ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
პირველი ნაბიჯები

საქართველოში „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ თამაშების პირველი ჩემპიონატი 1992 წელს ჩატარდა. სწორედ ეს თარიღი იქცა ქვეყანაში მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის შეჯიბრებების ათვლის წერტილად. ამ დროს შეიქმნა სხვადასხვა გუნდი, რომელიც „მან-სან-კანის“ ორგანიზებით იუმორისტულ საღამოებში იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით, 1994 წელს შეიქმნა მხიარულთა და საზრიანთა ფედერაცია. სხვადასხვა წლებში ამ ფედერაციას ხელმძღვანელობდნენ: მამუკა სააკაშვილი, კოტე ამირაჯიბი და ბორის გოგვაძე.
„მან-სან-კანის“ ფედერაციის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო თამაშებში სხვადასხვა რეგიონიდან გუნდების ჩართვას. დამკვიდრდა „მან-სან-კანის“ სეზონების გახსნა ფესტივალით, სადაც 30-მდე გუნდი მონაწილეობდა. თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, თელავისა და სხვა ქალაქების ახალგაზრდები ერთმანეთს გამჭრიახობასა და იუმორში ეჯიბრებოდნენ. ფესტივალთა ჩატარების ტრადიციამ დიდი პოპულარობა და გამოცდილება მოუტანა მხიარუთა და საზრიანთა კლუბს. სწორედ ეს გახდა იმის საწინდარი, რომ 1994 წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ნაკრები გუნდი - „ნამდვილი თამადები“, რომელიც წარმატებით მონაწილეობდა საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე, საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს სახელს სხვადასხვა წლებში იცავდნენ: „დინამო თბილისი“, „თსუ“, „თსუ +“, „ისევ ქართველები“, „თსსუ“, „დინამო“.
90-ანი წლების განმავლობაში „მან-სან-კანის“ წევრებს ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად სპონსორების მოძებნა უხდებოდა, რაც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ხშირად, „მან-სან-კანის“ წევრები ღონისძიებებს ენთუზიაზმითა და საკუთარი რესურსებით ატარებდნენ. არასაკმარისი ფინანსური და მატერიალური რესურსის გამო „მან-სან-კანის“ თამაშების ჩატარება 90-ანი წლების მიწურულს შეჩერდა.
ახალი ფურცელი „მან-სან-კანის“ ისტორიაში
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „მან-სან-კანის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა 2010 წლის 11 ნოემბერს მოხდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი
„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ პრეზიდენტს - ნიკოლოზ მახვილაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უმაღლესს სასწავლებლებში მხიარულთა და საზრიანთა თამაშების აღდგენა, სასწავლებლებს შორის შეჯიბრებების გამართვა და ამ პროცესში სამინისტროს შესაძლო მონაწილეობა იყო.
შეხვედრაზე გადაწყდა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ეროვნული ფედერაციის ჩამოყალიბება, რომელიც 2010 წლის ბოლოს დარეგისტრირდა.
„მან-სან-კანის“ ეროვნულ ფედერაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. ამით მოიხსნა ფედერაციის უმნიშვენლოვანესი პრობლემა - ღონისძიებების ჩასატარებლად სპონსორებისა და ფინანსური რესურსების მოძიება. ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კლუბის ღონისძიებებში საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების ჩართვა წარმოადგენს.
განახლებული ჩემპიონატი, 2011

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით, 2011 წლის თებერვალში „მან-სან-კანის“ განახლებულმა ჩემპიონატმა სტარტი აიღო. ფესტივალში ჩართული იყო 200-მდე ახალგაზრდა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ განევითარებინათ საკუთარი უნარ-ჩვევები, გაეცნოთ თანატოლები და ერთმანეთს ყველაზე მხიარულის და საზრიანის ტიტულის მოსაპოვებლად შეჯიბრებოდნენ.
აქტიური ახალგაზრდების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და „მან-სან-კანის“ თამაშების პოპულარიზაციას ხელს უწყობს ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც ტელე-ეთერის საშუალებით, მაყურებელს თამაშების ჩანაწერებს სთავაზობს.
2011 წლის გაზაფხულზე ჩატარდა მან–სან–კანის გაზაფხულის სეზონის თამაშები, რომლებშც მონაწილეობა მიიღო 12 გუნდმა. გაზაფხულის სეზონის ჩემპიონი გახდა ქალაქ ქუთაისის გუნდი „ქუთეისელები“.
2011 წლის სექტემბრიდან სტარტს იღებს მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შემოდგომის სეზონი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 24 გუნდი. გუნდების რიცხვთან ერთად გაიზარდა მხიარულთა და საზრიანთა გუნდების გეოგრაფიაც. მონაწილე გუნდები არიან შემდეგი ქალაქებიდან: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, წყალტუბო, სამტრედია, ოზურგეთი, ქუთაისი, გორი. გაიზარდა გულშემატკივართა რაოდენობაც.
შემოდგომის სეზონის თამაშების გადაღებები მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (ვაჟა–ფშაველას გამზ. 29, III კორპუსი, III სართული).
დარბაზთან ერთად შეიცვალა გადაცემის დროც, შაბათის ნაცვლად მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შემოდგომის სეზონის თამაშები გადის ყოველ ხუთშაბათს 23:30 საათზე.
2011 წლის შემოდგომის სეზონის თამაშების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ - შემოდგომის სეზონის მონაწილეები და ცხრილი
ჟიური
გუნდების გამოსვლებს აფასებს 5 კაციანი ჟიური, რომელიც შემდეგი პრინციპით კომპლექტდება:
· სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;
· ტელე–წამყვანი ან საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება;
· „მან-სან-კანის“ 3 ვეტერანი-მოთამაშე;

„მან-სან-კანის“ თამაშებში მონაწილეობის მსურვილებმა მიმართეთ:

· საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ეროვნულ ფედერაციას;
· უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურ თვითმმართველობას;
· საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს.
„მან-სან-კანის“ 2011 წლის ჩემპიონატის თამაშებზე დასწრების მსურვილებმა მიმართეთ:
ტატა ხვედელიანი, „მან-სან-კანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
მობ: 599 914 100
ელ.ფოსტა: msk-georgia@hotmail.com
ფეისბუქ გვერდი: მხიარულთა და საზრიანთა კლუბი