სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2016 დეკემბერი 13

რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

ვადები:  01.02.2016 - 30.12.2016

პრობლემა: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ აქტივობებსა თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებში, რომელიც დაეხმარება მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საზოგადოებაში ინტეგრაციის და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაში, ჯანსაღი ცხოვრების  წესის  გათავისებაში.

მიზანი: სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას თანაბარი პირობები რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული განვითარებისათვის, წაახალისოს, მოახდინოს მათი  სტიმულირება  და ხელშეწყობა, რათა მათ მიეცეთ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და იყვნენ მეტად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად  და  გამოიჩინონ ინიციატივა  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი  საკითხების  განხილვის პროცესში. რადგან  ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და უზრუნველყოფს  მის განვითარებას. 

განხორციელების გზები:  - რეგიონული განვითარებისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების დახმარებით და ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელს საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს განახორციელოს მთელი რიგი აქტივობები და ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით:

1.       ახალგაზრდული ფესტივალების  განხორციელება რეგიონებში.

პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების  მონაწილეობით, გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალები, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა რეგიონისათვის დამახასიათებელი კულტურული მემკვიდრეობა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს კულტურათაშორის დიალოგს, ინტეგრაციას და კავშირების ხელშეწყობას, გამოავლენს ახალგაზრდების შემოქმედებით უნარებს და  ხელს შეუწყობს მათ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.  ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ხალხური რეწვის, სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ასევე, გაიმართება კონცერტები ადგილობრივი ფოლკლორული ცეკვისა და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით.

2.    ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა გამოვლენისა და წახალისების ხელშემწყობი კონკურსებისა და ოლიმპიადების განხორციელება.

რეგიონებში ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა გამოვლენისა და წახალისების მიზნით განხორციელდება შემეცნებით-გასართობი კონკურსები, ლიტერატურული საღამოები და ოლიმპიადები. მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები რეგიონისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე თარიღების ან დღესასწაულების აღსანიშნავად.

3.    ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია/ბანაკები.

საქართველოს რეგიონებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და დამკვიდრების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო წლის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობას.

ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოში სკაუტური მოძრაობის გააქტიურებისა და ხელშეწყობის მიზნით, რეგიონებში მცხოვრებ აქტიურ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, საშუალება მიეცემათ  მონაწილეობა მიიღონ და დაისვენონ სკაუტურ ბანაკებში.

ზაფხულის პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში/მუნიციპალიტეტბში, მოეწყობა ,,ქალაქური ტიპის ბანაკები", რომელშიც 7-10 დღის მანძილზე, იმ სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ ახალგაზრდებს რომლებიც საკუთარი ქალაქებიდან ვერ ახერხებენ დასასვენებლად გასვლას (ასაკი - 14-18 წელი) საშუალება ექნებათ საინტერესოდ გაატარონ საკუთარი დრო, მონაწილეობა მიიღონ ბანაკის როგორც საგანმანათლებლო ისე ფიზიკურ აქტივობებში. აღნიშნული ბანაკის ბენეფიციარები დახურულ სივრცეში, ქალაქიდან გაუსვლელად, გაეცნობიან ქართულ კულტურას და ტრადიციებს.  საღამოობით მოეწყობა კინო ჩვენებები და დისკუსიები. (ფილმების თემატიკა საგანმანათლებლო დატვირთვის ძირითად კონტექსტში ნაჩვენები იქნება სამოქალაქო განათლების და თვითშეგნების იდეებით დატვირთული ფილმები) ასევე, მოწყობა მხიარული სტარტები და შეჯიბრებები გუნდებს შორის. 

4.    ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.

აღნიშნული მიმართულებით მოეწყობა ლაშქრობები/თამაშობები დაინტერესებულ უწყებებთან ერთად (გარემოს დაცვის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო). ზემოაღნიშნული ღონისძიებები დატვირთული იქნება არაფორმალური განათლების ელემენტებით, კერძოდ, ჩატარდება თემატური ტრენინგ-სემინარები ტურიზმის განვითარების წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების, ბუნებაში ორიენტირებისა და თვითგადარჩენის ხერხების შესახებ.

პროექტის მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, მათი დაინტერესება ახალგაზრდული ტურიზმის სფეროთი,  ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება  ახალგაზრდული ტურიზმის პოტენციალისა და შესაძლებლობების შესახებ, საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მათი და მათი თანამოაზრეების ჩართვა აღნიშნულ სფეროში, რათა ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდებმა შეძლონ დამოუკიდებლად მსგავსი ტურების დაგეგმვა და განხორციელება საკუთარ რეგიონებში, რაც თავისთავად გულისხმობს მათი დასაქმების ხელშეწყობას. ასევე, მოეწყობა ერთჯერადი აქციები(გამწვანება, დასუფთავება და სხვა).

5.    მცირემეწარმეობის, სოფ. მეურნეობის, ბიზნესის  ხელშემწყობი ტრენინგ-სემინარები/სახელობო სწავლებები/სტაჟირებები საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის

  • ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა მცირე სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორში, თემატური ტრენინგ-სემინარების განხორციელება;
  • სხვადასხვა სახელობო სწავლებების უზრუნველყოფა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის;
  • გაცნობითი ხასიათის საჩვენებელ-სადემონსტრაციო ვიზიტები სხვადასხვა რეგიონის წარმატებულ ფერმერულ მეურნეობებში, საწარმოებში, მომსახურების მიმწოდებლებთან და პროდუქტების გადამამუშავებელ და სხვა ტიპის საწარმოებში;
  • შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათი საქმიანობის გაცნობა;
  • სტაჟირების გავლა სასურველი სპეციალობის მიხედვით; (ბიზნეს ორგანიზაციებში, სახელმწიფო დაწესებულებბეში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ICC-ში გაწევრიანებულ ბიზნეს ორგანიზაციებში და სხვა).

6.    ლიდერთა სკოლა რეგიონებში

დღეს მსოფლიო განიცდის ყველაზე ღრმა და ყოვლის მომცვლელ ცვლილებებს რაც კი კაცობრიობის ისტორიაში მომხდარა.  დღეს პასიურ პიროვნებებს, უმოქმედო საზოგადოებებს მომავალი აღარ აქვთ. ამიტომ დაიბადა იდეა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფასილიტაციით შეიქმნას თანამედროვე სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ვასწავლით ამ ახალ ცვალებად სამყაროში, შესაძლებლობების  გარემოში, წარმატებული ოპერირებისთვის სასიცოცხლო არაფორმალური განათლების ჩვევებს. პროექტის განხორციელება მოიცავს რამოდენიმე რეგიონულ ეტაპს, რომლის განხორციელების შედეგად, საქართველოს ათივე რეგიონში შეირჩევა და გადამზადდება მინიმუმ 100 ლიდერი ახალგაზრდა. მოეწყობა ლიდერთა ბანაკი, ვორკშოპები, კონფერენციები. შედეგად სამინისტროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეყოლება  100-დან 200-მდე მომზადებული, ჯანსაღი კადრისგან შემდგარი ბაზა, საიმედო ძალა და დასაყრდენი სამინისტროს მიერ დაგეგმილი სამომავლო აქტივობების განხორციელებისათვის.

7.    საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება

საქართველოს ყველა რაიონში ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, წლის განმავლობაში ჩატარდედა თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი პირების  გადამზადების ტრენინგ-კურსი ახალგაზრდული საქმიანობის კომპეტენციების შესახებ. ტრენინგები ჩატარდება რეგიონული პრინციპით.

8.    საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი პირების გასვლითი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფის შექმნა. ქვეპროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის სემინარებისა და გასვლითი სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა/განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულ შეხვედრებზე დასახული იქნება მომავალი სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე კოორდინირებას გაუწევს  რეგიონების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ინიციატივებს. პროგრამის ფარგლებში შემუშავდება სამომავლოდ ერთობლივად  განსახორციელებელი ღონისძიებები და აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრირებას, მათი ჩართულობის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებებით.

შედეგი  -  ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება აიმაღლონ ცნობიერება, განათლება, წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობები, იყვნენ მეტად ინტეგრირებულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად  და  გამოიჩინონ ინიციატივა  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი  საკითხების  განხილვის პროცესში. რეგიონულ დონეზე შედგება მათი კომუნიკაცია, ურთიერთგაცნობა და დაახლოება, მოხდება მათ შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კულტურათა დიალოგი, ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრების  გაანალიზება, თავისუფალი დროის რაციონალურად ორგანიზება, მოეწყობა დისკუსიები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ და დაისახება მათი გადაჭრის კონკრეტული გზები. სახელობო სწავლებები უზრუნველყოფს ახალგაზრდების პროფესიულ განათლებას, კონკრეტული ხელობების დაუფლებას, რაც თავისთავად მათ მისცემს მეტ საშუალებას დასაქმების კუთხით.