სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: ოთარ ქორქია

თარიღი: 2016 ოქტომბერი 19


საბჭოთა კავშირის 1954 წლის ჩემპიონი თბილისის „დინამო“
მარცხნიდან: მწვრთნელი გიორგი ავალიშვილი, კაპიტანი ოთარ ქორქია,
ლევან ინწკირველი, ალექსანდრე კილაძე, ილია მირიანაშვილი,
ვაჟა ჟღენტი, კუკური არღანაშვილი, მიხეილ ასიტაშვილი,
გურამ აბაშიძე, ვაჟა გვანცელაძე, მარლენ კეკელია, კარლო ადეიშვილი

1962 წლის 29 ივნისს თბილისის „დინამოს" კალათბურთელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო - ჩემპიონთა თასი მოიგეს. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ფინალში დინამოელებმა მადრიდის „რეალს" სძლიეს. იმ „დინამოს" მთავარი მწვრთნელი ქართული კალათბურთის ლეგენდა ოთარ ქორქია გახლდათ.
„რეალთან" გამარჯვებას ემიგრანტი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძეც დაესწრო, რომელმაც დისადმი გაგზავნილ წერილში კალათბურთელთა დამრიგებელზე თქვა: „გამარჯვების ნახევრი თითქმის გამარჯვებულთა ხელმძღვანელს უნდა ვაკუთვნოთ. ოთარ ქორქიას, ვთქვათ პირდაპირ, მათს სულისჩამდგმელს. დიდი ოსტატი ყოფილა, დიდი. მატჩის დროსაც ამა თუ იმ დარიგებას აძლევდა აღზრდილებს. აღსანიშნავია ესეც: ყოველ მათგანს ექცეოდა როგორც ნამდვილი ძმა, უფროსი ძმა".
1951 წელს, საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, როცა ოთარ ქორქიამ და მისმა თანაგუნდელებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს ოქროს მედლები, საბჭოეთის ნაკრების ქართველ ლიდერს ჟურნალისტებმა „ულვაშიანი ჯენტლმენი" შეარქვეს.
გაივლის მეოთხედი საუკუნე და საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი სპორტული გაზეთი „სოვეტსკი სპორტი" ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად სპეციალურ გამოკითხვას მოაწყობს. უძლიერესად ოთარ ქორქიას აღიარებენ, ჩვენი სპორტის ლეგენდას და მის კიდევ ერთ ლამაზ მეტსახელს თუ დავესესხებით - ქართული კალათბურთის ბერმუხას!
...ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ოთარ ქორქია ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი... ბადროს ტყორცნაში! 1939 წელს, როსტოვში, პირველობა სულაც საკავშირო რეკორდით მოიგო - 55 მეტრი! სპორტის ამ სახეობაში მას უდავოდ დიდი მომავალი ელოდა, მაგრამ გულშემატკივრებმა ის კალათბურთელად გაიცნეს, ლამაზ, ძლიერ და ტიტულიან მოთამაშედ.
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის კარიერას მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

* * *
...ექვსი დედ-მამიშვილი ვიყავით. მამა ვეტერინარი იყო, დედა - დიასახლისი. თბილი ოჯახი გვქონდა, ერთმანეთის სიყვარულით ვცხოვრობდით.

...მამა წარმოსადეგი კაცი იყო, საქმის ერთგული. პასუხისმგებლობის გრძნობამ კინაღამ დაღუპა: ერთხელ საქონლის ხორცი შეამოწმა და დაავადებული აღმოჩნდა, რის გამოც ბაზარში გასაყიდად არავის გაატანა. ეგ კი არა, რომელიმე თანამშრომელს არ შეეშალოსო და ხორცს სადიზენფექციო ხსნარი - კრეოლინი გადაასხა. ისეთი სუნი დამდგარა, მტრისას! 1938 წელი იდგა, კომუნისტური ხელისუფლება „ხალხის მტრებს" და „მავნებლებს" დღე და ღამე ეძებდა და აბა, ასეთ მიზეზს ხელიდან როგორ გაუშვებდა - მამა დაიჭირეს და ჯერ ციხეში უკრეს თავი, მერე გადაასახლეს, თან დახვრეტაც მიუსაჯეს.

...ციხეში მამას ქუთაისელი ქურდი, მეტსახელად „ცხრაფეხა" დაეხმარა. ის მამას შორიდან იცნობდა და დიდ პატივს სცემდა. რომ გაიგო მისი ამბავი, იმდენი მოახერხა, რომ მამა პურის საჭრელ განყოფილებაში მოაწყობინა. საბედნიეროდ, სასიკვდილო განაჩენი მალე შეუცვალეს.

...გადასახლების შემდეგ მამის შესახებ ოჯახში არაფერი ვიცოდით. მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა - ის იყო ჩვენი მარჩენალი. პატარა აღარ ვიყავი, ამიტომ ქუჩაში გავედი, არაფერს ვთაკილობდი, ოღონდ კი სახლში ფული ან საჭმელი მიმეტანა. მარტო ჩვენ კი არა, იმ დროს ყველას ძალიან უჭირდა... იმ წლებში ქუთაისში ყველაზე უკეთ ებრაელები ვაჭრობდნენ, მე და ჩემი მეგობრები კი მათ ტვირთის რიონის სადგურიდან მაღაზიებში მიტანაში ვეხმარებოდით. ეს იყო ჩემი პირველი „სამუშაო".

...ერთხელ რიონში გადამხტარი ქალი გადავარჩინე. ის უბედური თავს იკლავდა და ძლივს გამოვიყვანე ნაპირზე... ებრაელი აღმოჩნდა. ცხადია, ყველამ გაიგო ჩემი ამბავი, მათი თემის უფროსმა კი ხუთი ოქროს მონეტა მაჩუქა. თავი ზღაპარში მეგონა, შინ კი არ მივედი, მივფრინდი! დედამ არაფრით დამიჯერა, რომ ფული პატიოსნად ვიშოვე, დამტუქსა კიდეც!

...სუსტი და მაღალი ვიყავი, ხშირად ვცივდებოდი და მეგობრებმაც „გრიპუსა" შემარქვეს. ეს იყო ჩემი პირველი მეტსახელი.

...ქუთაისში კალათბურთის თამაში ეგრეთ წოდებული მესამე ლეგიონის დასახლებაში დაიწყეს, სადაც სამხედრო ნაწილი მდებარეობდა. მოთავე გივი კილაძე გახლდათ, მრავალმხრივი სპორტსმენი და დიდებული პიროვნება, რომელიც ნიჭიერ ბიჭებს ქუჩა-ქუჩა ეძებდა და სხვადასხვა სექციებში აბარებდა. ბატონი გივი წყალბურთელიც იყო, კალათბურთელიც, ფეხბურთსაც თამაშობდა, მძლეოსანთა შორისაც ხშირად ნახავდით - განსაკუთრებით ბირთვის კვრა იზიდავდა... ერთი სიტყვით, სპორტზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო.

...მესამე ლეგიონის ეზოში საკალათბურთო შეხვედრებს მე ვერ მოვესწარი, მაგრამ სპორტის ამ სახეობაში კილაძის ინიციატივით მოვხვდი. კომკავშირულმა ორგანიზაციამ „შინამრეწველმა" ბატონ გივის პიონერებში სპორტის განვითარება დაავალა და ისიც დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს. ჩვენი პირველი შეკრების ადგილი „სემეინი ბაღის" დარბაზი იყო, თუმცა შინაც ბევრს ვთამაშობდით: თამბაქოს ძველ ფაბრიკასთან ვცხოვრობდით, სახლის წინ ჩიხში პატარა მოედანი იყო და მეგობრები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.

...მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა, მარტო ჩვენ კი არა, მთელ ქვეყანაში არავის ულხინდა. ამიტომ კალათბურთს ჩამოვშორდი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დროებით - ქუთაისის საკონსერვო ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ვარჯიში ოცი წლისამ განვაახლე, 1943 წელს. ბატონი გივი კვლავ ბავშვებთან მუშაობდა, ქუთაისის „დინამოს" კი მისი მეგობარი ალეკო მესხი ავარჯიშებდა.

...გივი კილაძის გარდა ანანო ხვინგიაც უნდა ვახსენო. ის სპორტსაზოგადოება „სპარტაკის" თავმჯდომარე გახლდათ, არანაკლებ დიდი პიროვნება და გადასარევი კაცი. დიდ საქმეებს იყო შეჭიდებული, მისი ძალისხმევით ბევრი ქუთაისელი ახალგაზრდა გადაურჩა მსოფლიო ომს. მე, როგორც „მავნებლის" შვილს, კომკავშირში არ მიღებდნენ, თუმცა ბატონმა ანანომ არ გამწირა - მამის „დანაშაულის" გამო შვილმა პასუხი არ უნდა აგოსო.

...კილაძის და ხვინგიას გარდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი ლუკა ჭელიძეც თბილად მაგონდება. რამდენჯერმე, დიდი შეჯიბრების წინ, როცა ჩვენ გუნდს ფული არ ჰქონდა, ბატონმა ლუკამ საკუთარი ეზო-კარი დაგვითმო და შეძლებისდაგვარად საჭმლითაც გვამარაგებდა.

...იმ წლებში ძალიან პოპულარული იყო ეგრეთ წოდებული რვა ქალაქის ტურნირი, რომელიც საკავშირო პირველობის პარალელურად იმართებოდა და ძალიან პოპულარული იყო. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად პატარა ქალაქებს შორის საკვალიფიკაციო ტურნირი იმართებოდა, ფინალურ ეტაპზე კი მუდმივად თამაშობდნენ მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, თბილისის და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ნაკრები გუნდები. 1945 წელს ქუთაისის ნაკრებმა რვა ქალაქის ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა.

...მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუთაისის „დინამო" თითქმის დაიშალა: რამდენიმე მოთამაშე ომს შეეწირა, იმედისმომცემი ახალგაზრდების უმეტესობა კი თბილისში გადმოგვიყვანეს. ჩემი მეგობარი და კალათბურთზე უზომოდ შეყვარებული სულიკო თორთლაძე ყველაზე პირველი წამოვიდა - „ნაუკაში" მიიპატიჟეს.

...1946 წლის მიწურულს მეც თბილისში გადმოვედი, 1947 წლის იანვრიდან კი „დინამოს" წევრი გავხდი. ყველა დიდ წარმატებას ამ გუნდის მაისურით მივაღწიე და საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც „დინამოდან" მოვხვდი. 40-იანი წლების მიწურულს და 50-იან წლებში ქართული კალათბურთი ერეთ-ერთი საუკეთესო იყო მთელ საბჭოთა კავშირში, საბჭოური კი, თავის მხრივ, ევროპაში.

...სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 1947 და 1951 წლებში ორჯერ მოვიგე ევროპის ჩემპიონის ტიტული, 1949 და 1951 წლებში კი სტუდენტთა მსოფლიო თამაშები. 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადაზე, ჩვენი გუნდი ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, მაგრამ ფინალში ამერიკელებთან დავმარცხდით - 25:36. იმ ტურნირზე ამერიკელებმა ორჯერ გვაჯობეს. ფინალამდე ჯგუფში 58:86 მოგვიგეს.

...ყველაზე მეტი ქულა, თუ არ მეშლება, ჩილესთან 78:60 მოგებულ შეხვედრაში ჩავაგდე -  38. ფინელებთან და მექსიკელებთანაც კარგად ვითამაშე - 25-25 ქულა მოვიპოვე. ნახევარფინალში ურუგვაელებს ვაჯობეთ 61:57 და 21 ქულა მივითვალე. ამერიკელებთან პირველ შეხვედრაში, ერთ-ერთი მეტოქის უხეშობის გამო, ხელის გული გამისკდა და ამიტომ მათთან, ბრაზილიელებთან და ბულგარელებთან მთელი ძალით ვერ ვითამაშე, შესაბამისად, ძალიან ცოტა ქულა დავაგროვე. საერთო ჯამში, იმ ოლიმპიადით უკმაყოფილო არ ვიყავი - მეც და მთელმა გუნდმაც ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო.

...როცა ფინალში ხარ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, სულ რომ ათი თავით შენზე ძლიერი იყოს, მაინც ოქროზე ფიქრობ. ამერიკელებთან გადამწყვეტ მატჩში წაგებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი კი არასწორი სელექციაც იყო - მწვრთნელებმა რამდენიმე ძლიერი კალათბურთელი არ წაიყვანეს ფინეთში, რაც შეცდომა იყო. ამას გარდა, მათ დატვირთვის დოზირება არ იცოდნენ - ექვსკვირიან შეკრებაზე ბოლომდე გვწურავდნენ. სხვათა შორის, მე და ნაკრების კიდევ ერთმა ქართველმა წევრმა ნოდარ ჯორჯიკიამ დასკვნითი შეკრების ბოლო ათ დღეს ავადმყოფობა მოვიმიზეზეთ და ჯერ რამდენიმე დღე დავისვენეთ, შემდეგ კი მხოლოდ მსუბუქად ვივარჯიშეთ. ამით ძალა დავზოგეთ.

...1955 წელს უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატს ჩვენი ნაკრები ბოლო სამი პირველობის გამარჯვებულის რანგში შეხვდა. ფავორიტები ვიყავით, ოქროს მედლების მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენმა მწვრთნელმა კონსტანტინ ტრავინმა ქვეყნის ხელისუფლების და პირადად პირველი პირის ნიკიტა ხრუშჩოვის პოლიტიკა - რუსების ფონზე სხვა ერების შევიწროვება - გუნდშიც გაატარა, შედეგად კი მხოლოდ ბრინჯაოს მედალი მიიღო. იმის ნაცვლად, რომ იმ წლების ყველა მოწინავე ბალტიისპირელი და ქართველი კალათბურთელი მიეწვია, ნაკრების ნახევარი არცთუ მაღალი დონის რუსებისგან დააკომპლექტა, რომლებმაც ლიდერები ვერ ჩაანაცვლეს. ფინალურ ჯგუფში ყველაზე ძალიან უნგრელებთან და ჩეხოსლოვაკიელებთან გაგვიჭირდა და საბოლოოდ სწორედ მათ ჩამოვრჩით. არადა, ხომ გეუბნებით, საუკეთესო შემადგენლობით რომ ვყოფილიყავით, ისინი უშანსოდ იქნებოდნენ.

...ყველაზე კარგი მოგონება? ასეთი ორია და ორივე, გაგიკვირდებათ, მაგრამ კალათბურთს არ უკავშირდება: პირველი მამა რომ ცოცხალი დაბრუნდა და მეორე - სოხუმში მამისეული სახლი რომ დავიბრუნე. მამაჩემი სოხუმელი იყო, იქ დაბადებულ-გაზრდილი. ის ჯერ კიდევ გადასახლებული იყო, როცა სოხუმში ჩავედი ჩვენი სახლის სანახავად. ვიღაც გამოვიდა და უკმეხად მკითხა, ვინ ხარ, რას დაეძებო. ვუპასუხე ვინც ვიყავი და რაც მინდოდა. კიდევ რაღაც მითხრა უხეშად და წავკამათდით. დავტაცე ხელი და შორს მოვისროლე. ამ ამბიდან ზუსტად მესამე დღეს სახლი დავიბრუნე! ერთ კარგ სოხუმელ კაცს ვიცნობდი, გვარად მიჩურინს. სახელი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს. ის მაღალი ჩინის სამხედრო იყო, აფხაზეთში საკუთარი მეურნეობები ჰქონდა და პროდუქტებით პირადად სტალინს ამარაგებდა. რამდენჯერმე კალათბურთის თამაშისას გვნახა, ჩვენი გუნდის დიდი გულშემატკივარი იყო, ერთი სიტყვით, დაგვიახლოვდა და ძალიან სასიამოვნო ადამიანად დაგვამახსოვრა თავი. ჰოდა, იმ ვიგინდარას გალახვის მერე მას მივაკითხე, ასე და ასეა ჩემი ამბავი, იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. მან, თავის მხრივ, საქმის ვითარება რომ შეიტყო, ნაცნობები შეაწუხა და ხომ გეუბნებით, ზუსტად მესამე დღეს სახლი ჩემი იყო.

...დიდების კალათბურთს რომ ჩამოვშორდი, „ნორჩი დინამოელი" ჩავიბარე. ორი ჯგუფი მყავდა და ექსპერიმენტს მივმართე. ერთ ჯგუფს ჩვეულებრივ ვავარჯიშებდი, ტრადიციული წესების დაცვით ორი საათის განმავლობაში, მეორეს კი უცხოური მუსიკის ფონზე. და იცით რამხელა სხვაობა დავინახე - მეორე ჯგუფის ბიჭები ორჯერ უფრო დიდხანს, თითქმის ოთხი საათი ვარჯიშობდნენ და დაღლა არც ეტყობოდათ! ზოგადად, ვცდილობდი ბავშვები უაზრო ვარჯიშით არ დამეტვირთა და მათთვის მეტი თავისუფლება მიმეცა. იცით რით დასრულდა ყველაფერი? უცხოური მუსიკისადმი სიყვარული კაპიტალიზმის პროპაგანდად ჩამითვალეს და სამსახური დამატოვებინეს.

...გულისტკენა? რამდენიც გნებავთ, იმდენი იყო, თუმცა ყველაზე ძალიან იცით რაზე მწყდება გული? 1962 წელს „დინამომ" ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ტიტული, მაგრამ ჩვენი გამარჯვების ამბავი რაღაცნაირად დავიწყებას მიეცა - თითქოს უბრალო თასი მოგვეგოს. წელი წელს მისდევს, ის გამარჯვება კი ძალიან ცოტას თუ ახსოვს. და მის შეხსენებასაც არავინ ცდილობს. აი, ფეხბურთელების მიერ მოგებულ თასების თასს კი ლამის ყოველ წელს აღნიშნავენ. არა, განა რამე ცუდია მათ ტრიუმფში, პირიქით, ვამაყობ ფეხბურთელების წარმატებით, მაგრამ რატომ მხოლოდ საფეხბურთო „დინამო" და არა საკალათბურთო? განა ერთი მეორეს ხელს შეუშლის ან დაჩრდილავს? პირიქით! როცა ორი დიდი გამარჯვება შეგიძლია გაიხსენო და დააფასო, მხოლოდ ერთს რატომ აღნიშნავ? ამაზე მწყდება გული.

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

ოთარ ქორქია
დაიბადა 1923 წლის 10 მაისს ქუთაისში
გარდაიცვალა 2005 წლის 15 მარტს თბილისში
1947-1958 წლებში თბილისის „დინამოს", 1947-1955 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი (1953-1955 წლებში ნაკრების კაპიტანი)
ტიტულები: XV ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1952 (ჰელსინკი); სსრკ ჩემპიონი - 1950, 1953, 1954; სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1947; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1948, 1952; სსრკ თასი - 1949, 1950; მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი - 1949, 1951; ევროპის ჩემპიონი - 1947, 1951, 1953; ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1955; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950); სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1967)
1962 წელს თბილისის „დინამოს" ევროპის ჩემპიონთა თასი
მისი ხელმძღვანელობით მოიგო
ვახტანგ გორგასლის
III ხარისხის და ღირსების ორდენის კავალერი