სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შიდა ქართლმა საუკეთესოდ ლადო ხინჩაგაშვილი დაასახელა

თარიღი: 2012 იანვარი 03




წლის საუკეთესო სპორტსმენის, გუნდისა და მწვრთნელის გამოსავლენ გამოკითხვას გაზეთ "ლელოს" და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდის საკორესპონდენტო პუნქტი შიდა ქართლში მესამე წელია ატარებს. შარშან და შარშანწინ ჩვენ გორის სასპორტო სკოლათა ხელმძღვანელებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად ამ ქალაქის საუკეთესონი გამოვავლინეთ.

თუმცა ვითვალისწინებდით-რა რესპოდენტთა უმრავლესობის ინტერესს და ენთუზიაზმს გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად, შარშანვე ვივარაუდეთ რომ 2011 წელს შესაძლოა უკვე შიდა ქართლის საუკეთესონი გამოგვევლინა.

კარგია, რომ ასეც მოხდა. განვლილი წლის მიწურულს უშუალოდ ვესტუმრეთ შიდა ქართლის ყველა რაიონს, გამოვკითხეთ სპორტის ადგილობრივი სამსახურებისა და სასპორტო სკოლათა ხელმძღვანელები, ამ სკოლებში მომუშავე მწვრთნელები და გამოვარკვიეთ 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენების, გუნდების და მწვრთნელების ათეულები. ყველა მონაწილეს საშუალება ჰქონდა დაესახალებინა სამ-სამი კანდიდატი თითოეულ ნომინაციაში.

პირველ პოზიციაზე დასახელებულს ენიჭებოდა სამი, მეორეს ორი და მეასამეს ერთი ქულა. მოგეხსენებათ, შეუძლებელია საბოლოო შედეგებით აბსოლიტურად ყველა კმაყოფილი დარჩეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ქულების დაჯამების შედეგად ობიექტური, რეალური სურათი მივიღეთ განვლილი სპორტული სეზონის მიღწევების გათვალისწინებით. მოულოდნელი არ ყოფილა, რომ გამარჯვებულთა დიდი ნაწილი გორის სასპორტო სკოლების და კლუბების წარმომადგენლები არიან.

ისევე, როგორც განვლილ წლებში გუნდებისა და მწვრთნელის ნომინაციაში ახლაც საუკეთესოდ იქნა მიჩნეული გორის თავისუფალი ჭიდაობის გუნდი და მათი მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი. შეიცვალა საუკეთესო სპორტსმენის ვინაობა და ამჯერად პირველ ადგილზე შარშან ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, დიდებში კი კონტინენტის ვერცხლის პრიზიორი ლადო ხინჩეგაშვილი აღიარეს.

მან ქულათა მინიმალური სხვაობით აჯობა ჭაბუკ ძიუდოისტს ბექა ღვინიაშვილს, რომელმაც თავის ასაკში საქართველოს, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა და ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორიც შეიქნა. ეს ორივე სპორტსმენი საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ გამოვლენილ საუკეთერსოთა შორისაც დასახელდა. გამოკითხვის შარშანდელი გამარჯვებული, ტიტულოვანი გიორგი გოგშელიძე ამჯერად მესამე ადგილზეა, რომელმაც შარშან ტრავმის გამო მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გამოტოვა, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით დაკაყოფილდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი კვარცხლბეკს მიღმა დარჩა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ რესპოდენტთა უმრავლესობა კვლავაც ენთუზიაზმით ჩაება გამოკითხვაში.

შევიტყვეთ რაიონების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა დაინტერესების და კეთილგანწყობის შესახებაც ჩვენი გამოკითხვის მიმართ და არ გამოვრიცხავთ, რომ მათი დახმარებით მომავალ წელს უკვე ტრადიციად ქცეული ეს გამოკითხვა დაჯილდოების ცერემონიალითაც დასრულდეს. ბოლოს კი გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიდად მადლიერნი ვართ გია თენაძის (გორის სპორტული ცენტრი), ავთანდილ ჯალალის (კასპის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა), გია კვინიკაძის (ხაშურის სასპორტო სკოლა) და გია ბერუაშვილის (ქარელის სპორტის სამსახური) ადგილებზე გამოკითხვათა პროცესის რიგიანად წარმართვაში დახმარებისათვის.


სპორტსმენი

1. ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2. ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო)
3. გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
4. გიორგი ნოზაძე (სამბო) 
5. რომან ახალკაცი (ფეხბურთი)
6. კახა მამულაშვილი (სამბო)
7. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
8. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
9. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
10. ალეკო ლურსმანაშვილი (კრივი)

გუნდი

1. გორის თავისუფალი ჭიდაობის გუნდი
2. შიდა ქართლის ძიუდოისტთა გუნდი
3. "დილა" გორი
4. შიდა ქართლის ქართული ჭიდაობის გუნდი
5. შიდა ქართლის მოკრივეთა გუნდი
6. ხაშურის თავისუფალი ჭიდაობის გუნდი
7. ხაშურის "ივერია"
8. გორის მოჭადრაკეთა გუნდი 
9. კასპის სამბისტთა გუნდი
10. ქარელის თავისუფალი ჭიდაობის გუნდი 

მწვრთნელი

1. ნუგზარ სხირელი (თავისუფალი ჭიდაობა)
2. ანზორ თენაძე (ძიუდო)
3. გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო)
4. ავთო შოშიაშვილი (კრივი) 
5. ნუგზარ მამულაშვილი (სამბო)
6. ნიკო ბიბილაშვილი (ძიუდო) 
7. გია კვინიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
8. ოთარ დოლიძე (ჭადრაკი) 
9. რამაზ სოღოლაშვილი (ფეხბურთი)
10. ირბეგ ჯიოშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

ვასილ ბალახაძე შიდა ქართლიდან 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2012 თებერვალი 21
ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ძიუდოისტის ენგურ გოგიჩაიშვილი მემორიალური ტურნირი არაერთი წელია რაც იმართება გორში. შეჯიბრებას ამჯერადაც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა უმასპინძლა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ შარშან გუნდის დაკომპლექტებისას საქართველოს პირველობასთან ერთად სწორედ ამ შეჯიბრების შედეგებიც გაითვალისწინა. 
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2012 იანვარი 03
წარმატებით დასრულდა საუბარი გორის ძიუდოს სკოლის ქართული ძიუდოს წამყვან კერათა შორის დაბრუნებაზე. ისინი ისევ ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ფლაგმანები არიან! 90-იანი წლებიდან ძიუდოში თითქმის გაპარტახებულმა და ამ უმნიშვნელოვანესმა რეგიონმა, ფეხზე წამოდგომა 2002 წელს ტიტულოვანი ადგილობრივი ფალავანის გია თენაძის მიერ კობა კურტანიძის სახელობის სკოლის შექმნით დაიწყო.
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 დეკემბერი 06
სპორტული ტრადიციებით მდიდარ გორში `სპორტული ცენტრი~  ჩამოყალიბდა, რომელიც უშუალოდ ადგილზე ჩატარებულ შეჯიბრებათა ორგანიზებით იქნება დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ცენტრის ხელმძღვანელი ოლიმპიური პრიზიორი, ძიუდოში მოღვაწე გია თენაძე იქნება, რომელსაც რამდენიმე წელია გორში არა მხოლოდ ძიუდოისტთათვის, არამედ კიდევ არაერთი სხვა სახეობის წარმომადგენლების  ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. 
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ნოემბერი 21
ჩვენი ქვეყნის რეგიონები ძიუდოში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადებიან და საამისოდ შესარჩევ პირველობებს მართავენ. შაბათს შიდა ქართლელებმაც შეარჩიეს ქვეყნის უპირველესი შეჯიბრებისთვის ფალავნები. როგორც მოსალოდნელი იყო სპორტის ამ სახეობით გამორჩეულ რეგიონის ძიუდოისტებმა, გუნდში ადგილის მოსაპოვებლად გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში მისულ მაყურებელს უშეღავათო და საკმაოდ საინტერესო პაექრობები აჩვენეს.
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ოქტომბერი 19
13-16 ოქტომბერს, ოთხი დღის მიმდინარეობდა ვარიანის კრივის კლუბ "ჩემპიონში" გიორგი კარელიძის სახელობის რესპუბლიკური პირველობა კრივში. კარელიძე გორში დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა კრივს და მისი გარდაცვალების შემდეგ დაფუძნებული ეს შეჯიბრებაც უკვე მეექვსე წელს ითვლის. წლევანდელ ტურნირზე თავი მოიყარეს საქართველოს ათზე მეტი სასპორტო სკოლის კრივის სექციების, თუ კრივის დამოუკიდებელი კლუბების აღზრდილებმა.