სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

ვადები: 10.02.16-30.12.16

პრობლემა:  არსებობს არაერთი პრობლემა განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში,  რომელთაგან უპირველესია სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სრულფასოვანი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ცხოვრებაში.

მიზანი:  საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია დამყარებული თანასწორობის პრინციპებზე, სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ეთნიკური უმცირესობების როლი საზოგადოების ცხოვრებაში და მათ მოქალაქეობას მეტი სოციალური ფუნქცია მივანიჭოთ, განსაკუთრებით გაიზარდოს ეთნიკური უმცირესობების კონკურენტუნარიანობის დონე დასაქმების საკითხებში.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი

პროგრამა მოიცავს ლექციებს, დებატებს, სემინარებს და თემატურ შეხვედრებს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან მონაწილეები იქნებიან 1+4 პროგრამით ჩარიცხული ქართული ენის მცოდნე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. შემუშავდება მეთოდოლოგია სიმულაციური თამაშები გაეროს მოდელირებული სესიის მიხედვით, რომლის მონაწილეებიც პრაქტიკული მაგალითებით ეცნობიან საერთაშორისო პოლიტიკას. მაგალითად გაეროს მოდელირების სესიები მოიცავს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის და სოციალური და პოლიტიკური კომიტეტების სიმულაციას.სიმულაციური თამაშების პროცესში დელეგატებმა შესაძლებელია თავი გამოსცადონ და გამოვიდნენ სიტყვით, როგორც დიპლომატი, ორატორი, ან შერჩევითი პოლიტიკოსი. ინტეგრაციულ პროცესებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სხვადასხვა  რეგიონის სტუდენტების კომუნიკაცია საკმაოდ დაბალია, საჭიროა ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა აქტივობაში და მათი აქტიური კომუნიკაცია.

სამეწარმეო კომპეტენციების გაძლიერება ახალგაზრდა ლიდერი ქალებისათვის

პროგრამის განხორციელება დაგეგმილია  იმ  ახალგაზრდებისათვის, რომელთაც სურთ სამეწარმეო საქმიანობაში გახდნენ წარმატებულნი. ტრენინგ პროგრამა შემუშავებული იქნება ლიდერული უნარების განვითარებაზე, ამავე დროს  სოფლის მეურნეობაში კულტურული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობაზე და თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე.

პროექტი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს  მოახდინონ შესაძლებლობების აღრიცხვა, შექმნან კოოპერატივები და გახდნენ წარმატებული ბიზნეს ოპერატორები.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს:

  • ახალგაზრდების დაინტერესება სოფლის მეურნეობით,
  • მიგრაციის შემცირება სოფლებიდან;
  • გარემოზე ზიანის შემცირება;

პროექტი ითვალისწინებს  სამეწარმეო კომპეტენციების გაძლიერებას  შემდეგი მიმართულებების  განხორციელებით:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • პრეზენტაციის წარმოება;
  • გუნდური მუშაობა;
  • პროექტების შემუშავება;
  • პრობლემის გადაჭრა;
  • გადაწყვეტილების მიღება;

საზაფხულო სკოლა/ბანაკი

  • პროგრამა მოიცავს კულტურათაშორისი დიალოგის ხელშემწყობ ტრენინგებს;
  • ინტერაქტიულ სასწავლო კურსებს;
  • არააკადემიურ პროგრამებს (სპორტული თამაშები, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები)

ახალგაზრდობის დღე - სამოქალაქო აქტივობა მრავალფეროვანი საქართველო

პროექტის  ფარგლებში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების მიზნით განხორციელდება კულტურის, ტრადიციების თანაგაცვლა და მათი მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა. ხუთდღიანი პროექტი მოიცავს ტრენინგებს გუნდური მუშაობის, პროექტის წერის, კლუბების შექმნის, მოხალისეობრივი საქმიანობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების შესახებ, პროექტის ბოლოს მოეწყობა კულტურული ღონისძიება სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ წამახალისებელი სერთიფიკატები.

ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:

  • განსხვავებული კულტურების თანაცხოვრება.
  • ინტეგრაცია და ტოლერანტობა.
  • გუნდური მუშაობა.
  • მოხალისეობრივი საქმიანობა.
  • მოხალისეთა კლუბების ჩამოყალიბება, კლუბის საქმიანობის მართვა.
  • პრობლემების აღმოჩენა საკუთარ თემში.
  • როგორ დავწეროთ პროექტი.
  • საპროექტო განაცხადის მომზადება.
  • არაფორმალური განათლება.
  • აქტიური მოქალაქეობა.

რადიო ჟურნალისტიკა და კომუნიკაციის მართვა

სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელს მიეცეს თეორიული და პრაქტიკული განათლება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის არსის და საშუალებების შესახებ, რათა იგი პროფესიული მუშაობის სპეციფიკასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებს. პროგრამის მსვლელობისას სათანადო ყურადღება დაეთმობა სტუდენტების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც დაკავშირებულია მასობრივი კომუნიკაციების ტექნიკური საშუალებებით სარგებლობასთან. კურსი გათვლილია ნებისმერი რადიო-ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირისათვის. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს თეორიული და პრაქტიკული.  წარმატებულ მსმენელთათვის გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. სწავლების პერიოდში მოეწყობა შეხვედრები და მასტერ-კლასები ცნობილ ჟურნალისტებთან. სწავლება განხორციელდება სომხურ, ვაინახურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.

ლიტერატურული კრებული „ჩემი სამშობლო საქართველოა"

2015 წელს სამინისტროს მიერ შეიქმნა  ლიტერატურული კრებული „ჩემი სამშობლო საქართველოა", რომლის საშუალებით გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პოეზიის ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები. პროექტის მიმართ გამოხატული ინტერესების შედეგად 2016 წელს დაგეგმილია აღნიშნული კრებულის გაგრძელება, ასევე მონაწილეთა არეალის გაფართოება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობენ  სწორედ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა გამოიწვევს ახალგაზრდებში წახალისებისა და გამოცდილების მიღებასთან ერთად ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავებას და მოტივაციის გაზრდას. სამინისტროს ხელშეწყობით  გახდება შესაძლებელი ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდისთვის წიგნის დაბეჭდვა, რაც დღეს-დღეობით დიდ ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.

ქართული ენის ონლაინ/დისტანციური სწავლება ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისათვის

2014-2015 წელს სამინისტრომ შექმნა ქართული ენის ელექტრონული სწავლების მოდული ეთნიკურად  აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისთვის. აღნიშნული პროექტების  შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით 2016 წელს განხორციელდება საინფორმაციო შეხვედრები და პრეზენტაციები საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

აუდიო სპექტაკლების დადგმა/ ჩაწერა  DVD დისკებზე

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის და მათი კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრო გეგმავს აუდიო სპექტაკლების დადგმას სხვადასხვა ენაზე, (აზერბაიჯანული, სომხური,ოსური,აფხაზური, ვაინახური,რუსული) რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობას. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა  პრეზენტაციები,  დამზადდება DVD-დისკები, მაისურები, რომელიც გავრცელდება საქართველოს რეგიონებში.

არქეოლოგიური ექსპედიცია

პროგრამის მიზანია პროფესიული გამოცდილების (არქეოლოგია და მონათესავე დისციპლინები), ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე მიღწევების გაცნობა ლექცია-სემინარები, ძეგლებზე გაყვანის და საველე-არქეოლოგიურ სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობის მიღებით, რაც პერსპექტივაში გათვლილია ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების მოწყობაზე. ახალგაზრდებს შორის კონტაქტები და საველე სამუშაოებში ერთობლივი მონაწილეობა ხელს შეუწყობს მათ დაახლოება-დამეგობრებას, ერთმანეთთან ხანგრძლივი კომუნიკაციის დამყარებას; დაეხმარება ახალგაზრდებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში.

პროექტში ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ  უმცირესობათა წარმომადგენლები რათა გაადვილდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. ისინი თავისთავად შეუწყობენ ხელს საკუთარ საცხოვრისებთან მდებარე ქართული სიძველეებისა და კულტურით თანატოლებისა და ნათესავ-მეგობრების დაინტერესებას. პრიორიტეტულია სამომავლოდ ურთიერთობის გაღრმავება,  ეთნიკურ უმცირესობათა და უცხოეთიდან მოწვეული ახალგაზრდების დაინტერესება ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა შენახვის საკითხებითა და მათი მონაწილეობით საველე-არქეოლოგიურ სამუშაოებში.

ექსპედიცია განხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით ხვამლის მთაზე, რომლის მიმდებარედ განთავსებულია მრავალი არქეოლოგიური ობიექტი. ექსპედიციაში მონაწილეთათვის მოეწყობა ტურისტული მარშრუტები. პროგრამის ბოლოს ახალგაზრდებს გადაეცემათ  მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ"

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების  მონაწილეობით გაიმართება ფესტივალები, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს კულტურათაშორისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობას, განავითარებს შემოქმედებით უნარებს და  ხელს შეუწყობს მათ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.  პროგრამა წარმოადგენს კულტურულ მასობრივ სანახაობას, სადაც წარმოდგენილი იქნება რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობა, მოეწყობა მათ მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ასევე გაიმართება კონცერტი  ადგილობრივი ფოლკლორული ცეკვებისა და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალში მონაწილეებს გადაეცემათ  სხვადასხვა სახის სიმბოლური საჩუქრები და თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით სპორტული სწავლების და აქტივობების უზრუნველყოფა  ეთნიკური უმცირესობებისათვის

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდება ღონისძიებები სპორტული აქტივობების, სპორტული სწავლების, მასობრივი საინფორმაციო კამპანიების, მარათონების და სხვადასხვა სპორტულ სახეობებში ტურნირების მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და განათლების დონეს, ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, გაუმჯობესებასა და ადაპტირებას. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია  სხვადასხვა სპორტული სწავლების და ტურნირების განხორციელება თბილისსა და ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში. პროგრამაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატებს და საჩუქრებს.

სპორტული სწავლების უზრუნველყოფა სპორტის სხვადასხვა სახეობაში პროფესიონალური მწვრთნელების მიერ (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, მეკლდეურობა, ჭადრაკი, შაში).

  • ფეხბურთის ტურნირი რეგიონალურ გუნდებს შორის;
  • ჯომარდობის ტურნირი სამცხე-ჯავახეთში;
  • ქართული ჭიდაობა- პანკისში
  • ალპინიადა-მყინვარზე

შედეგი: ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა მათ შორის პროფესიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ეთნიკური უმცირესობების  ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირების ხელშეწყობა აქტიური მოქალაქეობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოქალაქის უფლებებისა და ვალდებულების შესახებ.