებს ქართველი გულშემატკივარი მის სახელს. იგი დიდი ადამიანი იყო თავისი მინუსებით და პლუსებით. გული მტკივა, რომ დღეები და წლები გადის და თითქოს თანდათან ივიწყებენ მის ამაგს. ხშირად უნდა გავიხსენოთ ნოდარ ახალკაცის და ანდრო ჟორდანიას სახელები. ისინი უდიდესი პიროვნებები იყვნენ!

...აფხაზეთში ყოველთვის საუკეთესო მოსამზადებელი პირობები იყო: ქართულ კლუბებზე არაფერს ვამბობ, რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის უძლიერესი გუნდები ჩადიოდნენ სოხუმში, გაგრაში, ლესელიძეში და ძალიან კარგად ემზადებოდნენ. ის, რომ ახლა ეს კუთხე მიტოვებულია, ყველასთვის დიდი დანაკლისია. აფხაზეთში ისეთი საწვრთნელი პირობები იყო, ესპანეთს, თურქეთს, კვიპროსს და ისრაელს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

...კვიპროსში ჩემი დაკავების ამბავი მალე გავრცელდა მოსკოვსა და თბილისში. ისიც ითქვა, თითქოს რუსულ მაფიასთან ვთანამშრომლობდი. გეტყვით რა მოხდა: რესტორანში, რომლის თანამფლობელიც ვიყავი, ორმა რუსმა ერთს სცემა. ისიც ადგა და იჩივლა, ფულს მძალავდნენო. საქმეში პოლიცია ჩაერია და რადგან რესტორნის თანამფლობელი ვიყავი, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ „საქმეში" მეც ვმონაწილეობდი. სახლში მომადგნენ, გამჩხრიკეს, ბორკილები დამადეს და დამაკავეს. შაბათ-კვირა დაემთხვა, ამიტომ, ორი დღე საპყრობილეში გავატარე. როცა გაიგეს ვინ ვიყავი, თვალები შუბლზე აუვიდათ, სულ ბოდიშის მოხდით გამათავისუფლეს. ნიქოზიის პოლიციის უფროსი მთხოვდა, საჩივარს ნუ შეიტანთო, კვიპროსის გენერალურმა პროკურორმა კი ოფიციალური წერილით მომიბოდიშა. მერე მითხრეს, „იზვესტიას" დაუბეჭდია ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში". ავისმსურველებს მეტი რა უნდოდათ? ათასი ჭორი მომაწერეს.

...მე დავით ყიფიანი ვარ! ვამაყობ იმით, რომ რაღაც გამიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის და რაკიღა ფეხბურთელის კარიერის შემდეგ კვლავაც ფეხბურთში დარჩენა გადავწყვიტე, ესე იგი, მაინტერსებს ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალი. კვიპროსზე ჩინებულად ვიყავი მოწყობილი, არაფერი მაკლდა, მაგრამ მაინც დავბრუნდი, რადგან, სწორად გამიგეთ - მინდოდა რაღაცაში გამოვდგომოდი ჩვენ ფეხბურთს. როცა ქართულ ფეხბურთში საქმე ცუდადაა, განა აქვს დავით ყიფიანს უფლება, ამ ყოველივეს შორიდან უცქიროს და ჩუმად იყოს?

...ბესკოვმა კარგად თქვა ერთხელ: ჩემმა გუნდმა „იპოვა" თამაში და უკვე რამდენიმე თვეა „თავის" თამაშს თამაშობსო. გუნდის თამაში ისეთი რამეა, ხშირად შეიძლება იპოვო და დაკარგო. ასე რომ, მწვრთნელი მუდამ ძიებაში უნდა იყო.

...არ ვიცი, ზუსტად რამდენგუნდიანი ჩემპიონატი უნდა იყოს საქართველოში. ალბათ 8, 10 ან 12. ამ შემთხვევაში მოხდება საუკეთესო ფეხბურთელების და მწვრთნელების კონცენტრაცია, უფრო უკეთ მიეხედება თავად ჩემპიონატსაც, პირველ ჯგუფში თამაშიც პრესტიჟული გახდება.

...თუ გვინდა, რომ ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს, უპირველეს ყოვლისა, 5-6 ძლიერი გუნდი უნდა შევქმნათ. 3-4 თუ იქნება, არც ესაა ურიგო. ათგუნდიანი ოთხწრიანი ჩემპიონატის შემთხვევაში გაცილებით გაიზრდება დაძაბულ შეხვედრათა რაოდენობა, რაც ძალიან წაადგება საქმეს, პირველ რიგში კი „დინამოს".

...ძლიერი გუნდების შექმნის წინაპირობა, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნა და მათი ხელშეწყობაა. განა ახლა გვყავს იმდენი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი, მით უმეტეს, ესოდენ მომძლავრებული მიგრაციის პირობებში, რომ 16 კლუბი დავაკომპლექტოთ? აღარ არიან ამდენნი, მით უმეტეს ნიჭიერნი.

...იმის დაუნახაობა როგორ იქნება, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა საქართველოში არაფერი მუშაობდა, ფეხბურთის ფედერაციის გარჯის შედეგად ეროვნული ჩემპიონატი არ ჩაშლილა.

...როცა კვიპროსზე „ოლიმპიაკოსს" ვხელმძღვანელობდი და ჩემი გუნდი ფავორიტ „ომონიას" ან „ანორთოსისს" ხვდებოდა, დასაწყისში ვუგებდით, მაგრამ მერე ბიჭებს ფეხები უკანკალებდათ და საბოლოოდ აგებდნენ. მთელი ჩემი საქმიანობა იქითკენ მივმართე, რომ გუნდისთვის გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამომეყალიბებინა. თუ მოწინააღმდეგის გეშინია, ვერასოდეს გაიმარჯვებ!

...1996 წელს, როცა საქართველოს ნაკრები პერუჯაში იტალიასთან 0:1 დამარცხდა, ბევრს გაუხარდა ის წაგება. როგორ შეიძლება ეს გაგიხარდეს? იტალიასთან „მხოლოდ" 0:1 წაგების მოტრფიალენი უცუდეს სამსახურს გაუწევენ ქართულ ფეხბურთს. ობიექტურად, შეიძლება მართლა არ ვიყოთ მზად იტალიასთან მოსაგებად. ეს საკამათო თემაა, მაგრამ წაგება, ვისთანაც უნდა იყოს, არ უნდა აქციო კვეხნის საბაბად. „რა მაგრები ვართ, იტალიასთან 0:1 წავაგეთ"! წაგება „მაგარი" ვერ იქნება, კარგი წაგება არ არსებობს! წაგება მუდამ ცუდია!

...„ბოავიშტასთან" რომ წავაგეთ (1996 წელს უეფას თასზე 0:5 - ლ.გ.), მივხვდი, რომ ჩვენი გუნდის ხუთი-ექვსი ფეხბურთელი ეროვნული ჩემპიონატისთვის „გადამწიფებული" იყო. ვინ დარჩება და ვინ წავა, ამას „დინამოს" დირექტორატი გადაწყვეტს, მაგრამ ვიცი, რომ როცა ბიჭებს გაესაუბრნენ, მათ შეთავაზებული პირობები არც განუხილავთ. რა პირობები უნდა შესთავაზო მოთამაშეს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატისთვის „გადაზრდილია" და უცხოეთისკენ უჭირავს თვალი? ასეთი მოთამაშის ძალით შენარჩუნება დანაშაულია და მეტი არაფერი. 24-25 წლის ასაკში კაცს შეუძლია ცხოვრება მოიწყოს და მოდი და მა წინ გადაუდექი. არაკაცური საქციელია, მეც ხომ ფეხბურთელი ვიყავი.

...საქართველოში საკმაოდ კარგი ჟურნალისტები არიან. კი, რა თქმა უნდა, იაფი სენსაციის მოყვარულებიც მოიძებნებიან, მაგრამ განა უცხოეთშიც ასე არ არის? მეტსაც გეტყვით, ქართველი ჟურნალისტები შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უკეთ მუშაობთ, ვიდრე უცხოელები. ყოფილა შემთხვევა, უაზროდ გავუკენწლივარ მავანს, საერთოდ არ ყოფილა კაცი ჩემი გუნდის თამაშზე და კრიტიკა არ დაუკლია. ამაზე დიდი კომედია თუ გინახავთ?

...საქართველოში პატიოსანი მსაჯებიც არიან და გამყიდველებიც, მაგრამ მე მათ ვერ განვსჯი, რადგან საკუთარი თვალით მინახავს, რა პირობებში მსაჯობენ ქართველი არბიტრები. აფერუმ მათ ვაჟკაცობას! ასეთი დაუცველები არიან და მაინც ასე მსაჯობენ. ვის რა უფლება აქვს მსაჯს სცემოს? არასოდეს ვიკადრებ ხელების შლას და ფეხბურთელების შეცდომის მსაჯისთვის გადაბრალებას.

...როცა „დინამოში" ვთქვათ, „გურიის" ან „კახეთის" ლიდერი მოდის, ეს არ ნიშნავს, რომ მას ძირითადში თამაში გარანტირებული ექნება. შესაძლოა ბიჭებს სხვა კლუბებში თამაშის გაძღოლის უნარი აქვთ, მაგრამ ყველასთან დიდი ბოდიში - „გურია" და „კახეთი" ერთია, „დინამო" - სხვა. „დინამოში" ლიდერად ყოფნა კი, ხომ იცით, არაა იოლი. აქ ცოტა სხვა მოთხოვნებია.

...მე ანდრო ჟორდანია არ ვარ, ოთხჯერ მაინც უნდა ვნახო ფეხბურთელი, რომ მის ავ-კარგზე ვიმსჯელო. ბატონი ანდრო კი ერთხელ შეხედავდა და რასაც იტყოდა, წყალი არ გაუვიდოდა.

...უცხოურ კლუბში გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი წარმატებული იქნება. მაგალითად, საქართველო-ბულგარეთის მატჩს (1995 წელი - ლ.გ.) გავიხსენებ: ჩვენ 2:1 გავიმარჯვეთ და იმ 11 ფეხბურთელიდან, რომელმაც ძირითადში ითამაშა, მხოლოდ სამი იყო თბილისის დინამოელი: ირაკლი ზოიძე, გოჩა ჯამარაული და კახი გოგიჩაიშვილი. და მინდა გითხრათ, რომ სამივე საუკეთესო იყო იმ თამაშში - ლეგიონერებს აშკარად სჯობდნენ.

...მგონია, რომ ქართველი გულშემატკივარი ზედმეტ ეიფორიაშია: მას სულ ჰგონია, თითქოს მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს, მწვრთნელები კი არ გვივარგა. მე კი პირიქით ვფიქრობ: საკმაოდ კარგი მწვრთნელები გვყავს და მაღალი კლასის მოთამაშეების ნაკლებობას განვიცდით.

...როდესაც რუსეთში, „შინიკში" წავედი სამუშაოდი, გაოცებული ვიყავი - ნახევარ საუკუნეს მიღწეული კაცი ვარ და ისეთი პატივისცემა და სიყვარული, რაც იქ, იაროსლავლში ვნახე, კარგა ხანია არსად მიგრძვნია. მაშინ კლუბი რუსეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადავარჩინე. მერეც მთხოვდნენ „შინიკიდან" დახმარებას, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო, უარი შევუთვალე.

...იცით, პროფესიონალი მწვრთნელის პოზიცია ასეთია - უნდა ჰქონდეს ძალიან პატარა ჩანთა, მივიდეს, საქმე გააკეთოს, თუ ვერ შეძლებს ამას, აიღოს ის ჩანთა და წავიდეს შინ. ჩვენს მოღვაწეობას ყველა ერთი კუთხით აფასებს - შედეგით. რა კაციც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა უყვარდე ყველას, შედეგი მაინც ყველაფერს გადაწონის. ვისაც სურს ამ სფეროში მუშაობა და სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება, ამას შეჩვეული უნდა იყოს. ეს უმადურობისთვის განწირული პროფესიაა - მოიგებ, კარგი ხარ, წააგებ და ვერავინ გიშველის.

...ქუთაისის „ტორპედო" რომ ჩავიბარე, ბევრმა თქვა, ყიფიანს ძალიან ბევრი გადაუხადეს, ყველაფერზე უარი თქვა და ქუთაისში წავიდაო. ეს არ არის სიმართლე. ადამიანი მარტო მატერიალური კეთილდღეობისთვის არ უნდა ცხოვრობდეს. არ დავმალავ: „ტორპედოსთან" დაკავშირებით ძალიან დიდი გავლენა იქონია ბატონი მიშას ავტორიტეტმა. მიხეილ ქორქია ისეთი პიროვნებაა ქართულ სპორტში, რომლის დავიწყებაც დაუშვებელია. ითქვა ისიც, ყიფიანი ამბიციური კაცია და თავისი რენომეს დამტკიცება უნდაო. არც უამისობა იყო.

...ხშირად მეკითხებიან, თამაშის დროს რატომ არ ნერვიულობთო? ნერვები აღარ მაქვს და რით ვინერვიულო?

...როცა ბიჭები ისვენებდნენ და დიღმის ბაზაზე არავის ვუშვებდი, მეორე დღეს მაკრიტიკებდნენ. ჩემს შემდეგ იგივეს აკეთებდა იოჰან ბოსკამპი და იგივე ხალხი ამას დისციპლინას ეძახდა.

...თბილისი ურთიერთობის ქალაქია. დილით, სანამ სადარბაზოდან გავალ, ხუთი-ექვსი ნაცნობი მხვდება, ვესალმები, მოვიკითხავ... ქუჩაში მეგობრებს ვნახულობ - მათთან გასაუბრება ერთი სიამოვნებაა! როცა უცხოეთში ვმუშაობდი, ყველაზე ძალიან სწორედ ეს ურთიერთობები, ეს სალამი და მოკითხვები მაკლდა და ამას ძალიან განვიცდიდი... არაერთხელ ვიყავი პარიზში და როცა ქართველ ემიგრანტებს ვხვდებოდი, მათ სახეზე უდიდეს ნაღველს და მონატრებას ვხედავდი. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი რა იყო იმ სევდის მიზეზი.

...ჩემთვის თბილისელია ის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და მისით ცხოვრობს და არა ის, ვინც მესამე, მეოთხე თაობის თბილისელია და დაბადების მოწმობით ამაყობს. თუ ოდესმე მეტყვიან, გვითხარით საუკეთესო თბილისელიო, გალაკტიონ ტაბიძეს დავასახელებ, მიუხედავად იმისა, ეს უდიდესი პოეტი თბილისში არ დაბადებულა. და მიუხედავად ამისა, თბილისის სიყვარული მასზე ძლიერად და ლამაზად არავის გამოუხატავს.

...რა მიყვარს ყველაზე ძალიან? სიმღერა, კარგი ქალაქური სიმღერა.

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

დავით ყიფიანი
დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს თბილისში
გარდაიცვალა 2001 წლის 17 სექტემბერს გორი-თბილისის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაში, სოფელ წეროვანთან
1969, 1971-1982 წლებში თბილისის „დინამოს", 1970 წელს თბილისის „ლოკომოტივის" ნახევარმცველი
ტიტულები: უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი - 1981; სსრკ ჩემპიონი - 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასის მფლობელი - 1976, 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი - 1979; ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი - 1976 (მონრეალი); ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული - 1976; სსრკ საუკეთესო ფეხბურთელი - 1977 (გაზეთი „ფუტბოლი"); სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 8-ჯერ მოხვდა: #1 - 1977, 1978; #2 - 1976, 1980, 1981; #3 - 1973, 1975, 1979; საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1976; სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1981
სამწვრთნელო ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი - 1995, 1996, 1997, 2000, 2001; საქართველოს თასი - 1995, 1996, 1997, 2001; საქართველოს სუპერთასი - 1996, 1997
სსრკ ნაკრებში: 19 მატჩი, 7 გოლი (1974-1981)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 2 მატჩი, 2 გოლი (1975)
1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა უეფას ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ
1993 წელს მისი სახელი მიენიჭა გურჯაანის ცენტრალურ სტადიონს
2001 წლიდან საქართველოს თასის გათამაშება მისი სახელობისაა