სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კარიერა ფრაზებში: გიორგი ქინქლაძე

თარიღი: 2016 დეკემბერი 15


„გიორგი ქინქლაძემ, საეკლესიო გუნდის მგალობელი ბიჭის გამომეტყველების მქონე ეშმაკმა და მოხერხებულმა მოთამაშემ ნიავივით ჩაუქროლა „საუთჰემპტონის" ხარივით მცველებს, ვიდრე გაოგნებულ მეკარეს გამაღიზიანებლად გადაუგდებდა თავსზემოთ ბურთს. ეს გახლდათ თავხედობამდე მისული გაბედულება"...
„შეუძლებელია რაიმე ანალიზი გაუკეთდეს მის 40-იარდიან გარბენს „საუთჰემპტონის" დაცვის რიგებში. მცველები თითქოს ჩრდილის დაჭერას ცდილობდნენ"...
„სამწუხაროა, რომ არ არსებობს ტალანტის გაზომვის არანაირი საშუალება. არ არსებობს ბარომეტრი, რომელიც ფეხბურთელის ენის ქვეშ მოთავსდებოდა და ციფრობრივად შეაფასებდა ქინქლაძის ტექნიკას, მოქნილობას და მრავალფეროვნებას, ბურთთან მის დამოკიდებულებას, თამაშის რიტმისა და ნახაზის მისებურ ხედვას, მისი იპროვიზაციის უნარს და - ამ ყველაფრის ერთად შემკვრელს - მისი ხასიათის სიმტკიცეს. თუმცა, ასეთი რამ რომ არსებობდეს, მე ნიძლავს დავდებდი, რომ ქინქლაძე ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავთა სიის სათავეში მოექცეოდა - ერიკ კანტონა, ალან შირერი, რაიან გიგზი, რობი ფაულერი, დენის ბერხკამპი და თვით გულიტიც კი, 33 წლის ასაკში, მასზე დაბლა იქნებოდნენ. ახალგაზრდა გულიტი? ამაში დარწმუნებული არ ვარ"...
„ქინქლაძე მაგონებს კიდევ ერთ ჯორჯს - ბესტს, რომელიც ასევე მაღლა იდგა მის თანამედროვეებზე. ის ფეხბურთის თამაშის მარტივ კონტექსტში ღვთაებრივი გენიოსი იყო. ქინქლაძე, ბესტის მსგავსად, საფეხბურთო სტილისტია და მისგან უსასრულო სიურპრიზებს უნდა ელოდო. ის მაყურებელთათვის სიამოვნების მიმნიჭებელია და ამავე დროს, მატჩის მომგები. მის ნიჭიერებას არაფერი აქვს საერთო წვრთნასთან. რასაც ის მინდორზე აკეთებს, საფეხბურთო ასოციაციის ნებისმიერი პატივცემული გვამის წარმოსახვის ჩარჩოებს სცდება"...
ეს ფრაზები ინგლისელი ჟურნალისტების წერილებიდანაა.
სადებიუტო, 1995-1996 წლების სეზონში ქინქლაძის „მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგიდან გავარდა, მაგრამ ფეხბურთის სამშობლომ პატარა გენიოსი მაინც აღიარა: 1996 წლის თებერვალში პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდის ლიდერი პაოლო მალდინის, ჟორჟ ვეას და გაბრიელ ბატისტუტას მხარდამხარ ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა; მარტში „საუთჰემპტონთან" მისი ბურთი თვის საუკეთესო, სეზონის დასრულების შემდეგ კი პრემიერლიგის #2 გოლად აღიარეს; მაისში ქინქლაძე ჯერ „მანჩესტერ სიტის", შემდეგ კი საქართველოს წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა...
ქინქლაძეს მეტისთვის უნდა მიეღწია. მას საამისოდ ყველა მონაცემი ჰქონდა, მათ შორის ნიჭიც და ასპარეზიც, მაგრამ არ გამოვიდა. რატომ მოხდა ასე, ამაზე ყველაზე უკეთ თავად გიორგი ისაუბრებს.
საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის კარიერას ჩვენს, რუსულ და ინგლისურ პრესაში გამოქვეყნებული წერილებით გავიხსენებთ.

* * *
...მამა თვლიდა, რომ დამჯერი ბავშვი ვიყავი და ეზოში გვიანობამდე ფეხბურთის თამაშს არ მიშლიდა. საერთოდ, მშობლები არ მზღუდავდნენ, მთავარი იყო გაკვეთილები მესწავლა. ამის მერე თავისუფალი ვიყავი.

...ქუჩის ცხოვრება, იმ გაგებით, რაც ჩემ დროს შეიძინა, არ მაინტერესებდა. ჩემთვის მთავარი ბურთი იყო, ბურთი და მეგობრები. ფეხბურთის თამაშს არაფერი მერჩივნა. პრინციპში, ფეხბურთს ცხოვრებისეული გამოცდებიც თან ახლდა: მეგობრებთან ერთად ვიგებდი რა იყო კარგი და რა - ცუდი.

...კარგად ვთამაშობდი, მამასაც ხშირად უქებდნენ ჩემს თავს, ამიტომ ადგა და ფეხბურთზე შემიყვანა. პირველი მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე იყო. ხშირად დავდიოდით ტურნირებზე და როგორც წესი, სპეციალური პრიზიც ჩამომქონდა - საუკეთესო მოთამაშე, ყველაზე მეტი გოლი, საუკეთესო თავდამსხმელი... განსაკუთრებით კარგად ნალჩიკსა და იტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირები მახსენდება.

...პროფესიული კარიერა თბილისის „მრეტებში" დავიწყე. არ გადავაჭარბებ - ბრწყინვალე კლუბი იყო. ჩვენ მეორე ლიგიდან დავიწყეთ და ერთი ამოსუნთქვით ავედით უმაღლესში. „მრეტებში" ჩემი საუკეთესო პარტნიორი გიორგი ტყავაძე იყო. ჩვენ კარგად ვუგებდით ერთმანეთს.

...„მრეტების" მერე „დინამოს" ჯერი დადგა. უმაღლესში გატარებული პირველი სეზონის, 1992-1993 წლების დასრულების შემდეგ გაზეთ „სარბიელის" გამოკითხვაში გავიმარჯვე - საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მოვიგე. იმ ჩემპიონატის დასაწყისში ასეთ აღიარებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

...„დინამოში" პირველი სეზონი რომ დავასრულე, ვფიქრობდი საფრანგეთში ან ესპანეთში გადასასვლელად მზად ვარ-მეთქი. იტალია? იმ დროს ვთვლიდი, რომ სერია ა-ში ფეხბურთელი 24-25 წლის ასაკში უნდა წასულიყო. ყოველ შემთხვევაში, საქართველოდან. ჩვენ დროს იტალიის სერია ა საუკეთესო იყო.

...უეფამ ქართული კლუბი ევროთასებზე პირველად 1993 წელს დაუშვა - თბილისის „დინამოს" ჩემპიონთა თასზე ასპარეზობის უფლება დართო. იმ დროს გუნდის ხელმძღვანელებს და ფეხბურთელებს გვჯეროდა, რომ კარგ შედეგს მივაღწევდით, ჩემპიონთა ლიგაში მოვხვდებოდით... ყველანი „ოცნების გუნდის" შექმნას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოვიდა. 1994 წელს, უეფას თასზე ავსტრიის „ტიროლთან" მარცხის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდებოდა. თან, იმ დროს „დინამოს" წამყვან ფეხბურთელებს უკვე ევროპის კლუბები იწვევდნენ.

...როგორ მოვხვდი „ბოკა ხუნიორსში"? სრულიად მოულოდნელად: მე, გოჩა ჯამარაული და მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში ვიყავით სინჯებზე. მენეჯერმა მითხრა, „ბოკა ხუნიორსთან" კარგი კავშირები მაქვს, ხომ არ გვეცადაო. დიეგო მარადონა ჩემი კერპი იყო, მისი ასობით თამაშის ჩანაწერი მინახავს, ამიტომ არც დავფიქრებულვარ, მოვდივარ-მეთქი. „ბოკა ხუნიორსში" ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარე და ამით დასრულდა ჩემი „არგენტინული კარიერა". სხვათა შორის, ზუსტად იმ პერიოდში გადაწყვიტა კარიერის განახლება დიეგო მარადონამ, ბაზაზეც მოდიოდა შვილებთან ერთად, მაგრამ ცალკე ვარჯიშობდა.

...ბუენოს აირესიდან კვლავ ესპანეთში დავბრუნდით. იმავე აგენტმა მითხრა, მადრიდის „რეალის" ვარიანტიაო. ორი კვირა ემილიო ბუტრაგენიოს, მიქაელ ლაუდრუპის, ფერნანდო რედონდოს და ფერნანდო იეროს მხარდამხარ ვვარჯიშობდი. მიჭირს იმ განცდების გადმოცემა, თავის სიზმარში მეგონა! მე ხომ იმ ბიჭების მხარდამხარ ვიყავი, რომლებსაც მხოლოდ ტელევიზორში ვხედავდი.

...მაშინ „რეალს" ხორხე ვალდანო წვრთნიდა. მითხრა, მეორე გუნდში დაიწყებ და მერე შევხედოთ, რა როგორ იქნებაო. არ დავრჩი: „დინამოს" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ დამირეკა და მთხოვა, სეზონის ბოლომდე დაგვეხმარე და ზაფხულში სიტყვას გაძლევ, საზღვარგარეთ გაგიშვებო.

...ჟორდანიამ სიტყვა შეასრულა: 1995 წლის ივლისში „მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გავხდი. თუმცა, კონტრაქტზე ხელის მოწერის დღე, შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი ყოფილიყო, ამის შესახებ ჯერ არავისთვის მითქვამს. როცა თბილისში ყველა საბუთი გავაფორმეთ, ძმაკაცებმა ამ ამბის აღსანიშნავად ღამის კლუბში დამპატიჟეს. იქიდან რომ გამოვდიოდით, ჩემს მეგობარს შეზარხოშებულ ტიპებთან მოუვიდა კონფლიქტი. ხომ გახსოვთ რა დრო იყო, თითქმის ყველა იარაღით დადიოდა... იმათ პისტოლეტები ამოიღეს, ჩემმა მეგობარმა - ავტომატი. სასწაული მოხდა: ორმხრივი სროლის მიუხედავად, არავინ დაშავებულა. გადავრჩით. პოლიციამ კი დაგვაკავა, განყოფილებაშიც წაგვიყვანეს, მაგრამ მალე გაიგეს ვინ ვიყავი და გამათავისუფლეს.

...„მანჩესტერ სიტიში" რომ ჩავედი, გუნდს სეზონისწინა შეკრება უკვე გავლილი ჰქონდა. ერთ ამხანაგურშიც ვერ ვითამაშე, მხოლოდ ერთი კვირა ვივარჯიშე და პრემიერლიგაც დაიწყო.

...იმ დროს „სიტის" ალან ბოლი წვრთნიდა, ჩემსავით ახალი მისული იყო კლუბში. ძალიან თბილი კაცი გახლდათ, დიდი ყურადღებით მეპყრობოდა. მახსოვს, ჩემი ტრანსფერის გამო დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. კლუბმა ჩემში იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა - ორი მილიონი გირვანქა გადაიხადა, არადა, მე ვიყავი მოთამაშე, რომელსაც არავინ მიცნობდა. ეგ კი არა, საქართველო სად იყო, ბევრმა ეგეც არ იცოდა.

...მანჩესტერში პირველი ხუთი თვე სასტუმროში ვცხოვრობდი. დასამალი არაფერია - ადაპტაცია გამიჭირდა, მშობლები, მეგობრები და თბილისი მენატრებოდა. თან, არც ინგლისური ვიცოდი. მანქანის ტარებასაც ვერიდებოდი.

...პირველი მატჩი შინ, „მეინ როუდზე" გვქონდა „ტოტენჰემ ჰოთსფურის" წინააღმდეგ. ბოლმა მარცხენა ნახევარმცველად მათამაშა. პირველი შთაბეჭდილება? ვფიქრობდი, რომ 90 წუთმა თვალის დახამხამებაში გაირბინა. მახსოვს, ტედი შერინგემმა გახსნა ანგარიში, ჩვენ კი უვე როსლერის გოლით გავათანაბრეთ. ჩემი დებიუტით ყველა კმაყოფილი იყო.

...მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემის" წინააღმდეგ პრობლემა არ მქონია, პრემიერლიგასთან შესაგუებლად თითქმის ორი თვე დამჭირდა. სპეციფიური ჩემპიონატია, ყველა ვერ ეგუება... პრემიერლიგა კი არა, „მანჩესტერ სიტის" ვარჯიშები იყო ძალიან განსხვავებული: მეტი დატვირთვა, სისწრაფე, სერიოზულობა... სხვა მხრივ, ხომ გითხარით, პრობლემა არავისთან შემქმნია, გუნდმა კარგად მიმიღო.

...ბოლს ორჯერადი ვარჯიშები უყვარდა. იმის გათვალისწინებით, რომ კვირაში, ხანდახან, სამჯერ თამაშიც გვიწევდა, ფიზიკურ დატვირთვებთან შეგუება გამიჭირდა. მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევედი და მერე ყველაფერი დალაგდა.

...თავდაპირველად მარცხენა ნახევარმცველად ვთამაშობდი - მწვრთნელი ითხოვდა. იმ დროს პრემიერლიგის კლუბებში გამოკვეთილი გამთამაშებლები არ იყვნენ და არც ჩვენი „სიტი" იყო გამონაკლისი. თუმცა მალე მე თვითონ გადავინაცვლე შუაში და მას მერე პოზიცია არც შემიცვლია. როგორ? ჩვენი მარცხენა მცველი ტერი ფოლანი ხშირად ერთვებოდა შეტევაში, ეს კი ცენტრში გადანაცვლების საშუალებას მაძლევდა. იქ შესანიშნავად ვგრძნობდი თავს, გუნდშიც მიხვდნენ, რომ თავდამსხმელების უკან უკეთ ვთამაშობდი და გამთამაშებლად დამტოვეს.

...პირველი გოლი „ასტონ ვილას" გავუტანე ნოემბერში: ბურთი ნილ ქუინთან გავითამაშე და შორეულ კუთხეში დავარტყი. საერთოდ, სეზონის იმ მონაკვეთში კარგად ვითამაშეთ: ხუთიდან ოთხი მატჩი მოვიგეთ, ერთხელაც ფრედ ვითამაშეთ. ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება: მხოლოდ ფეხბურთზე, კარგად თამაშზე ვფიქრობდი. ეგ კი არა, თბილისშიც თითქმის არ ვრეკავდი, დრო არაფრისთვის მრჩებოდა.

...ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა პოპულარული ვხდებოდი. მსიამოვნებდა, მაგრამ ხშირად უხერხულადაც ვგრძნობდი თავს. მაგალითად, როცა გულშემატკივარი გამოექანებოდა და ფეხზე მაკოცებდა... ასეთ სიტუაციაში მე თვითონ მრცხვენოდა იმის, რაც ხდებოდა.

...თამაშის მერე თითქმის მთელი შემადგენლობა პაბში, ლუდის დასალევად მიდიოდა. მე არ ვსვამდი, არც არასდროს მიყვარდა. მეორე თუ მესამე სტუმრობისას, ჩვენი კაპიტანი კიტ კერლი მოვიდა და მკითხა, ქინქი, რატომ არ სვამ, გინდა რომ ხვალინდელ ვარჯიშზე ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდე? ჩვენ ერთნი ვართ და ყველაფერში ერთად უნდა ვიყოთ! რა უნდა მექნა? დავლიე, მაგრამ ვაი იმ დალევას! „ჩხიკვთა ქორწილი" ხომ გინახავთ, წრუწუნას ძალით რომ ასხავენ ღვინოს? აი, დაახლოებით ეგრე ვიყავი. დილით ისე ცუდად ვიყავი, ვარჯიში გავაცდინე, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს. ლუდს მაინც ვერ მიმაჩვიეს - მიხვდნენ, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და თავი დამანებეს.

...„მანჩესტერ სიტის" თავმჯდომარემ ფრენსის ლიმ მითხრა, ჩვენ დროს, 70-იან წლებში, როცა უამინდობაში ვთამაშობდით, გასახდელში არაყიც გვქონდა, ვისაც სურდა 50-100 გრამის დალევა უპრობლემოდ შეეძლოო... საერთოდ, მე რაც მინახავს, ყველაზე მეტს შოტლანდიელები სვამენ. რამდენიმე ჩემი თანაკლუბელი 15-20 კათხა „გინესს" მიირთმევდა და მერე ვისკიზე გადადიოდა, დილით კი სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, ვითომ საღამო სულაც არ ყოფილა!

...„სიტის" და „იუნაიტედის" ფეხბურთელები ხშირად ვხვდებოდით პაბებში, თუმცა ყველგან არა. ჩვენ ერთმანეთს არ ვმტრობდით, პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. პაბში „იუნაიტედის" ყველა ვარსკვლავი მინახავს ერიკ კანტონას გარდა. ის მედიდური ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოედანზეც ასეთი არ იყო? საყელო აწეული და ამაყი. სხვათა შორის, მე, კანტონა და „იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელსკისი ერთ უბანში ვცხოვრობდით, ერთსა და იმავე ფიტნეს-ცენტრში დავდიოდით. როცა კანტონას ვხვდებოდი, გამარჯობის ნიშნად მხოლოდ თავს დამიქნევდა. ეგ იყო და ეგ.

...ლუდით მოლხენა „მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა აკრძალა და მერე მას ყველამ მიბაძა. ალკოჰოლთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ამბავი მახსენდება, მაშინ უკვე „დერბი ქაუნთიში" ვთამაშობდი: „ლივერპულთან" მატჩის წინ ჩვენ მწვრთნელს ჯიმ სმიტს ბოლო დარიგება უნდა მოეცა, მაგრამ საერთოდ არ გამოჩენილა. ეგ კი არა, თამაშზეც ვერ მოვიდა. თურმე წინა ღამით ისე დაულევია, რომ დილით ვერც ადგა, იწვა და გადასხმას იკეთებდა. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მის გარეშე 3:1 გავიმარჯვეთ, მეორე დღეს კი გაზეთებმა მწვრთნელის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს.

...ინგლისში ჟურნალისტების როლი ძალიან დიდია, ბეჭდური მედია იქ ძლიერი და გავლენიანია. ჩვენ, ფეხბურთელები პრესის წარმომადგენლებს ძირითადად „მანჩესტერ სიტის" ბაზაზე ვხვდებოდით, იშვიათად - „მეინ როუდზე". თავდაპირველად საქართველოს შესახებ მეკითხებოდნენ, როგორ მომწონდა ინგლისი, პრემიერლიგა, თამაშების შესახებაც აინტერესებდათ ჩემი აზრი... მალე მივხვდი, რომ ინგლისელ ჟურნალისტებს ფავორიტებიც ჰყავთ, საყვარელი კლუბები და ფეხბურთელები. ამას არც მალავენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გულშემატკივრობის მიუხედავად შეღავათს არავის აძლევენ. ნამდვილი ჟურნალისტი ობიექტურობას არასდროს კარგავს. კარგად ითამაშე? გაქებს. ცუდად? არ გაპატიებს!

...ინგლისში ფეხბურთი უპირველესად სანახაობაა. ტემპი ძალიან მაღალია, ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი სისწრაფით თამაში შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებიც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში არიან, სხვანაირად პრემიერლიგის დატვირთვას ვერ გაუძლებ, სეზონის შუაში „გადაიწვები". სწრაფად თამაშში მსაჯიც გეხმარება - ბრძოლის უფლებას გაძლევს, წამდაუწუმ არ გაჩერებს... ყველაზე ნაღდ ფეხბურთს, ჩემი გაგებით, სწორედ ინგლისში თამაშობენ.

...„საუთჰემპტონთან" მართლა ლამაზი გოლი გავიტანე, დღემდე მხვდება ვიდეორგოლებში და პრემიერლიგის საუკეთესო გოლების სხვადასხვა ჩამონათვალში, მაგრამ ვფიქრობ, სადებიუტო სეზონში საუკეთესო შეხვედრა „ნიუკასლ იუნაიტედთან" ჩავატარე. მაშინ მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ: კევინ კიგანი მთავარი მწვრთნელი იყო, ფაუსტინო ასპრილია, დავიდ ჟინოლა და ლეს ფერდინანდი კი ლიდერები... შეხვედრა 3:3 დასრულდა. სამჯერ ვიგებდით, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ.

...სეზონის შუაში ამბობდნენ, შესაძლოა, „ბარსელონადან" გეორგე ჰაჯი დავიმატოთო. ალან ბოლი და იოჰან კრუიფი მეგობრობდნენ, თან იმ დროს ჰაჯი „ბარსას" ძირითადში ვერ ხვდებოდა და... რუმინელი კი გაგვაძლიერებდა, მაგრამ როგორც მაშინ თქვეს, ძალიან ბევრი - კვირაში 15 ათასი გირვანქა მოითხოვა და ტრანსფერიც ჩაიშალა.

...რატომ დაქვეითდა „სიტი"? მთავარი მიზეზი ისაა, რომ გუნდი არ იყო სათანადოდ დაკომპლექტებული. შეიძლებოდა იმ შემადგენლობით პრემიერლიგაში დარჩენა, მაგრამ საერთო ჯამში ბევრი დაბალი დონის მოთამაშე გვყავდა. როცა მე მივედი გუნდს, ფაქტიურად, ერთი ამოცანა ჰქონდა: შეტევის მოგერიება და მერე მეტოქის ნახევარზე ბურთის მოპოვება. არ მინდა თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ბევრმა გახსნაც არ იცოდა, პასს ვერ აწვდიდი. მე სხვანაირად ვცდილობდი თამაშის წარმართვას: დრიბლინგი, პასი, პოზიციის ცვლა... ხან გამოგვდიოდა, ხან - არა. შედეგიც შესაბამისი გვქონდა.

...„მანჩესტერ სიტი" უკანასკნელ ტურში, „ლივერპულთან" 2:2-ის მერე გავარდა - მეთვრამეტე ადგილზე გავედით, მეშვიდმეტემ, „საუთჰემპტონმა" კი მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გაგვასწრო. რომ არა საზიზღარი სტარტი, პრემიერლიგაში დავრჩებოდით. ჩემპიონატი საშინლად დავიწყეთ: პირველ ტურში „ტოტენჰემთან" ფრეს შემდეგ ზედიზედ რვა თამაში წავაგეთ. ნამდვილი კატასტროფა იყო!

...„ლივერპულთან" თამაში რომ დასრულდა, ფანებმა სიმღერა დაიწყეს: პრემიერლიგიდან კი გავვარდით, მაგრამ მთავარია ქინქი ჩვენთანააო... ინგლისში ყველაზე მაგარი გულშემატკივრობა იციან! უამრავი წერილი მომდიოდა, გულშემატკივრები დარჩენას მთხოვდნენ... ერთი ასეთი წერილი შენახულიც მაქვს, მას ათასამდე კაცი აწერს ხელს! ქართულად უნდოდათ მოწერა, მაგრამ ვერავინ ნახეს.

...Oasis-ის ლიდერები ლაიამ და ნოელ გალაჰერები „მანჩესტერ სიტის" ერთგული ფანები არიან. როცა მოსკოვში ვცხოვრობდი, მათ კონცერტს დავესწარი. რომ გაიგეს, მათი ნახვა მსურდა, შოუ ერთი საათით გადადეს! წარმოგიდგენიათ? საგრიმიოროში შემიყვანეს, ყველაფერი დამათვალიერებინეს, უამრავ რამეზე ვისაუბრეთ... ინგლისელი ფანები საუკეთესონი არიან!

...თუნდაც ქვედა ლიგაში დაქვეითებულ „სიტიში" უფრო მეტს ვიღებდი, ვიდრე „აიაქსში", თუმცა მაინც დავტოვე ინგლისი და ჰოლანდიაში წავედი. ფული ხომ არაა მთავარი? წარმატება, ტიტულები, გამარჯვება მინდოდა... თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო: მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი კარგი თვალით მიყურებდა, ამხანაგურებში მუდმივად ძირითადში ვთამაშობდი, მაგრამ დაიწყო სეზონი და მდგომარეობა გაუარესდა. საერთოდ, ვთვლი, რომ „აიაქსში" გატარებული სეზონნახევარი უბრალოდ დავკარგე.

...ამსტერდამში რომ დავრჩენილიყავი, შესაძლოა, ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა. ახლა რომ ვფიქრობ, ის ტრანსფერი დიდი შეცდომა იყო, თუმცა მე ხომ არ ვიცოდი რა მელოდა? როცა ოლსენმა დამირეკა და „აიაქსში" გადასვლა შემომთავაზა, მითხრა: იარი ლიტმანენი „ბარსელონაში" მიდის, შენ მის ადგილზე ითამაშებ, ასე რომ, გადაწყვიტეო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლიტმანენი დარჩა, მე კი მარცხნივ გადამწიეს, იქ, სადაც ჩემი ადგილი არ იყო. კლუბი 4-3-3 ტაქტიკით თამაშობდა, ანუ მე მარცხენა ფლანგი მთლიანად უნდა გამეკონტროლებინა. ეს არასდროს გამიკეთებია, მწვრთნელები ყოველთვის სხვა რამეს მავალებდნენ.

...ოლსენი დაახლოებით ნახევარ წელიწადში გაუშვეს, მის ნაცვლად კი გუნდი, პირდაპირ გეტყვით, სულელს ჩააბარეს! იან ვოუტერსი, გახსოვთ ასეთი? მას პატივს არ სცემდნენ, არ უყვარდათ, ავტორიტეტი არ ჰქონდა. ნებისმიერ გუნდში, სადაც მითამაშია, შემეძლო მწვრთნელთან მივსულიყავი და მეთქვა სად უკეთ ვთამაშობ, რა მომწონს, რა - არა. ვოუტერსთანაც მივედი. მშვიდად მომისმინა და... პირველი გუნდიდან დამაქვეითა! როცა გავიგე, რომ „აიაქსის" დუბლებში უნდა მეთამაშა, გავბრაზდი და ინგლისში დავბრუნდი. ამსტერდამელებთან კონტრაქტი მაკავშირებდა, გუნდი დროდადრო მაჯარიმებდა, მაგრამ აღარაფერი მაინტერესებდა! ასე გაგრძელდა, სანამ „დერბი ქაუნთიში" არ გამყიდეს.

...ამსტერდამელებმა „სიტის" ჩემს სანაცვლოდ ხუთი მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ჰოლანდიელები ფიქრობდნენ, რომ „აიაქსს" წავადგებოდი, მეც ამის იმედი მქონდა, შოთა არველაძეც სულ ამაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ცხადია, ვნანობ, არ ღირდა მწვრთნელებთან კონფლიქტი, ეგებ, სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ფეხბურთელსაც ხომ აქვს აზრის გამოთქმის უფლება? თან, მე სოფლის კლუბიდან კი არა, ჰოლანდიელთათვის საოცნებო პრემიერლიგიდან მივედი „აიაქსში". და რა მივიღე? მწვრთნელები მჩაგრავდნენ, მეც ფსიქოლოგიურად გავტყდი. მითხარით: გაგიგიათ კლუბმა ფეხბურთელში რამდენიმე მილიონი გადაიხადოს და ის სკამზე დასვას?

...„აიაქსში" ტრანსფერამდე „ბარსელონასა" და „ლივერპულზეც" ითქვა. მსმენოდა, რომ ეს კლუბები ჩემით იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ „სიტის", რომელსაც იმ დროს ძალიან სჭირდებოდა თანხა, ყველაზე მეტი ჰოლანდიელებმა შესთავაზეს. ეს იყო და ეს.

...იმ პერიოდში, „აიაქსში" გატარებულ დროს ვგულისხმობ, მესმოდა, რომ აი, ქინქლაძის ფეხბურთი მორჩა, ფული იშოვა და ცხვირი აწია, თამაში აღარ აინტერესებსო. ერთი-ორმა ისიც თქვა, „იაგუარი" ჰყავს, მაგან აწი რა უნდა ითამაშოსო... ვინც ამას ამბობდა, ის უბრალოდ არ მიცნობდა. ფული ჩემთვის არასდროს ყოფილა პირველი, ყოველთვის ფეხბურთი იყო მთავარი. „აიაქსშიც", „მანჩესტერ სიტიშიც" და „დინამოშიც".

...კარიერა 33 წლისამ ყაზანის „რუბინში" დავასრულე. ვერ ვიტყვი, რომ ამ ასაკში ფეხბურთის თამაში ძველებურად აღარ მსიამოვნებდა. უბრალოდ, მოტივაცია აღარ მქონდა, თან, საზარდულიც მაწუხებდა და... ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ თამაშისთვის თავის დანებების დრო იყო.

...მომდევნო ორი წელი თბილისსა და კვიპროსში გავატარე. „რუბინამდე" ერთი წელი „ანორთოსისში" ვთამაშობდი - კვიპროსის ჩემპიონატთან საუცხოო მოგონებები მაკავშირებს, კარიერის დასრულების შემდეგ კი „ანორთოსისის" პრეზიდენტმა ტექნიკური დირექტორის თანამდებობა შემომთავაზა. დიდი გეგმები გვქონდა, მაგრამ იქ ჩასულს დამავიწყდა, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს კვიპროსელებთან - რასაც გეტყვიან ათზე უნდა გაყო. ვუთხარი რომ წარმატების მისაღწევად ოთხი-ხუთი ფეხბურთელი გვჭირდება. მითხრეს, პრობლემა არაა, მოლაპარაკება დავიწყოთო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ფული არავინ გამოყო. ეგ კი არა, სამი თვის ხელფასი დაგვიანებით დამირიცხეს. მოკლედ, „ანორთოსისიდან" მალევე წამოვედი.

...საქართველოს ნაკრებზე აბა რა გითხრათ? გული მწყდება, რომ შესარჩევიდან ერთხელაც ვერ გავედით, არადა, მეტის გაკეთება შეგვეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ ნაკრებში ასეთ ბიჭებთან ერთად რომ ვთამაშობდი. ახლა რომ ვიკრიბებით და იმ წლებს ვიხსენებთ, ერთმანეთს ვეკითხებით: სად გვქონდა ჭკუა? რატომ ვერაფერს ვხვდებოდით? წარმატების მიღწევაში, ყველაზე ძალიან, მგონი, გამოუცდელობამ შეგვიშალა ხელი. აი, პირველ შესარჩევში, ევრო 96-ს ვგულისხმობ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან ბულგარეთს მოვუგეთ, უელსი 5:0 და 1:0 გავანადგურეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ორჯერ დავმარცხდით მოლდოვასთან. მოლდოველებმა კი არ გვაჯობეს, ჩვენ წავაგეთ ის თამაშები. გერმანია პირველზე გავიდა, ბულგარეთი მეორეზე. ჩვენ მესამეზე. არადა, მოლდოვასთან ის ორი თავისუფლად მოსაგები მატჩი რომ არ წაგვეგო, ვინ იცის, ეგებ მეტისთვის მიგვეღწია... ის ხომ პირველი ოფიციალური ტურნირი იყო ჩვენი გუნდისთვის.

...შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია მწვრთნელები რომ გახდებოდნენ, ეს წლების წინ ვიცოდი. ჩვენ ერთად ვთამაშობდით და მახსოვს, შოთი და თემური ვარჯიშის შემდეგ რჩებოდნენ და ახალგაზრდა ბიჭებს ეხმარებოდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ. მაშინ ვფიქრობდი, რომ მათგან კარგი მწვრთნელი დადგებოდა. ასეც მოხდა. მაგალითად, ქეცბაიამ „ანორთოსისი" გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაში, კვიპროსული კლუბი! საქართველოს ნაკრებში კი მან პირველივე წელს იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე იოჰან ბოსკამპმა, კლაუს ტოპმიოლერმა და ექტორ რაულ კუპერმა ერთად.

...პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშე? ასეთად როი კინი მიმაჩნია. მჭიდროდ თამაშობდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევდა, უკან არაფერზე იხევდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უხეშობდა. მაგრამ თუ სიტუაცია მოითხოვდა, იდაყვსაც მშვენივრად იყენებდა. ყველაზე უხეში? ასეთი ვინი ჯონსი იყო. ერთხელ, მეორე დივიზიონში რომ ვთამაშობდი, გასახდელშიც ვიჩხუბეთ. პირველად მას უელსი-საქართველოს მატჩის დროს შევხვდი. იმ შეხვედრაში ჯონსმა მიხეილ ყაველაშვილს წიხლი ჩააზილა და წითელი ბარათიც უჩვენეს... ამას წინათ ვნახე ერთ-ერთ ფილმში. ისევ ბოროტი ტიპის როლს თამაშობდა.

...„მანჩესტერ სიტიში" მესამე სეზონის დაწყების წინ „ფერარი" ვიყიდე, 150 ათასი გირვანქა გადავიხადე. თანაგუნდელ კიტ საიმონსთან ერთად კაფეში ვიყავი, როცა დაიტრაბახა, ჩემი სპორტული ბმვ საუკეთესოაო. ვუთხარი, წამო, ნამდვილ მანქანას გაჩვენებ-მეთქი. ჩამიჯდა და ორ წუთში ხელ-ფეხ მოტეხილი ასფალტზე ეგდო, მთელი მანჩესტერი იმ ავარიაზე საუბრობდა. რა მოხდა? ნაწვიმარი იყო, მე კი ძალიან სწრაფად მივდიოდი და საშინელ ავარიაში მოვყევით - მოვსრიალდით და ხიდის საყრდენ ბოძს შევასკდით. ჩემი „ფერარი" კაბრიოლეტი იყო, ორივე მანქანიდან გადმოვფრინდით... გონს რომ მოვედი, ასფალტზე ვეგდე. პირველად ფეხები მოვისინჯე, მთელი იყო, გადავრჩი! ერთი ჭრილობა დამრჩა წელზე... მანქანა კი გადასაგდები იყო, მაგრამ ფული არ დამიკარგავს - დაზღვეული მქონდა. და იცით ცოტა ხანში რა გავაკეთე? ახალი „ფერარი" ვიყიდე!

...ავარიის შემდეგ მართვის მოწმობა ნახევარი წლით ჩამომართვეს, ამას გარდა 1200 გირვანქით დამაჯარიმეს. საერთოდ, „ფერარის" სწრაფად მართვა ძალიან სახიფათოა, თუმცა მეორე მხრივ, ბავშვობიდან ამ მანქანაზე ვოცნებობდი და როცა ფული გამიჩნდა, უარი რატომ უნდა მეთქვა?

...კარგი მანქანები ყოველთვის მომწონდა. დღეს „ბენტლია" ჩემი ფავორიტი... წლების წინ მამას „მერსედესი" ვაჩუქე. ცუდი დრო იყო მაშინ, ხან ვის აყაჩაღებდნენ და ხან ვის. თბილისში რომ ვრეკავდი, მამას ვეუბნებოდი, ფრთხილად იყავი-მეთქი, ის კი მპასუხობდა, ბავშვი ხომ არ ვარ, რა გჭირსო. ერთ მშვენიერ დღეს ავტოფარეხთან დახვდნენ, ზურგში იარაღი ჩაარტყეს და მანქანა გაიტაცეს. იმ ამბის გახსენებაც არ მინდა, საშინელი დრო იყო.

...ჩემ დროს დიდი ფულის შოვნა მხოლოდ წამყვან უცხოურ კლუბებში შეიძლებოდა, ახლა კი საშუალო დონის რუსული კლუბიც მილიონობით დოლარს იხდის. ასეთ დროს რა წინსვლაზე უნდა ელაპარაკო ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც ერთ სეზონში ახერხებს ცხოვრების მოწყობას? დღევანდელი კონტრაქტებისგან ძნელია თავბრუ არ დაგეხვეს, მოტივაცია შეინარჩუნო.

...რას ვეტყოდი ოცი წლის გიორგი ქინქლაძეს? იმას, რომ წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი ვარჯიშია საჭირო! მე ამას დროულად ვერ მივხვდი და არც არავინ ამიხსნა. იყო პერიოდი, ორი-სამი კვირა არ ვვარჯიშობდი, მერე მოედანზე გავდიოდი და მაინც ყველაფერი რიგზე იყო. მეგონა, რომ ვარჯიშზე ოფლის ღვრა არ იყო საჭირო და ნიჭითაც ფონს გავიდოდი. მაგრამ ასე არაა: ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც ფეხბურთელს აუცილებლად აჯობებს შრომისმოყვარე, საშუალო გაქანების მოთამაშე.

...მანჩესტერში ჩასვლა დღემდე ძალიან მიყვარს. „მეინ როუდი" კი დაანგრიეს, მაგრამ იქ სტუმრობა მაინც განსაკუთრებულად მსიამოვნებს. თან, იქ ჩემი შვილი ცხოვრობს, საბა. დიდი ბიჭია უკვე, თუმცა ქართულად საუბარი უჭირს.

ლაშა გოდუაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის

გიორგი ქინქლაძე
დაიბადა 1973 წლის 6 ივლისს თბილისში
1989-1992 წლებში თბილისის „მრეტების", 1992-1995 წლებში თბილისის „დინამოს", 1995-1998 წლებში „მანჩესტერ სიტის" (ინგლისი), 1998-1999 წლებში ამსტერდამის „აიაქსის" (ჰოლანდია), 1999-2003 წლებში „დერბი ქაუნთის" (ინგლისი), 2004-2005 წლებში ფამაგუსტას „ანორთოსისის" (კვიპროსი), 2005-2006 წლებში ყაზანის „რუბინის" (რუსეთი) ფეხბურთელი
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი - 1993, 1994, 1995; საქართველოს თასის მფლობელი - 1993, 1994, 1995; კვიპროსის ჩემპიონი - 2005; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი - 1993, 1996 (გაზეთი სარბიელი); მანჩესტერ სიტის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - 1996, 1997
საქართველოს ნაკრებში: 54 მატჩი, 8 გოლი (1992-2005)