სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა

თარიღი: 2016 აგვისტო 19

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა: სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა სამინისტროს პრიორიტეტია. დაკვირვებიდან გამომდინარე მრავალ ახალგაზრდას არ აქვს საკუთარი ნიჭის გამოვლენის და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენების საშულება, ისინი არ მისდევენ სპორტს.

მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, პრობლემიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ინტენსიური ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებისაკენ. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას სადაც მათ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ. პროგრამის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, სტუდენტური დღეები, საგანმანათლებლო ღონისძიებები, ინტელექტუალური კონკურსები და სხვა

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    ,,სტუდენტური დღეები 2016" - სტუდენტური დღეების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას და საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზაციას.  სტუდენტურ  დღეებს აქვს კონკურსის სახე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. ჩაივლის შემდეგი სლოგანით „ახალგაზრდობის მხარდაჭერის წელი".

სტუდენტური დღეები გაიმართება 2016 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, რომლის  ფარგლებში,  გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები მეცნიერების, სპორტისა და ხელოვნების დარგებში, სადაც  უმაღლესი სასწავლებლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. გარდა ამისა, სტუდენტურ დღეებზე მოსულ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო ღონისძიებებში, გასართობ კონკურსებსა და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებში.

სტუდენტური დღეები გაიხსნება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული საესტრადო შემსრულებლები. სტუდენტური დღეების დახურვაზე კი დაჯილდოვდებიან სხვადასხვა კონკურსებში გამოვლენილი გამარჯვებულები და წარმოადგენენ ნომრებს.

ღონისძიების მოსამზადებელ ეტაპზე, ჩატარდება საინფორმაციო კამპანია,  დამზადდება პლაკატები, ბანერები და გამოიკვრება უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, თბილისის მასშტაბით განთავსდება ბილბორდები და ქალაქის ცენტრში არსებულ სარეკლამო მონიტორებზე გაშუქდება სტუდენტური დღეების სარეკლამო ვიდეორგოლი.

2.    კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამა  - პროგრამა მოიცავს საქართველოს ისტორიულ კულტურულ ძეგლებზე სტუდენტური ჯგუფების გამგზავრებას ამ ძეგლების აღდგენებისა და რეაბილიტაციის მიზნით. პროგრამა განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და სტუდენტურ თვითმმართველობებთან კოორდინაციით.

პროგრამის ფარგლებში ათობით სტუდენტს საშუალება ექნება მოინახულოს ისტორიულ კულტურული ძეგლები და თავის წვლილი შეიტანოს კულტურული მემკივდრეობის მოვლა-შენარჩუნებაში. აღნიშნული სახის პროგრამა მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში წარმატებით ხორციელდებოდა. აღნიშნული ტრადიცია სამინისტროს ინიციატივით კვლავ აღდგება და განხორციელდება.

3.    ინტელექტის დღე - პროგრამა განხორციელდება ცნობილი თამაშის „რა? სად? როდის?" მსგავსი კონკურსის სახით. პროგრამაში მონაწილეობას საქართველოში არსებული ყველა საჯარო სკოლა შეძლებს. ამისათვის სკოლებმა უნდა წარმოადგინონ 6 მოსწავლისაგან დაკომპლექტებული გუნდი.

მონაწილე გუნდები რეგისტრაციას ელექტრონულად გაივლიან, ხოლო უშუალოდ თამაშზე წარმოადგენენ წერილს სკოლის ადმინისტრაციიდან, სადაც მითითებული იქნება მონაწილეთა სახელი, გვარი და პირადი მონაცემები.პროგრამის მოსამზადებელ ეტაპზე მოეწყობა საინფორმაციო კამპანია, რომლის საშუალებითაც სკოლები მიიღებენ ინფორმაციას პროგრამის შესახებ.

ინტელექტუალური თამაში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდება. დასმული იქნება ერთი და იგივე კითხვები. თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება გამარჯვებული. მუნიციპალიტეტში გამარჯვებულები ერთმანეთს თბილისში ეროვნულ ფინალზე შეხვდებიან. გამარჯვებული გუნდები პროგრამის ფარგლებში სპეციალურად დაწესებულ პრიზებს მიიღებენ.

შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად ამაღლდება ახალგაზრდების სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობის დონე, გამოვლინდებიან ნიჭიერი ახალგაზრდები სპორტის, კულტურის და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით.

მუხლი 2. ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016                

ახალგაზრდული საქმიანობა (ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისათვის გაწეული საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ფორმალური განათლების, ოჯახისა და სამსახურის კონტექსტის მიღმა ხორციელდება) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრული საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული სისტემური ხედვა და მიდგომები, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს, მხარი დაუჭიროს აღნიშნული საქმიანობის განვითარებას, მისი მასშტაბებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრობლემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის საქმიანობის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და ადამიანური კაპიტალის სიმცირე და/ან არარსებობა საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში (განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებულ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში). 

მიზანი: პროგრამის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი სისტემური მექანიზმების შექმნა, განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სფეროში მომუშავე ადამიანური რესურსის გადამზადება, ახალგაზრდული მუშაკებისათვის ერთიანი სასერთიფიკაციო სისტემის დანერგვა და ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    ახალგაზრდული მუშაკების მოსამზადებელი ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შექმნა - 2015 წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, სფეროს ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავა ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკთხებთან ერთად მოიცავს ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების ჩარჩოს. ჩარჩო-დოკუმენტი დეტალურად აღწერს ყველა იმ კომპეტენციას, რომლებსაც ახალგაზრდული მუშაკები უნდა ფლობდნენ გადამზადების შემდეგ. 2016 წლისათვის იგეგმება კომპეტენციების განმავითარებელი სასწავლო პროგრამების შექმნა, რომელიც გულისხმობს პროგრამის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სასწავლო მასალების თავმოყრას და დამუშავებას, შეფასების სისტემის შედგენას და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის საჭირო ადამიანური კაპიტალის განსაზღვრას.

2.    ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასება:

  • ყოველწლიური ანგარიშის მომზადება სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ;
  • ინფრომაციის შეგროვება პოლიტიკის დოკუმენტის მიზნების განხორციელების შესახებ;
  • არსებული ინფორმაციის საფუძველზე ახალგაზრდული პოლიტიკის და მისი სამოქმედო გეგმის მიზნების, ამოცანების, საქმიანობების და ინდიკატორების თანხვედრის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმის განახლებისთვის წინადადებების მომზადება.
  • სამოქმედო გეგმის შეფასებისა და მონიტორინგის ელექტრონული მექანიზმის - www.youth.gov.ge - ამოქმედება და საჭირო პუბლიკაციებითა და სხვადასხვა სახის მასალებით უზრუნველყოფა.

3.    ახალგაზრდობის სფეროს კვლევა - სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური შეფასებისა და ახალგაზრდული საჭიროებების დადგენის მიზნით კვლევის განხორციელება.

4.    ახალგაზრდული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პილოტირება კახეთის მაგალითზე  - პროგრამა ითვალისწინებს, მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მიზნით, თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მაგალითზე სტრუქტურული დიალოგის განვითარებას, ახალგაზრდებს, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და ანალიზი, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავდეს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მუნიციპალური სამოქმედო გეგმა, მოხდეს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორიელებაზე მონიტორინგი, მათი შეფასება და მიღებული შედეგების გაანალიზება, საპილოტე მოდელის განვრცობის მიზნით სხვა მუნიციპალიტეტებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი საპილოტე მოდელის განხორციელების ეტაპები და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელების ინსტრუქცია.

მუხლი 3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა

ვადები:  01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა: საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციის შედეგად, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიასა და სახრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. კავშირის ერთადერთი საშუალება კი, არაფორმალური დიალოგის პროცესია.

იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, არ აქვთ სპორტულ და სოციალურ აქტივობებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება.

მიზანი: პროგრამის მიზანია ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერა. ასევე, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება არსებული კონფლიქტებით და მათი ინიციატივებისა და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების უპირობო საშუალებაა. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეექმნათ პირობები სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის, არაფორმალური განათლების მისაწვდომობა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

განხორციელების გზები:

1.    იძულებით გადაადგილებული და ოკუპაციის შედეგად არსებული გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და სპორტულ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობის პროგრამა.

პროგრამა მიზნად ისახავს, იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერას, ასევე მათთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას

2.    "ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამა"

ღონისძიების/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრების ორგანიზებას. აღნიშნული  შეხვედრების ფარგლებში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მონაწილეები და ფასილიტატორები შეხვედებიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ადგილობრივ ახალგაზრდებს (50-70 ადამიანი), შეხვედრის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ  ახალგაზრდები გაეცნობიან დიალოგის პროცესს, რეალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ ვითარებას, კონფლიქტის მხარეთა პოზიციებს. შეხვედრების ფარგლებში მოეწყობა დისკუსია არსებული კონფლიქტების შესახებ.

3.     „იძულებით გადაადგილებული და ამავე დროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა"

პროგრამა მიზნად ისახავს, „იძულებით გადაადგილებული და ამავე დროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიწოდებასა და სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებმა მხარი დაუჭირონ და თანადგომა გამოუცხადონ ზემოთ ხსენებულ ახალგაზრდებს.

4.      სადისკუსიო პლატფორმის შექმნა მშვიდობის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტი განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები გამართავენ ღია დისკუსიებს მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების მოგვარების და ამ პროცესებში ახალგაზრდობის როლის მნიშვნელობის შესახებ.

შედეგი - პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ოკუპირებული ტერიტორიებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხი. ახალგაზრდები აიმაღლებენ ცოდნას და გაითავისებენ საკუთარ როლსა და მნიშვნელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები შეძლებენ აქტიურად ჩართვასა და მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ თუ სოციალურ აქტივობებში.

მუხლი 4.  ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამა

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016                    

პრობლემა:  დღესდღეობით საქართველოში ახალგაზრდული არასამთავრობო  ორგანიზაციების საჯარო პოლიტიკაში ჩართულობა საკმაოდ დაბალია, აუცილებელია დიალოგი, თანამშრომლობა და ისეთი მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებსა თუ დედაქალაქში არსებული ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობას და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრვას სამთავრობო უწყებებთან დიალოგის პროცესში.

მიზანი: პროგრამის მიზანია გააქტიურდეს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.       საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი - ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე მომუშავე ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები, ექსპერტები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ფორუმის მიზნები:

  • სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა;
  • მონაწილე ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაცია და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
  • სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ სიახლეების გაცნობა და დისკუსია

ფორუმი გაიმართება პლენარული სხდომისა და ღია სივრცის ფორმატში. პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო, მომსახურებისა და საქონლის შეძენა.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ შეეძლებათ საკუთარი გამოგონებები და მიღწევები წარუდგინონ ფართო საზოგადოებას.

2.    ახალგაზრდულ სფეროში წლის ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოება - პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება და მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე ორგანიზაციებისგან შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც განსაზღვრავს წლის განმავლობაში გამოსავლენ ახალგაზრდულ ნომინაციებს, გამოაცხადებს კონკურსს, შეაფასებს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. 

წლის ბოლოს გაიმართება  ნომინაციების მიხედვით გამოვლენილი  გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია,  სადაც  ისინი  დასაჩუქრდებიან სიგელებით და ფასიანი ნივთებით. პროგრამის ფარგლებში მოხდება საქონლისა და მომსახურების შეძენა.

3.    ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების მხარდაჭერა - პროგრამის მიზანია:

  • ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების მაქსიმალური ხელშეწყობა
  • ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა
  • ახალგაზრდობის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა
  • ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს კოორდინაცია
  • არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა
  • არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მონაცემთა ბაზის დახვეწა

პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო, მომსახურებისა და საქონლის შეძენა.

შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად გამოვლინდება სხვადასხვა ახალგაზრდულ ნომინაციებში გამარჯვებული სუბიექტები. პროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება/მხარდაჭერა.

 მუხლი 5.  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

პრობლემა:  არსებობს არაერთი პრობლემა განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში,  რომელთაგან უპირველესია სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სრულფასოვანი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ცხოვრებაში.

მიზანი:  საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია დამყარებული თანასწორობის პრინციპებზე, სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ეთნიკური უმცირესობების როლი საზოგადოების ცხოვრებაში და მათ მოქალაქეობას მეტი სოციალური ფუნქცია მივანიჭოთ, განსაკუთრებით გაიზარდოს ეთნიკური უმცირესობების კონკურენტუნარიანობის დონე დასაქმების საკითხებში.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

  • ტრენინგები სამეწარმეო კომპეტენციების გასაძლიერებლად ახალგაზრდა ლიდერი ქალებისათვის, რომელთაც სურთ გახდნენ წარმატებულნი სამეწარმეო საქმიანობაში;
  • თეორიული და პრქტიკული სასწავლო კურსი რადიო ჟურნალისტიკასა და კომუნიკაციის მართვაში (აზერბაიჯანული, სომხური და აფხაზური რადიო);
  • ლიტერატურული კრებული „ჩემი სამშობლო საქართველოა";
  • ქართული ენის ონლაინ/დისტანციური სწავლების მობილურ აპლიკაციის შექმნა ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისათვის;
  • „მოსწავლე-ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში საინფორმაციო პრეზენტაციის ფორმატით შეხვედრები;
  • „ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ონლაინ კამპანია სიძულვილის ენის წინააღმდეგ"- პრეზენტაციის ფორმატით საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში;
  • ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი", შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი", აკაკი წერეთლის „გამზრდელი", აუდიო სპექტაკლების დადგმა/ ჩაწერა DVD დისკებზე;
  • არქეოლოგიური საექსპედიციო ბანაკი ხვამლის მთაზე;
  • მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ";
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით სპორტული სწავლების და აქტივობების უზრუნველყოფა ეთნიკური უმცირესობებისათვის;
  • ალპინისტური ბანაკი ჭაოხში;

მუხლი 6. რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

ვადები:  01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ აქტივობებსა თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებში, რომელიც დაეხმარება მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საზოგადოებაში ინტეგრაციის და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაში, ჯანსაღი ცხოვრების  წესის  გათავისებაში.

მიზანი: სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას თანაბარი პირობები რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული განვითარებისათვის, წაახალისოს, მოახდინოს მათი  სტიმულირება  და ხელშეწყობა, რათა მათ მიეცეთ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და იყვნენ მეტად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად  და  გამოიჩინონ ინიციატივა  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი  საკითხების  განხილვის პროცესში. რადგან  ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და უზრუნველყოფს  მის განვითარებას. 

განხორციელების გზები:  - რეგიონული განვითარებისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების დახმარებით და ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელს საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს განახორციელოს მთელი რიგი აქტივობები და ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით:

1.    ახალგაზრდული ფესტივალების  განხორციელება რეგიონებში;

2.    ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა გამოვლენისა და წახალისების ხელშემწყობი კონკურსებისა და ოლიმპიადების განხორციელება;

3.    ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია/ბანაკები;

4.    ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა;

5.    მცირემეწარმეობის, სოფ. მეურნეობის, ბიზნესის  ხელშემწყობი ტრენინგ-სემინარები/სახელობო სწავლებები/სტაჟირებები საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის;

6.    ლიდერთა სკოლა რეგიონებში;

7.    საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი პირთა გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება;

8.    საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელ პირთა გასვლითი                                   სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

 

მუხლი 7. არასრულწლოვანი და ახალგაზრდა  მსჯავრდებულების  რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა  

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016                    

არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულები  საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეფიციტს. მსჯავრდებულებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ყოველდღიური ფსიქოლოგიური სტრესი, დაბალი თვითშეფასება, ნევროტულობა ქცევებში, პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მიდრეკილება ასოციალური ქცევისაკენ. აუცილებლობას წარმოადგენს მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით ღონისძიებების/აქტივობების განხორციელებით, რის საფუძველსაც იძლევა გასული სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმატებით განხორციელებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით, სარგძნობლად შემცირებულია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი. პროგრამის განხორციელების გამოცდილებიდან გამომდინარე, პროგრამა მიმდინარე წელს განხორციელდება მსჯავრებულების რიცხოვნობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან შეთანხმებით.

მიზანი:  პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი დაინტერესება სწავლისა და შრომითი საქმიანობისადმი, აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სპორტული უნარ-ჩვევების გამოვლენა-განვითარება, გარე სამყაროსადმი სწორი ორიენტაციის შემუშავება, მავნე ჩვევების გაცნობიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

განხორციელების გზები: პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობას რამდენიმე მიმართულების განხორციელებით, როგორიცაა:

  • სარეაბილიტაციო და დანაშაულის პრევენციის მიზნით სპორტში აქტიურად ჩართვა;
  • არაფორმალური განათლების მიმართულებით ტრენინგ-სემინარების, სწავლების უზრუნველყოფა;
  • პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფა;
  • ინტელექტუალური, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების, შეხვედრებისა და სხვა აქტივობების განხორციელება;
  • საზოგადოების წევრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან, პოეტებთან, სპორტსმენებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების ორგანიზება.

ყოველივე აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ქვეპროგრამის ფარგლებში მსჯავრდებულებთან განხორციელდება:

  • ფეხბურთის სწავლება;
  • ხეზე კვეთის, ხის მხატვრული დამუშავების სწავლება;
  • ფიტნეს-ვარჯიში;
  • ეიდეტიკური სწავლება;
  • სპორტული ტურნირები (შესაბამის ასაკობრივ ჯგუფთან და ასევე, შიდა ტურნრები);
  • ,,რა, სად, როდის?'' და სხვა სახის ინტელექტუალური თამაშები, ვიქტორინები.

დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები, ძირითადად განხორციელდება სასჯელაღსრულების N11 არასრულწოვანთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებთან.

შედეგი: პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების, წვრთნების, სწავლების, ტრენინგების უზრუნველყოფა მსჯავრდებულებისათვის იქნება კრიმინალური ცხოვრების ალტერნატივის შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან, საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესში. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პატიმრებს გახდნენ მეტად თავდაჯერებულნი საკუთარ შესაძლებლობებში, გააცნობიერონ და დაძლიონ უარყოფითი ჩვევები და არასრულფასოვნების კომპლექსი, შეისწავლონ, აითვისონ პროფესიული, სპორტული, ინტელექტუალური, კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, დაეუფლონ სპორტულ სახეობებს, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ ჯანსაღი ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბებაში.

მუხლი 8. მოსწავლე-ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა: თანამდეროვე მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანისეული რესურსების ეფექტიანად გამოყენება, დასაქმების ხელშეწყობა, შრომის ცვალებად ბაზართან ადაპტირება წარმოადგენს. შრომის ბაზრის მობილურობის ზრდა,  შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენების აუცილებლობა, გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას. მოზარდებსა თუ ზრდასრულებს უჭირთ პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. ისინი ხშირად იღებენ გაუზრებელ პროფესიულ გადაწყვეტილებას. ყოველივე ეს საბოლოოდ არაკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და კომპეტენციების არმქონე კადრების სიჭარბეს განაპირობებს, რაც თავის მხრივ აისახება ახალგაზრდების განათლებაზე, დასაქმებასა და უმუშევრობაზე.

ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით წინგაგადგმული ნაბიჯების მიუხედავად, არასრულყოფილია საკონსულტაციო სერვისები და არსებული სერვისების შესახებ ნაკლებია მოსწავლე-ახალგაზრდების ცნობადობა. პრობლემას წარმოადგენს პროფორიენტაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებულობა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, 2013 წლიდან ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ხორცილდება პროფორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პროფორიენტაციისსარეკომედაციო, თვითდახმარებაზე ორიენტირებული ვებ-გვერდი www.myprofession.gov.ge  და სახელმძღვანელო მოზარდებისათვის ,,აირჩიე პროფესია''. შეძენილი და ადაპტირებული იქნა პროფორიენტაციისათვის განკუთვნილი ფსიქოლოგიური საკვლევი ინსტრუმენტები, შეიქმნა სარეკომედაციო მასალები, ინტერვიუს ფორმატის ვიდეორგოლები 70 სხვადასხვა პროფესიის შესახებ. უნდა აღინიშნოს, 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №721 დადგენილების თანახმად დამტკიცდა საქართველოში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების კონცეფცია და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა უნდა განახორციელონ კონცეფციით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის, სამოქმედო გეგმის და ზემოაღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარე წელს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი აგრძელებს ახალგაზრდებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამას, რომელიც მიმართულია მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი პროფორიენტაციის ინტერნეტ-სერვისის განვითარებაზე და  მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდაზე შექმნილი სერვისის და ზოგადად, კარიერის დაგეგმვის საჭიროებისა და მნიშვნელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე.

მიზანი: პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებსა და ახალგაზრდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიის არჩევის, კომპეტენციების ათვისების, განვითარებისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში შექმნილი ვებ-გვერდისა და სახელმძღვანელოს, სარეკომენდაციო მასალების, საკვლევი ინსტრუმენტების, საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვადასხვა პროფესიის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით.  პროგრამის მიზანია, ზემოაღნიშნული (საქართველოს მთავრობის დადგენილება N676) სტანდარტის შესაბამისად, მიაწოდოს მომხმარებლებს, მოსწავლე-ახალგაზრდებს, ვებგვერდზე დაფუძნებული პროფორიენტაციის საკონსულტაციო თვითდახმარების კვალიფიციური სერვისი.

განხორციელების გზები:  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

მოდული 1ვებგვერდისა და მხარდამჭერი ფეისბუკის გვერდის ადმინისტრირება - განხორციელდება ვებგვერდის განვითარება როგორც შინარსობრივი და ასევე, ვებგვერდისათვის საჭირო ტექნიკური რეკონსრუქციის კომპონენტის გათვალისწინებით.

მოდული 2. ვიდეორგოლები პროფესიების შესახებ: ვებ-გვერდზე www.myprofesiion.gov.ge  განსათავსებლად, დაგეგმილია ინტერვიუს ფორმატის 25 ვიდეორგოლის დამზადება, სადაც კონკრეტული პროფესიის წარმატებული წარმომადგენელი ისაუბრებს პროფესიის არჩევის, სამუშაო გარემოს, საჭირო ცოდნებისა და უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და რჩევების შესახებ. ვიდეორგოლებში მეტ-ნაკლებად ასახული იქნება სამუშაო პროფესიონალის სამუშაო გარემო.

მოდული 3. საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება მოსწავლე-ახალგაზრდებთან საქართველოს მასშტაბით: საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებთან, სადაც გათვალისწინებული იქნება ორი კომპონენტი - ერთის მხრივ, სამინისტროს მიერ შექმნილი თვითდახმარების ვებზე დაფუძნებული სერვისის და სახელმძღვანელოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შექმნილი ვებგვერდის პოპულარიზაცია და მეორეს მხრივ, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საჭიროების მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

 მოდული 4. კვლევა - პროგრამის ფარგლებში განხორციელდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევა ,,მოსწავლე-ახალგაზრდებში პროფესიული ორიენტაციასთან დაკავშირებული არსებული სიტუაცია, პრობლემები, გამოწვევები, მოლოდინები'' . კვლევა საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ, შევაფასოთ, გავაანალიზოთ და დავგეგმოთ პროგრამის განვითარება მოსწავლე-ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით.

პროგრამის ფარგლებში, შექმნილი სერვისის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა სარეკლამო ღონისძიებების უზრუნველყოფა, როგორიცაა:

  • სატელევიზიო რეკლამა;
  • ინტერნეტ-რეკლამა (სოც. ქსელების საშუალებით (FB და სხვა); ინტერნეტ-გვერდების საშუალებით).

შეიქმნება შესაბამისი ფორმატის (სატელევიზიო, ან ინტერნეტისათვის) სარეკლამო რგოლი, რომელიც განთავსდება ტელევიზიასა და ინტერნეტ სივრცეში.

  • ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები (იხ. მოდული 3.).
  • შეიქმნება და გავრცელდება ნაბეჭდი პროდუქცია პროგრამის შესახებ, როგორიცაა ბანერი, ფლაერი, მაისური, კალამი, სამკერდე ნიშანი და სხვა (პროგრამის ლოგოთი და სლოგანით).
  • სერვისის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა ლექციები, ახალგაზრდების შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, პრომო-აქცები და სხვა მსგ.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით მომუშავე მონაწილე და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა: აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, სსიპ. გამოცდების ეროვნულ ცენრთან, ევროკავშირის ,,დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის'' გუნდთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან  და ა.შ.  ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

პროგრამით გათვალისწინებულია სახელმძღვანელოს - ,,აირჩიე პროფესია'' ბეჭდვა და გავრცელება მოსწავლე-ახალგაზრდებში.ასევე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აქტივობებისა და ღონისძიებების, შექმნილი სიახლეების შესახებ პრეზენტაციების გამართვა.

შედეგები: აღნიშნული პროექტის განხორციელებით მოზარდებს და ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ხელმისაწვდომი პროფკონსულტაციის თვითდახმარების ინტერნეტ - სერვისით; ინტერაქტიულ ვებ-გვერდზე განთავსებული პროფორიენტაციის ტესტების, კითხვარების, სხვადასხვა საჭირო ინფორმაციული და სარეკომენდაციო ხასიათის მასალების, ასევე,  გზამკვლევის,  პროფესიებზე შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია თავიანთი უნარების, შესაძლებლობების, ძირითადი პიროვნული მახასიათებლების, პროფესიებთან შესატყვისი ფსიქოტიპების შესახებ, მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ, პროფესიული გადაწყვეტილების მიღების ხერხების შესახებ. პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საჭიროების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. პროექტის განხორციელება დაეხმარება ახალგაზრდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში.

მუხლი 9. მოხალისეობის განვითარების პროგრამა

ვადები01.03.2016-30.12.2016

პრობლემა: მოხალისეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული არასათავრობო ორგანიზაციების განვითარებაში, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნდამენტია ღია დემოკრატიული და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობისათვის. რეგიონებში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და  ახალგაზრდებთან შეხვედრებმა გამოკეთა, სახელმწიფოს მხირდან მოხალისეობის მხარდაჭერის აუცილებლობა.

  • მოხალისეთა ქსელის არ არსებობა
  • მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა
  • მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების ნაკლებობა
  • რეგიონებში მოხალისეობის ინსტიტუტის სისტუსტე
  • მოხალისეობის შესახებ დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები
  • მოხალისეთა უნარჩვევების ნაკლებობა
  • ბაზის შექმნა

მიზანი: პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება. პროგრამის ფარგლებში რეგიონებში შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს. პროგრამის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან და ამერიკული ორგანიზაცია „მშვიდობის კორპუსის" მოხალისეებთან. 

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

  • ვებგვერდის შექმნა /ადმინისტრირება
  • მოხალისეთა ეროვნული ბაზის შექმნა
  • მოხალისეობის თემაზე ვიდეორგოლის შექმნა
  • საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მოხალისეობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით

პროექტი „საქართველოს მოხალისე" - პროექტის  ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში შეირჩევა, 10 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივ დონეზე შეასრულებენ შერჩეულ მოხალისეთა კოორდინირებას.

შერჩეული რეგიონული ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული მოხალისე (2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტში). შერჩეული მოხალისეები გაივლიან მოხალისეობის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს.

პროგრამაში მონაწილე „საქართველოს მოხალისეები" საკუთარ მუნიციპალიტეტში უშუალოდ ახორციელებენ მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებებისა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებას , ყოველთვიურად ადგენენ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს და უგზავნიან რეგიონულ ორგანიზაციას, მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურეებიდან გამომდინარე ახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება, მოხალისეობრივი პროექტების განხორციელება , ფილმების ჩვენება, უცხო ენის კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა. (განხორცილებეის დრო მაისი-დკემებრი)

„მშვიდობის კორპუსის" ამერიკელი მოხალისეები აქტიურად ითანამშრომლებენ მუნიციპალიტეტებში შერჩეულ „საქართველოს მოხალისეებთან".

წლის მოხალისის გამოვლენა და დაჯილდოება: წლის  ბოლოს გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საუკეთესო მოხალისეები.

შედეგი:  პროგრამის განხორციელების შედეგად მოხალისეობის გარშემო გაერთიანდება რამდენიმე მხარე ადგილობრივი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი, ახალაგზრდობა, საქართველოს რეგიონებში შეიქმნა მოხალისეთა ერთიანი ქსელი, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალქო სექტორს შორის გაძლიერდება თანამშრომლობა, გიზარდება საზოგადოებრივ საწყისებზე შრომაში ჩაბმული ახალგაზრდების რაოდენობა. მოხალისეობის პროგრამის განხორციელებით შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნები, მოხდება მოხალისეობის მასობრივი პოპულარიზაცია (როგორც სამაგალითო პრესტიჟული საქმიანობა), პროგრამის განხორციელებაში ჩაერთვება ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტები, გაიზრდება მოხალისეთა რაოდენობა, მოხდება მოხალისეობის კულტურის დამკვიდრება.

მუხლი 10. მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

ვადები: 01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა: დღეისათვის საქართველოში მრავალი სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი ცხოვრობს. მზრუნველობამოკლებულია ბავშვი, რომელიც ვერ იკმაყოფილებს საბაზისო  მოთხოვნილებებს, ანუ ბავშვი, რომელიც ვერ იღებს განათლებას, ვერ იკვებება, არ აქვს უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო პირობები, არ აქვს თავშესაფარი, ან თუ აქვს, წამოსულია იქიდან.

პრობლემატური საკითხი საზოგადოების, მზრუნველობამოკლებულ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას უჭირს გააცნობიეროს საკუთარ დანაშაულ და როლ ამ ბავშვების წინაშე და მათი დამოკიდებულება ამ მიმართულებით არაერთგვაროვანია. ზოგს ეცოდება, ზოგს ეშინია, ნაწილი კი შეურაცხოფას აყენებს მათ. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსა და ახალგაზრდებთან დაკავშირებით საქმე გაცილებით რთულადაა. ბევრ მათგანს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. არ არიან ჩართული არცერთ სახელმწიფო პროგრამაში, შესაბამისად არ ფინანსდებიან და ვერ იღებენ განათლებას. ყოველივე ამის გამო მათ აქვთ დაბალი თვითშეფასების შეგრძნება და სუსტი უნარჩვევები. ნაკლებად ცდილობენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ისინი ხშირად არღვევენ კანონებს და კოფლიქტი აქვთ სამართალდამცავ ორგანოებთან.

გაეროს კონვენციის საფუძველზე ,,ბავშვთა უფლებების შესახებ"- ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლისა და განვითარების თანაბარი უფლება, ასევე, საკუთარ ოჯახში ცხოვრების უფლება. როცა ეს შესაძლებელია და თუ - შეუძლებელია, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია აღნიშნული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, გაითვალისწინოს ყველა ბავშვის უფლება, იყოს დაცული ძალადობისგან, მათ შორის ოჯახში ძალადობისაგან. სამწუხაროდ, ჩვენთვის ასევე კარგადაა ცნობილი თუ რა უბიძგებს და აიძულებს მოზარდებს მარტო იცხოვრონ ქუჩაში, რომელთაგან უმთავრესი მიზეზი სწორედ სიღარიბეა, რომელიც ხშირად იწვევს ოჯახში ძალადობას ან შეურაცხყოფას, ალკოჰოლიზმს, სოფლიდან ქალაქში უშედეგო მიგრაციას და ათას სხვა პრობლემას. ზოგიერთი ბავშვი მუშაობს, მათხოვრობს ან ქურდობს, რათა ოჯახი შეინახოს ან გაექცეს ოჯახში დამკვიდრებულ ძალადობას. ყველაზე შემზარავი კი ის არის, რომ ქუჩაში გამოქცეულ ბავშვთა ასაკი სულ უფრო და უფრო მცირდება.

ოჯახს განცალკევებული ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს სათანადო მზრუნველობა და დაცვა სახელმწიფოსაგან. სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობები და ძირითადი მომსახურებების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, არასოდეს არ უნდა იქცეს ბავშვის ოჯახიდან ჩამოშორების მიზეზად

 მიზანი:

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიზანია სამინისტროს კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საფუძველზე (სხვადასხვა თემატური ტრენინგ-სემინარების, სახელობო და სპორტული  სწავლებების მეშვეობით) ახალგაზრდების ზოგადი განათლების დონის (ერუდიციის) ამაღლება, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა,  სპორტული,  კულტურული და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა /წახალისება, მათი თავისუფალი დროის რაციონალურად და სწორად ორგანიზება, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გააზრების ხელშეწყობა. ასევე, მათი სოციალური დაცვისა  და დასაქმების ხელშეწყობა.

          განხორციელების გზები:

            პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    არაფორმალური განათლების მიმართულებით, მზრუნველობამოკლებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ასევე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე მოზარდებისათვის მოეწყობა სხვადასხვა პროფესიული სახელობო სწავლებები, საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგ-სემინარები, ერუდიციის (ზოგადი განათლების) ამაღლების  კურსები და სხვა;

2.    განხორციელდება მრავალი კულტურულ - შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები, მოეწყობა თეატრალური დადგმები, სპორტული ტურნირები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში გრძელვადიანი წვრთნები/სწავლებები. ბავშვებისათვის  საინტერესო და სასურველი ცეკვებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შემსწავლელი კურსები. მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების  მიერ, სახელობო სწავლებების ფარგლებში შექმნილი  ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები და სხვა. ასევე, მოეწყობა ექსკურსიები ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. პროგრამის წარმატებით  განხორციელებისათვის საჭიროების შემთხვევაში მოხდება  სხვადასხვა ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენა.

3.    ქალაქში არსებულ სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებში დაიდგმება სპეციალური ,,საშემგროვებო ურნები", სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მოათავსონ ტანსაცმელი, წიგნები,

პროდუქტი, სათამაშოები, რაც შემდგომში დაურიგდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ      მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;

4.    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას.

შედეგი:

მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების  თავისუფალი დროის მიზნობრივი და სწორი ორგანიზება, სოციალურად გაუცხოებული ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია, განათლების ზოგადი დონის ამაღლების ხელშეწყობა, მათი კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული უნარების წარმოჩენა-წახალისება, საკუთარი ცოდნის საფუძველზე დასაქმების ხელშეწყობა.