სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: რომან რურუა

თარიღი: 2016 ნოემბერი 30


საბჭოთა კავშირის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან
მეხიკოს ოლიმპიადის ოქრო მხოლოდ რომან რურუამ მოიგო!

საუკეთესო... უძლიერესი... პირველი... ყველაზე ეფექტური...
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შესახებ რა წიგნიც არ უნდა გადაშალოთ, რომან რურუას შესახებ ასეთ ეპითეტებს მრავლად წაიკითხავთ.
მეხიკოს ოლიმპიადის ჩემპიონი მართლაც ასეთი იყო: დაუმარცხებელი საბჭოეთსა და მსოფლიოში. XX საუკუნის 60-70-იან წლებში კი საბჭოთა კავშირში დაუმარცხებელი ფალავნის ტიტული ყველგან პირველობას უდრიდა. მხოლოდ იმიტომ, რომ მთავარი კონკურენტები სწორედ წითელი დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ: გენადი საპუნოვი, იური გრიგორიევი, ოლეგ კარავაევი, კონსტანტინ ვირუპაევი, ვლადიმერ სტაშკევიჩი...
„ქართული სპორტის ოქროს წიგნში" რომან რურუას შესახებ ამოიკითხავთ: „სპორტული ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებ და იღბალიც ხელს შეგიწყობს, შესაძლოა დროის ამ მცირე, თუმცა კი მნიშვნელოვან მონაკვეთში ცხოვრების მთავარი  საქმეების გაკეთება მოასწრო. მაგალითად, რომან რურუამ მოასწრო და ამისთვის სულ ათი წელიწადი დასჭირდა".
ვეტერანი სპორტული ჟურნალისტი, არაერთი საინტერესო ჩანახატის ავტორი არჩილ გოგელია ლეგენდარული მოჭიდავის შესახებ წერს: „ჩემი ღრმა რწმენით, ფალავანთა კაშკაშა თანავარსკვლავედში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ადგილი უკავია განუმეორებელ რომან რურუას, სპორტსმენს, რომელიც განასახიერებდა თავისებურ იდეალს ნიჭით, აზროვნებით, ტექნიკურ-ტაქტიკური არსენალით, საოცარი მიზანსწრაფულობითა და შეუპოვრობით, გაუგონარი, ფანატიზმამდე მისული თვითკონტროლით".
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის ბრწყინვალე კარიერას წლების წინანდელი ინტერვიუებით, ჩანახატებითა და თავად ბატონი რომანის ავტობიოგრაფიის - „ქალამნებიდან ჩემპიონობამდე და კიდევ..." - დახმარებით გავიხსენებთ.

* * *
...მშობლები სიყვარულით ცხოვრობდნენ, ერთმანეთის პატივისცემით. დედა ალასანიას გვარის ქალი იყო, სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთიდან. მამა მუხურჩაში, დეიდამისთან სტუმრობისას გაიცნო. მოსწონებია მამას, გაუკითხავს, გამოუკითხავს და... ხომ იცით, როგორც ხდებოდა?!

...დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, მამა ორ ძმასთან ერთად გაიწვიეს ჯარში. რაღაც პერიოდის მერე დედას ხმა მიაწვდინეს, დაჭრილია შენი ქმარი და ჩამოდი, მიხედეო. დედამ ერთი ღერი რუსული არ იცოდა, ტუაფსეში ჩასულს მამის ძმაკაცები დაეხმარნენ. რა ჰოსპიტალი, რის ჰოსპიტალი? დაჭრილ-დასახიჩრებული ბიჭები მინდორში ეყარნენ. მამა ისე იყო შეცვლილი, დედამ ვერ იცნო - გამხდარი, გაჭაღარავებული... რის ვაი-ვაგლახით ჩაიყვანეს აბაშაში. ძლივს გადარჩა.

...მამა წყნარი, თუმცა მკაცრი იყო. მისგან გინება არასდროს გამიგია. „ჟულიკი ხარ შენ"! - იტყოდა და ეს იყო მისი გინება. ძალიან უყვარდა ცხენები, ოჯახში ყოველთვის კარგი ცხენი გვყავდა.

...მეორე ვაჟი ვიყავი, ჩემი ძმა ოთხი წლით უფროსი იყო. მშობლების გარდა ბებიაც გვზრდიდა - მინა გახოკია, ძალიან მორწმუნე და შრომისმოყვარე ქალი. განათლება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ უზარმაზარი შინაგანი კულტურის და ზნეობის განსახიერება გახლდათ. დარდიანი ქალი იყო - ორი შვილი დაეღუპა ომში... სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, იქნებ ცოცხლები არიანო.

...თუ რამე სასიკეთოა ჩემში, ბავშვობიდან მომყვება: დედისგან, მამისგან, ბებიისგან, მამიდისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც ჩემს ირგვლივ ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. ერთი მოხუცი კაცი მახსოვს, ესტატე რურუა. დილით საქონელს რომ გავდენიდი, გზაზე შემხვდებოდა ხოლმე და ყოველთვის ერთ ცალ კაკალს მჩუქნიდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ქვეყნად მასზე კარგი კაცი არ დაიარებოდა! ისე ნათლად მახსოვს ეს კეთილი ადამიანი, მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი: წაღები და გალიფე შარვალი ეცვა, ზემოდან მუქი ფერის ფართე ჯიბეებიანი „ბლუზა", ჩამწკრივებული დიდი ღილებით...

...ჩვენს სოფელს საფეხბურთო გუნდი ჰყავდა, რომელიც დროგამოშვებით მეზობელ სოფლებში თამაშობდა. ძალიან მინდოდა მათ შორის ყოფნა, მაგრამ ტანად პატარა ვიყავი და არ მიკარებდნენ. ერთხელ სოფელ ონოღიის გუნდი ჩამოვიდა, რომელსაც კაცი აკლდა. იმათ დავემატე, მცველად დამაყენეს. სისხლი გავუშრე თანასოფლელებს, გოლი არ გავატანინე! მერე და მერე ონოღიელები ხშირად მეძახდნენ თავისთან, შეჯიბრებებზეც დავყავდი... იმ დროს ფეხბურთელობა მინდოდა.

...მეცხრე კლასიდან თბილისში ვცხოვრობდი, მამიდასთან, სწავლით კი 57-ე სკოლაში დავდიოდი. ერთ მშვენიერ დღეს თანაკლასელთან შოთა დრიაშვილთან ერთად ჩვენს საერთო მეგობარს, ბათუმელ ილია ტუღუშს მივაკითხე ორჯონიკიძის ქუჩაზე, სპორტულ დარბაზში. ილია კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი იყო, მე კი პირველად ვნახე მოჭიდავეები. მეორე დღეს პირველად შევდგი ფეხი საჭიდაო ხალიჩაზე, ორ კვირაში კი პიონერთა სასახლეში პირველ ტურნირზე გავედი და... გავიმარჯვე! სამ კვირაში ქუთაისში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოვიგე! ეს ყველაფერი 1959 წელს მოხდა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადავწყვიტე: არავითარი ფეხბურთი, მხოლოდ კლასიკური ჭიდაობა!

...1961 წლის ზაფხულში, რამდენიმე რესპუბლიკური შეჯიბრების მოგების შემდეგ, საკავშირო ნაკრების კანდიდატად დამასახელეს. იმავე წლის დეკემბერში თბილისში სსრკ-ს რესპუბლიკებს შორის ქვეყნის თასი გათამაშდა, რომელშიც მოსკოვის და ლენინგრადის ნაკრებებიც გამოდიოდნენ. მთავარი კონკურენტები რომის ოლიმპიადის ტრიუმფატორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ოლეგ კარავაევი და მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი ვლადიმერ სტაშკევიჩი იყვნენ. პირველი ძლივს გადამირჩა სუფთა მოგებას, 9:0 ვაჯობე, სტაშკევიჩს კი 1:0. ძალიან დაძაბული ორთაბრძოლები გადავიტანე, სახე ისე მქონდა დახეთქილი, მომდევნო კვირა წესიერად ვერ ვჭამდი. მიუხედავად ყველაფრისა, ასეთ მეტოქეებთან მოგებით ნაკრებში პირველ ნომრობაზე პრეტენზია განვაცხადე და პრესაც ნელ-ნელა ალაპარაკდა ჩემზე.

...ტრავმის გამო 1962 წლის სეზონი თითქმის მთლიანად გამიცდა, 1963 წელს კი გამარჯვებით დავბრუნდი: საბჭოთა კავშირის ხალხთა მესამე სპარტაკიადა მოვიგე. სპარტაკიადა ოლიმპიადისწინა შესარჩევი ტურნირი იყო, რომელშიც ყველა რესპუბლიკის უძლიერესი ფალავნები ასპარეზობდნენ. შეჯიბრების წინ ათეულში მოხვედრას მიწინასწარმეტყველებდნენ, მე კი ფინალში გავედი. გადამწყვეტი ორთაბრძოლა უკრაინელ იური გრიგორიევთან მელოდა. ჩემპიონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდებოდი, თუ შვიდი და მეტი ქულის სხვაობით მოვიგებდი. 16:7 გავიმარჯვე და პირველად გავხდი სპარტაკიადის ჩემპიონი!

...ჯარში გაწვევის ამბავი ცალკე უნდა გავიხსენო: თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ვცხოვრობდი, როცა შემატყობინეს, რაიონის კომისარი კანანოვი გიხმობსო. მივედი, მან კი თავის მხრივ მოსკოვიდან, გენშტაბიდან მოსული დეპეშა გამომიწოდა - რუსეთში მეძახდნენ, სამხედრო სამსახურო ჩვენთან უნდა მოიხადოო, რეალურად კი საქართველოს პერსპექტიულ სპორტსმენს ართმევდნენ. არსადაც არ წავალ-მეთქი, ვუთხარი კანანოვს. არ შეიძლება, ბრძანებაა, ბილეთი უკვე აღებულიაო, მიპასუხა მან. მისი კაბინეტიდან პირდაპირ სპორტკომიტეტში მივედი ვახტანგ კუხიანიძესთან, ასეა ჩემი ამბავი-მეთქი. კუხიანიძემ უმალ თავმჯდომარის მოადგილეს ლევან სანაძეს მიმართა, მან კი ეგრევე მთავრობის სახლში წამიყვანა, სადაც ცეკას ბიუროს სხდომა მიმდინარეობდა. ჩვენდა ბედად, შესასვლელში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილს შევხვდით, რომელიც არც დაფიქრებულა, პირდაპირ სხდომათა დარბაზში შევიდა ვასილ მჟავანაძესთან. საქართველოს პირველმა პირმა სხდომაზე მყოფ ამიერკავკასიის ჯარების სარდალს გენერალ სტუჩენკოს მიმართა: მოსკოვიდან დეპეშაა მოსული, რურუას ჯარში იწვევენო... სტუჩენკომ პირდაპირ იქიდან დარეკა მოსკოვში, გენშტაბში: სანამ ამიერკავკასიაში მეთაური მე ვარ, არავის აქვს მსგავსი ტელეგრამის გამოგზავნის უფლება, სასწრაფოდ შეისწავლეთ საკითხიო... ასე იყო ჩემი ამბავი. მჟავანაძესთან სტუმრობის შემდეგ კომისარიატიდან არავის მოვუკითხივარ - ჩემი საბუთები სადღაც „გაქრა".

...სპარტაკიადის მოგებისთანავე საბჭოთა კავშირის და თურქეთის ნაკრებთა სამი ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა სტამბულში. ეს ჩემი მეორე გასვლა იყო უცხოეთში, პირველად პოლონეთში ვიჭიდავე. 37-წლიანი პაუზის შემდეგ საბჭოთა გუნდი პირველად ჩავიდა თურქეთში. იცით რა დროა? თურქებსა და ბერძნებს შორის კვიპროსის გამო ომია გაჩაღებული, ქუჩები ტანკებით და სამხედროებითაა სავსე... სტამბულში ჩასვლამდე შლიაპები დაგვირიგეს, საბჭოთა სპორტსმენებისთვის აუცილებელი ატრიბუტი. მაშინ მეგონა, რომ შლიაპა მხოლოდ პროფესორებს და ასაკოვნებს უნდა ეტარებინათ. გულში ვფიქრობდი, რა დროს ჩემი შლიაპაა-მეთქი...

...1964 წლის ოლიმპიადაზე ჩემი გამგზავრება ტალინში გადაწყდა, სადაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. საგზურის მთავარ კანდიდატებად მე, იური გრიგორიევი და რუსი გენადი საპუნოვი ვითვლებოდით. ორივე კონკურენტთან ურთულესი ბრძოლები მოვიგე, არა მარტო ხალიჩაზე, ფსიქოლოგიურიც!

...საპუნოვის პირადი მწვრთნელი ვიაჩესლავ კოჟარსკი საკავშირო ნაკრების თავკაციც გახლდათ. მისი დაჟინებული მოთხოვნით ვლადივოსტოკში, ოლიმპიადის წინ გამართულ უკანასკნელ შეკრებაზე კიდევ ერთი გამოცდა დაინიშნა: მე და საპუნოვს იური კოლოპოვთან და ვიტალი ტულუპოვთან უნდა გვეჭიდავა. ვინც ყველაზე შთამბეჭდავად მოიგებდა, ტოკიოშიც ის წავიდოდა. კოლოპოვმა და ტულუპოვმა ბრწყინვალედ წააგეს საპუნოვთან, ჩემთან კი ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ მტრისას, რაც მათ ამბავი დავმართე. კოლოპოვი საერთოდაც გაიქცა ხალიჩიდან! ჩემი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ კოჟარსკიმ ფავორიტის პირველ ნომრად დაყენება ვერ გაბედა და მეც ტოკიოში გავემგზავრე.

...მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გამოცდილება მაკლდა, მაინც შევძელი ფინალში გასვლა. ოლიმპიური ოქრო უნგრელ იმრე პოიაკს, იუგოსლავიელ მარტინოვიჩს და ჩემს შორის უნდა გათამაშებულიყო. ყველაზე ტიტულიანი 37 წლის პოიაკი გახლდათ: მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამგზის ფინალისტი... ფინალური ორთაბრძოლების წინ მარტინოვიჩმა ტრავმა მოიმიზეზა და მოიხსნა. ამის გამო პოიაკი მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა: ფრე ხელს აძლევდა - ჩემპიონი ხდებოდა, მე კი აუცილებლად უნდა მომეგო. რამდენიმე ილეთი შევასრულე, ხალიჩიდანაც გავიყვანე, მაგრამ არაფერი ჩამითვალეს - ფრე 0:0, ეს კი პოიაკის გამარჯვებას უდრიდა. წარმოგიდგენიათ? ერთი შეხვედრაც არ წამიგია, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე გავედი. წლების შემდეგ რამდენჯერმე ჩავედი უნგრეთში, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ბევრჯერ მთხოვეს იმ ფინალის კომენტარი, მაგრამ არაფერი მითქვამს. მოგვიანებით თავად იმრე პოიაკმა მიმასპინძლა, თავის მედლებიც დამათვალიერებინა. „ჩემს" ოლიმპიურ ოქროს ის საპატიო ადგილი ეჭირა... მიუხედავად ყველაფრისა, ალალი იყოს მისთვის ის ოქრო. პოიაკმა ოთხჯერ იჭიდავა ოლიმპიადის ფინალი, მსგავსი შედეგით კი კლასიკურ ჭიდაობაში მხოლოდ რუსი ალექსანდრ კარელინი თუ დაიკვეხნის.

...1965 წელს კიდევ ერთხელ მოვიგე საკავშირო ჩემპიონატი. ფინეთში, მსოფლიო პირველობაზე წესით მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ მწვრთნელმა ჩემს ნაცვლად იური გრიგორიევი წაიყვანა. მაშინ თვლიდნენ, რომ რადგან წონაში სამმა ძლიერმა სპორტსმენმა მოიყარა თავი, საერთაშორისო ტურნირები თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ გრიგორიევი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრების თავკაცი ვიაჩესლავ კოჟარსკი მაინც მოხსნეს.

...1966 წელს, ამერიკაში, ქალაქ ტოლედოში, პირველად გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. მაშინ ჩემს საპატივცემულოდ პირველად აიწია სახელმწიფო დროშა და დაუკრეს ჰიმნი. ძალიან ემოციური მომენტი იყო, ამას მხოლოდ ჩემპიონობისას თუ იგრძნობ... 2007 წელს ბაქოში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. ერთ-ერთ წონაში ბულგარელმა გაიმარჯვა, მაგრამ ბულგარეთის ჰიმნი ორჯერ შეეშალათ და საბოლოოდ მხოლოდ დროშის აღმართვის ფონზე გადასცეს ოქროს მედალი. მივედი ჩემპიონატის ორგანიზატორებთან და ვუთხარი, უსამართლოდ იქცევით, ჰიმნი დაუკარით და ბულგარელ სპორტსმენს ბოდიში მოუხადეთ-მეთქი. ჩემი მოთხოვნა შეასრულეს. რა იქნებოდა მედალი ჰიმნის გარეშე? ჰიმნის მნიშვნელობას მხოლოდ ის გაიგებს, ვის პატივსაცემადაც უკრავენ და არა ის, ვისაც მსგავსი პატივი არასდროს რგებია.

...1965 წლის ჩათვლით საბჭოთა კავშირის ნაკრებს მსოფლიოს მრავალგზის და ოლიმპიური ჩემპიონი, ლენინგრადელი მძიმეწონოსანი ანატოლი როშჩინი კაპიტნობდა. 1966 წლის დასაწყისში 150-კაციანი ნაკრების კაპიტნის არჩევნები ჩატარდა. ნებისმიერს შეეძლო კანდიდატის დასახელება. პირადად მე იგუმენოვს დავუჭირე მხარი, თუმცა როცა ხმები დათვალეს, აღმოჩნდა, რომ მე 40-მა დამიჭირა მხარი, საპუნოვს და იგუმენოვს კი ნაკლებმა. გარდა იმისა, რომ ნაკრების კაპიტანი გავხდი, მწვრთნელთა საბჭოშიც შემიყვანეს, ეს კი უპრეცედენტო ამბავი იყო!

...ევროპის ჩემპიონატებზე არასდროს მიჭიდავია. კონტინენტის პირველობები ჩემ დროს არცთუ მაღალი დონისა იყო. თანაც, ხომ გითხარით, გუნდში არაერთი ძლიერი ფალავანი იყო და ამიტომ, საერთაშორისო შეჯიბრებებს ვინაწილებდით. ერთხელ, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ავადმყოფობა მხოლოდ იმიტომ მოვიმიზეზე, რომ იქ საპუნოვი წასულიყო. შეკრებაზე მითხრა, კარიერის დასრულება გამარჯვებით მინდა და იქნებ ტურნირი დამითმოო. მეც გავდექი. საპუნოვმა ევროპა მოიგო და დიდი სპორტიდანაც წავიდა.

...სსრკ ხალხთა სპარტაკიადა ოლიმპიადის მთავარ შესარჩევ შეჯიბრებად განიხილებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრების წევრები ლამის ყველა შეჯიბრებას ვიგებდით, თამამად შეიძლება ითქვას: სპარტაკიადა მსოფლიო პირველობას არ ჩამოუვარდებოდა. საპუნოვის წასვლის შემდეგ ჩემს მთავარ კონკურენტად იური გრიგორიევი ითვლებოდა, თუმცა ახალგაზრდებიც კვალში გვედგნენ: მაგალითად, ჩემი არყოფნის დროს მოსკოველმა ივანე ზაიცევმა საკავშირო ჩემპიონატი მოიგო, ბაქოელმა სერგეი აგამოვმა კი - ევროპირველობა. სპარტაკიადაზე ორივე ფინალამდე ჩამოვიშორე, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი გრიგორიევს ვაჯობე. ამით ნაკრებში პოზიცია გავიმყარე და მეხიკოს ოლიმპიადის საგზურიც გავინაღდე.

...1967 წელს, რუმინეთში, მეორედ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. მაშინ მეორე ადგილი რუმინელმა სემიონ პოპესკუმ დაიკავა, მესამეზე კი იაპონელი ჰიდეო ფუძიმოტო გავიდა. როცა წონა შევიცვალე, ორივემ შვებით ამოისუნთქა - მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

...მეხიკოში ოლიმპიადის დაწყებამდე თითქმის ერთი თვით ადრე ჩავედით. საწყისი სამი კვირა ყოველ დღე ვვარჯიშობდით, ჩვენი შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კი, არ ვიცი რამ მიკარნახა, მწვრთნელებს დასვენება ვთხოვე, ასე მირჩევნია-მეთქი. დავსეირნობდი ოლიმპიურ სოფელში და სხვა სახეობების შეჯიბრებებს ვესწრებოდი. ამან ძალიან კარგად იმოქმედა: ტურნირს დასვენებული და რაც მთავარია, შესანიშნავი ფსიქოლოგიური განწყობით შევხვდი. ფინალამდე ექვსი მეტოქე დავამარცხე, მათ შორის პირველი ოთხი - სუფთად, ოქროსთვის კი ძველ ნაცნობს, ფუძიმოტოს დავეჭიდე. შეხვედრა ფრედ კი დასრულდა, მაგრამ ოლიმპიური ოქრო მე მხვდა წილად. ოცნება ავისრულე! სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რომელშიც მსოფლიოს რვა ჩემპიონი ირიცხებოდა, ოლიმპიური ოქრო მხოლოდ მე მოვიგე!

...მოსკოვიდან თბილისში რომ მოვფრინავდით, გამოგვიცხადეს, უამინდობაა და სოხუმში დავეშვებითო. შემდეგ დაამატეს, თვითმფრინავი ხვალამდე ვერ აფრინდებაო. თურმე რა ხდება: სოხუმელებს ჩემი პატივისცემა გადაუწყვეტიათ და ტექნიკურად „მომიტაცეს" - სხვები თბილისში ერთ საათში გაფრინდნენ, მე კი ზღვისპირა სასტუმრო „აფხაზეთში" შემიტყუეს. საბანკეტო დარბაზში ჩემს „მასპინძლებს" - ძმებს ლავრიკო და ემზარ ქაქუჩაიებს უზარმაზარი სუფრა გაეშალათ... მეორე დღეს პატარა თვითმფრინავით გადმომიყვანეს თბილისში. პილოტმა, ჩემს პატივსაცემად, მშობლიურ მუხურჩას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა.

...ოლიმპიადის მოგების შემდეგ წონის შეცვლაზე დავფიქრდი - სულ უფრო მტანჯავდა წონის დაკლება. მით უმეტეს, რომ ერთი საფეხურით ანაცვლების შემდეგ შედეგი არ გაუარესებულა - კვლავ ქვეყნის ჩემპიონი გავხდი. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს 1969 წლის ჩემპიონატის წინ მწვრთნელებმა გადაწყვიტეს ყველას თავის წონაში ეჭიდავა. ის ტურნირი არგენტინაში, მარ დელ პლატაში გაიმართა. ჩვენს ასპარეზობამდე ერთი დღით ადრე ლუდს და უგემრიელეს ხორცს მივეძალე, რამაც კინაღამ დამღუპა - საუნაში საკმაოზე დიდი დროის გატარება მომიხდა, რის გამოც ცუდად გავხდი. მართალია კვლავ ოქრო მოვიგე, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე წონის შეცვლა. ჩემთვისაც ასე სჯობდა და გუნდისთვისაც.

...მომდევნო მსოფლიო პირველობაზე, კანადის ქალაქ ედმონტონში, უკვე ახალ წონაში გამოვდიოდი. პირველად ჩემს სპორტულ კარიერაში საშუალება მქონდა ჩემს ნებაზე მეჭამა. თავი არ შემიზღუდავს, ამ მხრივ ორგანიზმს სრული თავისუფლება მივეცი, ხალიჩაზე ამაღლებული განწყობით გავდიოდი! მეოთხედ მოვიგე მსოფლიოს ოქრო, ფინალში კი იაპონელთან 21:0 გავიმარჯვე! ძალიან დიდი უპირატესობით დავამარცხე მეტოქე და საერთოდ, ის ფინალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში. ხუთჯერ ვიასპარეზე მსოფლიო პირველობაზე და ოთხი ოქრო მოვიგე, აქედან სამჯერ ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავედ მაღიარეს! ედმონტონში ეს ჯილდო მესამედ გადმომცეს. სხვათა შორის, ოქროს მედლით რომ დამაჯილდოვეს, ერთ-ერთმა გოგონამ ყველას დასანახად ტუჩებში მაკოცა, იმ მომენტის ფოტოც არსებობს... ასე სახალხოდ ჩემთვის მანამდე არასდროს უკოცნიათ.

...1970 წლის მიწურულს ავად გავხდი - ხერხემალზე დაგროვილი მარილებისგან წანაზარდები გამიჩნდა და ჭიდაობა კი არა, წელში გამართვა მიჭირდა. მითხრეს, საოპერაციო ხარო. სპარტაკიადა ახლოვდებოდა და ოპერაციის შემთხვევაში ამ ტურნირის გამოტოვება მომიწევდა, ეს კი ოლიმპიადის საგზურზე უარის თქმის ტოლფასი იქნებოდა. ბოლოს საკუთარ თავს ვძლიე და საშინელი ტკივილების მიუხედავად, ავადმყოფობა მაინც დავძლიე. სპარტაკიადა მესამედ მოვიგე! ისე, „კლასიკოსებს" შორის სპარტაკიადა სამჯერ მხოლოდ მე, ანატოლი როშჩინს და ვასილ მირკულოვს მოგვიგია.

...მიუნხენის ოლიმპიადის წინ ნაკრებში ჩემს წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა დაიწყეს. სიტუაციის შეცვლა უცბად ვიგრძენი, თუმცა ვცდილობდი გაღიზიანება ღიად არ გამომეხატა - უპირატესობას ხალიჩაზე ვამტკიცებდი. ჩემს კონკურენტად შამილ ხისამუტდინოვი სახელდებოდა. 1971 წელს, ულიანოვსკში, საკავშირო პირველობაზე მასთან 1:3 წავაგე, თუმცა შეკრებებსა და სხვადასხვა შეჯიბრებებში მუდმივად ვუგებდი. რუმინეთში, ოლიმპიადისწინა ბოლო შეკრებაზე ხისამუტდინოვს 7:0 ვაჯობე, მაგრამ ოლიმპიადაზე წამსვლელები რომ დაასახელეს, მათ შორის ვერ მოვხვდი. მივხვდი, რომ ნაკრებიდან წასვლის დრო იყო. ოთახში ავედი, ნივთები ჩავალაგე, მერე ხისამუტდინოვს ოლიმპიადის საგზური მივულოცე და გუნდიდან წავედი. გუნდიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

...კარიერა 32 წლისამ დავასრულე. 1963 წლიდან 1971 წლის ჩათვლით ნომერ პირველი ვიყავი და როგორც აღმოჩნდა, ესტაფეტა ვიღაც არიფს კი არა, ბრწყინვალე მოჭიდავეს გადავეცი: ხისამუტდინოვი მიუნხენში ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა, მსოფლიოც ორჯერ თუ სამჯერ მოიგო... ყველაფერს თავის დრო აქვს. მათ შორის დიდი სპორტიდან წასვლასაც.

...საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და სპარტაკიადა ექვსჯერ მოვიგე, ეს კი იმ დროს მსოფლიო პირველობის მოგების ტოლფასი იყო. რატომ? ძალიან დიდი კონკურენცია იყო ჩემს წონაში და იმიტომ! თავად განსაჯეთ: 1963-1971 წლებში ამ ორ ტურნირზე მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ სტაშკევიჩი, ოლიმპიური ჩემპიონი კონსტანტინ ვირუპაევი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ოლეგ კარავაევი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენადი საპუნოვი, მსოფლიოს ჩემპიონი იური გრიგორიევი და მე ვებრძოდით ერთმანეთს!

...სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს ჭიდაობის უმაღლესი სკოლის დირექტორად დავინიშნე. ჩვენი სკოლა რესპუბლიკური მასშტაბის გახლდათ. თავისუფალ ჭიდაობას გურამ საღარაძე ჩაუდგა სათავეში, კლასიკურს - მე. გადავწყვიტეთ საწვრთნელი ვარჯიშები თითოეულს ჩვენი შეხედულებისამებრ წარგვემართა, წლის ბოლოს კი შედეგები შეგვეჯამებინა. წლის ბოლოს ჩელიაბინსკში რესპუბლიკების ნაკრებ გუნდებს შორის საკავშირო თასი გათამაშდა. ჩვენმა უფროსთა და ახალგაზრდების ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო!

...ჯერ კიდევ აქტიური სპორტსმენი ვიყავი, როცა მანქანის შეძენა გადავწყვიტე. გავიგე, რომ კოსმონავტი ეგოროვი თავის „ბიუიკ ელექტრა 225"-ის გაყიდვას აპირებდა. მას მოსკოვში, რესტორან „არმენიაში" ვლადიმერ კანკავასთან ერთად შევხვდი, რამდენიმე დღეში კი მისმა მძღოლმა ავტომობილი მოსკოვიდან თბილისში ჩამომიყვანა. მუხურჩაშიც „ბიუიკით" ჩავედი, ერთი სული მქონდა მამა როდის მნახავდა. ჭიშკარს რომ მივადექი, ამაყად დავასიგნალე. მამა გარეთ მდგარა, წყნარად გამიღო ჭიშკარი, ერთი შეავლო თვალი მანქანას, ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ, კი გეკუთვნის კარგი მანქანაო, მითხრა და მხარზე თოხგადებულმა ყანას მიაშურა. სახტად დავრჩი. მამის ასეთ რეაქციას არ ველოდი.

...ქვეყანას, რომელშიც თითქმის ნახევარი საუკუნე ვიცხოვრე, ვიშრომე და ვიღვაწე, საბჭოთა კავშირი ერქვა. ჩემებურად მიყვარდა და პატივს ვცემდი. საბჭოეთი მიყვარდა-მეთქი, რომ ვამბობ, იმას კი არ ნიშნავს, ხრუშჩოვისა და მიქოიანისთანების თავს ვიფიცებდი. ჩვენ უცხოეთში გვერქვა საბჭოთა მოჭიდავეები, თორემ საბჭოთა კავშირში  ყველასთვის ქართველები ვიყავით და ამდენად, ორმაგად გვიწევდა ბრძოლა. ჯერ რუსისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ ჩემს საქმეში პირველი ვარ და მერე - მსოფლიოსთვის. მე ეს შევძელი.

...დღევანდელ კლასიკურ ჭიდაობას ჭიდაობას ვერ ვუწოდებ. ეს არის ნიჭიერი ადამიანების უნიჭო მოქმედება, რომელშიც არც სპორტულია რამე და არც ვაჟკაცური. კლასიკურ ჭიდაობას ისეთი დეგრადაცია განაცდევინეს, საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ოლიმპიადის მესვეურები იმაზეც კი დააფიქრეს, ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ხომ არ ამოვიღოთო, აქაოდა, სანახაობრივად ლამაზი აღარ არისო. ვისაც უნახავს გივი კარტოზიას, როსტომ აბაშიძის, ავთანდილ ქორიძის და დავით გვანცელაძის ჭიდაობა, იტყვის, რომ კლასიკური ჭიდაობა სანახაობრივად არ ვარგა?!

...ცხოვრების წესი? იცით რა არის ჩემი ცხოვრების წესი? მოქმედება, შრომა! უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, მღლის. ახლა დანამდვილებით ვიცი, ქალაქი საერთოდ თვალით რომ არ მენახა, საცხოვრებლად სოფელში რომ დავრჩენილიყავი, იქაც საუკეთესო, სამაგალითო, თითით საჩვენებელი გლეხი ვიქნებოდი. ფეხბურთს რომ გავყოლოდი, იქაც მივაღწევდი წარმატებას. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ჭიდაობაში შემთხვევით აღმოვჩნდი, მომეწონა და მთელი ჩემი შესაძლებლობები სპორტის ამ სახეობაში გამოვიყენე. ფიზიკურად შეიძლება ჩემზე უფრო ძლიერი სპორტსმენებიც იყვნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, არაფერი გამოუვიდათ. წარმატებას ალღო სჭირდება, ინტუიცია, ანუ ის უხილავი თვისებები, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია, ხოლო ვისაც ამის შეგრძნება შეუძლია, ის წარმატების მიღწევასაც შეძლებს.

...იცით რაზე მწყდება გული? საბჭოთა კავშირმა ნგრევა რომ დაიწყო, 49 წლისა გახლდით. ძალაც მქონდა, ენერგიაც და ჭკუაც, საქმის კეთების სურვილი ხომ თავისთავად, მაგრამ ისე გავიდა ოცამდე წელი, ვერაფერში გამოვადექი საქართველოს. არადა, რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა?! ყველაზე დიდი სინანული, რაც სამარეში გამყვება, ეს უსაქმური, მოცდენილი წლებია.

...სახლის აშენება უდიდესი ბედნიერებაა. მე ავაშენე სახლი, რომელიც არასდროს დაბერდება! თუ გინდა ცხოვრების შინაარს ჩასწვდე, ეზოს კარი ღია უნდა გქონდეს. არ მიყვარს მაღალი გალავნით შემოღობილი ეზო, დასამალი კაცი არასდროს ვყოფილვარ და ალბათ, ამიტომაც - ადამიანებთან კარგი ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რა არის სახლი, სადაც სტუმარი არ შედის, გამვლელი არ შეიხედავს?!

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

რომან რურუა
დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს სოფელ მუხურჩაში (მარტვილი)
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (63 და 68კგ წონითი კატეგორიები)
ტიტულები: XIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - 1968 (მეხიკო); XVIII ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი (დაუმარცხებლად) - 1964 (ტოკიო); მსოფლიოს ჩემპიონი - 1966, 1967, 1969, 1970; სსრკ ჩემპიონი - 1964, 1965, 1970; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი - 1963, 1967, 1971; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1966; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2012
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (NOC) და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) - ორდენების კავალერი