სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

13 სექტემბერს, 15:30 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წიგნის - „რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე“ - პრეზენტაცია გაიმართება.

თარიღი: 2017 სექტემბერი 12

წიგნის ავტორი სპორტული ჟურნალისტი და პუბლიცისტი პაატა ნაცვლიშვილია. უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი და უხვად ილუსტრირებული წიგნი „რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე" საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოიცა.

პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრებიან.

რობერტ შავლაყაძე რომის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორია. ქართველმა მძლეოსანმა სიმაღლეზე ხტომაში გაიმარჯვა: მსოფლიოს ხუთგზის რეკორდსმენს, ამერიკელ ჯონ თომასს და მის თანამემამულეს, წინა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ჩარლზ დიუმასს აჯობა! მეტიც - თავად დაამყარა ოლიმპიური რეკორდი და გააცამტვერა მითი ამერიკელთა უძლეველობის შესახებ. სწორედ შავლაყაძე აღმოჩნდა ის პირველი ევროპელი სპორტსმენი, რომელმაც დაამხო ამერიკელთა მრავალწლიანი ჰეგემონია სიმაღლეზე ხტომაში და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველი მძლეოსნის ტრიუმფის მეორე დღეს „ნიუ იორკ ტაიმსში" თამაშების ერთ-ერთი ფავორიტის, მსოფლიოს ხუთგზის რეკორდსმენის ჯონ თომასის სანუგეშოდ დაბეჭდილ ამ სიტყვებს ამოიკითხავდით: „თომასი ჯერ ახალგაზრდაა, მომავალი წინ აქვს და მისთვის უკეთესია, თუ შეძლებს ამ მარცხის გმირულად გადატანას. ოღონდ, უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო დიდია და განუწყვეტლივ წარმოშობს ახალ შავლაყაძეებს".

რომის ოლიმპიადის გარდა რობერტ შავლაყაძემ 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონბატი მოიგო, 1957-1963 წლებში სოციალისტური ქვეყნების თამაშები, 1958-1962 წლებში კი ძმები ზნამენსკების პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი. 1960 წელს ქართველ მძლეოსანს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა.

რობერტ შავლაყაძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი გახლავთ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები