სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ტორპედომ ანთალიაში გამგზავრებამდე ფეხბურთელების პრეზენტაცია მოაწყო

თარიღი: 2012 იანვარი 18



17 იანვარს,  ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დარბაზში  ,,ტორპედოს" ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია და ვეტერანი მოთამაშეების გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო. კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და ,,ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მასმედიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები წარუდგინეს. როგორც იცით,  ზამთრის სატრანსფერო სეზონის გახსნის შემდეგ  ქუთათურებმა შვიდი ახალი ფეხბურთელი დაიმატეს.

ესენი არიან: დათა გიგვავა (ზუგდიდის ,,ბაიადან), გიორგი ლემონჯავა (ფოთის ,,კოლხეთიდან"), ნიკა ფირცხალავა (თბილისის ,,დინამოდან"), ალექსანდრე კვახაძე (რუსთავის ,,მეტალურგიდან"), ვალერი ბოლქვაძე, გიორგი რეხვიაშვილი და გიორგი ქუცურუა (ბოლნისის ,,სიონიდან").   ქუთაისელთა დამრიგებელმა ახალწვეულებს სიმბოლურად ,,ტორპედოს" მაისურები გადასცა. ლევან ფხაკაძემ კი გუნდის ყოფილ წევრს გია მეგრელაძეს სპეციალურად მისთვის შექმნილი ,,ოქროს ბუცი" უსახსოვრა. ანალოგიური პრიზი  ქუთაისური გუნდის ხელმძღვნელებმა სევასტი თოდუასთვისაც დაამზადებინეს, თუმცა ,,ტორპედოს" ყოფილმა კაპიტანმა გუშინ ქუთაისში ჩასვლა ვერ მოახერხა.

კლუბის პრეზიდენტმა  ახალწვეულებს  თავდედებული თამაში და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა სთხოვა. ,,დღეს აქ არიან ,,ტორპედოს" ძველი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც ქუთაისური გუნდის მდიდარი ისტორია შექმნეს და თქვენ მათ კვალს უნდა მიჰყვეთ...  ,,ტორპედოს" ევროპული ყაიდის კლუბად ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. გუნდს  საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი ხელმძღვანელობს და ის შედეგი, რაც პირველ წრეში ეროვნულ ჩემპიონატში ვაჩვენეთ მის სწორ ტაქტიკაზე მეტყველებს. კლუბს იდეალური სავარჯიში პირობები აქვს, გუნდის ახალი შემადგენლობა კი დასახული გეგმის მიღწევაში დაგვეხმარება.  კლუბი თითქმის მთლიანად გაახალგაზრდავდა.

გია გეგუჩაძის მხრიდან ეს ძალზედ სარისკო ნაბიჯი იყო. იმ დროს როცა ჩემპიონატში გუნდი მე-2 პოზიციაზეა გიას ადგილას ასეთ სარისკო და ამბიციურ გადაწყვეტილებას ბევრი ვერ მიიღებდა. მწვრთნელს სრულ ნდობას ვუცხადებთ და დარწმუნებული ვართ, რომ მის მიერ დაკომპლექტებული და მომზადებული გუნდი სატურნირო ცხრილში მყარ პოზიციებს შეინარჩუნებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ  არ არის დახურული  და თუ საჭირო გახდა,   კიდევ შეგვიძლია ახალი ფეხბურთელების დამატება." 

გია გეგუჩაძე:,, მადლობას ვუხდი ვეტერან ფეხბურთელებს. მათი დამსახურებაცაა, რომ ჩვენი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება გუნდის ახალ შემადგენლობას, ვფიქრობდით, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდებოდა და ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს შეემატა დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან. მათ საკმაოდ დიდი გამოცდა მოუწევთ. იმედი გვაქვს, რომ ეს ბიჭები ჩვენს მიერ ,,ავანსად გაცემულ" ნდობას დააფასებენ. ,,ტორპედოს" მეორე გუნდიდანაც ავიყვანეთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობენ. საკმაოდ პერსპექტიული ბიჭები არიან და მათი იმედიც გვაქვს. ,,სიონიდან" დავიბრუნეთ ლაშა კემუხტაშვილი, რომელზედაც დიდ იმედებს ვამყარებთ. სამწუხაროდ, ისევ დაგვიშავდა ვახტანგ კვარაცხელია, რომელსაც სავარაუდოდ მოსამზადებელი ეტაპი გაუცდება.

- თქვენი კონკურენტები ,,დინამო" და ,,ზესტაფონი" საკმაოდ გაძლიერდნენ. ფეხბურთის მოყვარულები ,,ტორპედოსგანაც" გაცილებით სერიზოულ ტრანსფერებს ელოდნენ თუმცა  გუნდმა უმეტესად ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები დაიმატა. რამდენად შეძლებთ ამ შემადგენლობით კონკურენტებთან ბრძოლას?

-ჩვენი მეტოქეებისგან განსხვავებით სხვა გზა ავირჩიეთ, გუნდი ისე  უნდა დავაყენოთ ფეხზე, რომ უახლოეს მომავალში ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ არა მარტო ჩვენს ჩემპიონატში, არამედ ევროთასებზეც წარმატებით ვიასპარეზოთ.  საქართველოში მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თავის გამოჩენის საშუალება უნდა მიეცეთ და ვფიქრობ, რომ კლუბს ისინი უფრო გამოადგებიან, ვიდრე უცხოეთიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელები."

ვალერი ბოლქვაძე:,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად გია გეგუჩაძეს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა. ყველანაირად ვეცდები, რომ ნდობა გავამართლო. ,,ტორპედო" დიდი ისტორიის მქონე, ამბიციური კლუბია და ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისურ გუნდში მომიწევს თამაში."

ალექსანდრე კვახაძე:,, ქუთაისის ,,ტორპედოს" მსგავსი წარმატებული გუნდი საქართველოში ბევრი არ არის და მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემს ტრანსფერში მიიღო მონაწილეობა."

შეგახსენებთ, რომ  21 იანვარს ქუთაისის ,,ტორპედო" სეზონისთვის მზადებას ანთალიაში გააგრძელებს.

დავით კოხრეიძე ქუთაისიდან 

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 24
ქუთაისში  სპორტული ინფრასტრუქტურის  სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე  გარემონტდა ჭიდაობის, ფეხბურთის,  ხელბურთის, სტრონგმენების,  რაგბის და ფარიკაობის სპორტული სკოლები.  მალე დასრულდება ტყვიის მსროლელთათვის ორი დარბაზისა და  ადმინისტრაციული ნაწილის  სარემონტო სამუშაოები. სპორტული სკოლები ახალი სპორტული ფორმებითა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
თამარ ჭეიშვილი ქუთაისელ მოფარიკავეთა ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელზედაც სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ. ჭეიშვილმა თებერვლის დასაწყისში კადეტთა შორის  საქართველოს ჩემპიონატზე (დაშნაში) პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა სპორტსმენს  მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.    
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 21
ამ დღეებში თერჯოლაში ჩატარდა  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელის, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორისა და სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის მირიან გიორგაძის სახელობის ტურნირი  ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს თითმის ყველა ქალაქის ჭაბუკმა ფალავნებმა  მიიღეს მონაწილეობა . შეჯიბრება  16 წონით კატეგორიაში გაიმართა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 თებერვალი 17
თბილისში გამართულ კადეტ მოფარიკავეთა შორის საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა მოფარიკავეებმა, რომლებმაც საერთო ჯამში 12 მედალი  მოიპოვეს. ქუთაისელი მოფარიკავეების წარმატებული გამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის მიმართ დამოკიდებულება ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა. გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობები, შეიქმნა იმერეთის რეგიონალური ფედერაცია, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობს.  
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2012 იანვარი 03
ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელობამ ქალაქის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები საახალწლო ნობათით დააჯილდოვა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ძირითადად ის სპორტსმენები იყვნენ თავმოყრილნი, რომლებიც ქუთაისის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, თუმცა შედეგებით ამ სიაში მყოფებს არ ჩამოუვარდებიან.