სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გია თენაძე - უკეთესს ალბათ ვერც ვინატრებდით

თარიღი: 2012 იანვარი 03

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე წარმატებით დასრულდა საუბარი გორის ძიუდოს სკოლის ქართული ძიუდოს წამყვან კერათა შორის დაბრუნებაზე. ისინი ისევ ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ფლაგმანები არიან! 90-იანი წლებიდან ძიუდოში თითქმის გაპარტახებულმა და ამ უმნიშვნელოვანესმა რეგიონმა, ფეხზე წამოდგომა 2002 წელს ტიტულოვანი ადგილობრივი ფალავანის გია თენაძის მიერ კობა კურტანიძის სახელობის სკოლის შექმნით დაიწყო, ეტაპობრივად წინსვლა გაგრძელდა და დღესაც წარმატებით მიმდინარეობს.

სწორედ ამ სკოლის აღზრდილები წლეულს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულნი იყვნენ საქართველოში. აღნიშნულ სკოლას რამდენიმე წელია ბატონი გიას ძმა, ანზორ თენაძე ხელმძღვანელობს, თვითონ კი ჯერ ქალთა ნაკრების თავკაცი იყო, ცოტა ხნის წინ ვაჟ ჭაბუკთა გუნდიც ჩააბარეს, ხოლო გორში, ძირითადად სპორტულ შეჯიბრებათა ორგანიზებაზე ორიენტირებული "სპორტული ცენტრის" შექმნისთანავე მის ხელმძღვანელად დაინიშნა. შესაბამისად გია თენაძესთან ჩვენი საუბარი მრავალმხრივი, ვრცელი და ძალიან საინტერესო გამოდგა.

- ბატონო გია, პირველ ყოვლისა განვლილი წლის მიღწევათა თქვენეული შეფასება გვაინტერესებს. შარშან თქვენს მიერ აღორძინებულმა გორის ძიუდოს სკოლამ ბრწყინვალე შედეგები აჩვენა საქართველოში.        

- 2011 წელი, განვლილ საკმაოდ წარმატებულ 2010 წელთან შედარებით კიდევ უფრო ნაყოფიერი იყო. განსაკუთრებით ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში გვქონდა ისეთი წარმატება, რომ უკეთესს ძნელად ვინატრებდით. გორელი ფალავანები ბექა ღვინიაშვილი ჭაბუკებში და ლაშა შავდათუაშვილმა ახალგაზრდებში თავიანთ გუნდებში საუკეთესონი იყვნენ! განსაკუთრებით ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) გამოირჩა, რომელიც ჭაბუკთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა, მერე კი იგი ახალგაზრდულის ნაკრების თავკაცმა გია გუგავამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იახლა და იქ ბრინჯაოს მედალი ერგო. შეიძლება შეცდომაც იყო, რომ ბექას ახალგაზრდების ევროპა გამოვატოვინეთ, თორემ მჯერა არც იქიდან დაბრუნდებოდა უმედლოდ.

- კი, მაგრამ არ გადაიღლებოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებით?

- ერთი, რომ მას ახალგაზრდების ევროპამდე თავის ჭაბუკთა ნაკრებში მოპოვებული გამარჯვებებით კარგად ჰქონდა აკრეფილი სიჩქარე და ამასთან არც გადაღლის ნიშანწყალი ეტყობოდა. სხვა საკითხია, რამდენად ობიექტური უნდა ყოფილიყო ახალგაზრდულ ნაკრებში 81 კგ-ის ფავორიტების კონტინენტის ჩემპიონატის მიღმა დატოვება, თუმცა როცა იქ გუგავამ შედეგი ვერ მიიღო სწორედ ღვინიაშვილს უხმო და მსოფლიოზე არც უნანია.    

- ახალგაზრდულ ნაკრებში ყველაზე გამორჩეული იყო მეორე გორელის ლაშა შავდათუაშვილის (66 კგ) მიღწევები... 

- ლაშამ ქვეყნის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლით დაიწყო, საერთაშორისო ტურნირებზეც წარმატებებით გააგრძელა, მერე ახალაგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიც შეიქნა. ბოლოს მან ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დაგვიტოვა, როცა საქართველოს ჩემპიონატზე დიდებში მხოლოდ მესამე ადგილი იკმარა, მაგრამ არაუშავს მომავალი წინა აქვს ლაშას.

- მოდით ამ ორი უაღრესად პერსპექტიული ფალავნის ჭიდაობის სტილსა და შესაძლებლობებზე ვისაუბროთ.

- ღვინიაშვილი უაღრესად დიდი ფიზიკური შესაძლებლობების სპორტსმენია, რასაც კარგად უხამებს მდიდარ ტექნიკურ არსენალს, ჭიდაობს ძირითადად წელიდან, ანუ ქამრიდან, რაც ქართული ჭიდაობისათვის დამახასიათებელი სტილია და რადგან შესანიშნავად გამოსდის ეს. მეტოქეს სერიოზული პრობლემები ექმნება. შავდათუაშვილი უფრო კლასიკურ, იაპონურ ძიუდოს ჭიდაობს, დინჯი, მოზომილი მოძრაობებით. იგი ფრთხილია და მართალია ქულებს მრავლად არ მოიპოვებს, მაგრამ თავადაც არ კარგავს, ძნელად ეცემა ტატამზე. მოგეხსენებათ, რომ არსებობენ სპორტსმენები, რომელთაც სულ უნდა უკიჟინო "ივარჯიშეო", შავდათუაშვილს და ღვინიაშვილს პირიქით უნდა დააძალო, რომ ვარჯიში შეწყვიტონ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რამე გაუთვალისწინებელმა (სერიოზულმა ტრავმამ და სხვ) მიზეზმა შეაფერხოს მათი კარიერული ზრდა, სხვა მხრივ მერწმუნეთ, რომ ისინი უდაოდ დიდი სპორტსმენები გაიზრდებიან.

- რით ახსნით, ახალგაზრდებს შორის მძიმე წონაში ზედიზედ სამგზის საქართველოს ჩემპიონის უშანგი კოკაურის საერთაშორისო არენაზე სისტემატიურ ხელისმოცარვას.

- ამ ძიუდოისტს რომ ბევრი შეუძლია ჩვენი ქვეყნის ზედიზედ სამგზის ჩემპიონობაც მეტყველებს, თანაც ამ შეჯიბრებებზე მან თითქმის ყველა შეხვედრა იპონით მოიგო. კოკაური მართალია ზოგიერთ საერთაშორისო ტურნირზე კვარცხლბეკზეც ხვდება, მაგრამ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერჯერობით ვერ შეძლო იგივე. ადრე მისთვის პრობლემა იყო, რომ გორის დარბაზში თავის წონის შესაბამისი სპარინგ-პარტნიორები არ ჰყავდა და უჭირდა სპორტული ფორმის დახვეწა. ახლა განსხვავებული ვითარებაა. გარდა ამისა, იგი უცხოურ არენაზე ერთგვარად "შებოჭილია", თუმცა ეს სულაც არაა გადაულახავი კომპლექსი. ისე კი, მინდა აღვნიშნო, რომ მის ასაკში კიდევ ერთი ძლიერი ძიუდოისტი გვყავს ლევან მატიაშვილის სახით, აქვე მოდიან სახელოვანი მამების ღირსეული შვილები, ქუთაისელები როსტომ ხახალეიშვილი და გუგა კიბორძალიძე.

-  არაფერი გვითქვამს უფროსი ასაკის გორელ ძიუდოისტებზე, რომლებმაც მართალია არა მათი ახალგაზრდა თანადარბაზელებივით ძალიან ნაყოფიერი, მაგრამ არცთუ ცუდი სეზონი გამოუვიდათ.

- საქართველოს ჩემპიონატზე დიდებში გორელებმა ერთი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შედეგს ურიგო არ ეთქმის, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძობა მაინც დაგვიტოვა, რადგან ბრინჯაოს პრიზიორებს ვაჟა მარგველაშვილს (60), პაატა ღვინიაშვილს და დავით კარბელაშვილს (ორივე 81) ნამდვილად მეტი შეეძლოთ. ამას მხოლოდ სიტყვების გამო არ ვამბობ, ისინი კარგი მონაცემების სპორტსმენები არიან.

- ბევრს გაუკვირდა ამ შეჯიბრებაზე ზვიად ბაზანდარაშვილის (73) კვარცხლბეკს მიღმა დარჩენა.

- ეს ბიჭი ნამდვილი ფალავნის მონაცემებით ბუნებრივადაა დაჯილდოებული, შედეგინად ჭიდაობს ძიუდოს, სამბოს, ქართულს, მაგრამ სამწუხაროდ, რეჟიმის მოყვარული არაა. საერთოდ, მისი შედეგები კი ზღვაში წვეთია იმისგან რაც ძალუძს ზვიადს. ის მწვრთნელებს რომ უჯერებდეს გაცილებით კარგად იქნებოდა საქმე.


- თუმცა ამ წონაში ლიდერი მაინც გორის ძიუდოს სკოლის წარმომადგენელია.

- დიახ, ამ წონაში ეროვნულ გუნდში ფავორიტი ბაჩო ტატალაშვილია, რომელიც წლევანდელი საქართველოს ჩემპიონატიდან გათავისუფლებული იყო. იგი ჩვენი ნაკრების წევრთა იმ მცირე ჯგუფშია, ვინც სრულად გაუძლო პეტერ ზაიზენბახერის შეთავაზებულ საწვრთნელ რეჟიმს. ჩვენი ძიუდოისტები არ იყვენენ მიჩვეულები ასეთ ფიზიკურ დატვირთვებს. შეიძლება ავსტრიელს ერთი შეხედვით ძალიანაც გაუკვირდა ეს, ვინაიდან, ახლა ევროპაში დიდ ყურადღებას უთმობენ ფიტნესს და ძირითადად მკლავების ხარჯზე ჭიდაობენ. ასე, თუ ისე ტატალაშვილზე ნეგატიურად არ უმოქმედია ზაიზენბახერის შეთავაზებულ რეჟიმს. მართალია ბაჩოს წელს შარშანდელთან შედარებით ნაკლები შედეგი ჰქონდა გრან-პრიებზე, მაგრამ მე ვატყობ, რომ აშკარად მოუმატა. მას ოლიმპიური ლიცენზიაც თითქმის მოპოვებული აქვს და იმედი მინდა ვიქონიო, რომ თავის ოპტიმალური ფორმაში მყოფი ჩავა ოლიმპიურ თამაშებზე.

- ლიცენზიისათვის ბრძოლაში შავდათუაშვილიც ხომ არ ჩაებმება?

- შავდათუაშვილი ახლა გადავიდა დიდებში და იქ ჯერ მხოლოდ ერთხელ ჰოლანდიის გრან-პრიზე იასპარეზა. მის წონაში ლიდერი ქარდავაა, რომელსაც დღესდღეობით ტრავმა აწუხებს. ახალი წლიდან ისიც იჭიდავებს ტურნირებზე და ალბად კონკურენციაში გაირკვევა საუკეთესოს ვინაობა.

- როგორც ქალთა ნაკრების თავკაცი, კმაყოფილი თუ ხართ განვლილი სეზონით?

- ზოგადად თუ ავიღებთ, ჩვენი გოგონები უცხოეთის ტურნირებზე ძალიან ცუდად არ გამოსულან. გასულ სეზონებთან შედარებით, ისინი აღარც პირველივე წამებზე აგებენ და რიგ შემთხვევაში დამაკმაყოფილებელ შედეგსაც აჩვენებენ შეჯიბრებებზე, თუმცა ეს ჯერ არ კმარა. ქალთა გუნდიდან წლეულს ერთი ოლიმპიური ლიცენზიის იმედი გვქონდა ნინო ოძელაშვილისგან. მის მომზადებაზე გარკვეული თანხებიც დაიხარჯა, საერთაშორისო შეჯიბრებებზეც არაერთხელ ვაასპარეზეთ, მაგრამ ჰქონდა ძალიან უმნიშვნელო წინსვლა. უფრო ნაყოფიერი შედეგისთვის კი აუცილებელი იყო, რომ მიგვეცა საშუალება ფაქტობრივად უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში ეცხოვრა და იქ ევარჯიშა, მაგრამ ლიცენზიის გარანტიას ამითაც ხომ ვერ მივიღებდით და ფინანსურადაც რასაკვირველია ძნელი იყო ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

- ცოტა ხნის წინ ძიუდოს ფედერაციამ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაგნიშნათ და ახლა ქალთა ნაკრებთან ერთად მასაც უძღვებით...

- ჭაბუკთა გუნდის წლევანდელ თავკაცს გიორგი ვაზაგაშვილს საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ რაც ზაიზენბახერის თანაშემწე ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ვარჯიშს შეუდგა აქტიურ სპორტში დასაბრუნებლად, დღის წესრიგში დადგა მისი ჩანაცვლების საკითხი. ამ პოსტზე განიხილეს ვაზაგაშვილის კანდიდატურა, რაც ყველამ საუკეთესო ვარიანტად მიიჩნია. მე კი ჭაბუკთა გუნდი ჩამაბარეს. რაც შეეხება სამომავლო იმედებს. წელს ჭაბუკების ნაკრებს ბექა ღვინიაშვილი ტოვებს. დამეთანხმებით, რომ მისი დარი ტალანტები ყოველ სეზონში არ ჩნდებიან, შესაბამისად ლიდერის ახალგაზრდებში გადასვლა ჩვენს გუნდს შეეტყობა, თუმცა საქართველოში ტალანტებს რა დალევს, თუ სწორი მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას შედეგი კვლავ აუცილებლად კარგი იქნება.

- წლეულს როგორ დაკომპლექტდება გუნდი, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მიხედვით, თუ შარშანდელივით რესპუბლიკური ტურნირების შედეგების გათვალისწინებითაც?

- ნაკრების სამერმისო შემადგენლობის დასაკომპლექტებლად ერთი თვის წინ ტურნირი უკვე გავმართეთ გორში, იანვრის ბოლოს საგარეჯოში კიდევ ერთ რესპუბლიკურ შეჯიბრებაზე იქნება ყველა ჭაბუკი ძიუდოისტისათვის მონაწილეობა სავალდებულო, შემდეგ კი ქვეყნის ჩემპიონატზე გამოვარკვევთ საუკეთესოებს. ამ ასპარეზობათა მიხედვით შერჩეული გაფართოებული გუნდით გაზაფხულზე, ანთალიაში გამოვალთ ევროპის თასზე, სადაც უკვე სპორტსმენთა მიერ ნაჩვენები შედეგი თითოეულ წონით კატეგორიაში იმ ორ-ორი ძიუდოისტის ვინაობას გაარკვევს, რომლებიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.  

- ჭაბუკთა შორის სხვადასხვა რანგის შეჯიბრებები არცთუ ცოტაა საქართველოში, რითაც ალბად აუცილებლად ისარგებლებთ ახალ-ახალი ტალანტების აღმოსაჩენად.

- რასაკვირველია, ჩვენი ნაკრების მწვრთნელები მაქსიმალურად შევეცდებით ამ შეჯიბრებებზე ყოფნას, თუმცა არა მხოლოდ ტურნირებზე ვაპირებთ დასწრებას. სპორტის სამინისტროდან პირდაპირ მაქვს დავალება, რომ შემოვიარო ყველა რაიონი და ჩავატარო ღია გაკვეთილები, სადაც უშუალოდ შემეძლება ხილვა ყველა მოსწავლისა. ხანდახან ისეც ხდება, რომ ამა თუ იმ დარბაზში მოღვაწე მთავარი მწვრთნელს შესარჩევ შეჯიბრებაზე გაჰყავს თავისი პირადი შეგირდი და იმავე დარბაზში მომუშავე სხვა მწვრთნელის მოსწავლეს მიზანმიმართულად ბლოკავს. ასეთი ტიპის ღონისძიებებით კი ჩვენ ფაქტობრივად წინ აღვუდგებით დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტების პირველივე გამოვლინებას.

- ალბათ ძალიან აქტუალური პრობლემაა ზოგიერთი მწვრთნელისგან, შედარებით ნაკლებად ცნობილი სპეციალისტის მიერ აღზრდილი პერსპექტიული მოსწავლის გადაბირება, რითაც ერთის ნაშრომის მეორის მიერ უკანონოდ მითვისება ხდება.

- გეთანხმებით, რომ ეს ძალიან აქტუალური პრობლემაა, რისი აღმოფხვრის გზაზეც სერიოზული ნაბიჯის გადადგმას უდრიდა ფედერაციის მიერ მიმდინრე წელს გატარებული ძიუდოისტთა მასობრივი აღრიცხვის ღონისძიებები. საამისოდ სპეციალურად გამოყოფილმა ჯგუფმა, შემოიარა საქართველოს ყველა დარბაზი, აღრიცხა და ფოტო გადაუღო ყველა ძიუდოისტს, მათ მწვრთნელებს. ამით შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც რა თქმა უნდა პერიოდულად განახლდება. მონაცემთა ბაზის შექმნით, გამოირიცხება შემთხვევები, რომლითაც ამა, თუ იმ ძიუდოისტის ნამდვილი პირველი მწვრთნელი, როცა ფალავანი წარმატებას აღწევს საერთოდ იკარგება თვალთახედვიდან და წინა პლანზე ჩანს მხოლოდ "ლამაზად" მოლაპარკე სხვა სპეციალისტი. გარდა ამისა, შეგროვილი მონაცემებით შეუძლებელი გახდება მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობის ჯგუფის ორ მწვრთნელზე მიწერა ხელფასის და სხვა მიზეზთა გამო.

- ზემოთ ჭაბუკთა რესპუბლიკური ტურნირების სიმრავლე ვახსენეთ რეგიონებში და გვერდს ვერ ავუვლით იმასაც, რომ არცთუ იშვიათად ამ შეჯიბრებების ორგანიზაციული დონე მნიშვნელოვნდ მოიკოჭლებს.

- რასაკვირველია ცუდია, რომ ასეთი შემთხვევები ხდება და ამ მიმართულებითაც გვაქვს სამუშაო. ისე კი, მინდა აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით რეგიონებიდან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა გორშია. რაც დიდწილად ბატონი გურამ პაპიტაშვილის დამსახურება გახლავთ. იგი უაღრესად მოწესრიგებული და ძიუდოს წესების დიდად პატივისმცემელი კაცია. შეჯიბრებისას დისციპლინის უმნიშვნელო დარღვევაზეც კი მისი რეაქცია მკაცრია ხოლმე. თუმცა ძიუდოს სამყაროს არცერთ წარმომადგენელს უნდა სჭირდებოდეს წესრიგის და წესების დაცვაზე მითითება, ტატამისა და კიმანოს პატივისცემაზე საუბარი.

- 2015 წლის ახალგაზრდულ ფესტივალზე გასაყვანი ძიუდოისტთა ნაკრები უკვე დაკომპლექტდა და თქვენ მისი კურირებაც დაგევალათ...

- ის ძიუდოისტები რომლებიც ამ ფორუმზე გამოვლენ ახლა 11-12 წლისანი არიან. ახლადჩამოყალიბებულ ნაკრებს ნესტორ ხერგიანი, ბიძინა მოხევიშვილი და ირაკლი უზნაძე უხელმძღვანელებენ, კურირება კი მე იმიტომ დამევალა, რომ თუ იმ დროსაც ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ისევ ვიქნები, ფაქტობრივად ჩემი ხელმძღვანელობით მოუწევთ თბილისის ახალგაზრდულ ფესტივალზე ასპარეზობა. ფედერაციის, სპორტის სამინისტროს და ყველა ჩვენგან დიდი სურვილია, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე ღირსეულად გამოვიდეთ და ამიტომ ამ ბავშვებით, აქედანვე ვიწყებთ საამისო მზადებას.

ვასილ ბალახაძე
დავით ასპანიძის ფოტო 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2012 თებერვალი 21
ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ძიუდოისტის ენგურ გოგიჩაიშვილი მემორიალური ტურნირი არაერთი წელია რაც იმართება გორში. შეჯიბრებას ამჯერადაც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა უმასპინძლა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ შარშან გუნდის დაკომპლექტებისას საქართველოს პირველობასთან ერთად სწორედ ამ შეჯიბრების შედეგებიც გაითვალისწინა. 
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2012 იანვარი 03
წლის საუკეთესო სპორტსმენის, გუნდისა და მწვრთნელის გამოსავლენ გამოკითხვას გაზეთ "ლელოს" და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდის საკორესპონდენტო პუნქტი შიდა ქართლში მესამე წელია ატარებს. შარშან და შარშანწინ ჩვენ გორის სასპორტო სკოლათა ხელმძღვანელებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად ამ ქალაქის საუკეთესონი გამოვავლინეთ. 2011 წელს კი საუკეთესოები შიდა ქართლის რეგიონში გამოვლინდნენ. 
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 დეკემბერი 06
სპორტული ტრადიციებით მდიდარ გორში `სპორტული ცენტრი~  ჩამოყალიბდა, რომელიც უშუალოდ ადგილზე ჩატარებულ შეჯიბრებათა ორგანიზებით იქნება დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ცენტრის ხელმძღვანელი ოლიმპიური პრიზიორი, ძიუდოში მოღვაწე გია თენაძე იქნება, რომელსაც რამდენიმე წელია გორში არა მხოლოდ ძიუდოისტთათვის, არამედ კიდევ არაერთი სხვა სახეობის წარმომადგენლების  ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. 
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ნოემბერი 21
ჩვენი ქვეყნის რეგიონები ძიუდოში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადებიან და საამისოდ შესარჩევ პირველობებს მართავენ. შაბათს შიდა ქართლელებმაც შეარჩიეს ქვეყნის უპირველესი შეჯიბრებისთვის ფალავნები. როგორც მოსალოდნელი იყო სპორტის ამ სახეობით გამორჩეულ რეგიონის ძიუდოისტებმა, გუნდში ადგილის მოსაპოვებლად გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში მისულ მაყურებელს უშეღავათო და საკმაოდ საინტერესო პაექრობები აჩვენეს.
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ოქტომბერი 19
13-16 ოქტომბერს, ოთხი დღის მიმდინარეობდა ვარიანის კრივის კლუბ "ჩემპიონში" გიორგი კარელიძის სახელობის რესპუბლიკური პირველობა კრივში. კარელიძე გორში დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა კრივს და მისი გარდაცვალების შემდეგ დაფუძნებული ეს შეჯიბრებაც უკვე მეექვსე წელს ითვლის. წლევანდელ ტურნირზე თავი მოიყარეს საქართველოს ათზე მეტი სასპორტო სკოლის კრივის სექციების, თუ კრივის დამოუკიდებელი კლუბების აღზრდილებმა.