ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
ახალგაზრდობა არის სახელმწიფოს უმთავრესი რესურსი,
რომლის განვითარების გარეშეც შეუძლებელია ძლიერი და წარმატებული ქვეყნის არსებობა
საქართველოში ახალგაზრდობის მიმართ დამოკიდებულება „ვარდების რევოლუციის" შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდობის განვითარებისათვის, მიმდინარე მოვლენებში ჩართულობის, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდისათვის ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, ახალგაზრდებს დასაქმების, ხარისხიანი განათლების მიღებისა და სახელმწიფო მომსახურებით სარგებლობის უკეთესი შესაძლებლობა გაუჩნდათ. დღეს ახალგაზრდები ჩართულნი არიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ნათლად ჩანს. ახალგაზრდობის ჩართულობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სასკოლო და სტუდენტური თვითმმართველობების აქტიურობაა, რისთვისაც სათანადო საფუძველი სახელმწიფოს მხრიდან მომზადდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ახალგაზრდა სხვადასხვა საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მათ შორის, ხელმძღვანელ თანდებობაზეც. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ახალგაზრდები გვევლინებიან გადაწყვეტილებების მიმღებ პირებად.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შექმნა ხელისუფლების მხრიდან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობისთვის გადაიდგა. სამინისტროს შექმნით სახელმწიფოსა და ახალგაზრდების ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის იმპლემენტაციის მთავარ აღმასრულებელ სტრუქტურას, რომლის მთავარი ფუნქციაა განსაზღვროს ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, იზრუნოს ახალგაზრდობაზე, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილზე; შექმნას ერთის მხრივ საკუთარი სახელმწიფო პროგრამები და მეორეს მხრივ კოორდინირება გაუწიოს მთელ სახელმწიფო სექტორში ახალგაზრდული სფეროს ეფექტურ მართვას.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაფუძნების დღიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე. სამინისტროს მხრიდან შემუშავებულია დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც 2010 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით გადის საჯარო განხილვებს საზოგადოების, სტუდენტების, ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. დოკუმენტზე მუშაობა არის ღია პროცესი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესბულ პირსა თუ სუბიექტს აქტიურად ჩაერთონ დოკუმენტის განხილვისა და შემუშავების პროცესში.
სამინისტრო აქტიურად მუშაობს რეგიონალური განვითარებისა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე. ამ თვალსაზრისით უკვე შექმნილია 8 რესურს-ცენტრი, რომელიც მდებარეობს სხვადასხვა რეგიონებში. არსებული ცენტრების ფუნქციაა უზრუნველყონ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები დასაქმების, არაფორმალური განათლების მიღებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანი დაკავების შესალძლებლობებით.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახდენს ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობას. დაფუძნების დღიდან სამინისტრომ მხარი დაუჭირა რამდენიმე ათეულ ინიციატივას, რომლებიც ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც სამინისტრომ მხარი დაუჭირა არის როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე საერთაშორისო პროექტები.
სამინისტრო ასევე აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ახალგაზრდულ საქმიანობაში. სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელთა მიზანიც პარტნიორ ქვეყნებთან ახალგაზრდულ სექტორში საერთო ინტერესების გამონახვა და ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვაა. სამინისტრო ასევე აქტიურადაა ჩართული ევროსაბჭოს, გაეროს, აღმოსავლეთ თანამშრომლობის პარტნიორობის ახალგაზრდულ საქმიანობაში.